ბრძანება N 30316
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 30316
05 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“ (ს/ნ "------")
(მის.: "------")
2023 წლის 18 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №118) განიხილა შპს „------ -ს “ (ს/ნ "------") 2023 წლის 18 ოქტომბრის №84182/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 სექტემბრის №081-190 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება შეძენილი საქონლის 46%-იანი ფასნამატით რეალიზებულად განხილვას. განმარტავს, რომ 2023 წლის 17 ივნისს შეძენილი მეორადი ავტონაწილები მიჰყიდა "-------"-ის , რომელმაც გადაუხადა მხოლოდ 10 000 აშშ დოლარი ნაღდი ანგარიშსწორებით. აცხადებს, რომ დარჩენილი თანხა უნდა გადაეხადა 2 კვირის განმავლობაში, თუმცა გადამხდელისთვის არ გადაუხდია დარჩენილი თანხა. განმარტავს, რომ თანხის სრულად გადაუხდელობის გამო გადამხდელმა არ გამოწერა ინვოისი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გადამხდელი ითხოვს შემოწმებით დარიცხული თანხის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 აგვისტოს №21072 ბრძანების საფუძველზე შპს „------“ (ს/ნ "------") ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით დღგ-ის ნაწილში. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 8 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 სექტემბრის №23087 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №081-190 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 59 648 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 38 158 ლარი, ჯარიმა 19 079 ლარი და საურავი 2 411 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის და აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმებით ირკვევა, რომ შპს „----- -ს “ (ს/ნ "------") 2023 წლის მარტის თვეში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ეა-"------" შეძენილი აქვს სხვადასხვა სახის ავტო ნაწილები, ღირებულებით დღგის ჩათვლით 171 340 ლარი. ჩასათვლელი დღგ-ის თანხა 26 137 ლარი, რომელიც ჩათვლილი აქვს 2023 წლის მარტის თვის დღგ-ის დეკლარაციაში №01№"------" . შპს „------ -ს “ (ს/ნ "------" ) წარმომადგენელს მოეთხოვა განმარტება ზემოაღნიშნულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში დაფიქსირებული საქონლის რეალიზაციის ან/და ნაშთად არსებობის შესახებ. შპს „-----“ (ს/ნ "------") მიერ შემოწმებისათვის წარმოდგენილ იქნა განმარტებითი ბარათი დირექტორის სახელით ორ ენაზე თურქულად და ქართულად, დამოწმებული ნოტარიულად, სადაც განმარტებულია, რომ კომპანიამ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში ეა-"------" დაფიქსირებული საქონლის რეალიზაცია მოახდინა 2023 წლის მარტის თვეში კონკრეტულ პირზე, რომლის მაინდენტიფიცირებელი რეკვიზიტები კომპანიისთვის უცნობია. წერილში დაფიქსირებულია რომ შპს „-------“ (ს/ნ "------") რეალიზებული საქონლის ღირებულებიდან, მხოლოდ ნაწილი თანხა აქვს მიღებული - 25 000 ლარი, აღნიშნულიდან გამომდინარე არ მოახდინა რეალიზაციის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა. შემოწმების პერიოდში დღგ-ის დეკლარირებული მონაცემები შედარდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციებს, ბანკის ამონაწერებს.
შემოწმებით, არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის შედარებებით და აუდიტის დეპარტამენტში, აუდირებული შემოწმებების გათვალისწინებით (მეორადი ავტომობილის ნაწილებით ვაჭრობაზე), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, შეძენილი დღგ-ს საგადასახადო ანგარიშფაქტურის ეა-"------"დაფისქირებული საქონლის რეალიზაცია მოხდა 46-%-ანი ფასნამატით. შემოწმებით, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს 2023 წლის მარტის თვეში საგადასახადო ანგარიშფაქტურით ეა-"------" შეძენილი აქვს სხვადასხვა სახის ავტო ნაწილები. გადამხდელის ახსნაგანმარტებით, კომპანიამ ზემოაღნიშნულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში დაფიქსირებული საქონლის რეალიზაცია მოახდინა 2023 წლის მარტის თვეში კონკრეტულ პირზე, რომლის მაინდენტიფიცირებელი რეკვიზიტები კომპანიისთვის უცნობია. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების მიერ აუდირებული შემოწმებების გათვალისწინებით, მართლზომიერად განხორციელდა შეძენილი საქონლის რეალიზაცია 46%-იანი ფასნამატით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----- -ს “ (ს/ნ "------" ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება შეძენილი საქონლის 46%-იანი ფასნამატით რეალიზებულად განხილვას.ითხოვს შემოწმებით დარიცხული თანხის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებით, არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის შედარებებით და აუდიტის დეპარტამენტში, აუდირებული შემოწმებების გათვალისწინებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, შეძენილი დღგ-ს საგადასახადო ანგარიშფაქტურის დაფისქირებული საქონლის რეალიზაცია მოხდა 46-%-ანი ფასნამატით. შემოწმებით, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5),159,163,164.