გადაწყვეტილება №24049/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.01.2025
№ დოკუმენტი 24049/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24049/2/2024

22 იანვარი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,13.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ს 3.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24049/2/2024).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;

2. სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 19 ივნისის №002-114 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 სექტემბრის №20327 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 606 480,92 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 356 898

დღგ - 139 190

საშემოსავლო გადასახადი - 217 708

ჯარიმა - 178 448

საურავი - 71 134,92

 

პროცედურული გარემოებები

მომჩივნის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა ავტომობილის ნაწილებით. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2020 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 6 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2024 წლის 19 ივნისის №14373 ბრძანება და ამავე თარიღის №002-114 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 სექტემბრის №20327 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვას და აღნიშნულიდან გამომდინარე, მისი საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 25 მარტის №6348 ბრძანების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა სმფ-ების ნაშთი, საბაზრო ღირებულებით 813 102 ლარი.

შერჩევითი და შედარებითი ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ინვენტარიზაციის მასალებში გადასახადის გადამხდელის მიერ მითითებული საბაზრო ღირებულებები განსხვავდებოდა დოკუმენტურად რეალიზებული საბაზრო ფასებისგან. სწორედ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სმფ-ის ნაშთის თვითღირებულებით დადგენის მიზნით გამოყენებულ იქნა ინვენტარიზაციის მასალებში გამოვლენილი ფასნამატი 39%. ხოლო, სხვა დანარჩენ შემთხვევაში - დოკუმენტური ფასნამატი.

2024 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, სმფ-ის ნაშთმა თვითღირებულებით შეადგინა 498 482 ლარი. შემოწმებით დადგინდა შესაბამისი წლის რპთ, რაზედაც გავრცელდა შესაბამისი წლის საშუალო შეწონილი ფასნამატი. რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებამ წლების ჭრილში შეადგინა: 2020 წელს - 86 612 ლარი, 2021 წელს - 394 662 ლარი, 2022 წელს - 263 090 ლარი და 2023 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 31 იანვრის მდგომარეობით - 178 475 ლარს. ფასნამატმა შესაბამისი წლების მიხედვით შეადგინა: 2020 წელს - 55%; 2021 წელს - 74%; 2022 წელს - 63%; 2023 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 31 იანვრის შუალედში 63%.

შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და შეეფარდა ჯარიმა 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-4 მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმება დანიშნულია 21.02.2024 თარიღის №3746 ბრძანებით. სსკ-ის მე-4 მუხლის შესაბამისად ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. გაურკვეველია რატომ მოიცვა შემოწმებამ 2020 წლის საანგარიშო პერიოდები. როგორც აუდიტორი მიუთითებს, მის მიერ გამოვლენილ იქნა დოკუმენტური ფასნამატი. 2020 წელს 55% რაც ედრებოდა დეკლარირებულ ფასნამატს. 2021 წელს 74%, 2022 წელს 63%, ხოლო 2023 წელს 63 %.

მომჩივნის მიერ გაანალიზდა აღნიშნული ცხრილი, ირკვევა რომ აუდიტორებს სრულად არ ჰქონდათ დაკავშირებული დოკუმენტური შესყიდვა რეალიზაცია, გადამხდელის მიერ მოხდა ჩამატება ფასნამატის ცხრილში დაკავშირებული საქონლის. ასევე როგორც ირკვევა აღნიშნულ ფასნამატის ცხრილში მეორდება დაკავშირებული პროდუქციის დასახელებები და ერთი დასახელების საქონელი რამდენჯერმე იღებს მონაწილეობას ფასნამატის საბოლოო რაოდენობის გაანგარიშებაში, ასეთები კი ძირითადად მაღალი ფასნამატის მქონე პროდუქციაა. მაგალითისათვის „ღვედი“ რომლის გაანგარიშებული დოკუმენტური ფასნამატი არის 122% მონაწილეობას იღებს საშუალო ფასნამატის გაანგარიშებაში 2-ჯერ. თუ შემმოწმებლები გაითვალისწინებენ მის მიერ დამატებულ პროდუქციის დაკავშირებას და ამასთან 1 პროდუქცია მიიღებს მონაწილეობას ფასნამატის დადგენაში მხოლოდ 1-ჯერ, განსხვავებული ფასნამატის შემთხვევაში საშუალო შეწონილი ფასნამატით. მაშინ სურათი იცვლება და ფასნამატი უფრო დაბალი იქნება.

2. 2022 წლის 4 მარტს განხორციელდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საკონტროლო შესყიდვა, რომლის მიხედვითაც არ გამოვლენილა სამართალდარღვევა. ითხოვს აღნიშნული გარემოების გათვალისწინებას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების დროს.

3. სავაჭრო ობიექტი ფუნქციონერებს ნახევრად სარდაფში 15 კვ. მეტრამდე ობიექტში, მის მიმდებარედ მანქანის გაჩერებაც აკრძალულია და შეუძლებელია, ამიტომ კომპანია ძირითადად მუშაობს წინასწარ შეკვეთებზე. კერძოდ, საქონლის შეკვეთების გაფორმება ხდება ორი მეთოდით. 1. შესყიდვას ახორციელებს გარკვეული კომპანიებისაგან შეკვეთების მიღების შემდეგ. ძირითად რვა კომპანია, რომლებზეც სასაქონლო ზედნადებით გაყიდულია 381 997 ლარის საქონელი და ზოგიერთ მათგანთან გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება. რაზეც შემდგომ მომჩივნისგან იწერება ზედნადები. ხოლო 2. ბაზრის ანალიზით ხდება შეკვეთების გაფორმება, ხოლო თუ საქონელი არ იყიდება გარკვეული დროის განმავლობაში, შემდგომ ხდება მისი რეალიზაცია შედარებით დაბალ ფასში, ვიდრე დოკუმენტური რეალიზაციის დროს. ამიტომაც იყო დაფიქსირებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ფასნამატი 39%-ი. რადგან მაღაზიაში დახლზე განლაგებულია საქონელი რომელიც შესყიდულია ბაზრის ანალიზის შედეგად, თუმცა მისი რეალიზაციის დაბრკოლების გამო განხორციელდა მასზე ფასის კლება და საცალო რეალიზაციაში დაბალი ფასნამატით რეალიზება.

გარდა ზემოთ აღნიშნული არსებული ფაქტორებისა, საზოგადოებას არ აქვს არც ერთი პირობა დარღვეული რომ შემმოწმებლებს გამოეყენებინათ 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის არამარტო „ა“ ქვეპუნქტი არამედ სხვა დანარჩენიც. შესაბამისად, მიაჩნია, რომ სამართლიანად მოითხოვს სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გაზრდილი საგადასახადო ბაზის შემცირებას და შესაბამისად დარიცხული თანხის შემცირებასაც.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდს და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელისათვის სანქციის დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. ამავდროულად გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილ ფასნამატს.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე საკითხის ზეპირი განხილვისას განაცხადა, რომ მომჩივანს 2023 წლის მაისში დაზუსტებული აქვს 2020 წლის თებერვლის და მარტის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები. საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ხანდაზმულობის ვადები გრძელდება 1 წლით, თუ ამ ვადის გასვლამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები და გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოში წარადგინა შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაცია (მათ შორის, შესწორებული დეკლარაცია) ან გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა, შესაბამისად შემოწმებამ მოიცვა 2020 წლის საანგარიშო პერიოდიც.

მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ დოკუმენტური რეალიზაცია იყო 720 000 ლარის და ამ რაოდენობიდან დაახლოებით ნახევარი დაკავშირდა საქონლის კოდებით, რაც იმაზე მიანიშნებს რომ საკითხი დეტალურად არის გავლილი. ასევე აღნიშნა, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილია არასრულყოფილი ცხრილი, სადაც არ იკვეთება ისეთი გარემოებები რაც შეცვლის შემოწმებით დადგენილ მონაცემებს.

იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ მომჩივანი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი ვერ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებას, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ დასახელებული არგუმენტების და შემოწმების აქტით დადგენილი გარემოებების შეცვლის, დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართებულია და არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმების საფუძველი.

 

2. სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა

შემოწმების პროცესში გაანალიზდა ფულადი სახსრების მოძრაობა და გაანგარიშდა განკარგავდი თანხა, რომელიც ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე,101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154- ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმებით გაანგარიშებული საწარმოს განკარგვადი ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა მართლზომიერია, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ისევე როგორც დღგ-ის ნაწილში, ითხოვს მის მიერ წარდგენილი არგუმენტების გათვალისწინებას კერძოდ:

ა) თუ შემმოწმებლები გაიზიარებენ მის მიერ დამატებულ პროდუქციის დაკავშირებას და ამასთან 1 პროდუქცია მიიღებს მონაწილეობას ფასნამატის დადგენაში მხოლოდ 1-ჯერ;

ბ) ბიზნესის სპეციფიურობიდან გამომდინარე, რადგან საქონლის შეკვეთების გაფორმება ხდება ორი მეთოდით (პირველი, შესყიდვას ახორციელებს გარკვეული კომპანიებისაგან შეკვეთების მიღების შემდეგ. რაზეც შემდგომ ჩვენგან იწერება ზედნადები; მეორე, ბაზრის ანალიზით ხდება შეკვეთების გაფორმება,ხოლო თუ საქონელი არ იყიდება გარკვეული დროის განმავლობაში, შემდგომ ხდება მისი რეალიზაცია შედარებით დაბალ ფასში, ვიდრე დოკუმენტური რეალიზაციის დროს), ამიტომაც იყო დაფიქსირებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ფასნამატი 39%. რაც გამოიწვევს დარიცხული საშემოსავლო გადასახადის შემცირებას.

ითხოვს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტური მტკიცებულებების გათვალისწინებას, რათა შემგომ მოხდეს დარიცხული თანხის კორექტირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დადგენილია, რომ ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზისას, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის და ასევე, დებიტორ-კრედიტორების შესახებ მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით გაანგარიშდა განკარგავდი თანხა, რომელიც ჩაითვალა კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად.

მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტი/მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადამხდელს მიაჩნია, რომ სამართლიანად ითხოვს სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გაზრდილი საგადასახადო ბაზის შემცირებას და შესაბამისად დარიცხული თანხის შემცირებასაც.

2.მომჩივანი ითხოვს მის მიერ წარდგენილი არგუმენტების გათვალისწინებას.ასევე,ითხოვს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტური მტკიცებულებების გათვალისწინებას, რათა შემდგომ მოხდეს დარიცხული თანხის კორექტირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.გადამხდელი არ აწარმოებდა შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვას და აღნიშნულიდან გამომდინარე, მისი საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

გადამხდელთან ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა სმფ-ების ნაშთი.

შერჩევითი და შედარებითი ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ინვენტარიზაციის მასალებში გადამხდელის მიერ მითითებული საბაზრო ღირებულებები განსხვავდებოდა დოკუმენტურად რეალიზებული საბაზრო ფასებისგან. სწორედ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სმფ-ის ნაშთის თვითღირებულებით დადგენის მიზნით გამოყენებულ იქნა ინვენტარიზაციის მასალებში გამოვლენილი ფასნამატი 39%. ხოლო, სხვა დანარჩენ შემთხვევაში - დოკუმენტური ფასნამატი.ნაშთმა თვითღირებულებით შეადგინა 498 482 ლარი. შემოწმებით დადგინდა შესაბამისი წლის რპთ, რაზედაც გავრცელდა შესაბამისი წლის საშუალო შეწონილი ფასნამატი. გადამხდელს დაერიცხა დღგ და შეეფარდა ჯარიმა.

2.შემოწმების პროცესში გაანალიზდა ფულადი სახსრების მოძრაობა და გაანგარიშდა განკარგავდი თანხა, რომელიც ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე შეეფარდა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართებულია და არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმების საფუძველი.

2.საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5),136,101,154.