ბრძანება N 25132

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.11.2025
№ დოკუმენტი 25132
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 25132

17 ნოემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2025 წლის 16 ოქტომბრის, 17 ოქტომბრის და 3 ნოემბრის

საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 30 ოქტომბრის და 6 ნოემბრის სხდომებზე (ოქმი №90 და №92) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 16 ოქტომბრის №98383/1/2025, 17 ოქტომბრის №98414/1/2025 და 3 ნოემბრის №CA00412515953944 (რეგ. №173907/21 და №174006/21) საჩივრები, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 სექტემბრის №002-137 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, გაანგარიშებულ ფასნამატს და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ საკუთარი ფართიდან ახორციელებს საცალო და საბითუმო ვაჭრობას. განმარტავს, რომ საქონლის მიწოდების ფასი დამოკიდებულია გადამხდელის მიერ პერიოდის განმავლობაში შეკვეთილი საქონლის რაოდენობაზე. მიუთითებს, რომ ახალი საქონლის დასაწყობების მიზნით საწარმო ცდილობს ყოველი სასაქონლო პარტიის განაშთვას, შესაბამისად, წინა საქონლის პარტიიდან დარჩენილი საქონლის რაოდენობაზე საწარმო მარჟას ამცირებს, რომლითაც ამოიყიდება საცალო გაყიდვით დარჩენილი მცირე ნაშთი, თუმცა, მთლიან შესყიდულ პარტიაზე რჩება სოლიდური მოგება, რომელიც შემოწმებისას არ იქნა გათვალისწინებული. აცხადებს, რომ საბუღალტრო პროგრამაში ზედმიწევნით არის აღწერილი საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით გაყიდული საქონლის ჩამოწერა, კერძოდ, ყოველ გაყიდულ საქონელზე გამოწერილ ქვითარზე შესაბამისი ნომრით არის ჩამოწერილი საქონელი, შესაბამისად, შესაძლებელია გაყიდული საქონლისა და ჩამოწერილი პროდუქციის იდენტიფიცირება, რომლის დასადასტურებლად საჩივარზე თანდართული აქვს სასაქონლო ზედნადებებისა და ქვითრების რეესტრი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 მარტის №4415 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 12 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 18 სექტემბრის №20521 ბრძანება და ამავე თარიღის №002-137 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 315 557 ლარი, მათ შორის, გადასახადი 197 614 ლარი, ჯარიმა 91 360ლარი, საურავი 26 583 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს რძის პროდუქტებით ვაჭრობა. საქონელი შეძენილია იმპორტის საშუალებით და ასევე, ადგილობრივ ბაზარზე. საწარმოს მიერ წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 9 629 276 ლარს, ხოლო ბუღალტრულ პროგრამა „ორისში“ 9 674 421 ლარს. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია 6 349 352 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე), რაც დეკლარირებული ბრუნვის 66%-ს შეადგენს. გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების პროცესში წარმოდგენილი აქვს ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული პროგრამა „ორისი“, სადაც რეალიზებული საქონელი ჩამოიწერება ყოველდღიურად, ხოლო დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი აღირიცხება ჯამურად, საიდანაც არ იდენტიფიცირდება ერთეულის რეალიზაციიდან მიღებული თანხა. აღნიშნულის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ დოკუმენტური ფასნამატი შეადგენს საშუალოდ დაახლოებით 15,8%-ს, კერძოდ, 2024 წელს - 15,9%-ს, ხოლო 2025 წელს - 14,8%-ს. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს დაახლოებით 11%-ს. შედეგად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, შემოწმების მიერ დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი წლების მიხედვით (საშუალოდ 15,8%). შესაბამისად, შემოწმებით დადგენილმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 10 035 965 ლარი. ამასთან, საგადასახადო შემოწმების პროცესში განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის მიხედვით და განისაზღვრა არაგონივრული ნაშთის ოდენობა 472 297 ლარის ოდენობით, რაც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია 6 349 352 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე), რაც დეკლარირებული ბრუნვის 66%-ს შეადგენს. გადამხდელს საგადასახადო შემოწმების პროცესში წარდგენილი აქვს ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა, სადაც რეალიზებული საქონელი ჩამოიწერება ყოველდღიურად, ხოლო დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი აღირიცხება ჯამურად, საიდანაც არ იდენტიფიცირდება ერთეულის რეალიზაციიდან მიღებული თანხა. აღნიშნულის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ დოკუმენტური ფასნამატი შეადგენს დაახლოებით 15,8%. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი კი დაახლოებით 11%-ს. შედეგად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, შემოწმების მიერ დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი წლების მიხედვით (საშუალოდ 15,8%). ამასთან, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა და დადგინდა სალაროს არაგონივრული ნაშთი, რაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარმოდგენილ არგუმენტებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის მიხედვით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა ვინაიდან გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება არაიდენტიფიცირებადი რეალიზაციები, კერძოდ, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი აღრიცხულია ჯამურად, ჩეკების მიხედვით, შესაბამისად, შეუძლებელია დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის ერთეულის სარეალიზაციო ფასის დადგენა. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც გადამხდელის მიერ წარმოდგენილ პროგრამაზე დაყრდნობით იდენტიფიცირებადია რეალიზაცია, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის ფასნამატი მნიშვნელოვნად დაბალია დოკუმენტით რეალიზებული საქონლის ფასნამატზე, კერძოდ, ისეთ საქონელზე, როგორიცაა რძის ფხვნილი, კარაქი, ზეთი, რძის ცხიმის შემცვლელი, რომელთა წილიც მაღალია რეალიზაციაში, საშუალო შეწონილი დოკუმენტური ფასნამატები შეადგენს შესაბამისად 16%, 16%, 14% და 8%-ს, ხოლო პროგრამის მიხედვით დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის ფასნამატები 5%, 6%, 3% და 4%-ია. აღნიშნულთან დაკავშირებით, არც საგადასახადო შემოწმების პროცესში და არც დავების განხილვის ეტაპზე (დავის ეტაპზე წარმოდგენილ იქნა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის ასლი, რომელიც მოწოდებული იყო შემოწმების პროცესშიც) გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა მოწოდებული რაიმე სახის მტკიცებულება/სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა კონკრეტული სამეურნეო ოპერაციის დაწყებას, მიმდინარეობასა და დასრულებას (შედეგს) შორის კავშირის დადგენა. გარდა ამისა, გადასახადის გადამხდელს, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში უფიქსირდებოდა სმფ-ის ბუღალტრული ნაშთი 620 129 ლარის ოდენობით, ხოლო საბოლოოო ნაშთი 556 890 ლარი, რაც სრულად რეალიზებული იქნა შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ, 2025 წლის აპრილიდან. საგადასახადო შემოწმების დაწყებიდან კი საწარმომ შეაჩერა საქმიანობა. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, სმფ-ის ნაშთის მინიმალური ოდენობა შეადგენდა 277 300 ლარს.

ამასთან, საჩივრებზე თანდართულ დოკუმენტებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებულია რამდენიმე სასაქონლო ზედნადები და საკონტროლოსალარო აპარატიდან გამოწერილი ქვითრების რეესტრი. აღნიშნული მონაცემებით გადასახადის გადამხდელმა რამდენიმე დოკუმენტური რეალიზაცია დააკავშირა საკონტროლო-სალარო აპარატიდან გამოწერილ ჩეკთან, რაც გავლენას არ ახდენს საგადასახადო შემოწმების შედეგებზე.

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, შემოწმების მიერ დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე დოკუმენტური ფასნამატის წლების მიხედვით გავრცელება, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, გაანგარიშებულ ფასნამატს და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს რძის პროდუქტებით ვაჭრობა. საქონელი შეძენილია იმპორტის საშუალებით და ასევე, ადგილობრივ ბაზარზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია, რაც დეკლარირებული ბრუნვის 66%-ს შეადგენს. გადამხდელს საგადასახადო შემოწმების პროცესში წარდგენილი აქვს ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა, სადაც რეალიზებული საქონელი ჩამოიწერება ყოველდღიურად, ხოლო დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი აღირიცხება ჯამურად, საიდანაც არ იდენტიფიცირდება ერთეულის რეალიზაციიდან მიღებული თანხა. აღნიშნულის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ დოკუმენტური ფასნამატი შეადგენს დაახლოებით 15,8%. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი კი დაახლოებით 11%-ს. შედეგად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, შემოწმების მიერ დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი წლების მიხედვით. ამასთან, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა და დადგინდა სალაროს არაგონივრული ნაშთი, რაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159