გადაწყვეტილება №19257/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.04.2023
№ დოკუმენტი 19257/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19257/2/2023

26.04.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 26.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-----------" 30.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19257/2/2023).

 

დავის საგანი:

ჯართის შეძენაზე გაწეული ხარჯის განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გადახდის

წყაროსთან დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 15.07.2022 წლის №024-39 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 21.02.2023 წლის №3156 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 98 373 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 51 564

ჯარიმა - 25 882

საურავი - 20 927

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 27.06.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, შემოწმების პროცესში სრულად არ წარადგინა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, არ იქნა წარდგენილი ფიზიკური პირებისგან შავი და ფერადი ლითონის ჯართის და ნარჩენების შეძენის დამადასტურებელი შესყიდვის აქტები, შავი და ფერადი ლითონის მიღება-ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალი, არ გააჩნია სალაროს მოძრაობის ამსახველი ინფორმაცია. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით შესამოწმებელი პერიოდის საწყისი და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთები არ გააჩნია, ასევე არ გააჩნია ნაღდი ფულის ნაშთი და დებიტორულ-კრედიტორული ვალდებულებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებების, საქონლის მოძრაობის ანალიზის შესწავლის საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 136-ე და 73-ე მუხლების გათვალისწინებით, განხორციელდა შეძენილი მარაგების (შავი და ფერადი ლითონის ჯართის) ღირებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ:

გადასახადის გადამხდელის მიერ დოკუმენტურად რეალიზებული-გამოწერილი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ჯართის შეძენის ღირებულებად (დოკუმენტურად დადასტურებული შეძენილი ჯართის გათვალისწინებით) აღებულ იქნა აუდიტის დეპარტამენტში არსებული მონაცემები (ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული საწარმოების მონაცემები) შესაბამისი პერიოდების მიხედვით. საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანების 393 მუხლის საფუძველზე შემოწმების მიერ დადგენილი ფიზიკური პირებისგან შეძენილი (ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების გარეშე) შავი და ფერადი ლითონების ჯართის და ნარჩენების ღირებულება ჩაითვალა ფიზიკურ პირებზე გადახდილ ანაზღაურებად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით. შესაბამისად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილი აქვს საშემოსავლო გადასახადის ნულოვანი დეკლარაციები. გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ გააჩნია შესამოწმებელი პერიოდის საწყისი და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთები, არ გააჩნია ნაღდი ფულის ნაშთი და დებიტორულ-კრედიტორული ვალდებულებები. საწარმოს შემოსავლები და ხარჯები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელის შემოსავლებსა და დადგენილ ხარჯებს შორის სხვაობა, განხილული იქნა საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, საწარმოს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 15.07.2022 წლის №024-39 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 21.02.2023 წლის №3156 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „პ“ ქვეპუნქტებზე, 1333 მუხლზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, შემოწმების პროცესში პირმა სრულად არ წარადგინა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ფიზიკური პირებისგან შავი და ფერადი ლითონის ჯართის და ნარჩენების შეძენის დამადასტურებელი შესყიდვის აქტები, შავი და ფერადი ლითონის მიღება-ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალი, არ გააჩნია სალაროს მოძრაობის ამსახველი ინფორმაცია. ასევე, გადამხდელის ახსნა-განმარტებით, კომპანიას არ გააჩნია ნაღდი ფულის ნაშთი,დებიტორულ-კრედიტორული ვალდებულებები და შესამოწმებელი პერიოდის საწყისი და საბოლოო სმფ-ების ნაშთები. შესაბამისად, შემოწმებით, გადამხდელის მიერ დოკუმენტურად რეალიზებული (გამოწერილ ელექტრონულ ზედნადებებში დაფიქსირებული) ჯართის შეძენის ღირებულებად აღებულ იქნა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული საწარმოების მონაცემები და შემოწმების მიერ დადგენილი ფიზიკური პირებისგან შეძენილი შავი და ფერადი ლითონების ჯართის და ნარჩენების ღირებულება ჩაითვალა ფიზიკურ პირებზე გადახდილ ანაზღაურებად. ამასთან, შემოწმების შედეგად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, გადასახადის გადამხდელის შემოსავლებსა და დადგენილ ხარჯებს შორის სხვაობა, განხილული იქნა საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესით და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, გადამხდელის მიერ დოკუმენტურად რეალიზებული ჯართის შეძენის ღირებულებად ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული საწარმოების მონაცემების გამოყენება და ფიზიკური პირებისგან შეძენილი შავი და ფერადი ლითონების ჯართის და ნარჩენების ღირებულების ფიზიკურ პირებზე გადახდილ ანაზღაურებად მიჩნევა, ასევე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გადასახადის გადამხდელის შემოსავლებსა და დადგენილ ხარჯებს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2019-2020 წლებში ეწეოდა ჯართის მიმღებ პუნქტში ჯართის მიღებას და შემდეგ ელექტრონული სასაქონლო ზედნადების საშუალებით მის რეალიზაციას. არაპირდაპირ მეთოდთან დაკავშირებით და იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ არ არის აღრიცხული ბუღალტერიაში და არ ფიგურირებს შესყიდვის აქტები, მიუთითებს, რომ გამორიცხულია ჯართის მიმღებ პუნქტში ერთი დღეც იმუშაოს ობიექტმა ჟურნალის გარეშე, სადაც იწერება ყოველი ჩაბარებული ჯართის წონა, ფასი და ყველაზე მთავარი, პირადობის მოწმობის საფუძველზე იწერება ჩამბარებლის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (ეს იმიტომ ხორციელდება, რომ ყოფილა ნაქურდალი ჯართის ჩაბარების ფაქტები და პოლიციის დაინტერესების შემთხვევაში ჯართის მიმღებ პუნქტს, რომ მოხსნოდა პასუხისმგებლობა და დადგენილიყო უშუალოდ ჩამბარებელი, პირადი ნომრით და სახელით და გვარით).

აღნიშნულ ჟურნალში ჩაბარების მომენტში თუ სრულად არის შეყვანილი სრული მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, ასევე ჩაბარებული ჯართის წონა და თანხა არ შეიძლება აღნიშნულის, როგორც აღურიცხავი ოპერაციის განხილვა.

უცნობი იყო და არ განუხორციელებია 3%-იანი დაბეგვრა ფიზიკური პირებიდან მიღებული ჯართის თანხის ღირებულებიდან, არა იმიტომ, რომ არ გაეცნო საშემოსავლო გადასახადის შესახებ საგადასახადო კოდექსის დებულებებს, არამედ კოდექსში ასეთი გადასახადი არ წერია, როგორც შემდგომ გაარკვია აღნიშნული რეგულაცია მიღებული იქნა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ბრძანების საფუძველზე, რომელიც სამწუხაროდ, დღესაც რომ იყიდოს ბოლო რედაქციის საგადასახადო კოდექსი იქ არ ეწერება და აღნიშნული გადასახადის შემოღება მიაჩნია პირდაპირ არაკონსტიტუციურ ქმედებად და აუცილებლად შეეცდება დაამტკიცოს. აღნიშნული გადასახადის და საერთოდ არ არსებული გადასახადის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღება არაკონსტიტუციურია. ეს კანონი შემოღებული იქნა და გავრცელებული და დაბეგვრა შემმოწმებელმა განახორციელა, თავის მხრივ ამ კანონზე დაყრდნობით 3%-ის ნაწილში, სწორად, მაგრამ თავად ეს კანონი არის უკანონოდ შემოღებული, ამ კანონის საფუძველზე დამძიმებულია გადასახადის გადამხდელის მდგომარეობა, გამოდის ამ კანონის საფუძველზე ჯართის მიმღები პუნქტის ჟურნალი თითქმის პირწმინდად უნდა გადაიწეროს საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში პირადი ნომრებით, სახელი და გვარით, მისამართით და გაცემული თანხით.

თანხა გადახდის წყაროსთან დაკავებულიც რომ იყოს სწორად, ან ჯართის ჩამბარებელს შესყიდვის აქტში რომ მოაწერინებს ხელს სად უნდა მიუთითოს 3% რომ დაუკავა და თანხაზე, რასაც შესყიდვის აქტში დააფიქსირებს იმაზე ნაკლები როგორ უნდა მისცეს, ეს გამოიწვევს სერიოზულ უკმაყოფილებას და უბრალოდ არავინ აღარ ჩააბარებს ჯართს.

თუ სახელმწიფო თვლის, რომ აღნიშნული ფიზიკური პირები უნდა დაებეგრა და არ დაბეგრა (ნამდვილად არ დაუბეგრავს და ვერცერთი ფაქტი ვერ დადგინდება ფიზიკურად, რომ გამოიკითხოს ყველა ფიზიკური პირი, ვინც ჩააბარა ჯართი, რომ დაუკავდა და კომპანიის მიერ არ მოხდა მისი ბიუჯეტში გადარიცხვა), აღნიშნული პიროვნებები ჟურნალში იმ ფორმით აქვს გატარებული, რომ მათი იდენტიფიცირება შესაძლებელია, თუკი მეწარმემ აღნიშნული პირების მიმართ გასცა თანხა დაბეგვრის გარეშე გამოდის, რომ აღნიშნული 3%-ის თანხა კომპანიაში არ არის და ან უნდა მოსთხოვოს ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება, რომელიც იმათ უნდა დაკავებოდათ და დეკლარაციაში უნდა გატარებულიყო როგორც კონკრეტული ფიზიკური პირების მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადი (ის თანხა, რაც ამ ნაწილში ერიცხება მასთან არ არის და ნებისმიერ შეთხვევაში თუ დეკლარაციაში მოხვდებოდა, მის საფუძველზე იმ პიროვნების შემოსავალში აისახებოდა და მის მიერ გადახდილ საშემოსავლო გადასახადში), გამოდის, რომ ერიცხება თანხა რომელიც ვერ შეძლო სხვადასხვა მიზეზების გამო დაეკავებინა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე 3%-ით დაბეგვრის შემოღებულია მაშინ, როცა არსებობს მეწარმე ფიზიკური პირის დაბეგვრა მცირე ბიზნესის გადამხდელად რეგისტრაციისას ბრუნვის 1%-ით, ხოლო მას ეკისრება 3%-ით დაბეგვრა ორივე შემთხვევაში ფიზიკურ პირს სხვადასხვა დაბეგვრაში აყენებს და 3-ჯერ მეტ გადასახადს ართმევს არა მეწარმეს, არამედ უბრალო ფიზიკურ პირს, რომელიც შეიძლება მხოლოდ ერთხელ გაჭირვების დროს ადგეს და სახლიდან გაიტანოს და ჯართის ფასად ჩააბაროს რამე ნივთი, რომელიც როგორც ნივთი გაცილებით ძვირი ღირს.

რაც შეეხება რეალიზაციის ნაწილს, აქაც არანაირად არ შეიძლება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება, რადგან საქონელის რეალიზაცია მოხდა მხოლოდ ელექტრონული სასაქონლო ზედნადების საფუძველზე და რამ შეიძლება გააჩინოს აზრი, რომ რამის დადგენა შეუძლებელია გაუგებარია. გასაგებია ის ფაქტიც, რომ შემოსავლების სამსახურში შეიძლება არ მოხდეს აღნიშნულ ბრძანებაზე დაფიქრება და რეაგირება, რომლის საფუძველზეც ხორციელდება 3%-ით დაბეგვრა, მაგრამ პირველივე ინსტანციიდან აფიქსირებს აღნიშნულ პოზიციას შემდგომში რომ არ მოხდეს რაიმე ნაწილში იმის ჩათვლა, რომ მას აბსოლუტურად არ უხსენებია აღნიშნული პრობლემა. თუ არ მოხედება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა და მოხდება ჟურნალების მიხედვით, ხარჯვის ნაწილში გამოქვითვა, რომელიც სავსებით შესაძლებელია, შესაბამისად შეიცვლება დირექტორზე ხელფასის სახით გაცემული თანხა და მასზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.

წარმოდგენილი არგუმენტების საფუძველზე უნდა გაუქმდეს გამოცემული აქტი, დარიცხვის ბრძანება საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად და მოხდეს გადაანგარიშება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კოდექსის და მათ შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.

3. საქართველოს მთავრობა, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ამ კოდექსის აღსრულების მიზნით იღებს/გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს. საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანების 393 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან 3- პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება:

ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;

ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „პ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;

პ) პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.

ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო ვერ გაიზიარებს მომჩივნის არგუმენტს, რომ საგადასახადო კოდექსში საშემოსავლო გადასახადის გადახდის წყაროსთან დაბეგვრის ვალდებულება მითითებული არ არის და აღნიშნული გადასახადის შემოღება არის არაკონსტიტუციური ქმედება.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ჯართის შეძენაზე გაწეული ხარჯის განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გადახდის წყაროსთან დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, შემოწმების პროცესში სრულად არ წარადგინა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, არ იქნა წარდგენილი ფიზიკური პირებისგან შავი და ფერადი ლითონის ჯართის და ნარჩენების შეძენის დამადასტურებელი შესყიდვის აქტები, შავი და ფერადი ლითონის მიღება-ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალი, არ გააჩნია სალაროს მოძრაობის ამსახველი ინფორმაცია.

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილი აქვს საშემოსავლო გადასახადის ნულოვანი დეკლარაციები. გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ გააჩნია შესამოწმებელი პერიოდის საწყისი და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთები, არ გააჩნია ნაღდი ფულის ნაშთი და დებიტორულ-კრედიტორული ვალდებულებები. საწარმოს შემოსავლები და ხარჯები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;

 

136(3),73(5), 1333(1);154(1);

ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანების 393 მუხლის პირველი პუნქტი.