ბრძანება N 2826

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 16.02.2023
№ დოკუმენტი 2826
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 2826

16.02.2023

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(იურ.მის.: ----------;

ფაქტ.მის.: ----------)

2023 წლის 4 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 იანვარს გამართულ სხდომაზე (ოქმი №6) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 4 იანვრის № 77781/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 9 დეკემბრის № 007-340 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს არაგონივრული ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ სალაროს ნაშთი შემმოწმებლის მიერ არასწორად არის დაანგარიშებული. ითხოვს აღნიშნული დარიცხვის კორექტირებას და სალაროს არაგონივრული ნაშთის გაანგარიშების საფუძველზე დარიცხული გადასახადის, მათ შორის სანქციის გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 ივლისის №19328 და 6 დეკემბრის №30690 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო ბუღალტრული ნაშთის დადგენისა და ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის მიზნებისათვის შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვროს 2022 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე, 2022 წლის 6 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 8 დეკემბრის №31052 ბრძანება და 2022 წლის 9 დეკემბრის №007-340 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 8 268 ლარი, მათ შორის, გადასახადი 1 884 ლარი, ჯარიმა 1 984 ლარი, საურავი 4 400 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შპს „----------“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2013 წლის 15 მაისს. პირი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს ელექტრონულად, ბუღალტრულ პროგრამა ორისში. შემოწმების მიერ გადამოწმდა გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო პროგრამა, კერძოდ, მასში ასახული ინფორმაცია შედარდა გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და სხვა მესამე პირებისაგან მიღებულ/მოწოდებულ ინფორმაციასთან. შედეგად დადგინდა, რომ პირის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო ინფორმაცია/დოკუმენტაცია შესაბამისობაშია მის მიერ განხორციელებულ ოპერაციებთან. შესაბამისად, წარმოდგენილი სააღრიცხვო ინფორმაცია/დოკუმენტაციის საფუძველზე გაანალიზდა საწარმოში ნაღდი ფულის მოძრაობა.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების (დანართი №9) მე-3 და მე-8 მუხლების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ" ქვეპუნქტის, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ" ქვეპუნქტის, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის, 101-ე მუხლის და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩატარდა საწარმოში ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი და გარკვეულ პერიოდებში გამოვლინდა ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი, რომელიც მისი წარმოშობის კალენდარულ თვეში დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ყოველი მომდევნო კალენდარული თვის ბოლოს იზრდება ან მცირდება (ითვლება შესაბამისი პირის მიერ შესაბამის სალაროდან გატანილად ან სალაროში დაბრუნებულად) ამავე კალენდარული თვის/თვეების არაგონივრული ნაშთის შესაბამისად. ხოლო, უპროცენტო სესხთან დაკავშირებით დირექტორის მიერ მიღებული სარგებელი გაანგარიშდა ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის № 34 ბრძანების შესაბამისად, 20 პროცენტის ოდენობით (წლიური საპროცენტო განაკვეთი). შედეგად, შემოწმებით, შპს „----------“ დაერიცხა მოგების/საშემოსავლო გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ხოლო, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მესამე ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ სამეურნეო ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო, მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისთვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისთვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას, გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მულის მე-2 ნაწილით დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტებზე, კერძოდ, შემოწმების მიერ, სალაროს არაგონივრული ნაშთის დათვლისას, არ არის გათვალისწინებული საკასო შემოსავალი, გათვალისწინებულია მხოლოდ საკასო ხარჯი რაც არ შეესაბამება არაგონივრული ნაშთის გაანგარიშების მეთოდს. ამავდროულად შემმოწმებლის მიერ ფაილში გამოყენებული ინფორმაცია მოიცავს მხოლოდ 1110 და 1430 ანგარიშებს და არ არის გათვალისწინებული 1111 ანგარიში, შესაბამისად, შემოწმების მიერ არაგონივრული ნაშთის ოდენობა არასწორად იქნა დაანგარიშებული.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სალაროში ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშის გაანგარიშებისას, ტექნიკური ხარვეზის გამო, არ არის გათვალისწინებული საკასო შემოსავალი, შესაბამისად აღნიშნულის გათვალისწინება გამოიწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სალაროს არაგონივრული ნაშთის დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს საჩივარში მოყვანილი არგუმენტების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი (მათ შორის საჩივარზე თანდართული დოკუმენტები) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სალაროს არაგონივრული ნაშთის დაზუსტების მიზნით, საჩივარში მოყვანილი არგუმენტების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი (მათ შორის საჩივარზე თანდართული დოკუმენტები) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.