გადაწყვეტილება №20580/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 14.12.2023
№ დოკუმენტი 20580/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20580/2/2023

14 დეკემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: "------" (ს/ნ "------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "------" -ის 15.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20580/2/2023).

 

დავის საგანი:

დავების განხილვის საბჭოს 11.05.2023 წლის №19457/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 12.07.2023 წლის №001-154 საგადასახადო მოთხოვნა

 

დარიცხული თანხა: 170 700 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 100 703

დღგ - 73 688

საშემოსავლო გადასახადი - 25 463

ქონების გადასახადი - 1 552

ჯარიმა - 33 976

საურავი - 36 021

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2022 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდი.

 

შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში გამოსყიდვის უფლებით შეძენილი და შემდეგ უკან დაბრუნებული აქვს 18 უძრავი ქონება. ასევე, შეძენილი და რეალიზებული აქვს 12 უძრავი ქონება სხვადასხვა პირებზე.

შემოწმების შედეგად, უძრავი ქონების როგორც დაბრუნება, ისე რეალიზაცია ჩაითვალა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად, შესაბამისად განისაზღვრა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი (18.03.2019 წელი). მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №001-248 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 29.03.2023 წლის №6244 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 11.05.2023 წლის №19457/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა იმ უძრავი ქონების მიწოდების ოპერაციები, რომელთა გამოსყიდვაც ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ფიქსირდება (ვინც იყიდა იმ ფიზიკური პირებისგან თუ დასტურდება), დაბეგვრის მიზნებისთვის განიხილოს სასესხო გარიგებად (ქონების უზრუნველყოფით) და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 11.05.2023 წლის №19457/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 19.06.2023 წლის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა - 14 326 ლარით, მათ შორის გადასახადი - 11 768 ლარით, ჯარიმა - 2 558 ლარით. მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 12.07.2023 წლის №16887 ბრძანება და №001-154 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადაწყვეტილების აღსრულების დროს მის მიერ წარდგენილი დოკუმენტებიდან, აუდიტორების მხრიდან იქნა დამატებითი ინფორმაცია მოთხოვნილი, რომლის წარდგენა გადაანგარიშების პროცესში ვერ მოახდინა, ვინაიდან აღნიშნულ პიროვნებებთან კონტაქტზე გასვლა ვერ მოხერხდა. წარმოადგენს "-------"-სთან ნასყიდობა გამოსყიდვის ხელშეკრულებასთან ერთად მეუღლის ხელწერილს, ვინაიდან აღნიშნული პიროვნება გარდაცვლილია აუდიტორებმა მოსთხოვეს მეუღლისგან ხელწერილი, აღნიშნული ხელშეკრულების პირობებით, რომ მოხდა ბინის დაბრუნება. აქვე აღნიშნავს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ აღნიშნული ბინის რეალიზაციაში ჩათვლა გავლენას ახდენს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციაზე დადგომაზე. ითხოვს წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით მოხდეს შინაარსობრივი განხილვა და საბჭოს გადაწყვეტილების ფარგლებში აღსრულება.

მომჩივანმა 1.09.2023 წელს წარმოადგინა №20739/2/2023 დაზუსტებული საჩივარი, სადაც განმარტავს, რომ გადაწყვეტილების აღსრულების დროს მის მიერ წარდგენილი დოკუმენტებიდან, აუდიტორების მხრიდან იქნა დამატებითი ინფორმაცია მოთხოვნილი, რომლის წარმოდგენა გადაანგარიშების პროცესში ვერ მოახდინა, ვინაიდან აღნიშნულ პიროვნებებთან გადაანგარიშების ვადებში დაკავშირება ვერ მოახერხა.

წარმოადგენს "------"-სთან ნასყიდობა გამოსყიდვის ხელშეკრულებასთან ერთად მეუღლის "------"-ის ხელწერილს, ვინაიდან "------" გარდაცვლილია, აუდიტორებმა მოსთხოვეს მეუღლის"------"-სგან ხელწერილი, ხელშეკრულების ვადის გასვლიდან, აღნიშნული ხელშეკრულების პირობებით, რომ მოხდა ბინის დაბრუნება, რასაც ურთავს წარმოდგენილ საჩივარს.

ასევე, გადაწყვეტილების აღსრულების დროს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებიდან, იმ უძრავ ქონებებთან დაკავშირებით, რომლებიც ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით იყო, აუდიტორების მხრიდან იქნა დამატებითი წერილობითი დასტური მოთხოვნილი, კერძოდ: ნასყიდობა გამოსყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში უძრავი ქონება დაბრუნებული აქვს"-----"-ს , აღნიშნულმა პიროვნებამ მასთან უარი განაცხადა წერილობით დასტურზე, „აღნიშნულის სანაცვლოდ ითხოვდა თანხას“, ასევე განუცხადა: რომ აღნიშნულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ერთხელ უკვე არის ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მისული და მიცემული აქვს ახსნა-განმარტება, რასაც ავტომატურად მის მიერ მოყვა თხოვნა, კონკრეტული ახსნა-განმარტების გადმოცემასთან დაკავშირებით, რაზეც მან განუცხადა ასლი არ ჰქონდა და ფინანსთა სამინისტროს სისტემაში იქნებოდა, ყოველივე ამასთან დაკავშირებით აუდიტორი ჩააყენა საქმის კურსში, რის შემდეგაც აუდიტორმა უთხრა: აღნიშნულ პიროვნებასთან სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა ფაქტების გადამოწმების მიზნით და ფაქტი დაადასტურა მაგრამ წერილობით დასტურზე უარი განაცხადა (იგივე მიზეზი გააჟღერა აუდიტორთან).

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე ფიქრობს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს იმ უძრავი ქონების მიწოდების ოპერაციები, რომელთა გამოსყიდვაც ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ფიქსირდება, დაბეგვრის მიზნებისთვის განიხილოს სასესხო გარიგებად (ქონების უზრუნველყოფით), თუ აღნიშნული დადასტურდება გამოსყიდვის განმახორციელებელი ფიზიკური პირის მიერ.

აუდიტორთან სატელეფონო საუბრისას "-------"-მ დაადასტურა უძრავი ქონების გამოსყიდვა ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ და ფიქრობს აღნიშნული საკითხის აღსრულება არ უნდა გამხდარიყო სადავო, ვინაიდან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მოიაზრებს, როგორც წერილობით ასევე ზეპირსიტყვიერ დასტურს გამოსყიდვის განმახორციელებელი ფიზიკური პირის მიერ.

ასევე უნდა ყურადღება გაამახვილოს "------"-ზე ნასყიდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, აღნიშნული პიროვნება, არის "------"-ის დის შვილი.მომჩივანს მისმა დამ "------"-მა მიმართა თხოვნით კრედიტით ბინის შეძენასთან დაკავშირებით, ვინაიდან თავად საზღვარგარეთ იყო სამუშაოდ, რაზეც მომჩივანმა თანხმობა განაცხადა იმ პირობით, რომ აღნიშნული ბინის კრედიტის თანხას ყოველთვიურად გამოუგზავნიდა "------", აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა ზეპირსიტყვიერი შეთანხმება. აღნიშნული უძრავი ქონების კრედიტის დაფარვის შემდეგ მომჩივანმა უძრავი ქონება (საცხოვრებელი ბინა) ნასყიდობით გადაუფორმა მის დისშვილს, "------"-ის შვილს -"------"-ს. ყოველივე ზემოთხსენებულის დასტურად საჩივარს თან ურთავს "------"-ის ნოტარიულად დამოწმებულ წერილობით დასტურს და ასევე "------"-ის გზავნილების ამონაწერს უწყვეტად და რეგულარულად მომჩივანთან.

ყოველივე ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება მისცა აუდიტორს, მაგრამ აღნიშნული უძრავი ქონება დაბეგვრისგან არ იქნა განთავისუფლებული და ჩაითვალა, როგორც მიწოდება, რაც არასამართლიანია.

აქვე აღნიშნავს იმ ფაქტების მნიშვნელოვნებაზე, რომ აღნიშნული უძრავი ქონებების თითოეულის რეალიზაციაში ჩართვა გავლენას ახდენს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღზე.

ითხოვს წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით მოხდეს საკითხის შინაარსობრივი განხილვა, ასვე ითხოვთ სადაო საკითხების მეტი გამჭვირვალობისთვის მიეცეს საშუალება დაესწროს წარმოდგენილი საჩივრის განხილვას.

 

დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საბჭო მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):

ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;

ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილების და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება:

ბ) გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება:

ბ) აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი.

ვ) პროცენტების სახით მიღებული შემოსავლები, გარდა ფიზიკური პირის მიერ ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე ფულადი სახსრების განთავსებიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავლისა.

საბჭოს 11.05.2023 წლის №19457/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა იმ უძრავი ქონების მიწოდების ოპერაციები, რომელთა გამოსყიდვაც ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ფიქსირდება (ვინც იყიდა იმ ფიზიკური პირებისგან თუ დასტურდება), დაბეგვრის მიზნებისთვის განიხილოს სასესხო გარიგებად (ქონების უზრუნველყოფით) და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საბჭოს 11.05.2023 წლის №19457/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 19.06.2023 წლის დასკვნის მიხედვით, უძრავი ქონების ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილი ქონების უკან დაბრუნება, ფიზიკური პირისათვის ან/და მისი პირველი რიგის მემკვიდრისათვის, რომელიც დადასტურდა გამოსყიდვის განმახორციელებელი ფიზიკური პირის მიერ, განხილული იქნა სასესხო გარიგებად და აღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა - 14 326 ლარით, მათ შორის გადასახადი - 11 768 ლარით, ჯარიმა - 2 558 ლარით.

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების დროს მის მიერ წარდგენილი დოკუმენტებიდან, აუდიტორების მხრიდან იქნა დამატებითი ინფორმაცია მოთხოვნილი, რომლის წარდგენა გადაანგარიშების პროცესში ვერ მოახდინა, ამჯერად წარმოადგენს და მოითხოვა მისი გათვალისწინება და საგადასახადო ვალდებულებების დამატებით შემცირება.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის წარმომადგენლის მიერ დასახელებული არგუმენტების პირველ ეპიზოდზე, კერძოდ, სადაც მიუთითებს "------"-თან (პ/ნ "------") ნასყიდობა გამოსყიდვის ხელშეკრულებასთან ერთად მეუღლის "------"-ის (პ/ნ "------") ხელწერილზე და მიიჩნევს, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა აღნიშნულ ეპიზოდთან (საკითხთან) დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამატებით კორექტირება (შემცირება). მომჩივნის მიერ დასახელებული არგუმენტების დანარჩენ ეპიზოდებთან დაკავშირებით საბჭო განმარტავს, რომ სათანადო მტკიცებულებების არ არსებობის გამო აღნიშნული არგუმენტების გათვალისწინების საფუძველი არ არსებობს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარულ დღის განმავლობაში, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი მტკიცებულებები;

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს:

ა) ამ გადაწყვეტილების შესაბამისად უზრუნველყოს მომჩივნის არგუმენტების და წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა;

ბ) შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით მოხდეს საკითხის შინაარსობრივი განხილვა, ასევე ითხოვს სადაო საკითხების მეტი გამჭვირვალობისთვის მიეცეს საშუალება დაესწროს წარმოდგენილი საჩივრის განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში გამოსყიდვის უფლებით შეძენილი და შემდეგ უკან დაბრუნებული აქვს 18 უძრავი ქონება. ასევე, შეძენილი და რეალიზებული აქვს 12 უძრავი ქონება სხვადასხვა პირებზე.

შემოწმების შედეგად, უძრავი ქონების როგორც დაბრუნება, ისე რეალიზაცია ჩაითვალა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად, შესაბამისად განისაზღვრა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი.მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო განმარტავს, რომ სათანადო მტკიცებულებების არ არსებობის გამო აღნიშნული არგუმენტების გათვალისწინების საფუძველი არ არსებობს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

100,102,159,160,161,164,171.