გადაწყვეტილება №20080/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20080/2/2023
10 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ------- 27.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20080/2/2023).
დავის საგანი:
საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.07.2021 წლის №CAR0016949 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 30.01.2023 წლის №003744 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 100 ლარი
ფაქტების აღწერა
მომჩივანმა საინფორმაციო ბარათში არასწორად ასახა ინფორმაცია წარსადგენი დეკლარაციების შესახებ (ივნისის თვის საანგარიშო პერიოდზე მონიშნა - წარმოსადგენი დეკლარაცია (მცირე ბიზნესის საშემოსავლო გადასახადი), არ წარადგინა დეკლარაცია, რაც ჩაითვალა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 111 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევად.
აღნიშნულზე მომჩივანს 20.07.2021 წლის №CAR0016949 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა 100 ლარის ოდენობით. სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლიც 30.01.2023 წლის №003744 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, საგადასახადო კოდექსის 67-ე მუხლის მე-4 ნაწილით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 111 მუხლის მე-7 პუნქტით, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი ნაწილით და 291-ე მუხლით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის განმარტებით, ტერიტორიაზე სადაც იდგა მისი ჯიხური აშენდა კორპუსები (მშენებლებმა დაანგრიეს და დაჭრეს ჯიხური). შესაბამისად ვეღარ იმუშავებდა. ამ დროს დაეღუპა მეუღლე და ვერ შეძლო დეკლარაციის გადაგზავნა. ამასთან, დაემთხვა პანდემიის პერიოდი.
მომჩივანი, ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე ითხოვს, ჯარიმის გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, ასევე შეასრულოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები.
საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 111 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი (გარდა უმოქმედო გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისა და ფიზიკური პირისა, რომელიც არ არის მეწარმე ფიზიკური პირი) შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ვალდებულია შეავსოს გადასახადის გადამხდელის საინფორმაციო ბარათი. ამავე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, არაუგვიანეს შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ბოლო რიცხვისა გადასახადის გადამხდელის საინფორმაციო ბარათში ასახოს ინფორმაცია იმ დეკლარაციის შესახებ (განახორციელოს შესაბამისი მონიშვნა), რომლის წარმოდგენის ვალდებულება წარმოეშობა მიმდინარე საანგარიშო პერიოდის მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ პირს არ გააჩნია საინფორმაციო ბარათში ასახული დეკლარაციის წარმოდგენის ვალდებულება, იგი ვალდებულია საინფორმაციო ბარათში ასახოს აღნიშნული ინფორმაცია (გააუქმოს შესაბამისი მონიშვნა) ან შესაბამის საანგარიშო პერიოდში საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დეკლარაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი თანხა ნულის ტოლია.
ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომჩივანი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ინსტრუქციის 111 მუხლის მოთხოვნათა შეუსრულებლობით, მომჩივანმა არ შეასრულა საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვალდებულება, რაზეც ამავე კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებულია შესაბამისი სანქცია.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო ბაზის მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელი 17.06.2021 წლის №CAR0005932 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს (გაფრთხილების თაობაზე) და ზემოაღნიშნულ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს (ჯარიმის თაობაზე) გაეცნო ერთ თარიღში - 26.01.2023 წელს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით, მისთვის არ იყო ცნობილი ის გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია.
ამდენად, საბჭოს მიზანშეწონილად მიაჩნია, მომჩივნის გათავისუფლება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.07.2021 წლის №CAR0016949 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ სანქცია სწორად არის შეფარდებული, თუმცა მომჩივანი თავისუფლდება ამ სანქციის - ჯარიმის გადახდის ვალდებულებისგან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს 20.07.2021 წლის №CAR0016949 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციისგან;
3. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი ითხოვს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანმა საინფორმაციო ბარათში არასწორად ასახა ინფორმაცია წარსადგენი დეკლარაციების შესახებ (ივნისის თვის საანგარიშო პერიოდზე მონიშნა - წარმოსადგენი დეკლარაცია (მცირე ბიზნესის საშემოსავლო გადასახადი), არ წარადგინა დეკლარაცია, რაც ჩაითვალა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 111 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევად.
აღნიშნულზე მომჩივანს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა 100 ლარის ოდენობით. სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლიც 30.01.2023 წლის №003744 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით, მისთვის არ იყო ცნობილი ის გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია.
ამდენად, საბჭოს მიზანშეწონილად მიაჩნია, მომჩივნის გათავისუფლება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციისგან.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 291; 269(7);
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანება, მუხლი 111(7)