გადაწყვეტილება №20405/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20405/2/2023
16 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 28.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20405/2/2023).
დავის საგანი:
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი და განკარგვადი ფულადი თანხის დირექტორის ხელფასად განხილვა;
2. სატრანსპორტო მომსახურების ღირებულების განსაზღვრა და დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №007-393 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 27.07.2023 წლის №18266 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 737 269 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 376 622
დღგ - 17 642
საშემოსავლო გადასახადი - 358 980
ჯარიმა - 188 277
საურავი - 172 370
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საერთაშორისო გადაზიდვების განხორციელება და მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანა. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.03.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 22 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №33432 ბრძანება და №007-393 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 27.07.2023 წლის №18266 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი და განკარგვადი ფულადი თანხის დირექტორის ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
შემოწმით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულყოფილად აქვს ნაწარმოები საბუღალტრო აღრიცხვა. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლები სრულადაა ასახული, თუმცა დოკუმენტაციის არქონის გამო, ვერ მოხერხდა შემოსავლის შესაბამისი ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება, არ არის წარდგენილი ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სამეურნეო ოპერაციების ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია სრულყოფილად. ასევე, გადასახადის გადამხდელს არ აქვს სრულად აღრიცხული სამეურნეო ოპერაციები, არ აწარმოებს საბუღალტრო აღრიცხვას კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის მიერ რეალურად მიღებული შემოსავლების დასადგენად, გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია საბაჟო დეპარტამენტიდან, სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოდან“ და სს „---დან“ და მიღებული ინფორმაციის დამუშავება/ანალიზის შედეგად დადგინდა კომპანიის მიერ განხორციელებული რეისების რაოდენობა, როგორც საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე, ასევე, საერთაშორისო მგზავრთა გადაყვანებზე და განისაზღვრა ამ რეისებიდან მისაღები შესაბამისი შემოსავლები. შემოწმების შედეგად დადგენილი შემოსავლების, დოკუმენტურად დადასტურებელი ხარჯების, ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხების და შემოწმების ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შესწავლილი იქნა კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობა და შესამოწმებელი პერიოდების (საანგარიშო თვეების) მიხედვით არსებული ფულადი ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივი გარემოებაზე და მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად.
აღნიშნავს, რომ შემოწმებამ ინფორმაცია გამოითხოვა საბაჟო დეპარტამენტიდან, სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოდან“ და სს „---იდან“ და მისი დამუშავების შედეგად განისაზღვრა კომპანიის მიერ განხორციელებული რეისების რაოდენობა (როგორც საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე, ასევე, საერთაშორისო მგზავრთა გადაყვანებზე) და რეისებიდან მისაღები შესაბამისი შემოსავლები. შემოწმებით გაანგარიშებული შემოსავალი დოკუმენტურად დადასტურებელი ხარჯების და გადასახადის გადამხდელის მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხების გათვალისწინებით, განხილული იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ამასთან აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის საქმიანობას შეადგენს, ხელშეკრულების საფუძველზე, --- კომპანია ---სთვის ---ის მიმართულებით ბილეთების რეალიზაცია, ანუ ოფისიდან და საკონტროლო-სალარო აპარატის საშუალებით რამდენი ბილეთიც გაიყიდება, იქიდან მიღებული შემოსავლის 20 პროცენტი რჩება კომპანიას მოგება. აღნიშნული საქმიანობის აღრიცხვა შემოსავლის და ხარჯვის კუთხითაც ხორციელდება სრულყოფილად და ვერ გაიზიარებს შემმოწმებელი აუდიტორის შეფასებას, რომელიც ვარაუდებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ შემოსავალი მეტი უნდა ყოფილიყო, ვიდრე აღრიცხული აქვს. მათ არგუმენტაციას ამყარებს ის ფაქტი, რომ 2022 წლის შემოწმებამდე, იგივე საქმიანობის შემოწმება აუდიტის სამსახურის მიერ მოხდა ორჯერ და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არცერთ შემოწმებას არანაირი შენიშვნა არ ქონია. ასევე აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ წარმოებული აღრიცხვით, 2019 წელს ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი აღემატება ყველა განვლილი წლის შემოსავალს. 2020-2021 წელი იყო პანდემიური პერიოდი, რა დროსაც საზღვრები ფაქტიურად ჩაკეტილი იყო და შესაბამისად კომპანიის შემოსავალმაც გაცილებით იკლო. მომჩივანი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნაში ასახული გადასახადის, ჯარიმის და საურავის გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულყოფილად აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, არ იქნა წარდგენილი ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სამეურნეო ოპერაციების ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია სრულყოფილად, ასევე არ არის სრულად აღრიცხული სამეურნეო ოპერაციები და ნაწარმოები საბუღალტრო აღრიცხვა კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არსებობდა საკმარისი საფუძველი გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულიყო არაპირდაპირი მეთოდით. დადგენილია ასევე, რომ გადასახადის გადამხდელის რეალური შემოსავლების განსაზღვრის მიზნით შემოწმების მიერ ინფორმაცია გამოთხოვილი იქნა საბაჟო დეპარტამენტიდან, სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოდან“ და სს „---დან“ და მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული რეისების რაოდენობა, როგორც საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე, ასევე, საერთაშორისო მგზავრთა გადაყვანებზე და რეისებიდან მისაღები შესაბამისი შემოსავლები.
შემოწმებით გაანგარიშებული შემოსავალი, დოკუმენტურად დადასტურებელი ხარჯების და გადასახადის გადამხდელის მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხების გათვალისწინებით, განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
მომჩივანი არ ეთანხმება სადავო საკითხის ნაწილში დარიცხვას, აღნიშნავს, რომ მისი საქმიანობის აღრიცხვა შემოსავლის და ხარჯვის კუთხითაც ხორციელდება სრულყოფილად და ვერ გაიზიარებს შემმოწმებელი აუდიტორის შეფასებას, რომ შემოსავალი მეტი უნდა ყოფილიყო, ვიდრე აღრიცხულია. 2022 წლის შემოწმებამდე, იგივე საქმიანობის შემოწმება აუდიტის სამსახურის მიერ მოხდა ორჯერ და სადავო საკითხთან დაკავშირებით არცერთ შემოწმებას არანაირი შენიშვნა არ ქონია. კომპანიის მიერ წარმოებული აღრიცხვით, 2019 წელს ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი აღემატება ყველა განვლილი წლის შემოსავალს, ხოლო 2020-2021 წელი იყო პანდემიური პერიოდი, რა დროსაც საზღვრები ფაქტიურად ჩაკეტილი იყო და შესაბამისად კომპანიის შემოსავალმაც გაცილებით იკლო.
საბჭო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივარი განხილული იქნა მომჩივნის მონაწილეობის გარეშე და გადაწყვეტილება მიღებული იქნა მომჩივნის პოზიციების მოსმენის გარეშე.
საბჭო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საქმესთან არსებული მასალების, მომჩივნის არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი ამ ნაწილში მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
2. სატრანსპორტო მომსახურების ღირებულების განსაზღვრა და დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება
ფაქტების აღწერა
საგადასახადო შემოწმების პროცესში გამოიკვეთა, რომ კომპანიას საერთაშორისო გადაზიდვების მომსახურების ფარგლებში განხორციელებულ ოპერაციებთან ერთად, კომპანიის სახელზე რეგისტრირებული გარკვეული სატრანსპორტო საშუალებები, მათი კუთვნილი სახელმწიფო ნომრების მიხედვით, დაფიქსირდა სხვა პირებს შორის გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, განისაზღვრა გაწეული სატრანსპორტო მომსახურების ღირებულება, რომელიც დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაზე, აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანს აბსურდულად მიაჩნია კომპანიის დაბეგვრა იმ არგუმენტაციით, რომ მათთვის უცნობმა კომპანიამ თავის სასაქონლო ზედნადებში საქონლის გადაზიდვის საშუალებად გამოიყენა მათი ავტოტრანსპორტო საშუალების სატრანსპორტო ნომერი. აღნიშნულის განხილვის დროს შემმოწმებლ აუდიტორს შეთავაზეს, რომ მომხდარიყო აღნიშნულ კომპანიებთან დაკავშირება და გარკვევა რის საფუძველზე მოხდა სასაქონლო ზედნადებში აღნიშნული ჩანაწერი და რაიმე კავშირში იყო თუ არა მათი კომპანია (რეალურად გაუწია თუ არა აღნიშნული მომსახურება ან მოხდა თუ არა აღნიშნულ მომსახურებაზე რაიმე სარგებლის ან ხარჯის მიღება, რაც დოკუმენტით დადასტურდებოდა), ან თუ მოხდა ამგვარი მომსახურება რატომ არ არის აღნიშნული კომპანიების მიერ თუნდაც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მოთხოვნა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოწმებით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებები, მათი კუთვნილი სახელმწიფო ნომრებით, ფიქსირდება სხვა პირებს შორის გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში. შემოწმებით განისაზღვრა გაწეული სატრანსპორტო მომსახურების ღირებულება, რომელიც დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვის დროს შემმოწმებლ აუდიტორს შეთავაზეს, რომ მომხდარიყო აღნიშნულ კომპანიებთან დაკავშირება და გარკვევა რის საფუძველზე მოხდა სასაქონლო ზედნადებში არსებული ჩანაწერი და რაიმე კავშირში იყო თუ არა მათი კომპანია (რეალურად გაუწია თუ არა აღნიშნული მომსახურება ან მოხდა თუ არა აღნიშნულ მომსახურებაზე რაიმე სარგებლის ან ხარჯის მიღება, რაც დოკუმენტით დადასტურდებოდა), ან თუ მოხდა ამგვარი მომსახურება რატომ არ არის აღნიშნული კომპანიების მიერ თუნდაც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მოთხოვნა.
საბჭო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივარი განხილული იქნა მომჩივნის მონაწილეობის გარეშე და გადაწყვეტილება მიღებული იქნა მომჩივნის პოზიციების მოსმენის გარეშე. საბჭო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საქმესთან არსებული მასალების, მომჩივნის არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი ამ ნაწილში მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 27.07.2023 წლის №18266 ბრძანება;
3. საჩივარი გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი და განკარგვადი ფულადი თანხის დირექტორის ხელფასად განხილვა;
2. სატრანსპორტო მომსახურების ღირებულების განსაზღვრა და დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 22 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №33432 ბრძანება და №007-393 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 27.07.2023 წლის №18266 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საქმესთან არსებული მასალების, მომჩივნის არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 49; 8; 61; 136; 73; 101; 154; 159; 163; 164.
2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 161.