ბრძანება N 29030
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 29030
27 ნოემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“ (ს/ნ -----)
(მის: ------)
2023 წლის 2 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №119) განიხილა შპს „------“ (ს/ნ -------) №185163/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 3 ოქტომბრის №EL225932, №EL225935, №EL225936, №EL225938 და №EL225941 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია №-------2022 შემოწმების აქტის საფუძველზე, რომელიც გასაჩივრებული აქვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და მიმდინარეობს დავა აქტის კანონიერების დადგენასთან დაკავშირებით. შესაბამისად მის საფუძველზე განხორციელებული დარიცხვა მიაჩნია უკანონოდ.
მომჩივანი ვიდეოკამერებთან დაკავშირებით სამართალდარღვევის ფაქტზე მიუთითებს, რომ ვიდეოკამერები იმგვარად არის განლაგებული, რომ კანონით დააკისრებული ვალდებულების შესრულება სრულად ხდება, ვინაიდან კამერებით ფიქსირდება შესასვლელ-გასასვლელები და ტვირთის დათვალიერების ადგილი.
შენობაში წყლის ჩამოსვლასთან დაკავშირებით სამართალდარღვევის ფაქტზე აღნიშნავს, რომ მიხედავად იმისა, რომ შემობაში წყალი ჩამოდის, საწყობში არსებული საქონლის დაზიანება არ მომხდარა.
საქონლის დანაკლისთან მიმართებით სამართალდარღვევის ფაქტზე აღნიშნავს, რომ მის მიერ საქონლი მითვლილი იყო ყუთების რაოდენობის მიხედვით და ვერ განსაზღვრავდა ყუთებში თუ იქნებოდა იმაზე ნაკლები საქონელი, ვიდრე უნდა ყოფილიყო.
საბაჟო საწყობში საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე შენახულ საქართველოს საქონელთან (დაფქვილი კირქვა) სამართალდარღვევის ფაქტზე კი მიუთითებს, რომ აღნიშნული საქონლის მეპატრონეს ბევრჯერ მოსთხოვა მისი კუთვნილი ტერიტორიის დაცლა, თუმცა მას არ გაჰქონდა თავისი საქონელი და შპს „------“ ვერ მოახდენდა სხვისი საქონლის განკარგვას.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმების გაუქმებას და უკანონოდ დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს მომართვის საფუძველზე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 2022 წლის 4 ნოემბრის №27842 ბრძანებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც 2022 წლის 7 ნოემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში განახორციელა შპს „--------“ (ს/ნ -------) კუთვნილი საბაჟო საწყობის მიერ (WHS212856248; GEA26) სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი.
შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ შპს „-------“ საბაჟო საწყობის მიერ დარღვეული იყო სანებართვო პირობები, კერძოდ:
1. მიწის ნაკვეთის კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით შედგენილ დეტალურ სიტუაციურ გეგმასა (ნახაზი) და ტექნოლოგიურ სქემაზე დატანილი მონაცემები არ ემთხვეოდა რეალურად არსებულს – ვიდეო სამეთვალყურეო კამერები არ იყო განლაგებული ნახაზის შესაბამისად;
2. არ იყო დაცული საქონლის შენახვისთვის სათანადო პირობები – შენობაში ჩამოდიოდა წყალი და ზიანდებოდა საქონელი;
3. საბაჟო საწყობში არ აღმოჩნდა საქონლის საბაჟო დეკლარაციებით (№----- 21.12.2021; №69400/C8274 11.11.2021; №----- 11.11.2021; №----- 15.10.2021; №----- 16.12.2021; №----- 03.11.2021) საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ნაწილი (აღნიშნულთან დაკავშირებით -----ის გაფორმების განყოფილების მიერ შედგენილია შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და გამოცემულია საგადასახადო მოთხოვნები);
4. საბაჟო საწყობში საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე ინახებოდა შპს „-------“ (ს/ნ -------) კუთვნილი საქართველოს საქონელი – დაფქვილი კირქვა და პოლიპროპილენის ტომრები (სასაქონლო ზედნადებები: ელ------; ელ------; ელ------; ელ------; ელ------; ელ------; ელ------; ელ------), ასევე №------- (08.05.2018) საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცეული საქონლის ნაწილი (მ/მ თეთრეული, ტანსაცმელი და სხვა);
5. საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე ვიდეოჩამწერი საშუალება განთავსებული იყო იმგვარად, რომ ვიდეოჩამწერი საშუალების მიერ ვერ ფიქსირდებოდა ნებართვის მფლობელის მიერ ყველა სათავსისთვის მინიჭებული ნომერი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ დაირღვა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობები და გამოვლენილი საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტებზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 3 ოქტომბერს შედგენილ იქნა №------, №------,№------,№------, და №------, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც შპს „-------“ (ს/ნ ------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა თითოეული ოქმით 2 000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:
საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები;
საბაჟო ზედამხედველობა გულისხმობს საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, საბაჟო ორგანოს თანხმობით, თუ ეს უარყოფითად არ იმოქმედებს საბაჟო ზედამხედველობის განხორციელებაზე, შესაძლებელია საბაჟო საწყობში შენახულ იქნეს საქართველოს საქონელი. მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქონელი არ მიიჩნევა საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეულად.
ამავე კოდექსის 127-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს საბაჟო საწყობის მფლობელის ვალდებულებას, არ დაუშვას საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად და შეასრულოს საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის დასაწყობებიდან გამომდინარე მოთხოვნები. ამასთან ერთად, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“, „ზ“, „კ“, „რ“ და „ქ“ ქვეპუნქტების თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია:
დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღებისათვის დადგენილი პირობები და შეასრულოს საბაჟო ორგანოს მოთხოვნები;
დაიცვას საბაჟო საწყობში შესაბამისი სანიტარიულჰიგიენური პირობები, გამორიცხოს დაბინძურების ყველა პოტენციური წყაროს არსებობა და უზრუნველყოს შენახვისათვის საჭირო სათანადო პირობების დაცვა;
საბაჟო საწყობის, აგრეთვე მის ტერიტორიაზე არსებული სათავსის შესასვლელი და გასასვლელი აღჭურვილი ჰქონდეს გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით, გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით უწყვეტად უნდა ფიქსირდებოდეს (უნდა იძლეოდეს ზუსტი იდენტიფიცირების საშუალებას დღე-ღამის განმავლობაში) ნებართვის მფლობელის მიერ სათავსისათვის მინიჭებული ნომერი, სათავსის შესასვლელი ან/და გასასვლელი, იმ სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი (სანომრე ნიშანი), რომლითაც გადაიზიდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი;
გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;
უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება.
ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-7 ნაწილი კი ადგენს, რომ რამდენიმე საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას საბაჟო სანქცია თითოეული საბაჟო სამართალდარღვევისთვის ცალკე გამოიყენება.
ამავე კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა – იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევის ფაქტებს. აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედებები, წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს (მოქმედება ან უმოქმედობა), რომელთა ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
დადაგენილია ასევე, რომ შპს „------“ (ს/ნ -----) დირექტორის – ------- (პ/ნ ------) მიმართ მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმე სანებართვო პირობების დარღვევით უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, მათ შორის, ზემოაღნიშნული საქონლის უკანონო განკარგვაზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს. საქონლის უკანონო განკარგვის ფაქტი დადასტურდა აღნიშნულ საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 12 აპრილის განაჩენითაც (საქმე №1/360-23; გამოძიება №--), რომლითაც დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ -------ს შორის 2023 წლის 11 აპრილს დადებული საპროცესო შეთანხმება. მითითებული განაჩენის მიხედვით, შპს „------“ (ს/ნ ---) დირექტორმა – ------მ (პ/ნ ------) აღიარა დანაშაულის ჩადენა და სასამართლოზე წარდგენილი მტკიცებულებები არ გაუხდია სადავოდ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გდამხდელი ითხოვს სადავო ოქმების გაუქმებას და უკანონოდ დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ დაირღვა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობები და გამოვლენილი საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტებზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 3 ოქტომბერს შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა თითოეული ოქმით 2 000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 176.