გადაწყვეტილება №25764/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25764/2/2025
10 ოქტომბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ --------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 2.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №------/2/2025).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, გავრცელებული ფასნამატი და ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2.07.2025 წლის №054-15 საგადასახო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 13.08.2025 წლის №18259 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 132 322,07 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 81 070,24
დღგ - 33 127,43
საშემოსავლო გადასახადი - 47 942,81
ჯარიმა - 40 534,70
საურავი - 10 717,13
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შპს "---------"-ის საქმიანობის სახეს წარმოადგენს მანქანის სალონის აქსესუარების შეძენა-რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 8.06.2022 წლიდან 1.06.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესყიდვას ახორციელებს მხოლოდ იმპორტის მეშვეობით. გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ არის წარმოდგენილი სააღრიცხვო ინფორმაცია/დოკუმენტაცია, წარმოდგენილია მხოლოდ საბანკო ამონაწერები. შპს-ს უფიქსირდება როგორც დოკუმენტური ასევე საცალო რეალიზაციები, თუმცა შეძენის და რეალიზაციის დოკუმენტები ერთმანეთთან ვერ დაკავშირდა. 2025 წლის 28 მაისის №10801 ბრძანებით განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრა, რაზედაც 2025 წლის 2 ივნისს შედგა ოქმი, სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ. ოქმში აღნიშნულია, რომ შპს-ს არ გააჩნია სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი. 2025 წლის 20 მაისს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, გადასახადის გადამხდელის კუთვნილ ობიექტში გამოცხადების შედეგად, დადგინდა რომ ამ ეტაპზე მომჩივანი აღარ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას და ფაქტობრივად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები არ გააჩნია.
საწარმოს საგადასახადო ვალდებულები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების და საბაჟო ინვოისების ანალიზის შედეგად გადამხდელის რპთ-ზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე, აუდირებული ობიექტის ფასნამატი, რამაც გაზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბაზა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ორგანოსთვის არ წარუდგენია სააღრიცხვო ინფორმაცია/დოკუმენტაცია. არ გააჩნია სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშდა საზოგადოების ფულადი სახსრების მოძრაობა. შემოწმებით დადგენილ შემოსავლებს გამოაკლდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები. შემოწმების მიერ გაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოში არსებული ფულის ნაშთი, რისი არსებობაც გადამხდელის მიერ ვერ დადასტურდა, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედით.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2.07.2025 წლის №054-15 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 13.08.2025 წლის №18259 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, საწარმო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესყიდვას ახორციელებდა მხოლოდ იმპორტის მეშვეობით. გადასახადის გადამხდელის მხრიდან შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი სააღრიცხვო ინფორმაცია/დოკუმენტაცია, წარადგინა მხოლოდ საბანკო ამონაწერები. საწარმოს უფიქსირდებოდა როგორც დოკუმენტური, ასევე საცალო რეალიზაციები, თუმცა შეძენისა და რეალიზაციის დოკუმენტები ერთმანეთთან ვერ დაკავშირდა. აქედან გამომდინარე, შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და საბაჟო ინვოისების ანალიზის შედეგად, გადასახადის გადამხდელის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებული იქნა მსგავსი საქმიანობის მქონე აუდირებული ობიექტის ფასნამატი. ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა. შემოწმებით დადგენილ შემოსავლებს გამოაკლდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები. შემოწმების მიერ გაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოში არსებული ფულის ნაშთი, რაც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ არგუმენტებთან, საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე ფასნამატის გავრცელებასთან და ფასნამატის შეუსაბამობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც რეალიზებული საქონლის თვითღირებულება გაანგარიშებულ იქნა იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულებიდან და არა საბაჟოზე აფასებული ღირებულებიდან. რაც შეეხება ფასნამატს, შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან დადგენილი აუდირებული ფასნამატი.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა ბუღალტრული აღრიცხვა, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, კომპანიის მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე აუდირებული ფასნამატის გავრცელება, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
სადავო აქტების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ შემმოწმებელმა ფასნამატი გამოიყენა იმპორტის დროს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე, რაც დაუშვებელია, ვინაიდან საქონლის თვითღირებულება არის მისი საინვოისო ღირებულება და არა აფასებული ღირებულება, რომელიც გამოიყენება მხოლოდ საბაჟო მიზნებისათვის, იმპორტის გადასახდელების განსაზღვრისათვის. შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები და დამატებით დაერიცხათ საშემოსავლო გადასახადი და დღგ, კერძოდ, აღებულ იქნა სხვა მსგავსი საწარმოს მიერ მიღებული ბრუნვები. მომჩივნისათვის უცნობია რომელი კომპანიის ბრუნვები იქნა აღებული, რამდენად არის აღნიშნული კომპანიის საქმიანობა მათი იდენტური, ვისგან იძენს და რა ხარისხის საქონელს ყიდის აღნიშნული კომპანია და ა.შ. სამწუხაროდ შემოწმების პროცესში და არც შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე აღნიშნული ინფორმაცია მათთვის არ მიუწოდებიათ, იმ მოტივით, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის საგადასახადო საიდუმლოება, რაც ბუნებრივია აბსურდია. ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. ასევე მათთვის გაუგებარია თუ რატომ აიღო შემმოწმებელმა სხვა კომპანიის ფასნამატი და არ გამოიყენა საცალო რეალიზაციაზე მათი დოკუმენტური ფასნამატი. ზოგადად არსებობს არაერთი გადაწყვეტილება, სადაც გაცილებით ნაკლები აუდირებული ფასნამატი იქნა გამოყენებული, მაგალითად შპს -------ის საგადასახადო შემოწმებისას, რომელიც ვაჭრობს იდენტური საქონლით, შემოწმებით ამ უკანასკნელზე გავრცელდა ფასნამატი 26%. ისმის კითხვა თუ ერთი და იგივე პერიოდში ერთი და იგივე საქონლის ვაჭრობისას ერთ გადასახადის გადამხდელზე ვრცელდება 26%-იანი ფასნამატი, მაშინ რატომ ვრცელდება მეორე გადამხდელზე გაცილებით უფრო მაღალი ფასნამატი? ასევე სხვა არაერთი გადაწყვეტილება, სადაც აუდირებული ფასნამატი შეადგენს 12%. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად: საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. შემოწმების პროცესში ფულის ნაშთი გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი, ხარჯში კი ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი და ბიუჯეტში გადახდები, ხოლო დარჩენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.მომჩივანი აღნიშნავს, რომ არასწორად იქნა გაანგარიშებული საწარმოს ფასნამატი, რამაც განაპირობა არასწორი/ვირტუალური ფულის ნაშთის დადგენა. ასევე არასწორად ვირტუალური ფულის ნაშთის ე.წ „გროსვა“ და არარსებული ფულის 20% ნაცვლად 25% დაიბეგრა. მომჩივანი ითხოვს გაუქმებულ იქნა შემოსავლების სამსახურის 13.08.2025 წლის №18259 ბრძანება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები. საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ საწარმო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესყიდვას ახორციელებს მხოლოდ იმპორტის მეშვეობით. გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ არის წარდგენილი სააღრიცხვო ინფორმაცია/დოკუმენტაცია, წარდგენილია მხოლოდ საბანკო ამონაწერები. შპს-ს უფიქსირდება როგორც დოკუმენტური ასევე საცალო რეალიზაციები, თუმცა შეძენის და რეალიზაციის დოკუმენტები ერთმანეთთან ვერ დაკავშირდა. 2025 წლის 28 მაისის №10801 ბრძანებით განხორციელდა შპს "------"-ს სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრა, რაზედაც 2025 წლის 2 ივნისს შედგა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ ოქმი. ოქმში აღნიშნულია, რომ შპს-ს არ გააჩნია სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი. 2025 წლის 20 მაისს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, შპს "-------"-ის (ს/ნ -------) კუთვნილ ობიექტში გამოცხადების შედეგად, დადგინდა რომ ამ ეტაპზე შპს ,,------“ აღარ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას და ფაქტობრივად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები არ გააჩნია. შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და საწარმოს საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების და საბაჟო ინვოისების ანალიზის შედეგად, გადასახადის გადამხდელის რპთ-ზე გავრცელებული იქნა, მსგავსი საქმიანობის მქონე, აუდირებული ობიექტის ფასნამატი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გაიზარდა პირის დღგ-ით დასაბეგრი ბაზა, რამაც საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, გამოიწვია დღგის თანხისა და ჯარიმის დარიცხვა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. ასევე, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშდა საზოგადოების ფულადი სახსრების მოძრაობა. შემოწმებით დადგენილ შემოსავლებს გამოაკლდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები. შემოწმების მიერ გაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოში არსებული ფულის ნაშთი, რისი არსებობაც გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ დადასტურდა, შემოწმების შედეგად საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე ჩაითვალა დირექტორზე ---------ზე (პ/ნ ----------) გაცემულ ხელფასად.
საბჭო მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტსა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების და საბაჟო ინვოისების ანალიზის შედეგად გადამხდელის რპთ-ზე გავრცელებული იქნა, მსგავსი საქმიანობის მქონე, აუდირებული ობიექტის ფასნამატი. ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ არგუმენტებთან, საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე ფასნამატის გავრცელებასთან და ფასნამატის შეუსაბამობასთან დაკავშირებით, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით ფასნამატი გავრცელებულია მხოლოდ საინვოისო ღირებულებებზე. სულ სამ საბაჟო ოპერაციაზე იყო აფასება, ისიც მხოლოდ რამდენიმე სახეობაზე და აღნიშნული შემთხვევები გათვალისწინებულია და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულება გაანგარიშებულია არა აფასებული ღირებულებიდან, არამედ საინვოისო ღირებულებიდან.
მომჩივანი არ წარმოადგენს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებას, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს და საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატის გამოყენებით განხორციელდა მართებულად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, გავრცელებული ფასნამატი და ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 8.06.2022 წლიდან 1.06.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ საწარმო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესყიდვას ახორციელებს მხოლოდ იმპორტის მეშვეობით. გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ არის წარმოდგენილი სააღრიცხვო ინფორმაცია/დოკუმენტაცია, წარმოდგენილია მხოლოდ საბანკო ამონაწერები. მომჩივანს უფიქსირდება როგორც დოკუმენტური ასევე საცალო რეალიზაციები, თუმცა შეძენის და რეალიზაციის დოკუმენტები ერთმანეთთან ვერ დაკავშირდა. №10801 ბრძანებით განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრა, რაზედაც შედგა ოქმი, სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ. ოქმში აღნიშნულია, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, გადასახადის გადამხდელის კუთვნილ ობიექტში გამოცხადების შედეგად, დადგინდა რომ ამ ეტაპზე მომჩივანი აღარ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას და ფაქტობრივად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები არ გააჩნია.
საწარმოს საგადასახადო ვალდებულები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების და საბაჟო ინვოისების ანალიზის შედეგად გადამხდელის რპთ-ზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე, აუდირებული ობიექტის ფასნამატი, რამაც გაზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბაზა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ორგანოსთვის არ წარუდგენია სააღრიცხვო ინფორმაცია/დოკუმენტაცია. არ გააჩნია სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშდა საზოგადოების ფულადი სახსრების მოძრაობა. შემოწმებით დადგენილ შემოსავლებს გამოაკლდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები. შემოწმების მიერ გაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოში არსებული ფულის ნაშთი, რისი არსებობაც გადამხდელის მიერ ვერ დადასტურდა, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედით.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №054-15 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №18259 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატის გამოყენებით განხორციელდა მართებულად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“.9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“); 158(1); 159(1„ა“); 163(1.2); 164(1);