გადაწყვეტილება №21605/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21605/2/2023
10 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“- ის 15.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21605/2/2023).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით;
2. საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნეული განკარგვადი თანხის ოდენობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2.10.2023 წლის №001-210 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 27.11.2023 წლის №28966 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 2 940 214 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 1 883 074
დღგ - 734 992
საშემოსავლო გადასახადი - 1 148 082
ჯარიმა - 941 537
საურავი - 115 603
სადავო საკითხები:
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 10.10.2022 წლიდან 1.07.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 26.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა 2.10.2023 წლის №24222 ბრძანება და №001-210 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 27.11.2023 წლის №28966 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით
ფაქტების აღწერა
საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 10 ოქტომბერს. საწარმოს საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს ლობიოს, ხახვისა და კაკლის იმპორტი ---------- და ---------- და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია. საწარმოს წარმომადგენელთან ვერ მოხდა დაკავშირება, არ განხორციელდა პირველადი დოკუმენტებისა და აღრიცხვის სხვა ინფორმაციის წარმოდგენა. საწარმოში ჩატარებულია სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და განსაზღვრულია საქონლის ნაშთი 2023 წლის 5 ივნისის მდგომარეობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ვალდებულებების დადგენა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად. დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა ამავე საწარმოს რეალიზაციის დოკუმენტებში დაფიქსირებული ფასნამატი პროდუქციის მიხედვით, აგრეთვე კონკრეტულ საქონელზე გამოყენებულ იქნა აუდირებული საწარმოს ფასნამატი და დეკლარირებული ბრუნვის ყოველთვიური თანხების პროპორციით განსაზღვრულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები საგადასახადო კოდექსის 159- ე და 163-ე მუხლების შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159- ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით.
შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.
საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებისას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
დარიცხვა არასწორია შემდეგი მიზეზების გამო: საქონლის რეალიზაცია ხდებოდა როგორც კომპანიებზე, რაც ნაჩვენებია სასაქონლო ზედნადებებში ასევე პირებზე, რომლის რეალიზაციას ახორციელებენ ბაზრობებზე. ამ უკანასკნელზე ხდებოდა უფრო მეტი ლობიოს მიწოდება. კომპანიებზე მიწოდებული ლობიოს ფასი ხშირ შემთხვევაში ბევრად უფრო მეტია (დოკუმენტური ფასი), ვიდრე ბაზრობებზე მიწოდებული. ლოგიკურად, ნებისმიერ დროს ბაზარში ლობიოს ფასი ორჯერ ნაკლებია ვიდრე ნებისმიერ სუპერმარკეტში. ასევე ბევრჯერ იყო შემთხვევა, რომ ბაზრობებზე საქონლის რეალიზაცია მოუხდენია თვითღირებულებით ან თვითღირებულებებზე ნაკლებ ფასად, რაზეც სამწუხაროდ დოკუმენტაცია არ არსებობს, ბაზრობის მონაწილე პირებისგან ვერ მოხდა დადასტურება აღნიშნული ფაქტის. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია ახალი დაფუძნებულია საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილი შემოსავალი არის არარეალური. შეუძლებელია ამ და სხვა მსგავს საქმიანობაში 3-ჯერ მეტი შემოსავლის მიღება, შესაბამისად აქტით დარიცხული თანხა უნდა იყოს ლოგიკური და მიახლოებული რეალობასთან. მისი მხრიდან ამ სადავო საკითხთან მიმართებაში თხოვნაა, შესწავლილ იქნას მსგავსი საქმიანობის მქონე კომპანიების ფასნამატი, შესაძლებელია აუდიტის დეპარტამენტში მოიპოვებოდეს შემოწმების შედეგებიც. შედარებულ იქნას მისთვის გავრცელებულ ფასნამატთან და მოხდეს აქტით დარიცხული თანხების კორექტირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად: 1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატით. კერძოდ, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა ამავე საწარმოს რეალიზაციის დოკუმენტებში დაფიქსირებული ფასნამატი პროდუქციის მიხედვით, აგრეთვე კონკრეტულ საქონელზე გამოყენებულ იქნა აუდირებული საწარმოს ფასნამატი და დეკლარირებული ბრუნვის ყოველთვიური თანხების პროპორციით განსაზღვრულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები.
მომჩივანი ზოგადად საუბრობს და ვერ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი გარემოებების და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან მომჩივანი საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა, საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატით განსაზღვრის შესახებ და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნეული განკარგვადი თანხის ოდენობა
ფაქტების აღწერა
საგადასახადო შემოწმებით გაანგარიშებულ იქნა საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობა, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავლები ჩაითვალა მიღებულად, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი გადახდილად (იმპორტირებული საქონლის ღირებულების 75%). შედეგად, საგადასახადო კოდექსის 73-ე, 154-ე და 101-ე მუხლების საფუძველზე განკარგვადი თანხა 4 592 330 ლარის ოდენობით მიჩნეულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და შესამოწმებელი პერიოდი ბოლოს დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. საწარმოს დაერიცხა დღგ/საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად გაანგარიშებული ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებისას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
1. საკითხი ეხება ხარჯის ნაწილს, კერძოდ შემოწმების მიერ იმპორტირებულ საქონელზე გადახდილად ჩათვლილია 75%. გამომდინარე იქედან, რომ ხარჯის გაწევა ხდება ნაღდი ანგარიშსწორებით, არ აქვს გადარიცხვის დოკუმენტი. რეალურად გაწეული ხარჯი გადახდილია სრულად. აღნიშნულთან დაკავშირებით შესაძლებელია მომწოდებლების წერილობითი დასტურის წარმოდგენა.
2. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს სრულად არ ჰქონდა მიღებული შემოსავლები, შესაბამისად ფულის მოძრაობაში გასათვალისწინებელია დებიტორული დავალიანება, პერიოდის ბოლოს ნაღდი ფულის ნაშთი, კომპანიის მიერ სხვადასხვა ხარჯი (კერძო საწყობის იჯარა, მანქანების მიერ საქონლის გადაზიდვის ხარჯი), რომელიც შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში არ ფიქსირდება და არსებობს მატერიალური სახით. გადაანგარიშების ეტაპზე შეუძლია წარმოადგინოს დებიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებული ურთიერთშედარების აქტი, წერილობითი მტკიცებულება მეორე მხარისგან დავალიანების არსებობის შესახებ, ასევე ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ უხეშად იქნა გაანგარიშებული კომპანიის შემოსავლები და მიღებული თანხები.
ზემოთაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ითხოვს, მიეცეს დამატებით დარიცხული თანხების გადაანგარიშების უფლება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
შემოწმებისას დადგინდა, რომ საგადასახადო შემოწმებით გაანგარიშებულ იქნა საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობა, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავლები ჩაითვალა მიღებულად, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი გადახდილად (იმპორტირებული საქონლის ღირებულების 75%). შედეგად, საგადასახადო კოდექსის 73-ე, 154-ე და 101-ე მუხლების საფუძველზე განკარგვადი თანხა 4 592 330 ლარის ოდენობით მიჩნეულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და შესამოწმებელი პერიოდი ბოლოს დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.
მომჩივანი ზოგადად საუბრობს და ვერ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი გარემოებების და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
პირველი დავის საგნიდან გამომდინარე, ვინაიდან არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლების ფაქტობრივად არსებობა და ეკონომიკურ საქმიანობაში გახარჯვა არ დასტურდება, საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლების (ხარჯის გათვალისწინებით) კომპანიის დირექტორზე გაცემულად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით;
2. საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნეული განკარგვადი თანხის ოდენობა.
ფაქტობრივი გარემოებები
1. მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატით. კერძოდ, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა ამავე საწარმოს რეალიზაციის დოკუმენტებში დაფიქსირებული ფასნამატი პროდუქციის მიხედვით, აგრეთვე კონკრეტულ საქონელზე გამოყენებულ იქნა აუდირებული საწარმოს ფასნამატი და დეკლარირებული ბრუნვის ყოველთვიური თანხების პროპორციით განსაზღვრულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. მომჩივანი ზოგადად საუბრობს და ვერ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი გარემოებების და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
2. საგადასახადო შემოწმებით გაანგარიშებულ იქნა საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობა, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავლები ჩაითვალა მიღებულად, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი გადახდილად (იმპორტირებული საქონლის ღირებულების 75%). შედეგად, საგადასახადო კოდექსის 73-ე, 154-ე და 101-ე მუხლების საფუძველზე განკარგვადი თანხა 4 592 330 ლარის ოდენობით მიჩნეულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და შესამოწმებელი პერიოდი ბოლოს დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. მომჩივანი ზოგადად საუბრობს და ვერ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი გარემოებების და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ორივე ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 159(1„ა,ბ“); 275.