გადაწყვეტილება №18553/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18553/2/2022
16.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "----------" (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "----------"-ის 27.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18553/2/2022).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებათა განსაზღვრისათვის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება, დადგენილი ფასნამატი და მიღებული შემოსავლის დირექტორის ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.09.2022 წლის №054-10 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 14.12.2022 წლის №31531 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 7 356 479 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 4 590 037
დღგ - 1 782 834
საშემოსავლო გადასახადი - 2 807 203
ჯარიმა - 2 295 118
საურავი - 471 324
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ხილ-ბოსტნეულის იმპორტი და საცალო-საბითუმო რეალიზაცია, მათ შორის, ფიქსირდება საქონლის რეექსპორტის ოპერაციებიც.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 25.02.2020 წლიდან 1.08.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგები აისახა 16.09.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადამხდელის მიერ საქონლის იმპორტი (---------- დან) ხორციელდება ყოველდღიურ რეჟიმში. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და შესაბამისად, ვერ ხდება შეძენილი და რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობის ანალიზი. ვერ დგინდება რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რაოდენობა და სარეალიზაციო ფასი, ვერ ხდება შეძენილი და რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობის ანალიზი. გადამხდელს არ აქვს განცხადებები გაკეთებული შემოსავლების სამსახურში გაფუჭებული საქონლის ჩამოწერის თაობაზე. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 4.08.2022 წლის №20888 ბრძანების შესაბამისად, ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი შეადგენს 0 ლარს.
შემოწმების პროცესში ანალიზი ჩაუტარდა საწარმოს მიერ შეძენილ, რეალიზებულ და ნაშთად არსებულ საქონელს. შემოწმების შედეგად, საწარმოს, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განესაზღვრა ბუღალტრული და ფაქტიური ნაშთი, რომელიც დაემთხვა ერთმანეთს და სხვაობა არ გამოვლენილა. აღნიშნული ანალიზის საფუძველზე ირკვევა, რომ შეძენილი საქონელი რეალიზებული აქვს სხვადასხვა პერიოდში, თუმცა სრულად არ აქვს დაბეგრილი და ასახული შესაბამის დეკლარაციებში. შემოწმების შედეგად დამატებით გამოვლენილია რეალიზებული საქონელი, რომლის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი გადამხდელს არ ჰქონდა დაბეგრილი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილის საფუძველზე და საწარმოს შემოსავლები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შემოწმების მიერ გამოიყო დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის რაოდენობა კილოგრამებში, რომელზეც გავრცელდა შესაბამისი პერიოდის დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასები (მოხდა 47 სახეობის საქონლის საშუალო შეწონილი ფასის იდენტიფიცირება). ხოლო საქონლის იმ სახეობებზე, რომელთა დოკუმენტური რეალიზაციაც არ ფიქსირდება შემოწმების მიერ გავრცელდა შესამოწმებელი პერიოდის იმპორტირებული საქონლის საშუალო დოკუმენტური ფასნამატი.
შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დეკლარირებულს აღემატება 9 904 663 ლარით. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილის შესაბამისად, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, მიღებულია ფულადი ნაშთი 14 036 017 ლარის ოდენობით. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 4.08.2022 წლის №20891 ბრძანების შესაბამისად, ჩატარებული ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის შედეგად სალაროში ნაღდი ფულის ოდენობა არ ფიქსირდება. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ფულის ნაშთი განხილულია საწარმოს დირექტორზე გადახდილ ხელფასად/მასთან გათანაბრებულ განაცემად, რაც საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან და განხორციელდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად ჯარიმის დაკისრება. ასევე, მომჩივანს განაცემთა შესახებ წარდგენილ ინფორმაციაში არასწორი მონაცემის ასახვის გამო დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.09.2022 წლის №24770 ბრძანება და ამავე თარიღის №054-10 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 24.10.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 14.12.2022 წლის №31531 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და შესაბამისად, ვერ ხდება შეძენილი და რეალიზებული სმფ-ების მოძრაობის ანალიზი, ვერ დგინდება რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რაოდენობა და სარეალიზაციო ფასი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. შესაბამისად, მართლზომიერია შემოწმების მიერ დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე შესაბამისი პერიოდის დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასების გამოყენება (იდენტიფიცირებულია 47 სახეობის საქონლის საშუალო შეწონილი ფასი), ხოლო საქონლის იმ სახეობებზე, რომელთა დოკუმენტური რეალიზაციაც არ ფიქსირდება - შესამოწმებელი პერიოდის იმპორტირებული საქონლის საშუალო დოკუმენტური ფასნამატის გამოყენება. ასევე, მართლზომიერია შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით მიღებულ და გადამხდელის მიერ აღიარებულ შემოსავლებს შორის სხვაობის საწარმოს დაქირავებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა. ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრულ ჯარიმასთან მიმართებაში გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ განაცემთა შესახებ ინფორმაციაში მონაცემების არასწორად ასახვაზე ჯარიმა გამოყენებულია მხოლოდ ერთ საანგარიშო თვეზე - 100 ლარის ოდენობით.
სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მომჩივნის არგუმენტაცია
შესამოწმებელი პერიოდი მთლიანად მოიცავს პანდემიის აქტიურ პერიოდს 25.02.2022 წლიდან 1.08.2022 წლამდე, რა დროსაც კოვიდ 19-ის გამო ფასნამატი მთელი პანდემიის პერიოდში არ იყო ის რასაც შემმოწმებელი ვარაუდობს. იყო შემთხვევები როცა ფასნამატი უარყოფითი იყო, ასევე ხშირად ხდებოდა გაფუჭებული საქონლის ნაგავსაყრელზე გატანა და მისი ჩამოწერა საგადასახადო ორგანოს მონაწილეობის გარეშე, რაც არ იქნა გაზიარებული, ასევე ვადაგასული საქონელი ამოღებულია რეალიზაციიდან, პანდემიის გამო იყო შემთხვევები, როცა ფაქტიურად დახმარების სახით, უსასყიდლოდ ხდებოდა საქონლის მოსახლეობაში დარიგება და ასეთი არაერთი შემთხვევა იყო, მაგრამ იმის გამო რომ ეს საკითხები დოკუმენტების დონეზე ვერ იქნა გაფორმებული და არც შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა არ იძლეოდა ამის საშუალებას, აღნიშნული ქმნის იმ მოსაზრებას რომ ადგილი აქვს დამალული შემოსავლების არსებობას - ფაქტიურად ეს ასე არ არის.
სადავო აქტებით დადგენილი დღგ-ით დაბეგვრის ობიექტის გაზრდა არასწორია ამ ოდენობით დამატებით რეალიზაციით თანხების მიღებას ადგილი არ ჰქონია. შეიძლება არსებობს ხარვეზები საქმიანობაში, თუმცა არა იმ დოზით/ოდენობით, როგორც ეს შემოწმებას წარმოუდგენია.
უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიასთან დაკავშირებით არაერთი სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა, დაწესდა გარკვეული შეღავათები ბიზნესზე, ეს იყო ის დრო, როცა დისტანციურად მუშაობდა ადამიანები, იყო საყოველთაო მიწოდება „დარჩით სახლში“ და ეს მოწოდება თვეების განმავლობაში უწყვეტად გრძელდებოდა ორი თვე საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული, შემოღებული იყო კარანტინი, სახელმწიფომ ერთი მილიარდი ლარი დახარჯა პანდემიასთან ბრძოლაში, ამ პერიოდს ახლდა გარკვეული სირთულეები და ისე არ ყოფილა რომ მთელ ქვეყანას უჭირდა და მხოლოდ კომპანიას ულხინდა. ყოველდღიურად ასეულობით ადამიანი კოვიდ 19-ით ავადდებოდა და ათეულობით ადამიანი იღუპებოდა, თავის გადარჩენაზე იყო ფიქრი და საუბარი, ტრანსპორტით გადაადგილებაც კი აკრძალული იყო, დაცარიელდა თავშეყრის ადგილები, აკრძალული იქნა ქორწილები, დაკრძალვის ცერემონიები, ადმიანთა შეკრება/თავშეყრა არ მუშაობდა რესტორნები/კაფე/ბარები, შემოღებული იყო კომენდანტის საათი და საღამოს საათებში გადაადგილება აკრძალული იყო. სკოლებში/უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი არ იმართებოდა და დისტანციურ სწავლებაზე იყო გადასული მთელი ქვეყანა. როგორც დანარჩენ მსოფლიოში, ასევე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ფორს-მაჟორი იყო და შესამოწმებელ პერიოდში ბუნებრივია იქნება ხარვეზები საგადასახადო ვალდებულებების შესრულების კუთხით, პანდემიით გამოწვეული პრობლემების დავიწყება არასწორია.
არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების დროს ზემოთ ხსენებული (პანდემიით გამოწვეული პრობლემები) გათვალისწინებული უნდა იქნეს.
სადავო დარიცხვები მთლიანად შეუსაბამოდ მაღალ ფასნამატზეა აგებული, რაც არასწორია. გასათვალისწინებელია, ის რომ საქმე გვაქვს მალფუჭებადი საქონლის შეძენა/რეალიზაციასთან, საქონელბრუნვიდან და საქონლის შენახვის პირობების არსებობიდან გამომდინარე ასეთი მაღალი ფასნამატი ფაქტიურად არ არსებობს, კომპანია არ არის ბაზრის ერთადერთი მომწოდებელი, ერთიდაიგივე საქონელი თუ პირველ დღეს იყიდება გარკვეულ ფასში, შემდეგ დღეებში ამ საქონლის გასაყიდი ფასი მნიშვნელოვნად მცირდება (საქონლის ხარისხის გაუარესების გამო) - ეს დოკუმენტებით რეალიზაცია იქნება თუ არაიდენტიფიცირებულ პირებზე რეალიზაცია. შემმოწმებლის მიერ აღებული ფასნამატი არის აშკარად მაღალი, გარდა აღნიშნულისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს საქონლის გაფუჭების და ნაგავსაყრელზე გადაყრის შემთხვევა და არ უნდა მოხდეს შესაბამისი საქონელი მთლიან რეალიზაციაში ასახვა და მით უმეტეს ისეთი ფასნამატის პირობებში, როგორც ეს მოცემულ შემთხვევაშია.
საყურადღებოა ის რომ დოკუმენტებით რეალიზაცია (საიდანაც შემოწმების მიერ გამოყვანილია დოკუმენტური ფასნამატი) განხორციელებულია ძირითადად ისეთ ორგანიზაციებზე, რომლის მიერ ხდება საქონლის ხარისხის მიხედვით არჩევა და შედარებით მაღალი ფასის გადახდა. შესაბამისად შემოწმების მიერ ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტური ფასის გადავრცელება მთლიან რპთ-ზე არასწორია.
საქონლის ფასის განსზღვრის პრინციპი არის სადავო. მოცემულ შემთხვევაში შესამოწმებელ პერიოდში შემმოწმებელს საქონლის რეალიზაცია ორ ნაწილად უნდა გაეყო: ერთი დოკუმენტური რეალიზაცია და ეს ნაწილი უცვლელი უნდა დარჩენილიყო, ხოლო საქონლის არაიდენტიფიცირებული რეალიზაციის ნაწილში ფასნამატის შესახებ ინფორმაცია მსგავსი საქმიანობის მქონე გადამხდელებისგან უნდა გამოეთხოვა. კომპანიაში არსებული პირობების, ოდენობის მქონე საქონლის რეალიზაციების გათვალისწინებით და ასეთი ფასნამატის (რომელიც უმრავლეს შემთხვევაში არის მაქსიმუმ 5%, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში 10%-საც კი არ შეადგენს) გათვალისწინებით დადგინდებოდა შესამოწმებელ პერიოდში საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი, რომელსაც უნდა გამოკლებოდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემები და დარჩენილი სხვაობა იქნებოდა დამატებით დაბეგვრის ობიექტი - რაც არ იქნა დაცული მოცემულ შემთხვევაში. სადავო აქტებით მივიღეთ ის რომ შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დეკლარირებულს აღემატება 9 904 663 ლარით, რაც არასწორია.
მალფუჭებადი საქონლის რეალიზაცია დიდი სირთულეებთან არის დაკავშირებული, საქონლის შენახვის სათანადო პირობების არ არსებობის გამო ფუჭდებოდა საქონელი. საქონლის გაფუჭება, განადგურება ფაქტიურად ყოველდღე ხდება, რის გამოც პრაქტიკულად შეუძლებელია საგადასახადო ორგანოს მონაწილეობით გაფუჭებული საქონლის ჩამოწერაზე საუბარი, გაფუჭებული საქონელი დაუყონებლივ გაიტანება იქვე არსებულ ნაგავსაყრელზე, საქონლის ეს ნაწილი ფაქტიურად არ იღებს მონაწილეობას რეალიზაციაში და ისე არ ხდება რომ ადგილი აქვს დამალული შემოსავლების არსებობას როგორც ამას შემმოწმებელი ვარაუდობს, იმის გამო რომ შესაბამისი ნორმები არ არის დადგენილი საქონლის გაფუჭებასთან დაკავშირებით არ შეიძლება ნიშნავდეს რომ აღნიშნულის უგულებელყოფა კანონიერია.
საგადასახადო ვალდებულებების დადგენის არაპირდაპირი მეთოდი არ გულისხმობს არარეალურ (ელემენტარულ ლოგიკას მოკლებულ) დარიცხვას, როგორც ეს მოცემულ შემთხვევაშია. არაპირდაპირი მეთოდი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების და გარემოებების გამოკვლევას, ურთიერთშეჯერებას გულისხმობს რა დროსაც სადავო დარიცხვები მაქსიმალურად უნდა მიუახლოვდეს კუთვნილ ძირითად გადასახადებს, როგორც ეს იქნებოდა მოწესრიგებული საქმიანობის შემთხვევაში, რასაც ვერ ვიტყვით მოცემულ შემთხვევაზე.
საყურადღებოა, რომ შესამოწმებლ პერიოდში კომპანიის მიერ შეძენილია ადგილობრივ ბაზარზე სულ 1 437 474 ლარის ღირებულების საქონელი (შეძენის დოკუმენტების რეესტრი ელექტრონული სახით საჩივარს ერთვის) და იმპორტირებულია სულ 3 173 308 ლარის ღირებულების საქონელი (იმპორტის რეესტრი ელექტრონული სახით ერთვის საჩივარს). შემოსავლების სამსახური მონაცემების თანახმად გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს სულ 4 888 550 ლარს. დოკუმენტურად რეალიზებული იქნა სულ 3 856 315 ლარის ღირებულების საქონელი (საქონლის რეალიზაციის დოკუმენტების რეესტრი ერთვის საჩივარს) რეალიზაცია არ არის იმ ოდენობით რომ 9 904 663 ლარის დამატებით დღგ-ით დაბეგვრის ობიექტზე ვისაუბროთ, როგორც ეს შემოწმებას წარმოუდგენია, მოცემულ შემთხვევაში საქონელი იყიდება შესაძლო გასაყიდ ფასში, რომ ზარალი ცოტათი მაინც შემცირდეს.
საყურადღებოა ის რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბიუჯეტში სულ 1 064 124 ლარი, ხოლო გასაჩივრებული აქტებით გადამხდელზე ძირითადი გადასახადის სახით დარიცხულია სულ 4 590 037 ლარი, ეს არის ის თანხა რაც გადამხდელის მიერ საქონლის შესაძენად იქნა გადახდილი (საქონლის ადგილობრივი შეძენა+იმპორტი) 4 610 782 ლარი.
რაც იმას ნიშნავს რომ შეძენილი საქონლის ღირებულების ოდენობით დამატებით დარიცხულ გადასახადზე არის საუბარი, მაშინ როცა გადასახადის სახით როგორც აღნიშნა გადამხდელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია სულ 1 064 124 ლარი.
კიდევ ერთხელ დასძენს რომ ოთხ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების საქონლის შეძენა/რეალიზაციაზე არის საუბარი, სადაც არ არის საწყობი. არ არის სავაჭრო ქსელი, არ არის საქონლის შენახვის სათანადო პირობები და ფაქტიურად ბაზრის პირობებში ხდება საქონლის რეალიზაცია, და საქმე ეხება მალფუჭებად საქონელს, სადაც არ ფიქსირდება საგადასახადო სამართალდარღვევა, და მხოლოდ ფასნამატის ცვლილებით ხდება დამატებით დაბეგვრის ობიექტის ცვლილება - არ ნიშნავს რომ მილიონობით ლარის დამალული შემოსავლების არსებობას აქვს ადგილი კომპანიაში. იმის გამო რომ სამუშაო ადგილის ცვლილება მოხდა არაერთხელ, გაიბნა დოკუმენტები.
აშკარაა, რომ ამ პირობებში და მოცემულობის არსებობისას შემოწმებამ საქონლის დოკუმენტური რეალიზაციის ნაწილში შეცვალა ფასნამატი და ამ გზით 4 500 000 ლარზე მეტი დეკლარირებული რეალიზაციის გარდა დამატებით კიდევ გადამხდელს დაახლოებით 10 000 000 ლარის დამალულ არადეკლარირებულ რეალიზაციას ედავება, მაშინ როცა შესამოწმებელ პერიოდში სულ 4 500 000 ლარის საქონლის შეძენა მოხდა (ადგილობრივი შეძენა+იმპორტი) მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით და საქონლის მთლიანი რეალიზაციის მიმართ 300%-იანი ფასნამატის გავრცელებაზე არის საუბარი რაც არასწორია. საკითხავია სხვა გადამხდელების შემთხვევაშიც ასევე ხდება დაბეგვრის ობიექტის დადგენა და ამ ოდენობით ხდება გადასახადების დარიცხვა შემოწმების მიერ ან დეკლარირება სხვა გადამხდელების მიერ? როგორი პრაქტიკა არსებობს ამ ნაწილში აუდიტის დეპარტამენტში და რატომ ხდება საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების/შესწავლის დროს უხეში შეცდომების/უზუსტობების დაშვება და არაპირდაპირი მეთოდით გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დადგენა რატომ გაიგება ისე რომ ნებისმიერი ოდენობის თანხაზე შეიძლება მოედავო გადამხდელს და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მილიონობით ლარი დამატებით გადასახდელად შეიძლება დაარიცხო გადამხდელს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა შეიცვალოს რეალიზებული საქონლის ფასნამატის დადგენის მეთოდი, როგორც აღინიშნა საქონლის რეალიზაცია ორ ნაწილად უნდა გაიყოს: საქონლის იდენტიფიცირებული (დოკუმენტური) რეალიზაცია უნდა დარჩეს უცვლელი და ამ ნაწილში საქონლის ფასნამატი, ასევე დაბეგვრის ობიექტი არ უნდა შეიცვალოს, ხოლო საქონლის არაიდენტიფიცირებული რეალიზაციის ნაწილში ბაზარზე არსებული საშუალო-საბაზრო ფასი მსგავსი საქმიანობის მქონე გადამხდელებისაგან უნდა იქნეს აღებული - მალფუჭებად საქონელზე საბითუმო ფასების გათვალისწინებით (რომელიც უმრავლეს შემთხვევაში არის მაქსიმუმ 5%, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში 10%-საც კი არ შეადგენს) და აღნიშნულის გამოყენებით უნდა დადგინდეს/დაზუსტდეს გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები და შესაბამისად გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები შესამოწმებელ პერიოდში.
აღნიშნულიდან გამომდინარე მიაჩნია რომ სადავო დარიცხვა არასწორია და შესამოწმებელ პერიოდში საგადასახადო ვალდებულებების დადგენა აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით უნდა მოხდეს და არა ისე როგორც ეს მოცემულ შემთხვევაშია. შესაბამისად თვლის, რომ ამ ნაწილში გასაჩივრებული აქტები არასწორია და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
მოცემულ შემთხვევაში დღგ-ით დაბეგვრის ობიექტის დაზუსტებიდან (შემცირებიდან) გამომდინარე უნდა შემცირდეს სალაროს ნაშთი და შესაბამისად უნდა შემცირდეს საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი.
საყურადღებოა აგრეთვე ის, რომ გადამხდელის საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯებზე გასაჩივრებულ აქტებში საერთოდ არაფერია ნათქვამი და ეს საკითხიც შემოწმებას თავის დროზე მსგავსი საქმიანობის მქონე კომპანიების მონაცემების გათვალისწინებით უნდა დაედგინა.
ზემოთ ხსენებულის გათვალისწინების შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი კიდევ უფრო მეტად უნდა შემცირდეს.
მოცემულ შემთხვევაში უზუსტობას შეიძლება მართლაც აქვს ადგილი გარკვეულწილად, თუმცა არა იმ ოდენობით, როგორც ეს სადავო აქტებში არის მითითებული. შესამოწმებლ პერიოდში უნდა დაზუსტდეს დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი, ასევე დადგინდეს გადამხდელის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები, რომლებიც გაწეული იქნა იმგვარად, რომ მასზე შესაბამისი დოკუმენტი თავის დროზე ან არ/ვერ შედგა ან იგი მოგვიანებით გაიბნა და ვერ მოხერხდა მისი შემოწმებისათვის აღდგენა/მიწოდება, რის გამოც შემოწმებამ დაბეგვრის ობიექტად განიხილა იგი. მოცემულ შემთხვევაში ინფორმაცია საჭიროებს დაზუსტებას, სალაროს ნაშთის გადაანგარიშება უნდა მოხდეს ზემოთ ხსენებულის (დღგ-ით დაბეგვრის ობიექტის დაზუსტებას, ასევე გადამხდელის საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების) გათვალისწინებით და მხოლოდ ამ გზით უნდა დადგინდეს/დაზუსტდეს სალაროს ფაქტიური ნაშთი. შესაბამისად ამ ნაწილში შემცირდება სადავო თანხების დარიცხვა. აღნიშნულიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ სადავო დარიცხვები ამ ნაწილში არასწორია და შესამოწმებელ პერიოდში საგადასახადო ვალდებულებების დადგენა ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით უნდა მოხდეს და არა ისე როგორც ეს მოცემულ შემთხვევაშია.
საჩივრის განხილვის ეტაპზე ხსენებული საკითხები სათანადოდ არ იქნა შესწავლილი/გამოკვლეული შემოსავლების სამსახურის მიერ.
მოცემულ შემთხვევაში არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება დავის საგანს არ წარმოადგენს, სადავო არის შეუსაბამოდ მაღალი ფასნამატის გამოყენებით კანონშეუსაბამო დარიცხვების განხორციელება. როგორც ზემოთ აღინიშნა საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად შემოწმებას უნდა გამოეთხოვა ინფორმაცია მსგავსი საქმიანობის მქონე სხვა გადამხდელებისგან და საქონლის არაიდენტიფიცირებული რეალიზაციის ნაწილში აღნიშნულით უნდა ესარგებლა. ეს არ არის პირველი შემთხვევა და მსგავსი საქმიანობის მქონე არაერთი გადამხდელია ამ სფეროში ბაზარზე - სადაც შემოწმება არის ჩატარებული და შემოსვლების სამსახურის ბაზაში აუდირებული გადამხდელები შესამოწმებელ პერიოდში შეიძლება იქნეს მოძიებული, საკითხავია სადავო აქტებში მითითებული დარიცხვები არის სხვა შემთხვევებშიც? ასეთი მასალები საქმეში არ მოიპოვება, ის რომ გადამხდელის ბუღალტერია არ არის მოწესრიგებული, არ შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ათი მილიონი ლარის ღირებულების საქონლის დამალულ რეალიზაციას ჰქონდა ადგილი.
მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონლის რაოდენობა და ეს ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში დევს. ასევე საქონლის რეალიზაციის დოკუმენტები არის ატვირთული RS-ზე. დარჩენილი საქონელი, რომელიც არაიდენტიფიცირებული რეალიზაციაა - სხვაობით შეიძლება დადგინდეს და ამ ნაწილში უნდა დადგენილიყო, თუ არაიდენტიფიცირებული საქონლის რეალიზაცია რა შემოსავალს მისცემდა სხვა გადამხდელებთან არსებული ფასების გამოყენების შემთხვევაში, საბოლოოდ ამ გზით მიღებულ ერთობლივ შემოსავალს გამოაკლდებოდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული რეალიზაციები, მიღებული სხვაობა იქნებოდა დამატებით დაბეგვრის ობიექტი, სირთულე ამ ნაწილში ისეთი არაფერი არ იყო, რომ მისი შესრულება/გაკეთება შეუძლებელი იყო.
იდენტიფიცირებული რეალიზაციის დროს დადგენილი ფასები არის სხვადასხვა და მათგან მხოლოდ მაღალი ფასების ამოღება და/ან საშუალო შეწონილი ფასების გამოყენება მთლიან რპთ-ზე არ უნდა მოხდეს. აღნიშნული იწვევს შეუსაბამოდ მაღალ დარიცხვებს. სწორედ ფასნამატის დადგენის მეთოდი უნდა შეიცვალოს მოცემულ შემთხვევაში და ამ ნაწილში გადამხდელის მიერ განსხვავებული დოკუმენტების წარუდგენლობაზე შემოსავლების სამსახურის მიერ ყურადღების გადატანა არასწორია. არ ხდება საქონლის მასალების კანონშესაბამისად შესწავლა/შეფასება. სადავო დარიცხვების გამართლებას შემოსავლების სამსახური ბუღალტერიის მოუწესრიგებლობით ხსნის და გამოსავალს ამაში ხედავს, რაც არასწორია.
იმ პირობებში როდესაც არ ხდება საქონლის გაფუჭების შემთხვევების, საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების და/ან პანდემიით გამოწვეული სხვა პრობლემების გაზიარება, თვლის რომ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონელი რეალიზებული უნდა იქნეს საშუალოდ იმ დროს ბაზარზე არსებული სხვა გადამხდელების მიერ რეალიზებული მსგავსი საქონლის საბითუმო ფასებში, მიღებულ შედეგებს უნდა გამოაკლდეს გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემები და დარჩენილი სხვაობა განხილულ იქნეს დამატებით დაბეგვრის ობიექტად და არა ისე როგორც ეს მოცემულ შემთხვევაშია.
გადამხდელის და სახელმწიფო ინტერესების თანაბარზომიერი დაცვის ვალდებულებებიდან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე, 601 მუხლებით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე მოცემულ შემთხვევაში შემმოწმებელს უნდა გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ზემოთ აღნიშნული დარღვევების არ არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა განსხვავებული გადაწყვეტილება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივანმა განმარტა, რომ დოკუმენტებით რეალიზაცია (საიდანაც შემოწმების მიერ განსაზღვრულია დოკუმენტური ფასნამატი) განხორციელებულია ძირითადად ისეთ ორგანიზაციებზე, რომლის მიერ ხდება საქონლის ხარისხის მიხედვით არჩევა და შედარებით მაღალი ფასის გადახდა. შესაბამისად, დოკუმენტური ფასის გადავრცელება მთლიან რპთ-ზე არასწორია. საქონლის იდენტიფიცირებული (დოკუმენტური) რეალიზაცია უნდა დარჩეს უცვლელი და ამ ნაწილში საქონლის ფასნამატი, ასევე დაბეგვრის ობიექტი არ უნდა შეიცვალოს, ხოლო საქონლის არაიდენტიფიცირებული რეალიზაციის ნაწილში ბაზარზე არსებული საშუალო-საბაზრო ფასი მსგავსი საქმიანობის მქონე გადამხდელებისაგან უნდა იქნეს აღებული - მალფუჭებად საქონელზე საბითუმო ფასების გათვალისწინებით (რომელიც უმრავლეს შემთხვევაში არის მაქსიმუმ 5%, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში 10%-საც კი არ შეადგენს). ამასთან, საქონლის შენახვის სათანადო პირობების საქონლის გაფუჭება, განადგურება ფაქტიურად ყოველდღე ხდება, რის გამოც პრაქტიკულად შეუძლებელია საგადასახადო ორგანოს მონაწილეობით გაფუჭებული საქონლის ჩამოწერაზე საუბარი, გაფუჭებული საქონელი დაუყონებლივ გაიტანება იქვე არსებულ ნაგავსაყრელზე, საქონლის ეს ნაწილი ფაქტიურად არ იღებს მონაწილეობას რეალიზაციაში და ისე არ ხდება რომ ადგილი აქვს დამალული შემოსავლების არსებობას როგორც ამას შემმოწმებელი ვარაუდობს. იმის გამო რომ შესაბამისი ნორმები არ არის დადგენილი საქონლის გაფუჭებასთან დაკავშირებით არ შეიძლება ნიშნავდეს რომ აღნიშნულის უგულებელყოფა კანონიერია.
ასევე აღნიშნა, რომ შესამოწმებლ პერიოდში კომპანიის მიერ შეძენილია ადგილობრივ ბაზარზე სულ 1 437 474 ლარის ღირებულების საქონელი (შეძენის დოკუმენტების რეესტრი ელექტრონული სახით საჩივარს ერთვის) და იმპორტირებულია სულ 3 173 308 ლარის ღირებულების საქონელი (იმპორტის რეესტრი ელექტრონული სახით ერთვის საჩივარს). შემოსავლების სამსახური მონაცემების თანახმად გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს სულ 4 888 550 ლარს. დოკუმენტურად რეალიზებულია სულ 3 856 315 ლარის ღირებულების საქონელი (საქონლის რეალიზაციის დოკუმენტების რეესტრი ერთვის საჩივარს). ამდენად, რეალიზაცია არ არის იმ ოდენობით რომ 9 904 663 ლარის დამატებით დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი დადგინდეს. ადგილობრივ ბაზარზე, პირველადი მომწოდებლებისგან შეძენილი ქართული პროდუქციის შესახებ ინფორმაცია/რეესტრი მზადების პროცესშია.
მომჩივნის არგუმენტზე მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა მიუთითა, რომ განხორციელდა გადამხდელის მიერ რეალიზებული ყველა საქონლის იდენტიფიცირება და თვეების ჭრილში თითოეულ საქონელზე გავრცელებულია თავისივე დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასი. იმპორტირებული საქონლის დაახლოებით 16%-ია რეალიზებული დოკუმენტურად, საიდანაც მიღებული შემოსავალი არის დეკლარირებული შემოსავლის დაახლოებით 73%. საქონლის სახეობებიდან დაახლოებით 5-6 სახეობის საქონელია, რომელიც არა არის დოკუმენტურად რეალიზებული და მხოლოდ შეძენის დოკუმენტები არსებობს, მასზე გავრცელებულია შესაბამისი პერიოდის მიხედვით დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატი. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარზე შეძენებს, შეძენილი აქვს იგივე სახეობის საქონელი, რაც იმპორტირებული აქვს, ამდენად, შეუძლებელია გაიმიჯნოს რომელი საქონლის რეალიზაცია მოახდინა გადამხდელმა, ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი თუ იმპორტირებული, აღნიშნულს ვერც გადამხდელი მიჯნავს. ამასთან, გადამხდელს დღგ-სგან გათავისუფლებული ბრუნვა, როგორც საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება, მის სამრეწველო გადამუშავებამდე, არ აქვს დეკლარირებული.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, მომჩივანი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესით, რის გამოც შეუძლებელი გახდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატის გამოყენება და მიღებული შემოსავლის დირექტორის ხელფასად განხილვა მართებულია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.