ბრძანება N 33115

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 27.12.2023
№ დოკუმენტი 33115
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 33115

27 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----“ (ს/ნ -----)

(მის.: -------)

2023 წლის 11 და 20 ნოემბრის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 7 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №127) განიხილა შპს „-----ს“(ს/ნ -----) 2023 წლის 11 ნოემბრის №84883/1/2023 და 20 ნოემბრის №85201/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 ოქტომბრის №022-46 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთში გამოვლენილი სხვაობის ხელფასად განხილვას და აცხადებს, რომ შემოწმების პერიოდში წარმოებულ გაანგარიშებებში ნაჩვენებია, რომ დეკლარირებული რეალიზაცია თითქმის 50 000 ლარით აჭარბებს რეალურ რეალიზაციას, რამაც წარმოშვა კომპანიაში დამატებითი ფულადი სახსრების მიღება და არ უნდა იქნეს გამოყენებული ფულის საერთო შემოსავალში. აღნიშნავს, რომ შემმოწმებელმა გაითვალისწინა დამფუძნებლის შენატანი ჯამში 44 300 ლარი, ვინაიდან თანხები ბანკში შეტანილია დანიშნულებით „დამფუძნებლის შენატანი“, ხოლო სხვა შენატანები არ იქნა გათვალისწინებული. დამფუძნებელს კომპანიის საქმიანობის დაწყებამდე მხოლოდ ბანკში კომპანიის ანგარიშზე შეტანილი აქვს 110 800 ლარი, ასევე მომწოდებლებთან ანგარიშწორებისთვის დამფუძნებელმა თავისი პირადი ანგარიშიდან კომპანიას ჩაურიცხა 7000 ლარი, შემოწმებელმა ასევე აბსოლიტურად უარგუმენტოდ არ გაითვალისწინა დამფუძნებლის მიერ 28.09.2018 წელს შეტანილი 77 000 ლარი სესხის დასაფარად. აღნიშნულის გარდა, დამფუძნებელს ასევე სხვადასხვა დროს შეტანილი აქვს თავისი კუთვნილი სახსრები კომპანიის ანგარიშზე 05.10.2017წ. - 15000 ლარი, 29.09.2018წ. - 40531 ლარი და 13900 ლარი და 31.07.2019წ. - 20000 ლარი. დამფუძნებელს ნავაჭრი თანხა შეჰქონდა ბანკში დანიშნულებით „ნავაჭრი“, ხოლო საკუთარი თანხები „სალაროს ნაშთით“, „სესხის დასაფარად“ და ა.შ. მსგავსი განცალკევება საჭირო იყო იმ მიზეზით, რომ საწარმოს ჰქონოდა ინფორმაცია რამდენის ინვესტირება მოხდა კომპანიაში და შედარებულიყო აქტივებთან. ჯამში კომპანიის დამფუძნებელს კომპანიაში ინვესტირებული აქვს 366 531 ლარი, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილის ამოღებაც აქტივების სრული რეალიზაციის შემდგომ შეძლო. გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ შემმოწმებლისთვის მიწოდებული იქნა ინფორმაცია ფულის საწყისი ნაშთის შესახებ, სალაროში ფიქსირდებოდა 3648 ლარი, ხოლო ბანკში 54809 ლარი. შემოწმებელმა გაუგებარი მიზეზით, დაუსაბუთებლად და აბსოლიტურად უკანონოდ გაანგარიშებაში გამოიყენა საწარმოს მიერ ფინასურ ანგარიშგებაში შეცდომით მითითებული თანხის ოდენობა და მიუთითებს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონზე და კონსტიტუციის მოთხოვნებთან შეუსაბამობაზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 აპრილის №8737 და 17 ივლისის №17313 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „------ს“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 11 ოქტომბრის №25178 ბრძანება და ამავე თარიღის №022-46 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 201 410 ლარი, მათ შორის, გადასახადი 101 778 ლარი, ჯარიმა 50 553 ლარი და საურავი 49 079 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შპს „------ს“ საქმიანობას წარმოადგენს სურსათით საცალო ვაჭრობა ქალაქ ------სა და -----ში. კომპანია საქმიანობას აღარ ახორციელებს 2021 წლის იანვრიდან. კომპანია ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას არ აწარმოებს. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა საცალო რეალიზაციის პროგრამა ქალაქ ------ს შემთხვევაში, ხოლო ------ს მაღაზიისთვის პროგრამა წარმოდგენილი არ ყოფილა. სალაროს და სმფ-ის ნაშთის ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა. არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული იქნა გადასახადის გადამხდელის დღგ-თი დასაბეგრი ბრუნვა. მიღებული და გამოწერილი პირველადი დოკუმენტებით დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი, საქონლის ნაშთები, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებები. შემოწმებით დადგენილ და დეკლარირებულ შემოსავალს შორის სხვაობა არაარსებითია, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში ცვლილება არ განხორციელებულა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე და 49-ე მუხლების საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშდა ფულის მოძრაობაც. შემოსავლის ნაწილში გათვალისწინებული იქნა გადამხდელის მიერ დეკლარირებული შემოსავალი სულ 1 774 794 ლარი. გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში წარდგენილი აქვს ფინანსური ანგარიშგებები. სალაროს საწყის ნაშთად გათვალისწინებული იქნა ანგარიშგებაში დაფიქსირებული ნაშთი 121 973 ლარი. ხარჯის ნაწილში გამოქვითული იქნა ბიუჯეტში გადახდა, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, ზედნადებითა და სპეცფაქტურით შეძენილი საქონლისა და მასალების ხარჯები, ხელფასის ხარჯი, ბანკით გადახდილი ხარჯები, ასევე ტერმინალის დროს ბანკის საკომისისო ხარჯები. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა ასევე წარმოადგინა, საბანკო ამონაწერი და კრების ოქმები. ბანკის ამონაწერის მიხედვით დანიშნულება „დამფუძნებლის შენატანი“ სულ 45 300 ლარი გამოაკლდა ფულის საბოლოო ნაშთს და ჩათვლილ იქნა შენატანის დაბრუნებად. აღნიშნულის შედეგად, მიღებულია განკარგვადი თანხა 403 435 ლარი, რომელზეც გადასახადის გადამხდელს მინიჭებული არ აქვს კვალიფიკაცია და ვერც სალაროში არსებობა ვერ დასტურდება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, შემოწმების მიერ გაანგარიშებული ფულის ნაშთი ჩაითვალა საქმიანობის შეწყვეტის მომენტში საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე): ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს. არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული იქნა დღგ-თი დასაბეგრი ბრუნვა და ფულის ნაშთი. მიღებული და გამოწერილი პირველადი დოკუმენტებით დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი, საქონლის ნაშთები, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებები. შემოწმებით დადგენილ და დეკლარირებულ შემოსავალს შორის სხვაობა არაარსებითია, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში ცვლილება არ განხორციელებულა. შემოსავლის ნაწილში გათვალისწინებული იქნა გადამხდელის მიერ დეკლარირებული შემოსავალი სულ 1 774 794 ლარი. გადამხდელს სალაროს საწყის ნაშთად გათვალისწინებული იქნა გადამხდელის მიერ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებებში დაფიქსირებული ნაშთი 121 973 ლარი. ხოლო, ხარჯის ნაწილში გამოქვითული იქნა ბიუჯეტში გადახდა, საგადასახადო ანგარიშფაქტურით, ზედნადებითა და სპეცფაქტურით შეძენილი საქონლისა და მასალების ხარჯები, ხელფასის ხარჯი, ბანკით გადახდილი ხარჯები, ასევე ტერმინალის დროს ბანკის საკომისისო ხარჯები, ასევე დამფუძნებლის შენატანი სულ 45 300 ლარი გამოაკლდა ფულის საბოლოო ნაშთს და ჩათვლილ იქნა შენატანის დაბრუნებად. აღნიშნულის შედეგად, მიღებული განკარგვადი თანხა 403 435 ლარი, შემოწმების მიერ ჩაითვალა საქმიანობის შეწყვეტის მომენტში საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომ ფულის ნაშთის გაანგარიშებისას შემმოწმებელმა ხელფასების და იჯარის ნაწილში გაითვალისწინა 67 363 ლარი, ნაცვლად 73 040 ლარისა, ხოლო საქონლის ღირებულების ნაწილში გაითვალისწინა 1 252 793 ლარი, ნაცვლად 1 396 937 ლარის, რომელიც ჯამში შეადგენს 149 821 ლარს (გადამხდელს თანდართული აქვს გარკვეული გაანგარიშება).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ხარჯების განსაზღვრის მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------“ (ს/ნ -----) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, ხარჯების განსაზღვრის მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთში გამოვლენილი სხვაობის ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს. არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული იქნა დღგ-თი დასაბეგრი ბრუნვა და ფულის ნაშთი. მიღებული და გამოწერილი პირველადი დოკუმენტებით დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი, საქონლის ნაშთები, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებები. შემოწმებით დადგენილ და დეკლარირებულ შემოსავალს შორის სხვაობა არაარსებითია, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში ცვლილება არ განხორციელებულა. შემოსავლის ნაწილში გათვალისწინებული იქნა გადამხდელის მიერ დეკლარირებული შემოსავალი სულ 1 774 794 ლარი. გადამხდელს სალაროს საწყის ნაშთად გათვალისწინებული იქნა გადამხდელის მიერ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებებში დაფიქსირებული ნაშთი 121 973 ლარი. ხოლო, ხარჯის ნაწილში გამოქვითული იქნა ბიუჯეტში გადახდა, საგადასახადო ანგარიშფაქტურით, ზედნადებითა და სპეცფაქტურით შეძენილი საქონლისა და მასალების ხარჯები, ხელფასის ხარჯი, ბანკით გადახდილი ხარჯები, ასევე ტერმინალის დროს ბანკის საკომისისო ხარჯები, ასევე დამფუძნებლის შენატანი სულ 45 300 ლარი გამოაკლდა ფულის საბოლოო ნაშთს და ჩათვლილ იქნა შენატანის დაბრუნებად. აღნიშნულის შედეგად, მიღებული განკარგვადი თანხა 403 435 ლარი, შემოწმების მიერ ჩაითვალა საქმიანობის შეწყვეტის მომენტში საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ხარჯების განსაზღვრის მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4)(5"ა")(9"ბ"), 101(1), 154(1"ა")(2"ა""ბ").