გადაწყვეტილება №17581/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 25.11.2022
№ დოკუმენტი 17581/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№17581/2/2022

25.11.2022

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ --------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 25.11.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------------- 19.08.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17581/2/2022).

 

დავის საგანი:

1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;

2. დამატებით განსაზღვრული შემოსავლის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2021 წლის №038-44 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 9.08.2022 წლის №21260 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 154 116 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 75 502

დღგ - 28 612

საშემოსავლო გადასახადი - 46 890

ჯარიმა - 37 851

საურავი - 40 763

 

პროცედურული გარემოებები გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა კვების მზა პროდუქტების და კერძების წარმოება. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.11.2019 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 14 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2021 წლის №40195 ბრძანება და №038-44 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 9.08.2022 წლის №21260 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელმა შემმოწმებელს წარუდგინა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები (ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა, საბანკო ამონაწერები, წარმოების კალკულაციები და ახსნაგანმარტება, რეალიზებული საქონლის რაოდენობები). ბუღალტრული პროგრამაში ჯამურად არის ასახული შეძენილი საკვები პროდუქტები და ჩამოწერილია წლის ბოლოს, ასევე, წარმოება და რეალიზებული პროდუქცია არაა აღრიცხული არანაირი ფორმით. გადასახადის გადამხდელი დაჯარიმებულია საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესის დარღვევისათვის.

საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული კალკულაციებით და თითოეული წარმოებული საქონლის რაოდენობით მოხდა წარმოებისთვის საჭირო პროდუქტის ჩამოწერა, შედეგად დარჩა სხვადასხვა სახის საკვები ინგრედიენტები, რომლებიც სრულად ვერ გაიხარჯა გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებულ წარმოებულ საქონელში. დარჩენილი საკვები ინგრედიენტებით დამატებით იქნა წარმოებული სხვადასხვა სახის კერძები, გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული კალკულაციების მიხედვით. შემოსავლის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი განმარტება, რომ 8 საათის შემდეგ რეალიზებულ კერძებზე ახდენს 50%-იან ფასდაკლებას.

შემოწმებით, საკონტროლო-სალარო აპარატის ფისკალური მეხსიერებიდან იქნა გაანგარიშებული 8 საათის შემდეგ ამორტყმული ჩეკების წილი მთლიანი ჩეკების რაოდენობაში. მთლიან შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით წარმოებული და რეალიზებული მზა კერძების თანხებს დამატებული უალკოჰოლო სასმელების რეალიზაციის თანხები 23%-იანი ფასნამატით. ასევე, დაემატა ყუთების და კონტეინერების რეალიზაციით მიღებული შემოსავლები (შესაბამის პერიოდში სხვადასხვა დოკუმენტური ფასნამატით), გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული მარკეტინგული მომსახურებით მიღებული თანხები და თვითღირებულებით იქნა რეალიზებული ერთჯერადი ჩანგლები და ჭიქები.

შედეგად, გაიზარდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

სადავო საკითხებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ გარემოებებზე, შემოწმებით განხორციელებულ გაანგარიშებებთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე და მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ გამოყენებული პრინციპით განხორციელებული გაანგარიშება და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, აგრეთვე, გამოვლენილი სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება სადავო დარიცხვას შემდეგ გარემოებათა გამო:

1. კომპანიის მიერ წარმოებაში გახარჯული ფქვილის რაოდენობა მიწოდებული კალკულაციის მიხედვით არის 29 111.75 ლარი, შემმოწმებლის არგუმენტით გახარჯულია 23 519.88 კგ, სხვაობა 5591.87 ლარი. რაზეც დამატებითი წარმოება მოახდინა და დამატებით დარიცხულმა თანხამ შეადგინა 14 693.47 ლარი. აღნიშნული სხვაობა გამოწვეული შემდეგი გარემოებიდან: კომპანიის მიერ ნაწარმოებია პური 72 359 ცალი, რის საწარმოებლად კალკულაციით საჭირო არის 6 029 კგ ფქვილი (გამოსავლიანობა 1.2, 6 029 კგ ფქვილისგან იწარმოება 7 235.9 კგ პური, რაც შეადგენს 72 359 ცალს). შემმოწმებლის გაანგარიშგებით ჯერ აწარმოა იმერული ცომი, შემდეგ აწარმოა პური, გაანგარიშებულ ფორმულაში ეს შემდეგნაირად გამოიყურება 3 768.13 კგ ფქვილისგან აწარმოა 6 029 კგ ცომი (3768.13*1.6 ) და შემდეგ 6 029 კგ ცომიდან აწარმოა 72 359 ცალი პური. აღნიშნული გაანგარიშებით წარმოებაში არ იქნა გამოყენებული 2 260.87 კგ ფქვილი. შემმოწმებლის მიერ არ არის გათვალისწინებული თევზის შეწვისთვის გახარჯული ფქვილი 1 524 კგ, აღნიშნულზე მიწოდებული იქნა დამატებითი ახსნაგანმარტება შემოწმების პროცესში. ანალოგიურად კატლეტისთვის საჭირო პური აწარმოა იმერული ცომით, აღნიშნული მიდგომით საწარმოო პროცესში არ მონაწილეობას 898.43 კგ ფქვილი. ანალოგიური მიდგომით ნაწარმოებია ჰოთ-დოგის პურები, სხვაობა 76.66 კგ ფქვილი. აღნიშნული არგუმენტებზე დაყრდნობით ვერ დაეთანხმება 5 591.12 კგ ფქვილისგან დამატებით წარმოებული პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის 14 693.47 ლარით გაზრდას;

2. აუდიტის დეპარტამენტის მიდგომას და კონტეინერების, ჩანგლების და ერთჯერადი ჭიქების დამატებით რეალიზაციად ასახვას არ ეთანხმება, ვინაიდან კომპანია კონტეინერების ცალკე რეალიზაციას არ ახდენს. მითუმეტეს, ჩანგლების და ერთჯერადი ჭიქების. კონტეინერი, ჭიქები, ერთჯერადი ჩანგლები და სხვა ამდაგვარი არის დამხმარე მასალა, რომელიც გათვალისწინებულია პროდუქციის თვითღირებულებაში. აღნიშნული დამხმარე მასალებით ხდება პროდუქციის მიწოდება მომხმარებელზე და მის რეალიზაციას, როგორც დამოუკიდებელი სამომხმარებლო დანიშნულების საქონელს, კომპანია არ ახდენს. 2018 წელს მხოლოდ ერთხელ ფიქსირდება კონტეინერის, როგორც დამოუკიდებელი სამომხმარებლო საქონლის მიწოდება, სასაქონლო ზედნადებით შპს ------------ (ს/ნ -------------) არა როგორც პროდუქციის შესაფუთი მასალის, არამედ როგორც დამოუკიდებელი საქონელის (დამატებით შეიძინა ცარიელი კონტეინერი, აღნიშნული დასტურდება სასაქონლო ზედნადებით). სხვა პერიოდებში მსგავსი რეალიზაცია დოკუმენტურად არ ფიქსირდება და არც ფაქტობრივად ჰქონდა ადგილი;

3. აუდიტის დეპარტამენტის მიერ, მაიონეზის და შაქრის სოუსის სახით მიწოდების ფაქტის არ გათვალისწინებას ვერ დაეთანხმება, ვინაიდან კომპანიის მიერ ნამდვილად ხდება მაიონეზის მომხმარებელზე მიწოდება სოუსის სახით (მაგიდებზეა განთავსებული როგორც ძმარი, მარილი, ზეთი, წიწაკა, შაქარი და სხვა მსგავსი) და ნაშთი არაგონივრულად არ შეიძლება მიიჩნიოს, ვინაიდან 2018 წლის საანგარიშო პერიოდში მაიონეზი შეძენილია 3 335 კგ, აქედან წარმოებაში დაიხარჯა 610 კგ, საბოლოო ნაშთი 31.12.2018 წლისათვის 50 კგ სოუსის სახით გამოყენებული გამოდის 2 676 კგ;

4. მარგარინი გამოიყენება როგორც საცხები საშუალება ცომეულზე, როგორც გამოცხობის შემდეგ, ასევე ცხობისას საცხობ სინზე წასასმელად. შესაბამისად, 2018 წელს წარმოებულ ცომეულზე აღნიშნული რაოდენობა გაიხარჯა როგორც საცხები მასალა. შესაბამისად, არამართებულად მიაჩნია 2 446.76 კგ მარგარინის რეალიზაციაში ჩართვა და შემოსავლის გაზრდა 11 331.38 ლარით. შემმოწმებლის მიერ აღნიშნული არ არის გათვალისწინებული; 5. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 9 აგვისტოს ბრძანებაში ზოგადად არის განმარტებული აუდიტის დეპარტამენტის მიდგომა. 2018 წლის პერიოდში ნაყიდი აქვს 23 785.57 კგ ქათმის ბარკალი, აქედან 1 500 კგ გაყიდულია შემწვარი სახით. დარჩენილი 22 285.57 კგ ბარკლის დარბილებით (გასუფთავება და ძვლის გამოცლა, აღნიშნული მითითებულია კალკულაციაში) მიღებული იქნა 14 485.62 კგ ხორცის რბილობი. დანაკარგი არის 35%, ხოლო შემმოწმებლის მიერ აღებული იქნა დანაკარგი 24% და სხვაობა 2 366 კგ-დან დამატებით ნაწარმოებია პროდუქცია დასახელებით - ქათამი სიმინდით, აღნიშნულ წარმოებაში გამოყენებული სხვა ინგრედიენტების რაოდენობა კომპანიას არ ჰქონდა (ქამა სოკო, ქათმის ფილე და სხვა). აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლის დამატებით გაზრდა 60 415 ლარით არამართებულია. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ შემმოწმებელმა იხელმძღვანელა კომპანიის მიერ მიწოდებული კალკულაციით, ამ შემთხვევაში დანაკარგი არის 35% და შესაბამისად ნაშთი დამატებითი პროდუქციის საწარმოებლად არ დარჩებოდა;

6. 2018 წლის საანგარიშო პერიოდში მარკეტინგული, სარეკლამო მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 6 725.97 ლარი. შემმოწმებლის მიერ განსაზღვრულია 8 132.75 ლარი. შემოსავლის დამატებით 1 406.78 ლარით გაზრდა უსაფუძვლოა. აღნიშნული საკითხი მოითხოვს დამატებით შესწავლას;

7. 2019 წლის საანგარიშო პერიოდში შემმოწმებლის მიერ გაყიდულია შემწვარი ბარკალი დამატებით 3 430.54 კგ რისი ნაშთიც პერიოდში არ ფიქსირდება. შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავალი არამართებულად გაზრდილია 17 012 ლარით;

8. 2019 წლის საანგარიშო პერიოდში წარმოებული და რეალიზებული იქნა 84 808.50 ცალი კატლეტი. აღნიშნული რაოდენობის კატლეტის საწარმოებლად (კალკულაციის თანახმად) გაიხარჯება: ღორის ხორცი 2 955 კგ, ქათმის ხორცი 2 955 კგ და საქონლის ხორცი 2 955 კგ (3 კგ ხორციდან იწარმოება 28.7 ცალი კატლეტი). შემმოწმებლის მიერ 84 808.50 ცალი საქონლის კატლეტის წარმოებისთვის გამოყენებულია: ღორის ხორცი 2 650 კგ, ქათმის ხორცი 2 650 კგ და საქონლის ხორცი 2 650 კგ. დარჩენილი ნაშთები 305 კგ თითოეულ დასახელებაში არაპირდაპირი მეთოდით აქვს დამატებით (წარმოების სახით) შემოსავალი გაზრდილი. კომპანიის მიერ შეიცვალა 2019 წელს კალკულაცია, გაიზარდა ერთეული კატლეტის წონა, აღნიშნული მიწოდებული იქნა შემმოწმებელზე, თუმცა კატლეტების წარმოებაზე გამოყენებულია 2018 წლის კალკულაცია;

9. 2019 წლის საანგარიშო პერიოდში დამატებით წარმოებულია ქათმის კატლეტი 13 592 ცალი. შემოსავალი გაზრდილია 14 951 ლარით. აღნიშნული პროდუქციის საწარმოებლად კომპანიას 2019 წლის პერიოდისათვის საქონლის ნაშთი არ გააჩნდა (ქათმის ხორცი 755 კგ და დარბილებული ხორცი 755.12 კგ). ქათმის ხორცით წარმოებულ პროდუქციის რაოდენობას ვერ დაეთანხმება შემმოწმებელს და აღნიშნული საკითხი დამატებით გადაანგარიშებას მოითხოვს.შემოწმებისთვის მიწოდებული 2019 წლის კალკულაციის მიხედვით 2019 წლის საანგარიშო პერიოდში ფქვილით პურის წარმოებაზე დაშვებული არის იგივე შეცდომა რაც 2018 წელს, რამაც გამოიწვია წარმოებაში 4 017 კგ ფქვილის არ გამოყენება და ნაშთიდან მოახდინა დამატებითი პროდუქციის წარმოება. ასევე არ იქნა გათვალისწინებული ფქვილის ხარჯი თევზის შეწვაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემმოწმებლის მიერ არაპირდაპირი მეთოდით შემოსავალი უსაფუძვლოდ გაზრდილია 14 000 ლარით;

10. 2019 წლის საანგარიშო პერიოდში დამხმარე მასალების (კონტეინერი, ჭიქები, ჩანგლები და სხვა) რეალიზაცია არ მომხდარა, შესაბამისად შემმოწმებლის მიერ დამატებით შემოსავლის გაზრდა სახარჯო მასალების რეალიზაციიდან მიაჩნია არამართებულად, არგუმენტად მოყვანილ საკითხზე განმარტება მოცემულია მეორე საკითხში. ითხოვს ზემო აღნიშნული საკითხების თავიდან გაანგარიშებას და გამოცემული აქტების ბათილად ცნობას.

 

2. დამატებით განსაზღვრული შემოსავლის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა

შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, შედეგად, დამატებით გამოვლენილი სხვაობის თანხა, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე სახელფასო განაცემად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი დაფიქსირებულია პირველ სადავო საკითხის ნაწილში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების თანახმად, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავლის დაკვალიფიცირება უნდა მოხდეს გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით, შენიშვნის სახით აღნიშნულ მეთოდურ მითითებაში ნათქვამია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტება შეიძლება მოიცავდეს აღნიშნული თანხის როგორც ხელფასად, დივიდენდად, პროცენტად დაკვალიფიცირებას, ისე შესაბამისი თანხის სხვა სახის განაცემად დაკვალიფიცირებასაც.

აღნიშნული მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავლის დაბეგვრის პერიოდი არის შესაბამისი წლის 31 დეკემბერი. შემმოწმებლის მიერ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი დაბეგრილია შესაბამისი წლის პერიოდების მიხედვით (საანგარიშო თვეების მიხედვით) და გადასახადის გადამხდელისთვის არ მოუთხოვია ახსნა-განმარტება აღნიშნული შემოსავალის კვალიფიცირებასთან დაკავშირებით.

კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი არის ერთი პირი, 2016-2019 წლის საანგარიშო პერიოდში კომპანიის დამფუძნებელს ინვესტირებული აქვს თავისი ფულადი რესურსი. ბუღალტრულ ჩანაწერებში (მიწოდებული ბუღალტრული პროგრამა) იდენტიფიცირდება დამფუძნებლის მიერ ყველა ფულადი შენატანი და რომ აღნიშნული თანხების გახარჯვა ხდებოდა სამეურნეო საქმიანობის პროცესში. კომპანიას დამფუძნებლის წინაშე აქვს ვალი 195 100 ლარი. ამ პერიოდში, დამფუძნებელს თავისი ინვესტირებული თანხა არ აქვს ათვისებული, არც დივიდენდის სახით თანხების გატანა ფიქსირდება.

ზემოაღნიშნული მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, ვერ დაეთანხმება, აუდიტის დეპარტამენტის მიდგომას და აღნიშნული შემოსავალის სახელფასო განაცემად განხილვას. აღნიშნული არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი, შესაბამისი კორექტირებების გათვალიწინებით, უნდა დაკვალიფიცირდეს დამფუძნებელზე ვალის დაბრუნებად (როგორც განხილულია მეთოდოლოგიის დანართი 5-ით ), დარიცხული საშემოსავლო გადასახადი მიაჩნია არამართებულად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი პირველ და მე-2 სადავო საკითხების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან -შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელმა წარადგინა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები, ბუღალტრულ პროგრამაში ჯამურად არის ასახული შეძენილი საკვები პროდუქტები და ჩამოწერილია წლის ბოლოს, წარმოება და რეალიზებული პროდუქცია არ არის აღრიცხული, შესამოწმებელ პერიოდში დაჯარიმებულია საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესის დარღვევისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკმარისი საფუძველი არსებობდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულიყო არაპირდაპირი მეთოდით.

მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმებით განხორციელებულ გაანგარიშებებს და შესაბამისად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, ითხოვს მისი არგუმენტების და გაანგარიშების გათვალისწინებით საკითხების ხელახლა შესწავლას. ასევე მიაჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი, შესაბამისი კორექტირებების გათვალიწინებით, უნდა დაკვალიფიცირდეს დამფუძნებელზე ვალის დაბრუნებად, ამდენად, დარიცხული საშემოსავლო გადასახადი მიაჩნია არამართებულად.

აუდიტის დეპარტამენტი 12.09.2022 წლის №91895 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში მომჩივნის არგუმენტებზე აღნიშნავს შემდეგს:

- 2018 წელს ფქვილის ოდენობა განისაზღვრა მიღებული ზედნადებებით, რასაც დაემატა 2017 წელს ნაშთად დარჩენილი ფქვილის რაოდენობა და გამოაკლდა 2018 წლის ბოლოს ნაშთად დარჩენილი ფქვილის რაოდენობა. აღნიშნულის შედეგად, გადასახადის გადამხდელს 2018 წელს წარმოებისთვის დარჩა 29 011 კგ ფქვილი. რაც გაიხარჯა გადამხდელის მიერ წარდგენილი საქონლის რაოდენობებისა და კალკულაციების მიხედვით. გადამხდელის მიერ წარდგენილი კალკულაციებით და რაოდენობებით 2018 წელს გახარჯული გამოვიდა 23 519.88 კგ ფქვილი, ხოლო დარჩენილი ფქვილით 5491.12 კგ-ით დამატებით იქნა წარმოებული იმერული დიდი ხაჭაპური, ტარხუნის ღვეზელი, პური და ჰოთ-დოგი;

- კონტეინერების, ჩანგლების, ჭიქების, კოვზებისა და ყუთების რეალიზაციასთან დაკავშირებით 2018 წლის ზედნადებებში ფიქსირდება, რომ გადასახადის გადამხდელს მიწოდებული აქვს გარკვეული რაოდენობის კონტეინერები და ყუთებიც, ამიტომ შემოწმებისას მოხდა მათი სრული რაოდენობით რეალიზაცია;

- მაიონეზის რეალიზაციასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება. დარჩენილი შაქრის და მაიონეზის რაოდენობა კი იმდენს შეადგენდა, რომ არაგონივრული იყო მათი სოუსის სახით სრულად მიწოდება. დარჩენილი შაქრის ფასზე გავრცელებულ იქნა ქადის ფასნამატი, ხოლო მაიონეზის ფასზე ოლივიეს ფასნამატი; - მარგარინის რეალიზაციასთან დაკავშირებით, შემოწმებისას მარგარინი ჩამოწერილ იქნა გადამხდელის მიერ მოწოდებული კალკულაციებით და რაოდენობებით. ასევე, გათვალისწინებულია ის საქონელი სადაც კალკულაციით ცხიმია მითითებული;

- ქათმის ბარკალი შემოწმებით ჩამოიწერა გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული კალკულაციების და რაოდენობების მიხედვით, ხოლო დარჩენილი რაოდენობა ჩამოიწერა როგორც დანაკარგი. რაც შეეხება საქონელს „ქათამი სიმინდით“ - დამატებით ნაწარმოები იქნა დარჩენილი ქათმის ხორციდან;

- მარკეტინგული და სარეკლამო მომსახურებით მიღებულ თანხებთან დაკავშირებით 2018 წელს გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დამუშავების შედეგად ჩანს, რომ მომსახურებით გაწეულმა თანხამ დღგ-ის გარეშე შეადგინა 8 132.75 ლარი ნაცვლად 6725.97 ლარისა;

- ქათმის ბარკლების რეალიზაციასთან დაკავშირებით, 2019 წელს ქათმის ბარკალი ჩამოიწერა გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული კალკულაციებით და რაოდენობებით, შედეგად დარჩა 4 509.29 კგ ქათმის ბარკალი. აღნიშნული ქათმის ბარკლიდან დამატებით ნაწარმოები იქნა შემწვარი ბარკალი, რაშიც დაიხარჯა 3 430.54 კგ ქათმის ბარკალი და ქათმის კატლეტი, რაშიც დაიხარჯა 1 078.75 კგ ქათმის ბარკალი;

- კატლეტში გახარჯულ ქათმის, საქონლისა და ღორის ხორცის რაოდენობასთან დაკავშირებით, ქათმის კატლეტი წარმოებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული კალკულაციის მიხედვით. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელს წარდგენილი ჰქონდა ინფორმაცია, რომ 3 კილო ხორცისგან (1 კგ ქათმის ხორცი, 1 კგ ღორის ხორცი და 1 კგ საქონლის ხორცი) იწარმოებოდა 32 ცალი საქონლის კატლეტი. გადასახადის გადამხდელს 2019 წელს წარმოებული ჰქონდა 84 809 ცალი კატლეტი. შესაბამისად გადასახადის გადამხდელს გახარჯული აქვს 2 650.25 კგ. ქათმის, ღორის და საქონლის ხორცი.

ქათმის კატლეტის წარმოებაზე, რასთან დაკავშირებითაც გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ არ ჰქონდა ნედლეული, გადასახადის გადამხდელს ნაშთში დარჩა ქათმის ხორცი 755.12 კგ. და ქათმის ბარკალი 1078.75 კგ. ქათმის კატლეტის საწარმოებლად;

- 2019 წელს ფქვილის ნაშთსა და დამატებითი საქონლის წარმოებასთან დაკავშირებით - 2019 წელს გადასახადის გადამხდელმა შეიძინა 19 800 კგ ფქვილი, რასაც დაემატა საწყისი ნაშთი 739 კგ და გამოაკლდა საბოლოო ნაშთი 250 კგ, გადასახადის გადამხდელს 2019 წელს წარმოებისთვის დარჩა 20 289 კგ ფქვილი. აღნიშნული რაოდენობიდან 1 554 კგ დაიხარჯა ნახევრადფენოვანი ცომის მომზადებაში, 10 346.45 დაიხარჯა იმერული ცომის მომზადებაში, ხოლო 3 489.99 კგ ფქვილი დაიხარჯა საფენელის სახით. გადასახადის გადამხდელს ნაშთში დარჩა 4 898.56 კგ ფქვილი, რომლითაც დამატებით იქნა წარმოებული 85 590 ცალი პური რისთვისაც დაიხარჯა 4 457.85 კგ ფქვილი. ქათმის კატლეტის წარმოებაში დაიხარჯა 377.56 კგ ფქვილი საფენელის სახით და კარტოფილის ღვეზელში დაიხარჯა 63.15 კგ ფქვილი;

- 2019 წელს კონტეინერების, ჩანგლების, კოვზებისა და ჭიქების რეალიზაციაზე დგინდება, რომ 2018 წლის ზედნადებების მიხედვით გადასახადის გადამხდელს მიწოდებული აქვს გარკვეული რაოდენობის კონტეინერები და ყუთები, ამდენად, შემოწმების მიერ მოხდა მათი სრული რაოდენობით რეალიზაცია 2019 წელსაც;

- შესამოწმებელ პერიოდში არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილ თანხებსა და დეკლარირებულ თანხებს შორის სხვაობა განხილული იქნა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბრუნვად.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანია ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს პროგრამა ორისში და რომ მასში შესყიდვები დაფიქსირებულია ჯამურად, მაგრამ შემოწმების პერიოდში, ექსელის ცხრილის სახით, მიწოდებული იქნა შესყიდვები და ნაშთები პერიოდების მიხედვით, ანუ ნაშთები იდენტიფიცირდება, შესაბამისად მიეწოდა კალკულაციები 2017-2018-2019 წლებზე და წლის ჭრილში პროდუქციის წარმოება. საჩივარში ჩაშლილია რომელ კონკრეტული საქონლის წარმოებასთან არ ეთანხმება აუდიტორს, საკითხები გავლილია, რაღაც ნაწილში დაეთანხმა აუდიტორი, მაგრამ გადაანგარიშების დასკვნით ირკვევა, რომ იგივე დარჩა მონაცემები და მათი მოთხოვნა არ იქნა გათვალისწინებული. მაგალითად ფქვილთან დაკავშირებით, იმის გამო, რომ შეცვლილია კალკულაციაში წარმოება, სადაც 5000 კგ ფქვილი წარმოება იქნა ჩაშვებული და ამან დამატებით დიდი დარიცხვა გამოიწვია, პურის ცომის და ხაჭაპურის ცომის კალკულაცია სხვადასხვაა, აღნიშნულის განხილვა არ მომხდარა აუდიტორთან ერთად. ასევე, ქათმის ბარკლების ნაწილში, რბილობის დამუშავებისას დანაკარგების ზღვრული ნორმა იქნა შემცირებული. მსგავსი თემებია სხვა საქონელთან მიმართებითაც, რომელიც სხვადასხვა მიდგომით იქნა განხილული აუდიტორის მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ კალკულაციის თემა, მის მიერ საჩივარში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით, რაშიც არ ეთანხმება აუდიტორს, ხელახლა უნდა იქნეს გავლილი მათთან ერთად, ვინაიდან მწარმოებელმა თავად იცის რა დანაკარგებია. მეორე საკითხი, რომელსაც არ ეთანხმება ასევე, არის ერთჯერადი კონტეინერების, ჩანგლების, კოვზებისა, ჭიქების და მსგავსი საქონლის რეალიზაციაში ჩართვა, რადგან მათი გაყიდვა ცალკე არ ხდება, აღნიშნული წარმოადგენს დამხმარე მასალას და მათი ღირებულება შედის პროდუქციის ფასში. კომპანიის არსებობის 4 წლის განმავლობაში, მხოლოდ ერთხელ ფიქსირდება სასაქონლო ზედნადებით კონტეინერის, როგორც სამომხმარებლო საქონლის მიწოდება, აღნიშნულ სასაქონლო ზედნადებით იდენტიფიცირდება, რომ საკვების ყიდვა არ ფიქსირდება, მხოლოდ 3 კონტეინერი იქნა შესყიდული, მაგრამ შეძენილი ხსენებული დამხმარე მასალა, შემოწმების მიერ, სრულად იქნა ჩათვლილი რეალიზაციაში, რასაც არ ეთანხმება. მომსახურებასთან დაკავშირებით, კერძოდ მარკეტინგულ მომსახურების ნაწილში 2000 ლარით მეტია სხვაობა, მიზეზი ვერ ირკვევა, მათი აზრით სხვაობა არ უნდა იყოს, ყველა მომსახურება დაფიქსირებულია ორისში, ამდენად მიიჩნევს, რომ ეს თემაც გასავლელია აუდიტორთან ერთად. არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავლის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად კვალიფიცირებას. შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითებით ჩამოყალიბებულია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებით უნდა მოხდეს არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავლის დაკვალიფიცირება, ხელფასად კვალიფიცირება ფიქრობს ყველაზე ხისტი დამოკიდებულებაა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პარტნიორს, რომელიც 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია, საბრუნავი სახსრები წარმოების დაწყების მიზნით შეტანილი აქვს კომპანიაში და აღნიშნული სახსრები სრულად არ აქვს გატანილი, შესაბამისად ვალი აქვს კომპანიას, ყავს კრედიტორი, მიაჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი უნდა დაკვალიფიცირდეს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ ფქვილის წარმოებაში ჩართვის გაანგარიშების ნაწილში საკითხი გავლილი იქნა მომჩივანთან და არ დათანხმებულა მისი არგუმენტის გათვალისწინებაზე, რადგან გააჩნია მის მიერ წარდგენილი კალკულაცია, რომლის მიხედვით 1 კგ ფქვილიდან მიიღება 1.6 კგ ცომი და რომ აქედან მიიღება 12 ცალი პური, რაც გაანგარიშებულია, მაგრამ აღნიშნულს სხვაგვარად განმარტავდა მომჩივანი და ვერ შეთანხმდნენ. გააჩნია მათ მიერ წარდგენილი პურის და იმერული ხაჭაპურის ცომის კალკულაციები ცალ-ცალკე, გარდა ამისა კალკულაციები გავლილია მომჩივანთან ერთად. რაც შეეხება კონტეინერების, ჩანგლების, ჭიქების, კოვზების რეალიზებულად ჩათვლას, ვინაიდან სასაქონლო ზედნადებით ერთხელ ფიქსირდებოდა გაყიდვა, მოხდა მათი სრული რაოდენობით რეალიზაცია, კერძოდ კონტეინერები ფასნამატით, ხოლო დანარჩენი თვითღირებულებით იქნა რეალიზებულად ჩათვლილი.

საბჭო აღნიშნავს, რომ ერთჯერადი კონტეინერების ჩანგლების, ჭიქების და სხვა ამგვარი დამხმარე საქონლის ცალკე რეალიზაციად ჩათვლის საკითხი სათანადო არ არის არგუმენტირებული აუდიტის დეპარტამენტის მიერ. კერძოდ ის, რომ სასაქონლო ზედნადებით ერთხელ ფიქსირდება ხსენებული დამხმარე საქონლის კონტეინერის რეალიზაცია გადასახადის გადამხდელის მიერ, ვერ იქნება მიჩნეული (სათანადო დოკუმენტის არ არსებობის გამო) რომ ყველა შემთხვევაში ხდებოდა მისი, როგორც დამოუკიდებელი საქონლის გაყიდვა.

ამდენად, ერთჯერადი კონტეინერების, ჩანგლების, ჭიქების და სხვა ამგვარი დამხმარე საქონლის რეალიზებულად ჩათვლის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება უნდა გაუქმდეს.

საბჭო მიუთითებს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის განაცხადი, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად დაკვალიფიცირების თაობაზე, უნდა ჩაითვალოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ახსნა-განმარტებად.

ამგვარად, საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს:

- მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა შეისწავლოს არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებების, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ კალკულაციებთან შესაბამისობის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- ერთჯერადი კონტეინერების, ჩანგლების, ჭიქების და სხვა ამგვარი დამხმარე საქონლის რეალიზებულად ჩათვლის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს გაუქმებას;

- იხელმძღვანელოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად, განახორციელოს არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად კვალიფიცირება და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 9.08.2022 წლის №21260 ბრძანება;

3. გაუქმდეს ერთჯერადი კონტეინერების, ჩანგლების, ჭიქების და სხვა ამგვარი დამხმარე საქონლის რეალიზებულად ჩათვლის შედეგად განსაზღვრული მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები;

4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს:

ა) მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა შეისწავლოს არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებების, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ კალკულაციებთან შესაბამისობის საკითხი;

ბ) შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი, დააკვალიფიციროს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად;

5. ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტმა, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;

2. დამატებით განსაზღვრული შემოსავლის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა კვების მზა პროდუქტების და კერძების წარმოება. ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, შედეგად, დამატებით გამოვლენილი სხვაობის თანხა, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე სახელფასო განაცემად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. აუდიტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 9.08.2022 წლის №21260 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა შეისწავლოს არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებების, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ კალკულაციებთან შესაბამისობის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); განახორციელოს არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად კვალიფიცირება და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთბა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5) 154.