გადაწყვეტილება № 27930/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.09.2026
№ დოკუმენტი 27930/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 27930/2/2026

16 სექტემბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.09.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----“-ის 7.08.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27930/2/2026).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 22.05.2026 წლის №083-19 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 17.07.2026 წლის №16425 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 688 052.92 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 380 753

დღგ - 257 574

საშემოსავლო გადასახადი - 123 179

ჯარიმა - 188 495

საურავი - 118 804.92

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა საკვები პროდუქტებით, სასმელებით, თამბაქოს ნაწარმითა და სხვა, კერძოდ, იჯარით აღებულ ფართებში ფლობს ორ მაღაზიას, რომელიც მდებარეობს ---- -ში.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 28.02.2023 წლიდან 1.04.2025 წლამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 17.06.2025 წლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 18.05.2026 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებების გამო:

1. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2023 წლის 28 თებერვალს და ამავე პერიოდიდან წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და გამოწერილი/მიღებული ელექტრონული დოკუმენტების მიხედვით, საწარმოს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, მისი საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 17 ივნისის №12583 ბრძანებით, გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების ფაქტობრივი მდგომარების აღრიცხვის პროცედურა, რომლის შედეგადაც გამოვლინდა 1 277 330 ლარის საბაზრო ღირებულების საქონელი. შეძენილი, რეალიზებული და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი საქონელი დაიყო 61 კატეგორიად. კატეგორიზაციის შემდგომ, ინვენტარიზაციის შედეგებზე დაყრდნობით განისაზღვრა საქონლის ფასნამატი, რომლითაც ვაჭრობს გადასახადის გადამხდელი თითოეული კატეგორიის მიხედვით. სმფ-ის საწყისი ნაშთის, შეძენებისა და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ საბოლოო ნაშთზე დაყრდნობით განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა შემოწმებით დადგენილი ფასნამატი თითოეული კატეგორიის მიხედვით. გამოვლენილი სხვაობა ჩაითვლა რეალიზებულად, მთელ შესამოწმებელ პერიოდში შესაბამისი ყოველთვიური დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად. შედეგად, საწარმოს გაეზარდა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა, რაზეც დაერიცხა დღგ.

2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 28 აპრილის №7819 ბრძანებით გადამხდელთან ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის შედეგად სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა 3 785 ლარით. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლების, გაწეული დოკუმენტური ხარჯების, გადახდილი ხელფასების, ბიუჯეტში გადახდილი თანხების, მესამე პირებისგან გამოთხოვილი ინფორმაციებისა და სხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების გათვალისწინებით, დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობა, რომელიც გატანილია დაუბეგრავად.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმების შედეგად დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 22.05.2026 წლის №11315 ბრძანება და №083-19 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 17.07.2026 წლის №16425 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის

წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საწარმოში ჩატარდა შიდა აუდიტი, განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, პირველადი დოკუმენტების, ბუღალტრული პროგრამისა და საბანკო ამონაწერების დამატებითი დამუშავება, რითაც დადგინდა, რომ შემმოწმებლების მიერ გავრცელებული სანქციები, დღგ-ით დასაბეგრი თანხების ზრდა და სალაროს ჭარბი თანხები არ შეესაბამება შემმოწმებლების მიერ გამოვლენილ ფაქტებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს მიეცეს შესაძლებლობა დამატებით წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს ბუღალტრული პროგრამა და პირველადი დოკუმენტები დარიცხული თანხების კორექტირების მიზნით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია არის დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შეძენილი, რეალიზებული და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი საქონელი დაიყო კატეგორიებად. თითოეული კატეგორიაზე, ინვენტარიზაციის შედეგებზე დაყრდნობით, განისაზღვრა რეალიზებული საქონლის თვითღირებულება და ფასნამატი. გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა მთელ შესამოწმებელ პერიოდში შესაბამისი ყოველთვიური დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად რეალიზებულად. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლები (ხარჯების და ნაღდი ფულის ნაშთის გათვალისწინებით), ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე (საწარმოს დირექტორზე) გაცემულ ხელფასად.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით წარმოდგენილ ინფორმაციაზე,ასევე, იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი, როგორც შემოსავლების სამსახურში 19.06.2026 წელს წარდგენილი №---- საჩივრით, ისე დავების განხილვის საბჭოში 7.08.2026 წელს წარმოდგენილ №---- საჩივარში, ითხოვს მიეცეს შესაძლებლობა სადავო საკითხზე მტკიცებულებების წარმოდგენის, თუმცა მას ამ პერიოდის განმავლობაში არ წარმოუდგენია დასახელებული არგუმენტების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის, საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშების და შესაბამისად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მომჩივანი საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა, მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატით დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შეძენილი, რეალიზებული და ინვენტარიზაციით გამოვლენილი საქონელი დაიყო კატეგორიებად, თითოეულისთვის ინვენტარიზაციის შედეგებზე დაყრდნობით განისაზღვრა რეალიზებული საქონლის თვითღირებულება და ფასნამატი. გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა მთელ შესამოწმებელ პერიოდში შესაბამისი ყოველთვიური დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად რეალიზებულად.

არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლები (ხარჯებისა და ნაღდი ფულის ნაშთის გათვალისწინებით) ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;163;164;101;154;