გადაწყვეტილება №27613/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27613/2/2026
27 ივლისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 18.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27613/2/2026).
დავის საგანი:
ფულის არაგონივრული ნაშთის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 3.04.2026 წლის №047-10 საგადასახდო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 29.05.2026 წლის №11869 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 181 670,27 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 112 002,72
ჯარიმა - 55 842,1
საურავი - 13 825,45
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობაა შავი და ფერადი ლითონების ჯართით და მათი ნარჩენებით ვაჭრობა. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 1.06.2021 წლიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად - 26.10.2021 წლიდან.
აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2026 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2023 წლიდან 1.09.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
კომპანია საქონელს იძენს როგორც იურდიული ასევე ფიზიკური პირებისგან და რეალიზაციას ახდენს დოკუმენტურად ადგილობრივ ბაზარზე. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარადგინა მის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია (აღრიცხვის ფაილები, ჯართის შეძენის ჟურნალები, ხელშეკრულებები, ახსნა-განმარტება, ნაშთების შესახებ ინფორმაცია). აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ კომპანიას ფიზიკური პირებისგან შეძენილი აქვს იმაზე მეტი ჯართი ვიდრე შეტანილი აქვს ჯართის შეძენის ჟურნალებში. საქონლის მოძრაობის ანალიზის, საწყისი და საბოლოო ნაშთების გათვალისწინებით გაანგარიშდა ჯართის ის რაოდენობა, რომელიც შეძენილია ფიზიკური პირებისგან დოკუმენტის გარეშე, ხოლო საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშდა აღნიშნული შეძენების ღირებულება, რომელიც ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში გადახდილად.
ჯართის შეძენის ჟურნალების მიხედვით შეძენილია 870 535 ლარის ჯართი, ხოლო სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი ჯართის ღირებულება შეადგენს 783 017 ლარს. გადასახადის გადამხდელი შეძენილი სმფ-ის რეალიზაციას ახორციელებს დოკუმენტურად და შესამოწმებელ პერიოდში შეადგინა 2 937 656 ლარი. ყველა შემოსავალის და ყველა ხარჯის გათვალისწინებით, „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების მიხედვით გაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს თვის საკასო ხარჯის და საკასო შემოსავლის 10%-ის გათვალისწინებით დადგინდა გონივრული ნაშთი 4 126 ლარის ოდენობით. შემოსავლების, ხარჯების, ფულის საწყისი და გონივრული ნაშთის გათვალისწინებით დადგინდა არაგონივრული ნაშთის ოდენობა (325 392 ლარი), რაც ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 3.04.2026 წლის №047-10 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 29.05.2026 წლის №11869 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 1333 მუხლის პირველ-მე-3 ნაწილებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „პ“ ქვეპუნქტებზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე, მხარეთა პოზიციებზე და აღნიშნავს, რომ ჯართის შეძენის თვითღირებულება განისაზღვრა ჯართის შეძენის ჟურნალებში დაფიქსირებული შეძენის ფასის მინიმალური ოდენობით თვის ჭრილში, ხოლო ხარჯების მიზნებისთვის გათვალისწინებულია მიღებული ღირებულების 75%.
ამასთან, შემოსავლების, ხარჯების, ფულის საწყისი და გონივრული ნაშთის გათვალისწინებით გაანგარიშდა არაგონივრული ნაშთი და აღნიშნული თანხა დაიბეგრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, როგორც კომპანიის დირექტორზე გაცემული ხელფასი. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გაანგარიშების ცხრილები გაეგზავნა გადამხდელს, სადაც დეტალურად, ფორმულების სახით ასახული იყო გაანგარიშების მეთოდი, მათ შორის ახსნილი იყო სატელეფონო კომუნიკაციის გზითაც.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ დოკუმენტის გარეშე შეძენილი ჯართის ღირებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა და გადახდილი თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა 3%-იანი განაკვეთით და ასევე ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევა და გადახდის წყაროსთან დაბეგვრა, მართლზომიერია, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მიუხედავად წარდგენილი არგუმენტებისა გაკეთდა აბსურდული დასკვნა, თითქოს გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
სინამდვილეში კი პირიქით მოხდა, მაგალითად კომპანიამ შემმოწმებელს მისი მოთხოვნიდან გამომდინარე წარუდგინა ფულის ნაშთი სალაროში, რაც კომპანიის ბუღალტერიაში ფიქსირდებოდა 117 000 ლარი, ეს სფერო არ არის ტიპიური სავაჭრო საქმიანობა, ანუ აქ ფული არ შემოდის, მხოლოდ გადის და უხდის ფიზიკურ პირებს ხელზე, ეს ხდება კვირების და ზოგჯერ თვეების განმავლობაში, იმ დრომდე ვიდრე საკმარის ჯართს არ შეაგროვებს, რომ ჩააბაროს მიმღებ კომპანიას, ამ პროცესში მერყეობს ჯართის საბაზრო ფასი, ზოგჯერ ჩაბარების ფასი ძალზედ დაბალია და იძულებულია დაელოდოს ფასის აწევას, თუმცა ამ დროს კომპანია შესყიდვას არ წყვეტს და ნაღდი ფულის ნაშთი ამისათვის სჭირდება და მეთოდური მითითება „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ ამ შემთხვევაში არ გამოდგება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გამო, აქვს 3 საჯართე მიმღები პუნქტი, ერთი „-------“-ის რაიონში, ერთი „-------“-ში და ერთი „-------“-ში , აუდიტორის მიერ გამოყვანილი ნაშთი 4 126 ლარი 3 ობიექტზე რომ გავანაწილოთ, გამოდის, რომ თითოეულ საჯართეს ნაშთი უნდა ჰქონოდა 1 375 ლარი, ანუ ეს თანხა ეყოფა 2,5 ტონა ჯართის შეძენას, რამაც შეიძლება ერთ დღესაც არ იკმაროს, ასე რომ ეს მეთოდური მითითება ამ შემთხვევაში არ გამოდგება, მით უმეტეს, აუდიტორთან საუბრისას განემარტათ, რომ არავის გაუუქმებია სალაროში ნაღდი ფულის დათვლის წესი და ითხოვა, რომ ეს შემოწმება ჩაეტარებინა ვისაც ეს ეხებოდა, მეორე დღეს სატელეფონო საუბარში მან დაუდასტურა, რომ სალაროს შემოწმება მოხდებოდა, თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა. მით უმეტეს ეს მეთოდური მითითება არ არეგულირებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო მატერიალური ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესით“ გათვალისწინებულ, სალაროში ნაღდი ფულის დათვლის პროცედურებს. მიუხედავად ამისა შემოსავლების სამსახურმა ამ საკითხში გადაწყვიტა, რომ „საბანკო ამონაწერის მიხედვით, კომპანიის დირექტორს ბანკიდან თანხა გაჰქონდა თითქმის ყოველდღიურად და გატანილმა თანხამ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში შეადგინა 2 002 092 ლარი. შესაბამისად, კომპანია სალაროს ავსებდა ბანკიდან თანხის ყოველდღიური გატანით, რომელიც საკმარისი იქნებოდა მიმდინარე ხარჯების დაფარვისთვის“, თუმცა მათ არ გაითვალისწინეს, რომ კომპანიას ერთი საჯართე არ ჰქონია, გარდა „-------“-სა, საჯართე ჰქონდა „-------“-ში და „-------“-ში, ორივე საჯართე ქალაქგარეთაა და ისინი საშუალოდ თვეში აგროვებდნენ 100 ტონამდე ჯართს, მათ თანხა ერიცხებოდა პირად ანგარიშებზე, მათ შესაბამისად ადგილზე სჭირდებოდათ ნაღდი ფული, შემოსავლების სამსახურმა კი ეს არგუმენტირებული მტკიცებულება საერთოდ უგულვებელყო და თითქოს კომპანიას, ქალაქ „-------“-ის გარდა საჯართე არ გააჩნდა.
საინტერესოა კიდევ რა მტკიცებულებას მოითხოვდა შემოსავლების სამსახური, ნაცვლად იმისა, რომ სამართლიანი მედიატორი ყოფილიყო, ფაქტიურად იყო აუდიტორის დამცველი. მსგავსი შემოწმება ჩატარდა კომპანიაში 2023 წელს, მაშინაც მოითხოვა შემმოწმებელმა კომპანიისგან ფულის ნაშთი, იმ დროს ანგარიშვალდებულ პირებზე იყო 69 877 ლარი ფულის ნაშთი, თუმცა მაშინ შემმოწმებელს ეჭვი არ შეუტანია, თუმცა ამ საკითხში საკანონმდებლო ბაზა არ შეცვლილა.
გასაოცარი იყო შემოსავლების სამსახურის მიდგომა, ანუ იქით შემოედავა, რომ „აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჯართის შეძენის თვითღირებულების განსასაზღვრად შემოწმებამ გამოიყენა გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ჟურნალებში დაფიქსირებული შეძენის ფასის მინიმალური ღირებულება თვის ჭრილში და ხარჯების მიზნებისთვის ჩაუსვა მიღებული ღირებულების 75%. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს“.
საინტერესოა თვითონ რატომ არ მიუთითა ნორმატიული აქტი თუ რომელი ნორმატიული აქტი გამოიყენა შემოწმებამ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ჟურნალებში დაფიქსირებული შეძენის ფასის მინიმალური ღირებულების 75% რომ ჩაუსვა თვის ჭრილში!? მან ჟურნალის გარეშე შესყიდვისას აიღო ჟურნალში დაფიქსირებული უმცირესი ფასი საანგარიშო პერიოდის შესაბამისად და გადახდილად ანუ გაწეულ ხარჯად ჩაუთვალა აღნიშნული უმცირესი ფასის 75%, ეს მიდგომა კი გაურკვეველია რომელ ნორმატიულ აქტს ეყრდნობა? მარტივად შეეძლო ეს გაეკეთებინა, მაგრამ ვერ გააკეთებდა, რადგან ასეთი ნორმა არ არსებობდა, ყოველ შემთხვევაში ამ შესამოწმებელ პერიოდში, ამის გავრცელებას რომ აპირებდა აუდიტორი, მან ეს სატელეფონო საუბარში დაუდასტურა, თუმცა მომჩივანმა ითხოვა, რომ ასეთი ნორმატიული აქტი ამ პერიოდისათვის არ არსებობდა და ეს აუდიტის დეპარტამენტის იურისტებთან გაერკვია, რადგან მას გაასაჩივრებდა, თუმცა ამაო მცდელობა გამოდგა, მათ აქტი იმგვარად შეადგინეს, რომ ძირითადი ფულის ნაშთი საიდან მიიღეს არც კი ჩაწერეს და ბუნდოვანი გახადეს, თუმცა კანონიერი იქნებოდა მას ეხელმძღვანელა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოთი (მანუალით), რომლის მიხედვითაც „გადამხდელის მოგება უნდა განისაზღვროს მის მიერვე იმავე საანგარიშო წელს იდენტური/მსგავსი საქონლის შეძენაზე დოკუმენტურად დაფიქსირებული მინიმალური ფასის გათვალისწინებით“ და არა მინიმალური ფასის 75%-ის ოდენობით. ანუ თვითონ არ წარმოუდგენია, არგუმენტი შემოსავლების სამსახურს და მომჩივანს ედავება არგუმენტის არ წარმოდგენაში, ამიტომ მიუთითოს ის ნორმატიული აქტი რის საფუძველზეც მოახდინა დარიცხვა და რა დაუწუნა წარდგენილ №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს (მანუალს). წინა შემოწმების დროს მაშინდელ აუდიტორს მსგავსი დაუსაბუთებელი (უმცირესი ფასის 75%) დარიცხვა არ გაუკეთებია.
2023 წლის შემოწმების დროსაც ჰქონდა შეცდომები, შემოწმების შედეგად მიღებული სხვაობა, რომელიც გამოვლინდა რეალიზებულ ლითონსა და შესყიდულს შორის, იმის შედეგად მოხდა, რომ ვერ ხდებოდა ჯართის ჩამბარებელი ფიზიკური პირის იდენტითიფიცირება, ვინაიდან დიდ ნაწილს ფიზიკური პირებისა ვისაც მოჰქონდა ჩამბარებელ პუნქტზე შავი ლითონი, არ სურდათ დაფიქსირება საკუთარი თავისა. რაც შეეხება სარეალიზაციო ფასებს, ძირითადად უმცირესი ფასით შესყიდვა ხდებოდა მხოლოდ სასაქონლო ზედნადებით საბითუმოდ შესყიდვისას. ხოლო შესყიდვის ჟურნალის მიხედვით ფიზიკური პირებისგან შესყიდვის საშუალო ფასი არის გაცილებით მაღალი. ეს ყველა ჯართის მიმღებთან ასეა, თუმცა ეს დარღვევებიც ამ ბიზნესის დაბეგვრის თავისებურებებიდან გამომდინარეობს, კერძოდ კი ფიზიკური პირის მიერ ჯართის ჩაბარების დროს საშემოსავლო გადასახადის 3%-იანი განაკვეთს გულისხმობს, რომელიც არასამართლიანიცაა და ბევრ უკანონო გარიგებებსაც უწყობს ხელს. მაგალითად, არასამართლიანი იმიტომ, რომ თუ ფიზიკური პირი მეორად მაცივარს, რომელიც მუშა მდგომარეობაშია გაყიდის იურიდიულ პირზე არ იბეგრება, ხოლო იგივე მაცივარს გაყიდის საჯართეში, იბეგრება. რაც შეეხება დღგ-ის ჩათვლით ჯართის განთავისუფლებამ ბევრი იოლად ფულის შოვნის მსურველები აღმოჩნდა ამ ბიზნესში, რამაც ძალიან გაზარდა კონკურენცია და ძნელი გახდა მოგების მიღება, ეს საკითხი არც მაშინ და არც ეხლა არ გაუსაჩივრებია და მაშინ ამისათვის ასი ათასზე მეტი ლარი გადაიხადა, შემგომ პერიოდში კი შეეცადა, ეს დარღვევა მინიმუმადე შეემცირებინა, თუმცა ვერ შეძლო და არც გადახდაზე ამბობს, უარს, მაგრამ იმ ოდენობაზე, რაც კანონით შესამოწმებელი პერიოდის დროს არსებობდა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი შეძენილი სმფ-ის რეალიზაციას ახორციელებს დოკუმენტურად, რამაც შესამოწმებელ პერიოდში შეადგინა 2 937 656 ლარი. ყველა შემოსავალის და ყველა ხარჯის გათვალისწინებით გაკეთდა ფულის მოძრაობა. „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების მიხედვით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს თვის საკასო ხარჯის და საკასო შემოსავლის 10%-ის გათვალისწინებით დადგინდა გონივრული ნაშთი 4 126 ლარის ოდენობით. შემოსავლების, ხარჯების, ფულის საწყისი და გონივრული ნაშთის გათვალისწინებით გაანგარიშებული იქნა არაგონივრული ნაშთი 325 392 ლარის ოდენობით და აღნიშნული თანხა დაიბეგრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, როგორც კომპანიის დირექტორზე ფ/პ „-------“-ზე (პ/ნ „-------“) გაცემულ ხელფასად.
მომჩივნის არგუმენტაციით, აუდიტის მიერ გამოყენებული მეთოდი - მინიმალური შესყიდვის ფასის 75%-ის გათვალისწინება - მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და არ ეფუძნება მოქმედ ნორმატიულ აქტს, მათ შორის №0256 სახელმძღვანელოს, რომელიც ითვალისწინებს მინიმალური ფასის სრულად გამოყენებას. კანონიერი იქნებოდა ეხელმძღვანელა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით, კერძოდ გადასახადის გადამხდელის მოგება უნდა განისაზღვროს მის მიერვე იმავე საანგარიშო წელს იდენტური/მსგავსი საქონლის შეძენაზე დოკუმენტურად დაფიქსირებული მინიმალური ფასის გათვალისწინებით და არა მინიმალური ფასის 75%-ის ოდენობით.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ წინა საანგარიშო პერიოდებზე ჩატარებულია საგადასახადო შემოწმება, რა დროსაც შეძენილი ჯართისთვის გადახდილი თანხის გაანგარიშების მეთოდი განსხვავდება მის მიერ ჩატარებული საგადასახადო შემოწმებების დროს გამოყენებული მეთოდისგან (რაც გულისხმობს შეძენილი ჯართის უმცირესი ფასის 75%-ის გამოყენებას).
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის სათანადოდ გამოკვლეული/შეფასებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, სადავო საკითხი (შეძენილი ჯართის ღირებულების სალაროს ნაშთის გაანგარიშებაში გათვალისწინების ნაწილი) მომჩივნის არგუმენტებიდან გამომდინარე, საჭიროებს დამატებით შესწავლას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 29.05.2026 წლის №11869 ბრძანება;
3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანია საქონელს იძენს როგორც იურდიული ასევე ფიზიკური პირებისგან და რეალიზაციას ახდენს დოკუმენტურად ადგილობრივ ბაზარზე. მონაცემების დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ კომპანიას ფიზიკური პირებისგან შეძენილი აქვს იმაზე მეტი ჯართი ვიდრე შეტანილი აქვს ჯართის შეძენის ჟურნალებში. საქონლის მოძრაობის ანალიზის, საწყისი და საბოლოო ნაშთების გათვალისწინებით გაანგარიშდა ჯართის ის რაოდენობა, რომელიც შეძენილია ფიზიკური პირებისგან დოკუმენტის გარეშე, ხოლო სსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშდა აღნიშნული შეძენების ღირებულება, რომელიც ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში გადახდილად.
გაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს თვის საკასო ხარჯის და საკასო შემოსავლის 10%-ის გათვალისწინებით დადგინდა გონივრული ნაშთი.შემოსავლების, ხარჯების, ფულის საწყისი და გონივრული ნაშთის გათვალისწინებით დადგინდა არაგონივრული ნაშთის ოდენობა,რაც ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
101,154.