ბრძანება N 28376

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.12.2025
№ დოკუმენტი 28376
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 28376

25 დეკემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----“ (ს/ნ -----) (მის.: ----- )

2025 წლის 26 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი N 103) განიხილა შპს „-----" (ს/ნ -----) 2025 წლის 26 ნოემბრის N 99057/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 სექტემბრის N 007-252 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადამხდელი არ ეთანხმება კაპიტალის შემცირების საფუძვლით გაცემული თანხების მოგების განაწილებად, ასევე განკარგვადი ფულის ნაშთის ხელფასად განხილვას. აღნიშნავს, რომ მოგების გადასახადის დარიცხვის საფუძველს წარმოადგენდა 2023 წლის იანვრისა და თებერვლის თვეებში დამფუძნებელზე გაცემული 104 320 ლარის ოდენობის თანხა კაპიტალის შემცირების სახით, ხოლო გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირდა არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი საქონლის ნაშთის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი. აცხადებს, რომ 2022 წლის ბოლოსა და 2023 წლის 20 იანვრამდე პერიოდში კომპანიის საბანკო ანგარიშებზე დამფუძნებლის შენატანის სახით ჯამში ჩარიცხულია 203 804,95 ლარის ოდენობის თანხა. ამასთან, უცხოელ მომწოდებლებზე შეძენილი საქონლის ღირებულების გადარიცხვა მუდმივად ხორციელდებოდა დამფუძნებლის მიერ დოლარის ანგარიშზე შეტანილი თანხების საშუალებით, რაც დასტურდება საბანკო ამონაწერებით. შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი საქონლის ნაშთის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი და დამფუძნებლის მიერ საკუთარი სახსრების შენატანის უკან გატანა არ წარმოადგენდა დაბეგვრის ობიექტს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელის ითხოვს საქმის დამატებით შესწავლას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ივნისის N 13258 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-----“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 10 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 17 სექტემბრის N 20373 ბრძანება და ამავე თარიღის N 007-252 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 208 743 ლარი, მათ შორის გადასახადი 117 489 ლარი, ჯარიმა 56 045 ლარი და საურავი 35 208 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

. შპს „-----“ გადასახადის გადამხდელად, ასევე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის 5 ივლისიდან. საწარმოს საქმიანობის სახეს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში წარმოადგენდა სხვადასხვა მარცვლეულის იმპორტი და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. კომპანიას 2022-2023 წლების განმავლობაში იმპორტის გზით ----- და ----- შემოტანილი აქვს 1 882 234 ლარის თვითღირებულების პროდუქცია. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 18 ივნისის N 12916 ბრძანების ფარგლებში, 2025 წლის 25 ივნისს განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. ბრძანების ჩაბარება მოხდა საწარმოს დირექტორისათვის. შედგენილ ოქმში გადამხდელი განმარტავს, რომ ნაღდი ფულის შემნახველი სალარო არ გააჩნია. შემოწმების მიმდინარეობისას საწარმოს დირექტორის მიერ წარმოდგენილია ახსნა - განმარტება, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ 2025 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით აღარ გააჩნდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი, ამასთან დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების ნაშთები შეადგენდა 0 ლარს. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები ნაწარმოები არ აქვს, შემოწმების მიმდინარეობისას წარმოდგენილია მხოლოდ საბანკო ამონაწერების ნაწილი და ახსნა - განმარტება მოთხოვნილ საკითხებთან დაკავშირებით. შემოწმების ეტაპზე შესწავლილ იქნა, როგორც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების ფარგლებში, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით შესწავლილ იქნა საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული განკარგვადი ფულადი სახსრები. კერძოდ, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული დანახარჯების გათვალისწინებით დაანგარიშებულ იქნა ფულადი სახსრების ნაშთი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის მიჩნეულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

. შემოწმების მიერ ასევე შესწავლილ იქნა საჯარო რეესტრში არსებული სადამფუძნებლო დოკუმენტაცია და saras.gov.ge-ზე წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებები. აღნიშნულ მონაცემში საკუთარი კაპიტალის ნაშთის არსებობა 2022 წლის პირველი იანვრისთვის არ ფიქსირდება. საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ საწარმოს მიერ 2023 წლის იანვრისა და თებერვლის თვეებში დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე გაცემულია 104 320 ლარი, რომლის დანიშნულებაში მითითებულია „კაპიტალის შემცირება“. ამასთანავე, 2020 - 2021 წლებზე განხორციელდა არსებული მონაცემების ანალიზი, რომლის მიხედვითაც აღნიშნული მოცულობით საკუთარი კაპიტალის შეტანის საჭიროება არ დგინდებოდა. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, აღნიშნული თანხების გაცემა ჩაითვალა დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე მოგების განაწილებად და გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა დამატებით საგადასახადო ვალდებულებები მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების ნაწილში. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8-91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5% განაკვეთით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 18 ივნისის N 12916 ბრძანების ფარგლებში, 2025 წლის 25 ივნისს განხორციელდა გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. შედგენილ ოქმში გადამხდელი განმარტავს, რომ ნაღდი ფულის შემნახველი სალარო არ გააჩნია. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები ნაწარმოები არ აქვს, შედეგად, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული დანახარჯების გათვალისწინებით დაანგარიშებულ იქნა ფულადი სახსრების ნაშთი, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის მიჩნეულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა საჯარო რეესტრში არსებული სადამფუძნებლო დოკუმენტაცია და saras.gov.ge-ზე წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებები. აღნიშნულ მონაცემში საკუთარი კაპიტალის ნაშთის არსებობა 2022 წლის პირველი იანვრისთვის არ ფიქსირდება. ასევე, დგინდება, რომ საწარმოს მიერ 2023 წლის იანვრისა და თებერვლის თვეებში დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე გაცემულია 104 320 ლარი, რომლის დანიშნულებაში მითითებულია „კაპიტალის შემცირება“. ამასთანავე, 2020-2021 წლებზე განხორციელდა არსებული მონაცემების ანალიზი, რომლის მიხედვითაც აღნიშნული მოცულობით საკუთარი კაპიტალის შეტანის საჭიროება არ დგინდებოდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნული თანხების გაცემა ჩაითვალა დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე მოგების განაწილებად და გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა დამატებით საგადასახადო ვალდებულებები მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების ნაწილში.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

გადამხდელი ითხოვს საქმის დამატებით შესწავლას, ასევე არ ეთანხმება კაპიტალის შემცირების საფუძველით გაცემული თანხების მოგების განაწილებას, და განკარგვადი ფულის ნაშთის ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენდა სხვადასხვა მარცვლეულის იმპორტი და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. შემოწმების ფარგლებში, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით შესწავლილ იქნა საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული განკარგვადი ფულადი სახსრები. კერძოდ, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული დანახარჯების გათვალისწინებით დაანგარიშებულ იქნა ფულადი სახსრების ნაშთი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის მიჩნეულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. მიიჩნია რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 73 (9 ,,ბ"); 130 (I); 101 (1); 154 (I ,,ა");.