ბრძანება N 12450

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.06.2026
№ დოკუმენტი 12450
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 12450

05 ივნისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ -----------ის (ს/ნ ---------------)

(მის.: --------------------------------)

2026 წლის 7 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 28 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №44) განიხილა ი/მ -----------ის (ს/ნ ---------------) №102255/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 3 აპრილის №056-19 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მსგავსი საქმიანობის განმახორციელებილი პირის აუდირებული ფანსამატის გამოყენებას, რომელმაც შეადგინა 53.54% და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

შემოწმების მიმდინარეობისას მეწარმის ობიექტზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა, როგორც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის არსებული ნაშთის რაოდენობრივი მონაცემი ასევე მისი საბაზრო ღირებულება. მეწარმის მიერ განისაზღვრა აღნიშნული საინვენტარიზაციო ნაშთის დოკუმენტური თივითღირებულება იმპორტის ოპერაციებზე წარდგენილი დოკუმენტების გამოყენებით, სადაც ფასნამატმა შეადგინა 30%. შესაბამისად მიაჩნია, რომ საბოლოო ნაშთი უნდა განისაზღვროს ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატით და მიღებულ რპთ-ზე უნდა გავრცელდეს იგივე მონაცემი, ნაცვალად მსგავსი საქმიანობის განმახორციელებილი პირის აუდირებული ფანსამატისა. აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 6 თებერვლის და 24 მარტის №2498 და №6341 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ი/მ -----------ის (ს/ნ ---------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2026 წლის 9 თებერვლის ჩათვლით პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 31 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2026 წლის 3 აპრილს გამოსცა №7760 ბრძანება და №056-19 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 258 994 ლარი, მათ შორის, გადასახადი 169 324 ლარი, ჯარიმა 89 623 ლარი და საურავი 48 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

ი/მ -----------ი (ს/ნ ---------------) მეწარმედ რეგისტრირებულია 1997 წლის 20 თებერვალს. საგადასახადო რეგისტრაციის თარიღია 2024 წლის 16 აპრილი. ამავე თარიღიდან არის დღგ-ის გადამხდელი. საქმიანობის სახეა საცალო ვაჭრობა ავტომობილების ნაწილებით და აქსესუარებით. საქმიანობს იჯარით აღებულ ობიექტებში ----ში,----ის ქ. №-სა (- კვ.მ.) და ------ №--ში (- კვ.მ.). გადამხდელის სახელზე 2024 წლის 31 აგვისტოდან მოქმედებს ერთი სალარო აპარატი მისამართზე - ----ის №-. ტერმინალი არ აქვს რეგისტრირებული. 2024 წლის აგვისტოდან მეწარმე იწყებს საქონლის შეძენის ოპერაციებს. შესამოწმებელ 01.01.2023-01.01.2026 პერიოდში ადგილობრივად და იმპორტით (----დან - ახალი ნაწილები) შეძენილი აქვს 4 213 740.5 ლარის თვითღირებულების საქონელი (მაგ: სავალი ნაწილები, სამუხრუჭე ხუნდები, ძრავის ნაწილები, ღვედი, ჰაერის ფილტრები, ფარები, ამორტიზატორები და ა.შ.). შეძენილი საქონლის თვითღირებულების 99.86%-იანი წილი იმპორტირებულია. შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციებში გადამხდელის დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 1 089 975 ლარს. გადამხდელის დეკლარირებული შემოსავლები სრულად ასახავს ამორტყმულ ჩეკებში დაფიქსირებულ თანხებს. დოკუმენტური რეალიზაცია არ უფიქსირდება. მეწარმეს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული პროგრამა ან/და სასასწყობე პროგრამა.

არსებული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე მეწარმის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი. კერძოდ, გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის (ტერიტორიის გათვალისწინებით) განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი. ინვენტარიზაციის მიერ აღრიცხული ფაქტობრივი ნაშთის თვითღირებულების (რომელიც თავის მხრივ დაანგარიშდა აუდირებული საცალო ტიპის ფასნამატის გამოყენებით) გათვალისწინებით განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთი (2 852 679 ლარი დღგის გარეშე) და შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის თვითღირებულება (1 361 061 ლარი დღგ-ის გარეშე). აღნიშნული რეალიზებული თვითღირებულებიდან აუდირებული ფასნამატით განისაზღვრა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები, რომელიც საანგარიშო პერიოდ(ებ)ის შესაბამისად, ჩართულ იქნა ერთობლივ შემოსავალსა და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. შემოწმებით განსაზღვრული საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 53.54%-ს. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების მიხედვით, გადამხდელს 01.01.2023-01.01.2026 პერიოდის დღგ-ის ბრუნვა (საქონლის რეალიზაციის ნაწილში) გაეზარდა 999 798 ლარით და დაერიცხა დღგ 179 963.7 ლარი, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 და 102-ე მუხლების მიხედვით, შესამოწმებელი საანგარიშო წლ(ებ)ის (2024 წლის) ერთობლივი შემოსავალი გაიზარდა 94 735 ლარით. ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის შესაბამისად დაკორექტირდა წლიურ დეკლარაციებში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის საწყისი და საბოლოო ნაშთები. ნაშთების კორექტირების გათვალისწინებით დასაბეგრი ერთობლივი შემოსავალი შემცირდა 24 204 ლარით. აღნიშნული სხვაობების თანხებზე (სალდირებულად) დარიცხული საშემოსავლო გადასახადი შეადგენს ჯამში 14 106.3 ლარს. ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად მეწარმეს დაერიცხა ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.

ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ხოლო ამ კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/ მომსახურების გაწევისათვის.

2. დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება აკლდება, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება ემატება ერთობლივ შემოსავალს.

3. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია წარმოებული ან შეძენილი საქონლის ღირებულება აღრიცხვაში ასახოს ამ საქონლის წარმოებაზე გაწეული ხარჯების (გარდა საამორტიზაციო ანარიცხებისა) ან შეძენის ფასად. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი საქონლის ღირებულებაში შეიტანს მისი შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მეწარმეს შესამოწმებელ პერიოდში ადგილობრივად და იმპორტით (---დან - ახალი ნაწილები) შეძენილი აქვს 4 213 740.5 ლარის თვითღირებულების საქონელი (მაგ: სავალი ნაწილები, სამუხრუჭე ხუნდები, ძრავის ნაწილები, ღვედი, ჰაერის ფილტრები, ფარები, ამორტიზატორები და ა.შ.). შეძენილი საქონლის თვითღირებულების 99.86%-იანი წილი იმპორტირებულია. შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციებში გადამხდელის დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 1 089 975 ლარს. გადამხდელის დეკლარირებული შემოსავლები სრულად ასახავს ამორტყმულ ჩეკებში დაფიქსირებულ თანხებს. შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის (ტერიტორიის გათვალისწინებით) განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი. ინვენტარიზაციის მიერ აღრიცხული ფაქტობრივი ნაშთის თვითღირებულების (რომელიც თავის მხრივ დაანგარიშდა აუდირებული საცალო ტიპის ფასნამატის გამოყენებით) გათვალისწინებით განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთი (2 852 679 ლარი დღგის გარეშე) და შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის თვითღირებულება (1 361 061 ლარი დღგ-ის გარეშე). აღნიშნული რეალიზებული თვითღირებულებიდან აუდირებული ფასნამატით განისაზღვრა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები, რომელიც საანგარიშო პერიოდ(ებ)ის შესაბამისად, ჩართულ იქნა ერთობლივ შემოსავალსა და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. შემოწმებით განსაზღვრული საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 53.54%-ს. შედეგად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ერთობლივი შემოსავალი. ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის შესაბამისად დაკორექტირდა წლიურ დეკლარაციებში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის საწყისი და საბოლოო ნაშთები. ნაშთების კორექტირების გათვალისწინებით დასაბეგრი ერთობლივი შემოსავალი შემცირდა 24 204 ლარით.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან, ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატის გავრცელებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 9 თებერვლის N2748 ბრძანებით, ამავე დღეს ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი აღრიცხვის ღონისძიება. შედეგად აღირიცხა 3 449 პოზიციის საქონელი, რომლის ჯამური რაოდენობაა 1 003 315 ცალი და ჯამური საბაზრო ღირებულება დღგ-ის ჩათვლით შეადგენს 4 968 466.6 ლარს. თუმცა, შემოწმებისთვის უცნობია ფასების განსაზღვრა როგორ განხორციელდა, ვინაიდან გადამხდელს არ აქვს აღრიცხვა-ანგარიშგების არც პროგრამა და არც ექსელის ვერსია. ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტემენტის მიერ დანართად მოწოდებულ ფოტომასალებში არ ფიქსირდება ფასმაჩვენებლები. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ აღრიცხული საქონლიდან ანალიზის ჩატარების შესაძლებლობა იყო 1 889 ცალ პოზიციის საქონელზე. გამოვლინდა, რომ საბაზრო ფასები (დღგ-ის გარეშე) 254 შემთხვევაში თვითღირებულებაზე ნაკლებია ან ტოლია. დანარჩენ 1 635 შემთხვევიდან 111 პოზიციის ფაქტობრივად აღრიცხული საქონლის რაოდენობა მეტია ვიდრე ჯამში მეწარმეს აქვს შეძენილი.

გადამხდელთან საკონტროლო შესყიდვა ჩატარებული არ არის და ვერც შემოწმების პროცესში ჩატარდა. შემოწმების დროს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი იყო აღნიშნული ღონისძიება, თუმცა კონტროლის დღეს გადამხდელმა გაყიდვის ოპერაციაზე უარი განაცხადა და დაკეტა სავაჭრო ობიექტი.

ამასთან, გადასახადის გადამხდელს საქონელი ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი აქვს მხოლოდ ი/მ ------გან (ს/ნ ----------), რომელიც არის ---------ის ბიძაშვილი და საქმიანობს იგივე მისამართზე (ქ.---ის №-ში). მისგან შეძენა განხორციელებულია ერთი სასაქონლო ზედნადებით 698 299 ლარის დღგ-ის ჩათვლით საქონლის (ავტონაწილების) შეძენა 2025 წლის 3 მარტს. აღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებით ი/მ-მ წარმოადგინა ------ის მიერ ამორტყმული ჩეკები, ნაღდი ანგარიშსწორების დამადასტურებლად. საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი 2023 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის მიხედვით საშუალო ფასნამატია 30.17% და 2024 წელს - 31.9%. მიმდინარე კონტროლის პროცედურები არც ------თან არ არის ჩატარებული.

შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს დოკუმენტური რეალიზაცია არ უფიქსირდება, არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული პროგრამა ან/და სასასწყობე პროგრამა და შესაბამისად გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად. კერძოდ, მსგავსი საქმიანობის (ტერიტორიის გათვალისწინებით) განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატის გავრცელება, რამაც თავის მხრივ გამოიწვია დღგით დასაბეგრი ბრუნვისა და ერთობლივი შემოსავლის გაზრდა, შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ -----------ის (ს/ნ ---------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მსგავსი საქმიანობის განმახორციელებილი პირის აუდირებული ფანსამატის გამოყენებას, რომელმაც შეადგინა 53.54% და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №2498 და №6341 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2026 წლის 9 თებერვლის ჩათვლით პერიოდი. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა №7760 ბრძანება და №056-19 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 258 994 ლარი, მათ შორის, გადასახადი 169 324 ლარი, ჯარიმა 89 623 ლარი და საურავი 48 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება,რომ მეწარმეს შესამოწმებელ 01.01.2023-01.01.2026 პერიოდში ადგილობრივად და იმპორტით შეძენილი აქვს 4 213 740.5 ლარის თვითღირებულების საქონელი ,რომლის თვითღირებულების 99.86%-იანი წილი იმპორტირებულია. შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციებში გადამხდელის დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 1 089 975 ლარს. გადამხდელის დეკლარირებული შემოსავლები სრულად ასახავს ამორტყმულ ჩეკებში დაფიქსირებულ თანხებს. დოკუმენტური რეალიზაცია არ უფიქსირდება. მეწარმეს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული პროგრამა ან/და სასასწყობე პროგრამა.არსებული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე მეწარმის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი. კერძოდ, გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის (ტერიტორიის გათვალისწინებით) განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი. ინვენტარიზაციის მიერ აღრიცხული ფაქტობრივი ნაშთის თვითღირებულების (რომელიც თავის მხრივ დაანგარიშდა აუდირებული საცალო ტიპის ფასნამატის გამოყენებით) გათვალისწინებით განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთი (2 852 679 ლარი დღგის გარეშე) და შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის თვითღირებულება (1 361 061 ლარი დღგ-ის გარეშე). აღნიშნული რეალიზებული თვითღირებულებიდან აუდირებული ფასნამატით განისაზღვრა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები, რომელიც საანგარიშო პერიოდ(ებ)ის შესაბამისად, ჩართულ იქნა ერთობლივ შემოსავალსა და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. შემოწმებით განსაზღვრული საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 53.54%-ს. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების მიხედვით, გადამხდელს 01.01.2023-01.01.2026 პერიოდის დღგ-ის ბრუნვა (საქონლის რეალიზაციის ნაწილში) გაეზარდა 999 798 ლარით და დაერიცხა დღგ 179 963.7 ლარი, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 და 102-ე მუხლების მიხედვით, შესამოწმებელი საანგარიშო წლ(ებ)ის (2024 წლის) ერთობლივი შემოსავალი გაიზარდა 94 735 ლარით. ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის შესაბამისად დაკორექტირდა წლიურ დეკლარაციებში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის საწყისი და საბოლოო ნაშთები. ნაშთების კორექტირების გათვალისწინებით დასაბეგრი ერთობლივი შემოსავალი შემცირდა 24 204 ლარით. აღნიშნული სხვაობების თანხებზე (სალდირებულად) დარიცხული საშემოსავლო გადასახადი შეადგენს ჯამში 14 106.3 ლარს. ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად მეწარმეს დაერიცხა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“); 79( „ა“ ); 80(1); 100(1.3„ბ“); 102(1,,ა“); 145(1,მე-2 და მე-3); 158(1); 159(1„ა“ და „ბ“); 160(1); 163(1); 164(1);