გადაწყვეტილება №23805/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 14.01.2025
№ დოკუმენტი 23805/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23805/2/2024

14 იანვარი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ ------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 26.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23805/2/2024).

 

დავის საგანი:

დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 22.05.2024 წლის №042-13 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 16.07.2024 წლის №16839 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 6 562 874,78 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 4 104 097

დღგ - 1 555 237

საშემოსავლო გადასახადი - 2 548 860

ჯარიმა - 2 052 049

საურავი - 406 728,78

 

ფაქტების აღწერა

კომპანიის საქმიანობაა ხე-ტყის მასალის შეძენა-რეალიზაცია.

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 დეკემბრის №31156 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის 1.01.2021 წლიდან 1.11.2023 წლამდე საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, ხოლო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 31.01.2024 წლის №1550 ბრძანებით, სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის ინვენტარიზაციასთან დაკავშირებით, 31.01.2024 წლის პერიოდი. შემოწმების შედეგები აისახა 29.04.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხთან დაკავშირებით, ირკვევა შემდეგი:

მომჩივანს, შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება საქონლის როგორც ადგილობრივი შეძენა, ასევე იმპორტი. შესამოწმებელი პერიოდის, დეკლარირებული ბრუნვის 92%-ს შეადგენს დოკუმენტური რეალიზაცია. ხოლო, შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდში დეკლარირებული ბრუნვის 42% წარმოადგენს არადოკუმენტურ შემოსავალს, რაც განხილულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ მიწოდებად და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვად. აღნიშნული რეალიზაციიდან მიღებული თანხა დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 22.05.2024 წლის №11653 ბრძანება და №042-13 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 16.07.2024 წლის №16839 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 159-ე, 164-ე, 168-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განმარტებაზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად, გადასახადის გადამხდელთან სმფ-ების ნაშთი არ გამოვლინდა. ასევე ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შესახებ ბრძანების გაცნობის შემდგომ წარმოადგინა 2023 წლის ნოემბრის და დეკემბრის თვის მოგებისა და დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციები (მათ შორის, დაზუსტებული დეკლარაციები), რომლებშიც ასახა დიდი ოდენობით საქონლის რეალიზაცია. ამდენად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ინვენტარიზაციის შედეგები ასახული იქნა კომპანიის მიერ დანაკლისის აღმოჩენის პერიოდის მიხედვით დღგ-ის და მოგების დეკლარაციებში, დეკემბრის და იანვრის თვეებში. აგრეთვე, კომპანიას ხეტყის აღრიცხვის მოდულიდან დოკუმენტურად ჩამოწერილი აქვს (დანართი ექსელის ფაილი), რაზეც განმეორებით დარიცხვა აშკარად საგადასახადო კოდექსის დარღვევაა. უნდა მომხდარიყო მხოლოდ ჯარიმის 10%-ის დარიცხვა.

შესამოწმებელი პერიოდი განსაზღვრული იყო 2021 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის პირველ ნოემბრამდე პერიოდი. ხოლო ინვენტარიზაცია ჩატარდა 2024 წლის 21 იანვარს. ამდენად ნოემბრის და დეკემბრის თვეების დეკლარაციების წარდგენა ან დაზუსტება ინვენტარიზაციის დანიშვნამდე არცერთი კანონმდებლობით არ ეკრძალებოდა. დეკლარაციების წარდგენა დაზუსტება მოხდა კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობდა დარიცხვის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლები.

ინვენტარიზაციის შედეგად სმფ-ის ფაქტიური ნაშთების მიხედვით დადგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც შემმოწმებელმა გადაანაწილა გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების პერიოდის პროპორციულად. ხოლო საშემოსავლო გადასახადით დაბეგრა პერიოდის ბოლოს. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი არა მარტო არ არის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების ობიექტი, არამედ მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის თანახმად, ასევე არ წარმოადგენს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზას. რეალურად ამ შემთხვევაში გამოვლენილი დანაკლისი დაიბეგრა საბაზრო ფასით, შესაბამისად მასზე შეიძლება გავრცელებულიყო მხოლოდ 10%-იანი ჯარიმა.

ამასთან, მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის №994 ბრძანებაზე, საგადასახადო კოდექსსა და ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა, ხოლო 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ შესამოწმებელი პერიოდის დეკლარირებული ბრუნვის 92%-ს შეადგენს დოკუმენტური რეალიზაცია. ხოლო, შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდში დეკლარირებული ბრუნვის 42% წარმოადგენს არადოკუმენტურ შემოსავალს, რაც ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ მიწოდებად და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვად, ხოლო აღნიშნული რეალიზაციიდან მიღებული თანხა დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

მომჩივანი განმარტავს, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი არა მარტო არ არის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების ობიექტი, არამედ მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის თანახმად არ წარმოადგენს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზას. რეალურად ამ შემთხვევაში გამოვლენილი დანაკლისი დაიბეგრა საბაზრო ფასით, შესაბამისად მასზე შეიძლება გავრცელებულიყო მხოლოდ 10%-იანი ჯარიმა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აუდიტის დეპარტამენტის 29.04.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.11.2023 წლამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიზნებისთვის 31.01.2024 წლის ჩათვლით პერიოდი. ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის დეკლარირებული ბრუნვის 92%-ს შეადგენს დოკუმენტური რეალიზაცია.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭო მიუთითებს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 ივლისის №16839 ბრძანება;

3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის №31156 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის 1.01.2021 წლიდან 1.11.2023 წლამდე საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, ხოლო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №1550 ბრძანებით, სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის ინვენტარიზაციასთან დაკავშირებით, 31.01.2024 წლის პერიოდი. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხთან დაკავშირებით, ირკვევა შემდეგი:

მომჩივანს, შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება საქონლის როგორც ადგილობრივი შეძენა, ასევე იმპორტი. შესამოწმებელი პერიოდის, დეკლარირებული ბრუნვის 92%-ს შეადგენს დოკუმენტური რეალიზაცია. ხოლო, შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდში დეკლარირებული ბრუნვის 42% წარმოადგენს არადოკუმენტურ შემოსავალს, რაც განხილულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ მიწოდებად და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვად. აღნიშნული რეალიზაციიდან მიღებული თანხა დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №11653 ბრძანება და №042-13 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №16839 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(-9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“); 159(1 „ა“ და „ბ“ ); 168(1);