გადაწყვეტილება №19198/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19198/2/2023
19 მაისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "------" (ს/ნ "------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,19.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "------"-ის 23.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19198/2/2023).
დავის საგანი:
1. სალაროს უძრავი ნაშთის (გონივრული საკასო ხარჯის გათვალისწინებით) საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა და მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრა;
2. საშემოსავლო გადასახადში დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 18.08.2022 წლის №006-370 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 13.03.2023 წლის №4667 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 121 829 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 45 415
მოგების გადასახადი - 8 229
საშემოსავლო გადასახადი - 37 186
ჯარიმა - 45 415
საურავი - 30 999
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2018 წლის 4 დეკემბრიდან 2022 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 29.07.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 17.08.2022 წლის №21739 ბრძანება და 18.08.2022 წლის №006-370 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 13.03.2023 წლის №4667 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. სალაროს უძრავი ნაშთის (გონივრული საკასო ხარჯის გათვალისწინებით) საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა და მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა რეპორტები ექსელში ბუღალტრული პროგრამიდან, პროგრამაში სალაროში ფიქსირდება ნაღდი ფულის მზარდი ნაშთი, რომელიც აღემატება გონივრულ ნაშთს. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, სალაროს უძრავი ნაშთი განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად. სალაროს უძრავი ნაშთის გაანგარიშებისას გათვალისწინებულია გონივრული საკასო ხარჯი.
შემოწმების შედეგად გადამხდელს სესხის გაცემის მომენტში დაერიცხა შესაბამის პერიოდებში მოგების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა, ხოლო სესხის თანხის დაბრუნების დროს მიიღო მოგების გადასახდის ჩათვლა. გადამხდელს ასევე, დაერიცხა სარგებელზე საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 982 მუხლის მესამე ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-8 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ მოგების გადასახადით დაბეგვრას არ ეთანხმება, ვინაიდან კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში სალაროს არაგონივრული ნაშთი არ აქვს, რაც ჰქონდა კომპანიის საქმიანობიდან და შესყიდვებიდან გამომდინარე საჭირო იყო. ზოგ შემთხვევაში არაგონივრულ ნაშთად მიჩნეული თანხებიც არა საკმარისი იყო და დამფუძნებელს პერიოდულად უწევდა თანხების შეტანა და გატანა, რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში კომპანიას დეკლარირებული არ ჰქონდა, დეკლარაციები იყო გამორჩენილი, თავის მხრივ ყველა გადასახადი მათ შორის საშემოსავლოც კომპანიას სრულად აქვს გადახდილი და შესამოწმებელ პერიოდში დავალიანება არ გააჩნია. მხოლოდ დეკლარირებული აქვს 2020 წლის მაისის თვეში გაცემული ხელფასი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 20%-ს.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, სალაროში უფიქსირდებოდა ნაღდი ფულის მზარდი ნაშთი, რომელიც აღემატება გონივრულ ნაშთს. შემოწმებისას სალაროს უძრავი ნაშთი განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, რაც დაიბეგრა შესაბამისი გადასახადებით.
მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს/მტკიცებულებებს, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი გარემოებების შეცვლის და საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას გამოუვლინდა სალაროს არაგონოვრული ნაშთი, ამასთან, სალაროს ნაშთის გამოყენება სამეურნეო ოპერაციებში ვერ დგინდება, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ სალაროს უძრავი ნაშთის (გონივრული საკასო ხარჯის გათვალისწინებით) საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად ჩათვლა და შესაბამისი გადასახადებით დაბეგვრა მართებულია.
2. საშემოსავლო გადასახადში დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
საშემოსავლო გადასახადში დარიცხვის შინაარსი ასახულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ითხოვს საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხებიდან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად მოეხსნას დაკისრებული ჯარიმა და დარიცხული საურავი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული
სადავო საკითხი
1.მომჩივანი არ ეთანხმება მოგების გადასახადით დაბეგვრას.
2.მომჩივანი ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად მოეხსნას დაკისრებული ჯარიმა და დარიცხული საურავი.
ფაქტობრივი გარემოებები
1.კომპანიის სალაროში ფიქსირდება ნაღდი ფულის მზარდი ნაშთი, რომელიც აღემატება გონივრულ ნაშთს. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, სალაროს უძრავი ნაშთი განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად. სალაროს უძრავი ნაშთის გაანგარიშებისას გათვალისწინებულია გონივრული საკასო ხარჯი.
შემოწმების შედეგად გადამხდელს სესხის გაცემის მომენტში დაერიცხა შესაბამის პერიოდებში მოგების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა, ხოლო სესხის თანხის დაბრუნების დროს მიიღო მოგების გადასახდის ჩათვლა.
გადამხდელს ასევე, დაერიცხა სარგებელზე საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2.გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები.
გადაწყვეტილება
1.საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ სალაროს უძრავი ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად ჩათვლა და შესაბამისი გადასახადებით დაბეგვრა მართებულია.
2.საბჭო მიიჩნევს,რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტი.
101,154,269(7),982