გადაწყვეტილება №27281/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.06.2026
№ დოკუმენტი 27281/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27281/2/2026

22 ივნისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ფ/პ ----- (ს/ნ ----- )

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 04.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---- 04.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 27281/2/2026).

 

დავის საგანი:

ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების სიგარეტის საქართველოში შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 11.04.2026 წლის N EL312466 სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 01.05.2026 წლის N 9548 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: ჯარიმა - 1 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა:

2026 წლის 11 აპრილს საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ კონტროლის ზონაში ----- მხრიდან შემოსულმა მომჩივანმა საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული ზეპირი გამოკითხვისას განაცხადა, რომ არ გადააადგილებდა დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს. აღნიშნული პირის ფიზიკური და ასევე მისი კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის დათვალიერების შედეგად მას სხეულზე (წელის არეში) აღმოაჩნდა არადეკლარირებული/დამალული საქონელი – სიგარეტი „-----“ – 200 ღერი (10 კოლოფი) და სიგარეტი „-----“ – 600 ღერი (30 კოლოფი).

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანისთვის, მომჩივანს, 2026 წლის 11 აპრილის N EL312466 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა (საქონლის ჩამორთმევის ოქმი N ----- ).

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის პირველი მაისის N 9548 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლზე, ამავე საკანონმდებლო აქტის 27-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის მე-3 ნაწილზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

გადავიდა, რომ ორი კაპიკი ჰქონოდა საღამოს მისი ობოლი შვილიშვილებისთვის. პური მიეტანა. აიღო ოთხი ცალი სიგარეტი, ურჩიეს ასე გაეკეთებია. დააჯარიმეს მიუხედავად მისი თხოვნისა. არანაირი საშუალება არ გააჩნია. არის 85 წლის პენსიონერი. ჰყავს ორი მცირე ობოლი შვილიშვილი მოსავლელი. ითხოვს, გაუუქმდეს ჯარიმა.

ასევე აღნიშნავს, რომ აქვს გულზე ჯანმრთელობის პრობლემა.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს, პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა.

საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის:

ა) შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია;

ბ) ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა - განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო და აუდიოჩაწერა);

გ) დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა - ნაგებობა და ტერიტორია;

დ) ლაბორატორიული კვლევის მიზნით აიღოს საქონლის სინჯი ან/და ნიმუში;

ე) დაათვალიეროს ფიზიკური პირი;

ვ) მოახდინოს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციის საშუალების გამოყენებით ნიშანდება;

ზ) განახორციელოს კონტროლისადმი დაქვემდებარებული მიწოდება;

თ) განახორციელოს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი;

ი) განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.

საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია, მგზავრის მიერ 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებით გათვალისწინებული ჯამურად 50 მლ საქონლის იმპორტი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას ბარგით ან/და ხელბარგით გადაიზიდება და რომელიც ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი არ არის.

საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად:

1. თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

2. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

დადგენილია, რომ საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ კონტროლის ზონაში ----- მხრიდან შემოვიდა მომჩივანი. აღნიშნულმა პირმა საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული ზეპირი გამოკითხვისას განაცხადა, რომ არ გადააადგილებდა დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს. უფლებამოსილი პირის მიერ ფიზიკური პირის, ასევე მისი კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის დათვალიერებისას ----- სხეულზე (წელის არეში) აღმოაჩნდა არადეკლარირებული/დამალული საქონელი – სიგარეტი „-----“ – 200 ღერი (10 კოლოფი) და სიგარეტი „-----“ – 600 ღერი (30 კოლოფი).

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ საქმეზე წარმოდგენილ 19.05.2026 წლის N ----- წერილით ირკვევა, რომ მომჩივანი ხშირად გადაადგილდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე. ამასთან უფიქსირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის ფაქტები თამბაქოს ნაწარმზე. შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები და საგადასახადო შეღავათით სარგებლობასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურები.

ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ მომჩივანი აცნობიერებდა, რომ მისი ქმედება იყო კანონსაწინააღმდეგო, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი ცდილობდა საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას. ასევე აღსანიშნავია, რომ მომჩივნის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ. მსგავსი სამართალდარღვევის მასშტაბმა მიაღწია არასასურველ ზღვარს, მიიღო საშიში ტენდენციის სახე და მისი აღკვეთის მიზნით კანონით დადგენილი უმკაცრესი ზომის გამოყენება მართლზომიერად და პროპორციულად უნდა იქნეს მიჩნეული. საბჭოს მიაჩნია, რომ საბაჟო ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სანქციის შერჩევისას გათვალისწინებულია ყველა ის გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის განზრახულობაზე, სამართალდარღვევის საზოგადოებრივ საშიშროებასა და უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდების შესაძლო უარყოფით შედეგებზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მომჩივნის მიმართ გამოყენება კანონშესაბამისია, არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის გათვალისწინების და სადავო ბრძანების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების სიგარეტის საქართველოში შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

მომჩივანმა საბაჟო კონტროლისას განაცხადა, რომ დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი არ ჰქონდა, თუმცა შემოწმების შედეგად მას აღმოაჩნდა სხეულზე დამალული არადეკლარირებული სიგარეტი. ამის გამო მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა და ჩამოერთვა საქონელი. გადაწყვეტილება თავდაპირველად გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, ხოლო უარის მიღების შემდეგ — დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება:

საბჭო მიიჩნევს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მომჩივნის მიმართ გამოყენება კანონშესაბამისია, არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის გათვალისწინების და სადავო ბრძანების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 168(3); 163(1); 70; 73;.

საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტი;.