ბრძანება N 23724

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 28.10.2025
№ დოკუმენტი 23724
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23724

28 ოქტომბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს„-------“ (პ/ნ ---------)

(მის.:---------)

2025 წლის 8 სექტემბრის და 6 ოქტომბრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 9 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №85) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ ----------) 2025 წლის 31 აგვისტოს №97763/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 აგვისტოს №094-28 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება განკარგვადი თანხის გაანგარიშებას, რომელიც ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელი ითხოვს ფულის ნაშთის გაანგარიშებისას შპს „------“ სესხის ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული ფულადი სახსრების გათვალისწინებას. განმარტავს, რომ აუდიტორს აღნიშნულ სესხთან დაკავშირებით 2025 წლის 25 მარტს კომპანიის წარმომადგენლისგან სამსახურეობრივ ელ. ფოსტაზე მიღებული აქვს შპს „---------“ ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები. ამავე შეტყობინებაში გამოთქმულია მზაობა საჭიროების შემთხვევაში სხვა ინფორმაციის წარდგენისათვის მ.შ. შესაძლებელი იყო პირდაპირი კავშირი შპს „----------“ წარმომადგენელთან მათთვის სასურველი ინფორმაციის მისაღებად. აღნიშნულ შეტყობინებაზე აუდიტორების მხრიდან არანაირი უკუკავშირი არ ყოფილა, არც თავად შემმოწმებელს არ გამოუთხოვია დოკუმენტაცია შპს „--------“. ასევე არ მოუთხოვია დირექტორის ახსნა-განმარტება რომელიმე კონკრეტულ სადავო საკითხთან დაკავშირებით. ასევე გადამხდელისთვის უცნობია რატომ უსვამს აუდიტორი ხაზს იმ ფაქტს, რომ სესხის ხელშეკრულება არ არის ნოტარიულად დადასტურებული, მაშინ როდესაც ანალოგიური ნოტარიულად დაუდასტურებელი სესხის ხელშეკრულება გაფორმებული ფ/პ -----------მიიჩნია სარწმუნოდ და მასთან დაკავშირებული დარიცხული თანხები დაუქვემდებარა შემცირებას. გადამხდელი აღნიშნავს, რომ 2021 წლის ფინანსური ანგარიშგება შპს „-----------“ მიერ წარდგენილია პორტალზე. განმარტავს, რომ აუდიტორის განცხადება, თითქოს ანგარიშგებაში არ იძებნება ჩუქებით მიღებული შემოსავლის შესახებ ინფორმაცია არ შეესაბამება ფაქტობრივ ვითარებას. მიუთითებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სრულად ასახულია კონკრეტულად, მოგება-ზარალის უწყისსა და განმარტებითი შენიშვნების მე-18 პუნქტში.

გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ ითხოვდა დღგ-ის ნაწილში დეკლარირებული თანხების შემცირებას, კერძოდ, გადამხდელს არარეზიდენტი მომწოდებლებისგან მიღებული „-------“ განხილული აქვს მომსახურების სანაცვლოდ მიღებულ ანაზღაურებად და დაბეგრილი აქვს დღგ-ით. მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1621 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნტზე და აცხადებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ აღნიშნული „------“ მიღებული შემოსავლები ჩაითვლება მომსახურების სანაცვლოდ მიღებულ შემოსავლად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით მომსახურების მიმღებებს წარმოადგენენ არარეზიდენტი იურიდიული პირები და მომსახურების გაწევის ადგილად არ ჩაითვლება საქართველო. ამიტომ დღგ-ის ნაწილში აღნიშნული დეკლარირებული თანხები ექვემდებარება შემცირებას. გადამხდელი განმარტავს, რომ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გადაანგარიშების დასკვნაში არ არის არანაირი მსჯელობა/არგუმენტაცია. მიიჩნევს, რომ გადაანგარიშების პროცესში შემმოწმებლებს გამორჩათ აღნიშნული თემა მხედველობიდან.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 ოქტომბრის №23136 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „------“ (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „----------“ (ს/ნ -----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 ოქტომბრის №23136 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 12 აგვისტოს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 93 345 ლარი, მათ შორის: გადასახადი 62 230 ლარი, ჯარიმა 31 115 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 20 აგვისტოს №094-28 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება,რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით შესწავლილ იქნა შპს „-------“ (ს/ნ ------) მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია და საბუღალტრო აღრიცხვა, რაც შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ არ იყო მოწოდებული. წარმოდგენილი დოკუმენტაციით და ბუღალტრული პროგრამით ირკვევა, რომ შპს „--------“ (ს/ნ -------) 2021 წელს ხელშეკრულება გააფორმა შპს „-------“ მარაგების მიწოდების და არსებული დებიტორული დავალიანების დათმობის შესახებ, რომელიც ასევე მოიცავდა 2021 წელს მიწოდებული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული პროდუქციის ღირებულებას. შემოწმებით შპს „-------“ მიწოდებული პროდუქციის ღირებულების გარდა დამატებით მიღებული თანხები დამატებულ იქნა განკარგვად თანხაში, რამაც გამოიწვია შემოსავლის დუბლირება. ასევე, ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებული დებიტორული დავალიანების ნაშთები განსხვავდებოდა შემოწმების მონაცემებისგან.

ამავდროულად, საწარმოს საწყის ნაშთად მოყვება დამფუძნებლისგან აღებული სესხი, კერძოდ, 270 000 ლარის ოდენობით, გადამხდელის განმარტებით აღნიშული თანხები მიღებულია სალაროში, რაც მყისიერად არის ანგარიშვალდებული პირის მიერ შეტანილი საბანკო ანგარიშზე, რასთან დაკავშირებითაც გადამხდელმა წარმოადგინა ხანდაზმული პერიოდის საბანკო ამონაწერები. ამავდროულად, აღნიშნული სესხი დაფიქსირებულია გადამხდელის მიერ წარდგენილ 2020 წლის ფინანსურ ანგარიშგებაშიც.

ასევე, გადამხდელის მიერ წარმოდგენილია სესხის ხელშეკრულება, შესული ცვლილებებით, რითიც გადამხდელი აცხადებს, რომ საწარმოს 2017 წლის პერიოდში გაფორმებული ჰქონდა სესხის ხელშეკრულება შპს „-------" (ს/ნ ---------) და აღნიშნული სესხის ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული აქვს თავისუფალი ფულადი სახსრები, ჯამში 1 708 871 ლარი. აღნიშნული სესხის ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული ფულადი სახსრები პირებს შორის გაფორმებული შეთანხმებით დაკვალიფიცირდა ნაჩუქარ თანხებად. თანხები გაცემულია სალაროდან. გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილია შპს „-------“ (ს/ნ -----) ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერებიდან მხოლოდ აღნიშნული სესხის ბუღალტრული ანგარიშის ამონაწერი, ხელშეკრულების ცვლილება და შეთანხმებები. აღნიშნული ინფორმაციით ვერ დგინდება თანხის საწარმოში შესვლის და ხარჯვის ფაქტი, ვერ ხდება ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ წარდგენილი ხელშეკრულებები არ არის ნოტარიულად დადასტურებული, ფინანსურ ანგარიშგებებში არ ფიქსირდება ხსენებული თავისუფალი ფულადი სახსრების გაცემა/მიღება. ამავდროულად შემოწმების პროცესში დირექტორის მიერ არ იქნა მოწოდებული აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია (არც ზეპირსიტყვიერი/არც წერილობითი). ხსენებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შპს „----------“ (ს/ნ ----------) საგადასახდო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა ნაწილობრივ შემცირებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების მიერ ფულის ნაშთის გაანგარიშებისას არ იქნა გათვალისწინებული შპს „-----“ სესხის ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული ფულადი სახსრები. განმარტავს, რომ გადამხდელის მიერ გამოითქვა მზაობა საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციის წარდგენისათვის მ.შ. შესაძლებელი იყო პირდაპირი კავშირი შპს „------“ წარმომადგენელთან მათთვის სასურველი ინფორმაციის მისაღებად. აგრეთვე აღნიშნავს, რომ არც თავად შემმოწმებელს არ გამოუთხოვია დოკუმენტაცია შპს „--------“. გადამხდელი ასევე აცხადებს, რომ შპს „-------“ მიერ წარდგენილია 2021 წლის ფინანსური ანგარიშგება და მიღებული შემოსავლის შესახებ ინფორმაცია სრულად ასახულია მოგება-ზარალის უწყისსა და განმარტებითი შენიშვნების მე-18 პუნქტში.

გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ ითხოვდა დღგ-ის ნაწილში დეკლარირებული თანხების შემცირებას, კერძოდ, გადამხდელს არარეზიდენტი მომწოდებლებისგან მიღებული „---------“ განხილული აქვს მომსახურების სანაცვლოდ მიღებულ ანაზღაურებად და დაბეგრილი აქვს დღგ-ით. განმარტავს, რომ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გადაანგარიშების დასკვნაში არ არის არანაირი მსჯელობა/არგუმენტაცია. მიიჩნევს, რომ გადაანგარიშების პროცესში შემმოწმებლებს გამორჩათ აღნიშნული თემა მხედველობიდან.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 ოქტომბრის №23136 ბრძანება არ არის სრულყოფილად აღსრულებული. ამდენად, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (ასევე, მე-3 მხარისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------“ (ს/ნ ------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით,:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (ასევე, მე-3 მხარისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება განკარგვადი თანხის გაანგარიშებას, რომელიც ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად.

გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ ითხოვდა დღგ-ის ნაწილში დეკლარირებული თანხების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების შედეგად ირკვევა, რომ მომჩივანიმა 2021 წელს ხელშეკრულება გააფორმა შპს-ზე მარაგების მიწოდების და არსებული დებიტორული დავალიანების დათმობის შესახებ, რომელიც ასევე მოიცავდა 2021 წელს მიწოდებული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული პროდუქციის ღირებულებას. შემოწმებით შპს-ს მიწოდებული პროდუქციის ღირებულების გარდა დამატებით მიღებული თანხები დამატებულ იქნა განკარგვად თანხაში, რამაც გამოიწვია შემოსავლის დუბლირება. ასევე, ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებული დებიტორული დავალიანების ნაშთები განსხვავდებოდა შემოწმების მონაცემებისგან. ამავდროულად, საწარმოს საწყის ნაშთად მოყვება დამფუძნებლისგან აღებული სესხი. აღნიშნული სესხის ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული ფულადი სახსრები პირებს შორის გაფორმებული შეთანხმებით დაკვალიფიცირდა ნაჩუქარ თანხებად. თანხები გაცემულია სალაროდან. ფინანსურ ანგარიშგებებში არ ფიქსირდება ხსენებული თავისუფალი ფულადი სახსრების გაცემა/მიღება.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 ოქტომბრის №23136 ბრძანება არ არის სრულყოფილად აღსრულებული. ამდენად, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (ასევე, მე-3 მხარისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(9);101(1);154(1);