ბრძანება N 8035
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 8035
16/03/2020
-----
(მის. -------)
2020 წლის 20 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
სსიპ შემოსავლების სამსახურმა განიხილა ----- ს №48759/1/2020 საჩივარი, რომელიც შეეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2020 წლის 17 იანვრის №EL107606 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 14 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №09).
მომჩივანს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე (ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე წარდგენილ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება) დაეკისრა ჯარიმა 206,1 ლარი (საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 40 პროცენტის ოდენობით).
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ 2019 წლის 11 დეკემბერს მის სახელზე საქართველოში ჩამოვიდა საფოსტო გზავნილი (ამანათი №------), რომელშიც იდო მობილური ტელეფონი და სამკურნალო შამპუნი.
მომჩივანი მიუთითებს, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გზავნილი, ნაცვლად საფოსტო გზავნილთა ნუსხის „პერსონალური“, აისახა ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილ საფოსტო გზავნილთა ნუსხაში, რის გამოც მოხდა მისი დაჯარიმება.
აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დარიცხული ჯარიმის მოხსნას და გადახდილი თანხის დაბრუნებას.
ფაქტების აღწერა:
საქმეში არსებული მასალებით და საბაჟო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2020 წლის 17 იანვარს შპს ----- ს მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ----- ის სახელზე შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, საფოსტო გზავნილის №----- (ნუსხა №----- ) ზოგადი დეკლარირება, ღირებულებით - 50 აშშ დოლარი.
გამომდინარე იქიდან, რომ -----ის კუთვნილი საფოსტო გზავნილი დეკლარირებული იყო 50 აშშ დოლარად, ზოგადი დეკლარირებისას გზავნილი მოხვდა საფოსტო გზავნილების დეკლარაცია (დანართი №8-VIII-04) ნუსხა №237824-ში. №778394817360 ამანათზე საბაჟო პროცედურების განხორციელებისას, ვინაიდან მიმღებმა ვერ წარმოადგინა საქონლის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი, ზემოაღნიშნულ გზავნილში მოთავსებული საქონლის ღირებულების დადგენის მიზნით ჩატარდა ექსპერტიზა. შედეგად გამოვლინდა საფოსტო გზავნილის ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემების არსებობა, კერძოდ: 50 აშშ დოლარის ნაცვლად საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ №----- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით შეადგინა 993,35 აშშ დოლარი, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელების შემცირება - 515,27 ლარის ოდენობით.
ვინაიდან, ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციასა და თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემების შეტანას, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელების შემცირება, გეზ „აეროპორტის“ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა №EL107606 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ----- ს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 206,1 ლარის (შემცირებული იმპორტის გადასახდელების თანხის 40 პროცენტი) ოდენობით, რასაც -------ხელმოწერით დაეთანხმა და წარმოადგინა გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
2020 წლის 18 იანვარს აღნიშნულ საფოსტო გზავნილზე დაიბეჭდა №20010/796629 საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4 . აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ----- ის მიერ არაერთხელაა განხორციელებული მსგავსი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურები (28 საბაჟო დეკლარაცია-ფორმა 4).
შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია:
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი, მის ირგვლივ არსებული მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საბაჟო კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საბაჟო დავა განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საგადასახადო დავის განხილვისთვის დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:
საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები;
საბაჟო ვალდებულება არის პირის ვალდებულება, გადაიხადოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი იმპორტის გადასახადი;
ვალდებული პირი არის პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ვალდებულია შეასრულოს საბაჟო ვალდებულება;
იმპორტის გადასახდელი არის საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული იმპორტის გადასახადი, აქციზი, დამატებული ღირებულების გადასახადი, რომლის გადახდის ვალდებულება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან დაკავშირებით წარმოიშობა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე წარდგენილ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 40 პროცენტის ოდენობით.
საქმეზე წარმოდგენილი მასალიდან დგინდება დოკუმენტებში არასწორი მონაცემების არსებობით იმპორტის გადასახდელების შემცირების ფაქტი, რაც წარმოადგენს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ საბაჟო სამართალდარღვევას.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის (დანართი №8) 31-ე მუხლის თანახმად, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის მიმღები (დეკლარანტი) ვალდებულია, გადამზიდველს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაცია“ (დანართი №8-VIII-05), რომლის საფუძველზეც საფოსტო გზავნილების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, გადამზიდველი ავსებს:
ა) საფოსტო გზავნილების დეკლარაციას (დანართი №8-VIII-04) – საფოსტო გზავნილებზე, რომლითაც შემოტანილი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებაც არ იბეგრება/გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისაგან (გარდა იმ საქონლისა, რომლის შემოტანა შეზღუდულია ან/და მათი შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან/და ლიცენზია);
ბ) ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, იმპორტის გადასახდელით დაბეგვრას ან/და აკრძალვებსა და შეზღუდვებს დაქვემდებარებული საფოსტო გზავნილების ნუსხა №4-ს (დანართი №8- VIII-06).
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზის, ფაქტობრივი გარემოებების და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური დაეთანხმა საბაჟო დეპარტამენტის მოსაზრებებს და დასკვნებს სადავო საკითხთან მიმართებაში და დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება განხორციელდა არასწორი ღირებულებით, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელების შემცირება. შესაბამისად, დასტურდება სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, სამართალდამრღვევის მიმართ შედგენილი 2020 წლის 17 იანვრის №EL107606 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი. ამდენად, მომჩივნის მოთხოვნა უსაფუძვლოა და უარი უნდა ეთქვას მის დაკმაყოფილებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ----- ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დარიცხული ჯარიმის გაუქმებას და გადახდილი თანხის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მომჩივანის სახელზე შემოტანილი, საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება, ღირებულებით - 50 აშშ დოლარი. ვინაიდან მიმღებმა ვერ წარმოადგინა საქონლის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი, საქონლის ღირებულების დადგენის მიზნით ჩატარდა ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით 50 აშშ დოლარის ნაცვლად საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 993,35 აშშ დოლარი. ვინაიდან, ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციასა და თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემების შეტანას, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელების შემცირება, შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა შემცირებული იმპორტის გადასახდელების თანხის 40 პროცენტი- 206,1 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება განხორციელდა არასწორი ღირებულებით, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელების შემცირება. შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი. ამდენად, მომჩივნის უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 13; 167(3)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის (დანართი №8) 31-ე მუხლი.