გადაწყვეტილება №19233/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19233/2/2023
27.04.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 28.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19233/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 7.11.2022 წლის №27907 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2.12.2022 წლის №007-330 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 23.02.2023 წლის №3365 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 2 928 284,54 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 1 574 166
დღგ - 590 220
მოგების გადასახადი - 491 917
საშემოსავლო გადასახადი - 492 029
ჯარიმა - 845 486,5
საურავი - 508 632,04
ფაქტების აღწერა
მომჩივნის საქმიანობას წარმოადგენს ქალაქ ---- საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების მშენებლობა.
აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 14.07.2022 წლის №007-192 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 7.11.2022 წლის №27907 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე და ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ შპს „---“-ის მიერ გამოწერილი ეა----, ეა ---- და ეა---- საგადასახადო ანგარიშფაქტურების დღგ-ის თანხები არ არის ჩათვლილი.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 7.11.2022 წლის №27907 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 24.11.2022 წლის დასკვნის საფუძველზე დაკორექტირდა (შემცირდა) შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
აუდიტის დეპარტამენტის 24.11.2022 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 2.12.2022 წლის №007-330 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 23.02.2023 წლის №3365 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა წარმოდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით განახორციელა შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება.
ამასთან, გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც გადაწყვეტილებით არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
მომჩივნის პოზიციასთან მიმართებით, საკითხის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით გადახდილი თანხები სალაროს უძრავი ნაშთის გაანგარიშებისას მხედველობაში იქნა მიღებული საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენის პროცესში.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახური 7.11.2022 წლის №27907 ბრძანებით ყურადღებას ამახვილებს საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ შპს „---“-ის მიერ გამოწერილი ეა----, ეა---- და ეა----№--- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის თანხები არ არის ჩათვლილი.
ზემოთ დაფიქსირებულ ანგარიშ-ფაქტურებზე ეა----, ეა---- აუდიტის დეპარტამენტმა 24.11.2022 წლის დასკვნაში აღადგინა ანგარიშ-ფაქტურებზე ეა----, ეა---- მისაღები ჩასათვლელი დღგ-ის თანხები და გადაიანგარიშა დამატებით დარიცხული თანხები, ხოლო არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საწარმომ აღნიშნულ ანგარიშ-ფაქტურებზე მოახდინა ნაღდი ანგარიშსწორება და შესაბამისად, შემოწმების აქტში დაფიქსირებული სესხად გაცემული თანხები უნდა შემცირდეს და შესაბამისად უნდა შემცირდეს დარიცხული მოგების გადასახადი, ასევე სესხად გაცემული თანხებზე გაანგარიშებული სარგებელი, რომელიც ჩათვლილია ხელფასად და დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით ექვემდებარება გადაანგარიშებას/შემცირებას, ხოლო სესხად გაცემულ თანხებზე უნდა შემცირდეს სარგებლის 20%-იანი განაკვეთი, სარგებლის საპროცენტო განაკვეთი 20% არ წარმოადგენს საბაზრო საპროცენტო განაკვეთს, არამედ თითქმის 2-ჯერ აღემატება საბაზრო საპროცენტო განაკვეთს, რომელსაც პერიოდულად ყოველთვიურად აქვეყნებს საქართველოს ეროვნული ბანკი, ხოლო საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება, რომელიც გამოცემულია 2011 წელს არ შეესაბამება დღევანდელ ეკონომიკის განვითარებას და დადგენილი საპროცენტო განაკვეთი დიდი ხანია დრომოჭმულია და მისი გამოყენება წინააღმდეგობაში მოდის საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტთან მიმართებაში, აქედან გამომდინარე საწარმოს მიერ გაცემულ სესხზე წლიური სარგებელი უნდა განისაზღვროს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული საბაზრო საპროცენტო განაკვეთით და უნდა მოხდეს დამატებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშება/შემცირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
შემოსავლების სამსახურის 7.11.2022 წლის №27907 ბრძანებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 24.11.2022 წლის დასკვნა, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს 2021 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში მიღებული აქვს ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურა ეა----, დღგ-ის თანხა 64 068 ლარი, რომლითაც გამომწერს (მომსახურების გამწევს) განაშთული აქვს მანამდე გამოწერილი 2 ავანსის ანგარიშ-ფაქტურა: ავ---- და ავ---- დღგ-ის ჯამური თანხა 49 576 ლარი. შესაბამისად გადაანგარიშებით გათვალისწინებული იქნა ზემოაღნიშნული თანხებს შორის სხვაობა - 14 492 ლარის ოდენობით (დღგ-ის თანხა). 2021 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურა ეა---- (დღგ-ის თანხა 46 525 ლარი). გადაანგარიშებით აღნიშნული თანხა გათვალისწინებული იქნა დღგ-ის ჩათვლის ნაწილში. 2022 წლის მაისის თვეში მიღებული აქვს ელექტრონული ანგარიშფაქტურა ეა----, რომლის საანგარიშო პერიოდი ცდება შესამოწმებელ პერიოდს. გადაანგარიშებით არ მოხდა აღნიშნული თანხის გათვალისწინება დღგ-ის ჩათვლებში.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები.
აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 24.11.2022 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 7.11.2022 წლის №27907 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
მომჩივანი მიუთითებს, რომ სესხად გაცემული თანხები უნდა შემცირდეს, ასევე სესხზე წლიური სარგებელი უნდა განისაზღვროს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული საბაზრო საპროცენტო განაკვეთით.
საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 7.11.2022 წლის №27907 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 7.11.2022 წლის №27907 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 7.11.2022 წლის №27907 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 24.11.2022 წლის დასკვნის საფუძველზე დაკორექტირდა (შემცირდა) შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
აუდიტის დეპარტამენტის 24.11.2022 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 2.12.2022 წლის №007-330 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 23.02.2023 წლის №3365 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
აუდიტის დეპარტამენტის 24.11.2022 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 7.11.2022 წლის №27907 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (1,გ); 174; 175; 176