გადაწყვეტილება №22953/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22953/2/2024
27 ივნისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----ის 24.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22953/2/2024).
დავის საგანი:
მარცვლეულის ტენიანობის შედეგად დანაკარგის ოდენობის განსაზღვრა და გამოვლენილი საქონლის სხვაობის რეალიზებულად განხილვა, შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 23.06.2023 წლის №068-12 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7302 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 2 682 317 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 1 347 762
დღგ - 149 797
მიწის გადასახადი (სასოფლო) - (-4 630)
მოგების გადასახადი - (- 28 339)
საშემოსავლო გადასახადი - 1 230 934
ჯარიმა - 911 421
საურავი - 423 134
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის ძირითადი საქმიანობაა მარცვლეულის იმპორტი და რეალიზაცია. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 9.12.2022 წლის წერილის (№21262/15-04-03/4) და დადგენილების საფუძველზე, ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 4.03.2020 წლიდან 1.12.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 21 ივნისის შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელი მარცვლეულის რეალიზაციას ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე როგორც ბითუმად, ისე საცალოდ. გადასახადის გადამხდელს ასევე შეძენილი აქვს იმპორტირებული მარცვლეული ადგილობრივ ბაზარზე, შესამოწმებელ პერიოდში სულ შეძენილია 32 105 977 კგ იმპორტირებული ხორბალი და 22 742 009 კგ იმპორტირებული სიმინდი. გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარადგინა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ფინა“ და დაბეგვრასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია. აღნიშნულის დამუშავების შედეგად, შემოწმების პროცესში გამოვლინდა შემდეგი გარემოება: შეძენილი მარცვლეულის რეალიზაცია გადასახადის გადამხდელის მიერ ხორციელდება როგორც მყისიერად იმპორტის განხორციელებისთანავე, ასევე ხდება დასაწყობება იჯარით აღებულ ტერიტორიაზე. საწყობში, მიღებული საქონლის აღრიცხვა ხდება მიღებული პარტიების რაოდენობის მიხედვით, რომლის შემდეგაც მარცვლეულს უტარდება სხვადასხვა სახის დამუშავების პროცედურა, რათა შესაძლებელი გახდეს მარცვლეულის უსაფრთხო შენახვა შემდგომი რეალიზაციის განხორციელებამდე.
მარცვლეულის დამუშავების დროს (ტენიანობის განსაზღვრა, დანაგვიანებისგან გასუფთავება, შრობა) ტენიანობის პროცენტის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს განსაზღვრული აქვს საქონლის დანაკარგი და ჩამოწერილი აქვს ბუღალტრულად მარცვლეული საერთო წონით 2 923 774 კგ (ხორბალი - 1 559 159 კგ, სიმინდი - 1 364 614 კგ).
შემოწმების პროცესში, შემოწმებამ იხელმძღვანელა მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის №222 დადგენილებით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მაქსიმალური ზღვრული ოდენობა და შეადგინა ჯამურად 148 772 კგ შესაბამისად, შესწავლის შედეგად გამოვლენილი საქონლის რაოდენობრივ სხვაობებზე გავრცელდა გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებული, შესაბამისი პერიოდის დოკუმენტურად დადგენილი საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასები, გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 2 330 175 ლარი, რომელიც დამატებით ჩაირთო დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად. ამასთან, შემოწმებით დამატებით გამოვლენილი შემოსავალი 2 749 606 ლარის ოდენობით („გროსი“ შეადგენს 3 737 008 ლარს) დაკვალიფიცირდა მიღებულ ფულად სახსრებად, საგადასახადო კოდექსის 154-ე და 73-ე მუხლების გათვალისწინებით, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 23.06.2023 წლის №14510 ბრძანება და №068-12 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 15.08.2023 წლის №20111 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 1.12.2023 წლის №20918/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მე-2 სადავო საკითხის ნაწილში, საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა ხელახლა განიხილა საჩივარი მე-2 სადავო საკითხის ნაწილში და 2.04.2024 წლის №7302 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
- ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარში მითითებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, „მარცვლეულის პარტიის მდგომარეობის შესახებ“ დასკვნების შედგენისათვის საჭირო წინარე პროცედურების ჩატარების დამადასტურებელი მტკიცებულებები (თითოეულ პარტიაზე ექსპერტის მიერ ნიმუშის აღების ოქმები, აღებული ნიმუშის ანალიზის შედეგები და ა.შ.));
- ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, ასევე, სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით, აუდირებული მსგავსი/ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის თაობაზე ინფორმაციის მოძიება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7302 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 159- ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, მე-8 მუხლის მე-11 ნაწილზე, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის №222 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცებულია მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმები, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომ შემოწმების მიერ, დანაკარგების განსაზღვრისთვის გამოყენებული საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის №222 დადგენილება ეხება მხოლოდ საერთაშორისო გადაზიდვების, ქვეყნის შიგნით გადაზიდვებისა და მარცვლეულის შენახვის შედეგად მიღებულ დანაკარგს და არანაირ კავშირში არ არის მარცვლეულის ტენიანობის შედეგად მიღებულ დანაკარგთან. მარცვლეულის ტენიანობით გამოწვეული დანაკარგის გამო, კომპანია ვერცერთ შემთხვევაში ვერ მიიღებდა იმ ოდენობის შემოსავალს, რაც შემოწმებით განისაზღვრა. აღნიშნულს ადასტურებს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც გააჩნია კომპანიას, კერძოდ დარგის სპეციალისტების მიერ შედგენილი დასკვნები. რუსეთის ფედერაციაში და ასევე საქართველოში მოქმედი „გოსტ 13586.5-2015“-ის მიხედვით, მარცვლეულის ტენიანობა არ უნდა აღემატებოდეს 14%-ს. ცალსახად დადასტურებულია, რომ რუსეთიდან იმპორტირებული მარცვლეულის ტენიანობა ბევრად აღემატებოდა 14%-ს, რის გამოც აუცილებელი გახდა ტენიანობის შემცირება დასაშვებ ოდენობამდე. ამ მიზნით მოხდა მარცვლეულის გაშრობა სპეციალისტის მონაწილეობით, რაზეც შედგენილია შესაბამისი დოკუმენტები.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სადავო საკითხთან დაკავშირებით, საჩივარში მითითებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, „მარცვლეულის პარტიის მდგომარეობის შესახებ“ დასკვნების შედგენისთვის საჭირო წინარე პროცედურების ჩატარების დამადასტურებელი მტკიცებულებები (თითოეულ პარტიაზე ექსპერტის მიერ ნიმუშის აღების ოქმები, აღებული ნიმუშის ანალიზის შედეგები და ა.შ.)). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, ასევე, სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს აუდირებული მსგავსი/ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის თაობაზე ინფორმაციის მოძიება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელის მიერ საკმარისად არის მტკიცებულებები წარდგენილი, მიუთითა მარცვლეულის შრობის პროცესის აუცილებლობის, შრობის დანადგარის არსებობის შესახებ და თითოეული პარტიისთვის შრობის პროცესის აქტებიც სრულად აქვს წარდგენილი. შემოსავლების სამსახურს აუხსნა და აქაც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მათ შემთხვევაში შრობის დანაკარგები (3%) გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ რუსეთიდან შემოქონდა ავტომანქანებით, ნახევრად მშრალი მარცვლეული, რაც საჭიროებდა დამატებით შრობის დასრულებას და მოიცავდა სათანადო დანაკარგებსაც. მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შრობის დანაკარგები (0.35%) მისაღებია გემით შემოტანილი მარცვლის შემთხვევაში, რომელსაც პორტში და გემზე დატვირთვამდე გავლილი აქვთ აუცილებელი შრობის პროცესი, გემში მოთავსებამდე აკმაყოფილებს 14% ტენიანობის მაჩვენებელს. ითხოვს, წარმოდგენილი ახსნა-განმარტებებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით, შემოწმების აქტით უსაფუძვლოდ დარიცხული თანხების გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია: ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება; ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.
საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საქონლის არამატერიალური ფორმით მარკირების/ნიშანდების შემთხვევაში დანაკლისად არ ჩაითვლება ამ საქონლის წარმოების პროცესში მწარმოებლის მიერ გამოვლენილი დანაკარგი.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დადგენილია, რომ შეძენილი მარცვლეულის რეალიზაცია გადასახადის გადამხდელის მიერ ხორციელდება, როგორც მყისიერად იმპორტის განხორციელებისთანავე, ასევე ხდება დასაწყობება გადასახადის გადამხდელის იჯარით აღებულ ტერიტორიაზე. საწყობში მიღებული საქონლის აღრიცხვა ხდება მიღებული პარტიების რაოდენობის მიხედვით, რომლის შემდეგაც მარცვლეულს უტარდება სხვადასხვა სახის დამუშავების პროცედურა, რათა შესაძლებელი გახდეს მარცვლეულის უსაფრთხო შენახვა შემდგომი რეალიზაციის განხორციელებამდე. მარცვლეულის დამუშავების დროს (ტენიანობის განსაზღვრა, დანაგვიანებისგან გასუფთავება, შრობა) ტენიანობის პროცენტის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს განსაზღვრული აქვს საქონლის დანაკარგი და ჩამოწერილი აქვს ბუღალტრულად მარცვლეული საერთო წონით 2 923 774 კგ. შემოწმებამ იხელმძღვანელა, მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის №222 დადგენილებით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მაქსიმალური ზღვრული ოდენობა და შეადგინა ჯამურად 148 772 კგ. შესაბამისად, გამოვლენილი საქონლის რაოდენობრივ სხვაობებზე გავრცელდა გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებული, შესაბამისი პერიოდის დოკუმენტურად დადგენილი საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასები, შედეგად განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ხოლო დამატებით გამოვლენილი შემოსავალი დაკვალიფიცირდა მიღებულ ფულად სახსრებად და ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
დადგენილია ასევე, რომ ხსენებული სადავო საკითხი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც სადავო საკითხის ნაწილში საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს, ხოლო შემოსავლების სამსახურმა 2.04.2024 წლის №7302 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარში მითითებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, „მარცვლეულის პარტიის მდგომარეობის შესახებ“ დასკვნების შედგენისათვის საჭირო წინარე პროცედურების ჩატარების დამადასტურებელი მტკიცებულებები (თითოეულ პარტიაზე ექსპერტის მიერ ნიმუშის აღების ოქმები, აღებული ნიმუშის ანალიზის შედეგები და ა.შ.));
ბ) მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა, ასევე, სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით, აუდირებული მსგავსი/ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის თაობაზე ინფორმაციის მოძიება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივანი სადავოდ ხდის რა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას, აღნიშნავს რომ საკმარისად იქნა წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის შრობის პროცესის აქტები, მათ შემთხვევაში, შრობის დანაკარგები (3%) გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ რუსეთიდან ავტომანქანებით შემოტანილი, ნახევრად მშრალი მარცვლეული, საჭიროებდა დამატებით შრობის დასრულებას და მოიცავდა სათანადო დანაკარგებსაც. მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შრობის დანაკარგები (0.35%) მისაღებია გემით შემოტანილი მარცვლის შემთხვევაში, რომელსაც პორტში და გემზე დატვირთვამდე გავლილი აქვთ აუცილებელი შრობის პროცესი, გემში მოთავსებამდე აკმაყოფილებს 14% ტენიანობის მაჩვენებელს. ითხოვს წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებას.
ამგვარად, მომჩივანი წარმოადგენს გარემოებებს, ხოლო საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა წარმოადგინა პოზიციები, რაც ცნობილია საბჭოსათვის. ამასთან, როგორც შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებიდან ირკვევა, მომჩივნის პოზიციებზე დაყრდნობით იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, „მარცვლეულის პარტიის მდგომარეობის შესახებ“ დასკვნების შედგენისთვის საჭირო წინარე პროცედურების ჩატარების დამადასტურებელი მტკიცებულებები (თითოეულ პარტიაზე ექსპერტის მიერ ნიმუშის აღების ოქმები, აღებული ნიმუშის ანალიზის შედეგები და ა.შ.)). ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა, ასევე, სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით, აუდირებული მსგავსი/ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის თაობაზე ინფორმაციის მოძიება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ამდენად, საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
მარცვლეულის ტენიანობის შედეგად დანაკარგის ოდენობის განსაზღვრა და გამოვლენილი საქონლის სხვაობის რეალიზებულად განხილვა, შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების პროცესში, შემოწმებამ იხელმძღვანელა მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის №222 დადგენილებით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მაქსიმალური ზღვრული ოდენობა და შეადგინა ჯამურად 148 772 კგ შესაბამისად, შესწავლის შედეგად გამოვლენილი საქონლის რაოდენობრივ სხვაობებზე გავრცელდა გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებული, შესაბამისი პერიოდის დოკუმენტურად დადგენილი საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასები, გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 2 330 175 ლარი, რომელიც დამატებით ჩაირთო დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში.
ამასთან, შემოწმებით დამატებით გამოვლენილი შემოსავალი 2 749 606 ლარის ოდენობით („გროსი“ შეადგენს 3 737 008 ლარს) დაკვალიფიცირდა მიღებულ ფულად სახსრებად, საგადასახადო კოდექსის 154-ე და 73-ე მუხლების გათვალისწინებით, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 101; 154.