ბრძანება N 25871
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25871
19 ოქტომბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“ (ს/ნ ------)
(მის.: --------)
2023 წლის 15 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №103) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით არსებითად განსახილველად დაბრუნებული შპს „-----ს“ (ს/ნ ----) 2023 წლის 15 თებერვლის №79115/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №006-688 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, მაგრამ არგუმენტები/მტკიცებულებები არ აქვს წარმოდგენილი. ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 25 მაისის №13140 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-----ს“ (ს/ნ -----) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 29 დეკემბრის №33708 ბრძანება და ამავე თარიღის №006-688 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 694 909 ლარი, მათ შორის გადასახადი 412 815 ლარი, ჯარიმა 206 508 ლარი, საურავი 75 586 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 21 მარტის №5585 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 მარტის №5585 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 19 მაისის №19266/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 მარტის №5585 ბრძანება და საჩივარი არსებითად განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 მაისის №19266/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მითითებული ხარვეზი არსებითად არ უშლიდა ხელს საჩივრის განხილვას და შემოსავლების სამსახური უფლებამოსილი იყო მიეღო საჩივარი წარმოებაში ამ ხარვეზის არსებობის მიუხედავად.
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურმა არამართლზომიერად დატოვა საჩივარი განუხილველად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს“.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში, კერძოდ, 2019 წლის ოქტომბრის და ნოემბრის თვეების საანგარიშო პერიოდებში, გადამხდელს შპს „------გან” მიღებული აქვს ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომელთა საფუძველზეც ჩათვლილია დღგ-ის თანხა ზემოთ ნახსენებ პერიოდებში, ხოლო 2020 წლის ოქტომბრის თვეში გადამხდელს ჩათვლაზე წარდგენილი აქვს იგივე შპს „------ს“ მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სერია: „ეა-----“ №------, რომლითაც განაშთულია ზემოაღნიშნული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, შესაბამისად გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის შესაბამისად, აღარ ეკუთვნოდა დღგ-ის თანხის ჩათვლა. შემოწმების მიერ დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და გადამხდელს დაერიცხა დღგ, ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
2016 წლის 1 სექტემბერს გაფორმებული „უძრავ ქონების ნასყიდობის, მშენებლობის განხორციელებისა და იპოთეკის შესახებ“ ხელშეკრულების მიხედვით მიწის მესაკუთრეებზე: ------ზე, ------ზე, ------ზე, ------ზე და შპს „-----“-ზე ბარტერის სახით გადასაცემია აშენებული სასარგებლო ფართების 20%, არანაკლებ 4 050 კვ/მ. 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 18-ე მუხლის მე-10 ნაწილის, 161-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების და 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე პირთა მიერ განხორციელებული ოპერაცია შემოწმებით განხილულ იქნა გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში განხორციელებული ბარტერული ოპერაციად და დაექვემდებარა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად დაბეგვრას. ხოლო, დასაბეგრი თანხა განისაზღვრა ფაქტიურად გაწეული ხარჯებთან შეპირისპირებით 10%-იანი ფასნამატის გათვალისწინებით. შედეგად პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის საკუთრებაშია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა 5 700 კვ/მ, რაც არ აქვს დეკლარირებული. გადამხდელს დაუკორექტირდა ქონების (მიწის) გადასახადით დასაბეგრი ბაზა და დაერიცხა ქონების გადასახადი, ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
გადამხდელის საბანკო ამონაწერის ანალიზის მიხედვით 2020 წლის იანვრის და თებერვლის თვეებში ფიქსირდება ხელფასის გაცემა, რაც არ არის დეკლარირებული. შემოწმების მიერ დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა და გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შესამოწმებელ პერიოდში განხორციელდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების ანალიზი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საწარმოს 2020 წლის იანვრის და თებერვლის თვეებში სხვადასხვა ფიზიკური პირებისგან ჩარიცხული აქვს რეალიზებული ბინების ღირებულების ნაწილობრივი თანხები (ავანსები), რაც არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდის დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებში. შემოწმების მიერ დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და გადამხდელს დაერიცხა დღგ, ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შესამოწმებელ პერიოდზე განხორციელდა გადამხდელის ფულადი ნაკადების ანალიზი, კერძოდ, რეალიზაციიდან მიღებულ თანხებს გამოაკლდა შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგების და მომსახურების ღირებულება, ასევე გადახდილი ხელფასები და გადასახადები, რის შემდეგაც განისაზღვრა ფულის ნაშთი საწარმოში, რომელმაც შეადგინა 1 358 782 ლარი, ხოლო ბუღალტრული მონაცემების მიხედვით ნაშთი შეადეგნს 0 ლარს. შესაბამისად, დანაკლისი შეადგენს 1 358 782 ლარს, რომელიც შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა კუთვნილი გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახური ასევე განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. შესაბამისად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, მაგრამ არგუმენტები/მტკიცებულებები არ აქვს წარმოდგენილი. ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში, (2019 წლის ოქტომბერი და ნოემბერი) გადამხდელს მიღებული აქვს ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა საფუძველზეც ჩათვლილია დღგ-ის თანხა ზემოთ ნახსენებ პერიოდებში, ხოლო 2020 წლის ოქტომბრის თვეში გადამხდელს ჩათვლაზე წარდგენილი აქვს იგივე კომპანიის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლითაც განაშთულია ზემოაღნიშნული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, შესაბამისად გადამხდელს აღარ ეკუთვნოდა დღგ-ის თანხის ჩათვლა. შემოწმების მიერ დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და გადამხდელს დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა.
2016 წლის 1 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით მიწის მესაკუთრეებზე ბარტერის სახით გადასაცემია აშენებული სასარგებლო ფართების 20%, არანაკლებ 4 050 კვ/მ. პირთა მიერ განხორციელებული ოპერაცია შემოწმებით განხილულ იქნა გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში განხორციელებული ბარტერული ოპერაციად და დაექვემდებარა დაბეგვრას. ხოლო, დასაბეგრი თანხა განისაზღვრა ფაქტიურად გაწეული ხარჯებთან შეპირისპირებით 10%-იანი ფასნამატის გათვალისწინებით. შედეგად პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის საკუთრებაშია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა 5 700 კვ/მ, რაც არ აქვს დეკლარირებული. გადამხდელს დაუკორექტირდა ქონების (მიწის) გადასახადით დასაბეგრი ბაზა და დაერიცხა ქონების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
გადამხდელის საბანკო ამონაწერის ანალიზის მიხედვით 2020 წლის იანვრის და თებერვლის თვეებში ფიქსირდება ხელფასის გაცემა, რაც არ არის დეკლარირებული. შემოწმების მიერ დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა და გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
შესამოწმებელ პერიოდში განხორციელდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების ანალიზი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საწარმოს 2020 წლის იანვრის და თებერვლის თვეებში სხვადასხვა ფიზიკური პირებისგან ჩარიცხული აქვს რეალიზებული ბინების ღირებულების ნაწილობრივი თანხები (ავანსები), რაც არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდის დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებში. შემოწმების მიერ დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და გადამხდელს დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა.
შესამოწმებელ პერიოდზე განხორციელდა გადამხდელის ფულადი ნაკადების ანალიზი, რის შემდეგაც განისაზღვრა ფულის ნაშთი საწარმოში, რომელმაც შეადგინა 1 358 782 ლარი, ხოლო ბუღალტრული მონაცემების მიხედვით ნაშთი შეადეგნს 0 ლარს. შესაბამისად, დანაკლისი შეადგენს 1 358 782 ლარს, რომელიც შემოწმების მიერ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა კუთვნილი გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304.
საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსი 601(1)(2).