ბრძანება N 9526
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 9526
01 მაისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---“-ის (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2026 წლის 18 აპრილის
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 22 აპრილის სხდომაზე (ოქმი №33) განიხილა შპს „----“-ის (ს/ნ ---) 2026 წლის 18 აპრილის №101811/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 30 მარტის №005-46 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრულ ფასნამატს და აცხადებს, რომ შემმოწმებელმა ფასნამატი გამოიყენა იმპორტის დროს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე, რაც დაუშვებელია, ვინაიდან საქონლის თვითღირებულება არის მისი საინვოისო ღირებულება და არა აფასებული ღირებულება. ამასთან, გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია რატომ იქნა გამოყენებული აუდირებული ფასნამატი და არ გავრცელდა საცალო რეალიზაციაზე გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი. დამატებით მიუთითებს, რომ სხვა მსგავსი საქმიანობის კომპანიების შემოწმებისას აუდიტის დეპარტამენტმა გაავრცელა გაცილებით დაბალი ფასნამატი (26%). ასევე, არსებობს არაერთი გადაწყვეტილება, სადაც აუდირებული ფასნამატი შეადგენს 12%-ს. ამასთან, მომჩივანი არ ეთანხმება არასწორად გაანგარიშებული ვირტუალური ფულის ნაშთის აგროსვას და 20%-ის ნაცვლად 25%-ით დაბეგვრას გადახდის წყაროსთან. დამატებით აღნიშნავს, რომ შემოწმებით არასწორადაა გაანგარიშებული ფულის ნაშთი, რასაც ადასტურებს ის გარემოება, რომ ერთიდაიმავე საკითხის პირობებში დღგ არის დარიცხული 31 ლარი, ხოლო საშემოსავლო გადასახადი 77 090 ლარი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 18 თებერვლის №3661 და 23 მარტის №6165 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „---“-ის (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის 25 დეკემბრიდან 2026 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2026 წლის 25 თებერვლის ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 25 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 30 მარტის №6978 ბრძანება და ამავე თარიღის №005–46 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 317 328 ლარი, მათ შორის გადასახადი 196 180 ლარი, ჯარიმა 111 283 ლარი და საურავი 9 865 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, გადამხდელის საქმიანობაა ვაჭრობა ტანსაცმლით, ფეხსაცმლითა და სხვადასხვა აქსესუარით. საწარმო საქონელს იძენს იმპორტის გზით და ყიდის ადგილობრივ ბაზარზე. გადამხდელს ელექტრონულად ჩაბარდა წერილობითი მოთხოვნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, შემოწმებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის 5 სამუშაო დღის ვადაში წარმოდგენის შესახებ. მან არ წარმოადგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია და დაარღვია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები. შესაბამისად, 2026 წლის 16 მარტს შედგა №189407 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. ასევე, ვერ მოხერხდა გადამხდელთან დაკავშირება და შემოწმებას გადამხდელის მხრიდან არ ჰქონდა ინფორმაცია საწარმოს სამეურნეო ოპერაციებთან დაკავშირებით, რაც შესაძლებელს გახდიდა თითოეული ოპერაციის ჭრილში საქონლის მოძრაობის ანალიზს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 25 თებერვლის №4240 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ,,---“-ის სმფ-ების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა, ხოლო 2026 წლის 16 თებერვლის №3352 ბრძანების საფუძველზე სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დადგინდა, რომ საწარმო რეგისტრირებულ მისამართზე არ ფუნქციონირებდა და დღეის მდგომარეობით, შპს „---ის“ მონაცემთა ბაზაში მოიჯარედ არ ფიქსირდებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ როგორც სმფ-ის ნაშთი, ისე სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის მიჩნეულ იქნა ნულად. იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არ იყო ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც შესაძლებელს გახდიდა დაბეგვრის ობიექტის დადგენას, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და გადამხდელის შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შემოწმებამ გამოიყენა სხვა მსგავსი საქონლის (კატეგორიების შესაბამისად) აუდირებული ფასნამატები. ვინაიდან საწარმო დაფუძნებული იყო შესამოწმებელ პერიოდში, საწყისი სმფ-ების ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით. იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, ასევე, საწარმოს 2025 წლის ოქტომბრის შემდგომ არც ადგილობრივი შეძენა და არც საქონლის იმპორტი არ უფიქსირდებოდა, აგრეთვე, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შემოწმებამ საბოლოო სმფ-ების ნაშთად მიიჩნია 0 ლარი. შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი პროდუქცია სრულად ჩაითვალა რეალიზებულად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
ამასთან, შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე გაანგარიშდა შპს ,,----“-ის ნაღდი ფულის მოძრაობა, შემოწმებით დადგენილი შემოსავალი ჩაითვალა სრულად მიღებულად, ხოლო დოკუმენტური ხარჯი სრულად ანაზღაურებულად. აღნიშნულის შედეგად შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს გამოუვლინდა 616 724 ლარის (აგროსილი 770 905 ლარი) ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2026 წლის 22 აპრილს 13:00 საათზე, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და სატელეფონო კომუნიკაციისას თანხმობა განაცხადა საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვაზე.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც. შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელი დაჯარიმდა ინფორმაციის წარუდგენლობის გამო. ასევე, ვერ მოხერხდა გადამხდელთან დაკავშირება და შემოწმებას გადამხდელის მხრიდან არ ჰქონდა ინფორმაცია საწარმოს სამეურნეო ოპერაციებთან დაკავშირებით, რაც შესაძლებელს გახდიდა თითოეული ოპერაციის ჭრილში საქონლის მოძრაობის ანალიზს.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს ,,---“-ის სმფ-ების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა და სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დადგინდა, რომ საწარმო რეგისტრირებულ მისამართზე არ ფუნქციონირებდა და დღეის მდგომარეობით, შპს „---ს“ მონაცემთა ბაზაში მოიჯარედ არ ფიქსირდებოდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ როგორც სმფ-ის ნაშთი, ისე სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის მიჩნეულ იქნა ნულად. ვინაიდან შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და გადამხდელის შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. იმის გამო, რომ საწარმო დაფუძნებული იყო შესამოწმებელ პერიოდში, საწყისი სმფ-ების ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით. ასევე, ვინაიდან, გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, საწარმოს 2025 წლის ოქტომბრის შემდგომ არც ადგილობრივი შეძენა და არც საქონლის იმპორტი არ უფიქსირდებოდა, აგრეთვე, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შემოწმებამ საბოლოო სმფ-ების ნაშთად მიიჩნია 0 ლარი. შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი პროდუქცია სრულად ჩაითვალა რეალიზებულად და მასზე გავრცელდა სხვა მსგავსი საქონლის (კატეგორიების მიხედვით) აუდირებული ფასნამატები. ასევე, შემოწმებით დადგენილ შემოსავალსა და დოკუმენტურ ხარჯებს შორის გამოვლენილი 616 724 ლარის (აგროსილი 770 905 ლარი) ნაღდი ფულის ნაშთი, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საქონლის თვითღირებულება განისაზღვრა საინვოისო ღირებულებებზე დაყრდნობით, მათ შორის იმ შემთხვევებზეც როდესაც გადამხდელს უფიქსირდებოდა აფასება. ინვოისები შემმოწმებელმა მოიძია შემოსავლების სამსახურის გადასახადის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს დოკუმენტური რეალიზაცია უფიქსირდებოდა მხოლოდ ერთი სასაქონლო ზედნადების გამოწერით. გარდა აღნიშნული სასაქონლო ზედნადებისა, გადამხდელს დოკუმენტური რეალიზაცია არ უფიქსირდებოდა. შესაბამისად, ვინაიდან შემოწმების მიერ შეუძლებელი იყო გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატის დადგენა, გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების ფასნამატი. რაც შეეხება დღგ-ისა და საშემოსავლო გადასახადში დარიცხვის განსხვავებას, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საგადასახადო შემოწმების აქტით, გადამხდელს დაერიცხა დღგ 41 999 ლარი, ხოლო საშემოსავლო გადასახადი 154 181 ლარი. დღგ-ზე გავლენა მოახდინა როგორც ბრუნვის ცვლილებამ ასევე, იმპორტირებულ საქონელზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლაში გათვალისწინებამ, ხოლო რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადს, ეს უკანასკნელი განისაზღვრა ფულის მოძრაობის ანალიზის საფუძველზე.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია.
ამასთან, შეძენილი საქონლის თვითღირებულებაზე აუდირებული ფასნამატის გავრცელება, რამაც გამოიწვია რეალიზებული პროდუქციისა და დამატებითი შემოსავლის დადგენა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, შემოწმებით განსაზღვრულ შემოსავალსა და დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობა წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრულ ფასნამატს. დამატებით აღნიშნავს, რომ შემოწმებით არასწორადაა გაანგარიშებული ფულის ნაშთი, რასაც ადასტურებს ის გარემოება, რომ ერთიდაიმავე საკითხის პირობებში დღგ არის დარიცხული 31 ლარი, ხოლო საშემოსავლო გადასახადი 77 090 ლარი.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის სმფ-ების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა და სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დადგინდა, რომ საწარმო რეგისტრირებულ მისამართზე არ ფუნქციონირებდა და დღეის მდგომარეობით, მონაცემთა ბაზაში მოიჯარედ არ ფიქსირდებოდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ როგორც სმფ-ის ნაშთი, ისე სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის მიჩნეულ იქნა ნულად.
შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და გადამხდელის შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. იმის გამო, რომ საწარმო დაფუძნებული იყო შესამოწმებელ პერიოდში, საწყისი სმფ-ების ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით. ასევე, ვინაიდან, გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, საწარმოს 2025 წლის ოქტომბრის შემდგომ არც ადგილობრივი შეძენა და არც საქონლის იმპორტი არ უფიქსირდებოდა, აგრეთვე, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შემოწმებამ საბოლოო სმფ-ების ნაშთად მიიჩნია 0 ლარი. შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი პროდუქცია სრულად ჩაითვალა რეალიზებულად და მასზე გავრცელდა სხვა მსგავსი საქონლის (კატეგორიების მიხედვით) აუდირებული ფასნამატები. ასევე, შემოწმებით დადგენილ შემოსავალსა და დოკუმენტურ ხარჯებს შორის გამოვლენილი 616 724 ლარის (აგროსილი 770 905 ლარი) ნაღდი ფულის ნაშთი, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია.
ასევე, შემოწმებით განსაზღვრულ შემოსავალსა და დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობა წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 101 (1); 154 (1); 269 (7).