ბრძანება N 14703
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 14703
27.06.2023
შპს „---ის“ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2023 წლის 22 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 ივნისის სხდომაზე (ოქმი №67) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2023 წლის 22 მაისის №81176/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 აპრილის №024-20 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადამხდელი მიუთითებს, სალაროს ნაშთის ხელფასად განხილვისას შემოწმებამ იხელმძღვანელა კომპანიის მიერ დღგ-ში დეკლარირებული ფასნამატით, რაც რეალურ ოდენობას ბევრად აღემატება. განმარტავს, რომ საწარმოს მიერ ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის მიზნით, დღგ-ში დეკლარირება მოხდა მაღალი ფასნამატით, ხოლო შემდგომ პერიოდში უნდა მომხდარიყო ზუსტი ციფრის გამოყვანა და კორექტირებული დეკლარაციის წარდგენა, თუმცა, ვინაიდან დაიწყო საგადასახადო შემოწმება, კორექტირებული დეკლარაციის წარდგენა ვერ მოხერხდა. შედეგად, გადამხდელს მიაჩნია, რომ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხის განსაზღვრისთვის აუდიტის დეპარტამენტმა უნდა იხელმძღვანელოს მიწოდებული საქონლის დოკუმენტური ღირებულებიდან. გადამხდელი ასევე მიუთითებს, რომ საწარმოს გააჩნია დებიტორული დავალიანებები, სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული პროდუქციის ნაწილიდან თანხა (500 000) დღეის მდგომარეობით არ არის მიღებული, რომლითაც უნდა შემცირდეს საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხები. ამასთან, გადამხდელი საჩივარში მიუთითებს, რომ წარმოადგენს შესაბამის შედარების აქტებს შემსყიდველი ორგანიზაციებიდან. გადამხდელი ასევე მიუთითებს, რომ მის მიერ დღგ-ის დეკლარაციებში დაფიქსირდა რეალურთან შედარებით მაღალი ფასნამატი, რითაც დღგ-ით დასაბეგრი თანხა დარჩა უცვლელი. განმარტავს, რომ ვინაიდან საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად დაუშვებელია შემოწმებულ პერიოდზე კორექტირებული დეკლარაციის წარდგენა, მის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშების საფუძველზე უნდა დაკორექტირდეს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, გადამხდელი ითხოვს ჯარიმა/საურავებისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 1 დეკემბრის №30190 და 2023 წლის 8 თებერვლის №2249 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 9 ივლისიდან 2022 წლის 1 ნოემბრამდე, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით 2022 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 28 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 20 აპრილის №8615 ბრძანება და ამავე თარიღის №024-20 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 455 428 ლარი, მათ შორის გადასახადი 290 328 ლარი, ჯარიმა 145 164 ლარი, საურავი 19 936 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
შპს „---“ გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის 9 ივლისიდან, მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ტექსტილით ვაჭრობა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, პირს უფიქსირდება უმეტესად ლოგინის თეთრეულის, პლედის, ბალიშის და საბნის, ასევე წვრილი ტექნიკის შეძენა როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე იმპორტის გზით არარეზიდენტი მომწოდებლისგან და შემდგომ რეალიზაცია. საწარმოს არ უფიქსირდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენება, ასევე ბოლო ეკონომიკური აქტივობა ფიქსირდება 2022 წლის ოქტომბრის თვეში. საწარმოს ზედნადებების ტრანსპორტირების დასრულების ადგილად უმეტესად მითითებულია --- ტერიტორია, ხოლო დეკლარირებული ფასნამატი განისაზღვრა 77%-ით. 2022 წლის 1 დეკემბერს განხორციელდა გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია სალარო და არ გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი, რაზედაც შევსებულ იქნა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ ოქმი. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 1 დეკემბრის №21-14/109678 საგადასახადო შეტყობინების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, გადამხდელს მოეთხოვა ინფორმაციის წარმოდგენა, თუმცა ინფორმაცია არ იქნა წარმოდგენილი. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის დარღვევისათვის, ამავე კოდექსის 279-ე მუხლის საფუძველზე 2023 წლის 13 თებერვალს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №188098 და პირს განესაზღვრა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით. ვინაიდან, გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანი/აუცილებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების საფუძველზე, გაანგარიშდა/გაანალიზდა პირის ფულადი სახსრების მოძრაობა. შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე" განსაზღვრული დანართი №8-ის და დანართი №9-ის მიხედვით, შემოწმებით გაანგარიშებული პირის განკარგვადი თანხების ნაწილი ჩაითვალა პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად (1 070 833 ლარი), ხოლო კრედიტორული დავალიანების ნაწილი (128 185 ლარი) - უპროცენტო სესხად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე, 97-ე და 982 და 101-ე მუხლების საფუძველზე, პირს დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამიად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 77%-ს. 2022 წლის 1 დეკემბერს განხორციელდა გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია სალარო და არ გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი, რაზედაც შევსებულ იქნა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ ოქმი. შემოწმების მიერ გაანგარიშდა/გაანალიზდა პირის ფულადი სახსრების მოძრაობა, რის საფუძველზეც პირის განკარგვადი თანხების ნაწილი ჩაითვალა პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, კერძოდ, დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირებათან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ვერ გაიზიარებს გადამხდელის პოზიციას ვინაიდან, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 1 დეკემბრის №21-14/109678 საგადასახადო შეტყობინების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, გადამხდელს მოეთხოვა ინფორმაციის წარმოდგენა, თუმცა ინფორმაცია არ იქნა წარდგენილი. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის დარღვევისათვის, ამავე კოდექსის 279-ე მუხლის საფუძველზე 2023 წლის 13 თებერვალს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №188098 და პირს განესაზღვრა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით. ვინაიდან, გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ არის წარდგენილი პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანი/აუცილებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შემოწმების მიერ პირის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირება არ განხორციელდა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზეც გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 2 2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, −იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.
შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი მიუთითებს, რომ წარმოდგენილი გაანგარიშების საფუძველზე უნდა დაკორექტირდეს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, გადამხდელი ითხოვს ჯარიმა/საურავებისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე" განსაზღვრული დანართი №8-ის და დანართი №9-ის მიხედვით, შემოწმებით გაანგარიშებული პირის განკარგვადი თანხების ნაწილი ჩაითვალა პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად (1 070 833 ლარი), ხოლო კრედიტორული დავალიანების ნაწილი (128 185 ლარი) - უპროცენტო სესხად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე, 97-ე და 982 და 101-ე მუხლების საფუძველზე, პირს დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამიად.
გადაწყვეტილება
შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (2); 136; 8; 61; 73 ( 4,9); 159; 163; 164; 101(1); 154; 43 (4); 982; 269; 270; 272; 275. 2021 წლამდე მოქმედი 160;161