გადაწყვეტილება №25269/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.06.2025
№ დოკუმენტი 25269/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25269/2/2025

23 ივნისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-----------“ (ს/ნ ---------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------ს 6.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25269/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 15.04.2025 წლის №259-9 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 30.05.2025 წლის №11091 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 162 057,3 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 100 381.04

დღგ - 7 636,88

საშემოსავლო გადასახადი - 92 744,16

ჯარიმა - 50 708,30

საურავი - 10 967,96

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობაა ქვიშა ხრეშით და ღორღით ვაჭრობა.

აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.04.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. არ ფლობს სააღრიცხვო დოკუმენტაციას. ვერ მოხდა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარდგენა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით დამუშავდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული და გამოწერილი პირველადი ელექტრონული საგადასახადო დოკუმენტები, დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სრულად აქვს რეალიზებული შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. ამასთანავე გაანგარიშდა ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები. ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი ჩაითვალა ანაზღაურებულად. ამასთან შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა მიმდინარე კონტროლის ღონისძიება "სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის შესახებ", რომლის შედეგად გაირკვა, რომ კომპანიას სალარო არ გააჩნია. ჩატარდა ფულის მოძრაობის ანალიზი და გაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განკარგვადი თანხები, რაც ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე - საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 15.04.2025 წლის №259-9 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 30.05.2025 წლის №11091 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე და 97-ე მუხლებზე, საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე და ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლითაც არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილი განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და აცხადებს, რომ საჩივარზე წარმოადგენს მიღება-ჩაბარების აქტს, ასევე ნასყიდობის ხელშეკრულებებს, რომელიც არ იყო წარდგენილი შემოწმებისთვის შემოწმების პროცესში, ვინაიდან აღნიშნულ დოკუმენტებს შემოწმების აქტის შედგენის შემდგომ მოეწერა ხელი. ითხოვს აღნიშნული დოკუმენტების გათვალისწინებას ფულის ნაშთის გაანგარიშებისას და დარჩენილი თანხის დივიდენდად განხილვას.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს საჩივარზე თანდართული აქვს ავტომანქანებისა და ავტონაწილების შეძენასთან დაკავშირებული ნასყიდობის ხელშეკრულებები და მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლა/გამოკვლევას.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ავტომობილების შეძენაზე გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები ავტონაწილების ხარჯის თაობაზე) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება ავტომობილების შეძენის/ავტონაწილების ხარჯის გაწევის ფაქტი, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ამასთან, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს ფინანსური მოგების გათვალისწინებით, შეისწავლოს ფულის ნაშთის დივიდენდად განხილვის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი აღნიშნავს, რომ გზავნის მიღება-ჩაბარების აქტს და ნასყიდობის ხელშეკრულებებს, რომლებიც არ იყო წარმოდგენილი შემოწმების პერიოდში, ვინაიდან სანამ გააკეთა და მოაწერინეს ხელი ფიზიკურ პირებს, რომლებისგანაც შესყიდული იყო მოცემული ნივთები, მანამდე დაიწერა აქტი, ამიტომ აგზავნის მოგვიანებით. ითხოვს გათვალისწინებულ იქნას და იმ თანხას, რომელიც დაუდასტურებელი ხარჯია გამოკლებულ იქნას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საბჭო მიუთითებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ ფლობს სააღრიცხვო დოკუმენტაციას. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს სრულად აქვს რეალიზებული შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. ამასთანავე, საგადასახადო შემოწმების შედეგად გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები. შემოწმებით ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი ჩაითვალა ანაზღაურებულად. შედეგად, ფულის მოძრაობის ანალიზით გაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განკარგვადი თანხები, რომელიც შემოწმების შედეგად განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახურის 30.05.2025 წლის №11091 ბრძანებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ავტომობილების შეძენაზე გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. თავის მხრივ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები ავტონაწილების ხარჯის თაობაზე) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება ავტომობილების შეძენის/ავტონაწილების ხარჯის გაწევის ფაქტი, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ამასთან, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს ფინანსური მოგების გათვალისწინებით, შეისწავლოს ფულის ნაშთის დივიდენდად განხილვის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 30.05.2025 წლის №11091 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.04.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. არ ფლობს სააღრიცხვო დოკუმენტაციას. ვერ მოხდა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარდგენა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით დამუშავდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული და გამოწერილი პირველადი ელექტრონული საგადასახადო დოკუმენტები, დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სრულად აქვს რეალიზებული შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. ამასთანავე გაანგარიშდა ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები. ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი ჩაითვალა ანაზღაურებულად.

ამასთან შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა მიმდინარე კონტროლის ღონისძიება "სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის შესახებ", რომლის შედეგად გაირკვა, რომ კომპანიას სალარო არ გააჩნია. ჩატარდა ფულის მოძრაობის ანალიზი და გაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განკარგვადი თანხები, რაც ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე - საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №259-9 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №11091 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5„ა“.9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“ );