ბრძანება N 22793

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.09.2023
№ დოკუმენტი 22793
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 22793

18 სექტემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2023 წლის 11 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 7 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №92) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №82984/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 ივნისის №024-44 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შავი ლითონის ჯართის დღგ-ით დაბეგვრას. აცხადებს, რომ აღნიშნული საქონელი გათავისუფლებულია დღგ-ისგან.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ნაშთად არსებული საქონლის ღირებულების დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაბეგვრას, ასევე მის აგროსვას. აცხადებს, რომ საწარმოს მიერ უსაბუთო საქონლის რეალიზაციას არ ჰქონია ადგილი. განმარტავს, რომ რეალიზაციის სააღრიცხვო დოკუმენტებში საქონლის დასახელებაში დაშვებულია შეცდომა, კერძოდ, მეორადი მილების სახელწოდება აღრიცხულია როგორც გარე და ისე შიდა დიამეტრის მონაცემების მიხედვით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 მარტის №4510 და 20 ივნისის №14123 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 15 სექტემბრიდან 2023 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით 2023 წლის 10 მარტის ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 21 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 27 ივნისის №14794 ბრძანება და ამავე თარიღის №024-44 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 210 413 ლარი, მათ შორის, გადასახადი 126 007 ლარი, ჯარიმა 62 991 ლარი, საურავი 21 415 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. შემოწმებისას შედგა საქონლის მოძრაობის ცხრილი, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს დოკუმენტის გარეშე რეალიზებული აქვს როგორც მეორადი მილები, ასევე შავი ლითონის ჯართი. ამასთან, ვერ ხერხდება მყიდველის იდენტიფიცირება. პირს აღნიშნული საქონლის რეალიზაცია არ აქვს დაბეგრილი დღგ-ით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების თანახმად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შემოწმების პროცესში შედგენილი საქონლის მოძრაობის ცხრილის მიხედვით დადგინდა ისეთი საქონლის რეალიზაცია, რომლის შეძენის დოკუმენტიც გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ასეთ საქონელზე ხარჯად გაანგარიშებულ იქნა ამ საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის 75%. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტების თანახმად, მას არ გააჩნია სმფ-ების ნაშთი, ამიტომ საქონლის მოძრაობის შედეგად გამოვლენილი, ნაშთად დარჩენილი სმფ-ები მთლიანად იქნა რეალიზებული შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, რითაც გადასახადის გადამხდელს გაეზარდა შემოსავალი. შემოწმებისას ასევე შედგა ფულის მოძრაობის ცხრილი, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ დირექტორს საწარმოს თანხებით შეძენილი აქვს პირადი მოხმარების საქონელი ( წამლები, საკვები, საწვავი და ა.შ.), ასევე კომპანიის ანგარიშიდან გატანილი აქვს თანხები, რომლის გახარჯვის მიზნობრიობაც ვერ დგინდება. აღნიშნული თანხები შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად, დაიბეგრა წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ძ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდება, თუ შესაძლებელია საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ საქონლის მიწოდების საანგარიშო პერიოდის მიხედვით საქონლის მიმღებმა პირმა შესაბამის საქონელზე მიიღო დღგ-ის ჩათვლა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს დოკუმენტის გარეშე რეალიზებული აქვს როგორც მეორადი მილები, ასევე შავი ლითონის ჯართი. ამასთან, ვერ ხერხდება მყიდველის იდენტიფიცირება. პირს აღნიშნული საქონლის რეალიზაცია არ აქვს დაბეგრილი დღგ-ით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ძ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდება, თუ შესაძლებელია საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელს რეალიზებული აქვს ისეთი საქონელი, რომლის შეძენის დოკუმენტიც არ გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ასეთ საქონელზე ხარჯად გაანგარიშებულ იქნა ამ საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის 75%. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტების თანახმად, მას არ გააჩნია სმფ-ების ნაშთი, ამიტომ საქონლის მოძრაობის შედეგად გამოვლენილი, ნაშთად დარჩენილი სმფ-ები მთლიანად იქნა რეალიზებული შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. შემოწმებით განსაზღვრული ფულის მოძრაობის ცხრილის მიხედვით, დირექტორს საწარმოს თანხებით შეძენილი აქვს პირადი მოხმარების საქონელი, ასევე კომპანიის ანგარიშიდან გატანილი აქვს თანხები, რომლის გახარჯვის მიზნობრიობაც ვერ დგინდება. აღნიშნული თანხები შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შავი ლითონის ჯართის დღგ-ით დაბეგვრას. აცხადებს, რომ აღნიშნული საქონელი გათავისუფლებულია დღგ-ისგან.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ნაშთად არსებული საქონლის ღირებულების დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაბეგვრას, ასევე მის აგროსვას. აცხადებს, რომ საწარმოს მიერ უსაბუთო საქონლის რეალიზაციას არ ჰქონია ადგილი. განმარტავს, რომ რეალიზაციის სააღრიცხვო დოკუმენტებში საქონლის დასახელებაში დაშვებულია შეცდომა, კერძოდ, მეორადი მილების სახელწოდება აღრიცხულია როგორც გარე და ისე შიდა დიამეტრის მონაცემების მიხედვით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. გადასახადის გადამხდელს დოკუმენტის გარეშე რეალიზებული აქვს როგორც მეორადი მილები, ასევე შავი ლითონის ჯართი. ამასთან, ვერ ხერხდება მყიდველის იდენტიფიცირება. პირს აღნიშნული საქონლის რეალიზაცია არ აქვს დაბეგრილი დღგ-ით.

2. გადამხდელს რეალიზებული აქვს ისეთი საქონელი, რომლის შეძენის დოკუმენტიც არ გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ასეთ საქონელზე ხარჯად გაანგარიშებულ იქნა ამ საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის 75%. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტების თანახმად, მას არ გააჩნია სმფ-ების ნაშთი, ამიტომ საქონლის მოძრაობის შედეგად გამოვლენილი, ნაშთად დარჩენილი სმფ-ები მთლიანად იქნა რეალიზებული შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. შემოწმებით განსაზღვრული ფულის მოძრაობის ცხრილის მიხედვით, დირექტორს საწარმოს თანხებით შეძენილი აქვს პირადი მოხმარების საქონელი, ასევე კომპანიის ანგარიშიდან გატანილი აქვს თანხები, რომლის გახარჯვის მიზნობრიობაც ვერ დგინდება. აღნიშნული თანხები შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი ორივე ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 159; 172(4„ძ“).