ბრძანება N 16090

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 08.07.2024
№ დოკუმენტი 16090
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 16090

08 ივლისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2024 წლის 18 ივნისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 26 ივნისის სხდომაზე (ოქმი №69) განიხილა შპს „-------“-ს (ს/ნ--------) 2024 წლის 18 ივნისის №100854/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 მაისის №081-120 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას, მათ შორის შემოწმებით დადგენილ ფასნამატს. აცხადებს, რომ აუდიტორის მიერ დაწუნებულ იქნა გადამხდელის ბუღალტრული პროგრამა და აფასებს მას, როგორც გადასახადების განსაზღვრისთვის არასაკმარისს, წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის საფუძველზე დადგენილ იქნა რეალიზაცია და შესაბამისად განხორციელდა დღგ-ის დარიცხვა, ხოლო საშემოსავლო და ქონების გადასახადებში დეკლარირებულსა და პროგრამით ფიქსირებულ მაჩვენებლებს შორის სხვაობა არ გამოვლენილა.

2. გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთში გამოვლენილი სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. აცხადებს, რომ გაუგებარია აბსურდული ფასნამატით დამატებით განსაზღვრული ბრუნვის სალაროს ნაშთად აღიარების, ხელფასად მიღებულად ჩათვლის და შემდგომ ამ მაჩვენებლის აგროსვით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, ვინაიდან აღნიშნული გარემოებით, გადამხდელი იხდის იმაზე მეტ გადასახადს, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვებითაა განსაზღვრული.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 თებერვლის №3714 და 16 მაისის №11326 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „---------“-ს (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვროს 2021 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 14 მარტის ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 20 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 29 მაისის №12584 ბრძანება და 30 მაისის №081-120 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 248 097 ლარი, მათ შორის, გადასახადი 144 073 ლარი, ჯარიმა 71 156 ლარი და საურავი

32 868 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1. გადასახადის გადამხდელი ახორციელებს ელექტრო საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების იმპორტს/ადგილობრივ შეძენას და ახდენს ადგილობრივ ბაზარზე, იჯარით აღებულ ფართში, ქ.---------- რეალიზაციას. ასევე ახორციელებს აღნიშნული პროდუქციის დამონტაჟება/შეკეთებასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებას. კომპანიის მიერ წარმოდგენილი იყო ბუღალტრული პროგრამა, რომელითაც სრულყოფილად ვერ დგინდებოდა დაბეგვრის ობიექტი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 14 მარტის №5532 ბრძანების საფუძველზე საწარმოში განხორციელდა სმფ-ების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც დადგინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთი. ინვენტარიზაციის შედეგად სმფ-ის დანაკლისი/ზედმეტობა არ გამოვლინდა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, შემოწმების მიერ დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ: შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ურთიერთშეპირისპირებით დადგენილ იქნა რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულება (საწყის ნაშთს+შეძენები-საბოლოო ნაშთი), რაზეც გავრცელდა ინვენტარიზაციის საფუძველზე შემოწმებით დადგენილი ფასნამატი (90%) და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შემოწმების პროცესში მომზადდა ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი ცხრილი (ზემოაღნიშნული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი შემოსავლის გათვალისწინებით). შედეგად დადგინდა ფულის ნაშთი 295 264 ლარი (აგროსვით - 369 080 ლარი). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, აღნიშნული თანხა შემოწმების მიერ ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იყო ბუღალტრული პროგრამა, რომელითაც სრულყოფილად ვერ დგინდებოდა დაბეგვრის ობიექტი. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილი საჩივრით ასევე არ ეთანხმება შემოწმების მიერ გაანგარიშებულ ფანსამატს და აცხადებს, რომ აუდიტორის პოზიციით ფასნამატი 90%-ია, მაგრამ აღნიშნულის განსაზღვრისთვის არ მომხდარა საკონტროლო შესყიდვის ოპერაცია, არც სხვა საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტია დაფიქსირებული და არც საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა პროცედურებია განხორციელებული, მხოლოდ ინვენტარიზაციის დროს დაფიქსირებული აბსურდული ფასების საფუძველზე ახდენს გადასახადის გადამხდელის დასჯას, ასევე უგულებელყოფილია დოკუმენტური (სასაქონლო-ზედნადებებით რეალიზებული პროდუქცია ან ანგარიშ/ფაქტურებით გაწეული მომსახურება) გაყიდვების ფაქტებიც.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და საქმის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წამომადგენლის განმარტებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე საწარმოში განხორციელდა სმფ-ების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც დადგინდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთი. ამასთან, ფასნამატის გამოყვანა განხორციელდა შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელისთვის გადაგზავნილი საქონლის რეალიზაციასა და შეძენასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიხედვით (რეალიზაციის და შეძენის ფასების დაკავშირება განხორციელდა გადამხდელის მიერ). აღნიშნული ფასნამატი გავრცელდა ინვენტარიზაციით დადგენილ ფაქტობრივ ნაშთსა და ბუღალტრულ ნაშთს შორის სხვაობაზე, რომელიც ჩაიშალა შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად და აღნიშნულის გათვალისწინებით პირს დაერიცხა დღგ. შემმოწმებლის განმარტებით, გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი შეადგენს 46%-ს, ხოლო ბუღალტრული პროგრამის მიხედვით - 47%-ს, ამასთან, დოკუმენტური რეალიზაცია შესამოწმებელ პერიოდში მთლიანი რეალიზაციის 90%-ზე მეტია.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაცია შესამოწმებელ პერიოდში მთლიანი რეალიზაციის 90%-ზე მეტია, ამასთან, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებულ „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ (№10 დანართი) მეთოდური მითითების მე-20 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია ფასნამატის გამოყენების რიგითობა, შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია, ინვენტარიზაციით დადგენილ სასაქონლომატერიალური ფასეულობების ფაქტობრივ ნაშთსა და ბუღალტრულ ნაშთს შორის სხვაობაზე გამოყენებულ იქნას გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიაჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდით დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ინვენტარიზაციით დადგენილ სასაქონლომატერიალური ფასეულობების ფაქტობრივ ნაშთსა და ბუღალტრულ ნაშთს შორის სხვაობაზე გაავრცელოს დოკუმენტური ფასნამატი შესაბამისი პერიოდების მიხედვით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოწმების პროცესში მომზადდა ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი ცხრილი (ზემოაღნიშნული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი შემოსავლის გათვალისწინებით). შედეგად დადგინდა ფულის ნაშთი 295 264 ლარი (აგროსვით - 369 080 ლარი), რომელიც შემოწმების მიერ ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---------“-ს (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ინვენტარიზაციით დადგენილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივ ნაშთსა და ბუღალტრულ ნაშთს შორის სხვაობაზე გაავრცელოს დოკუმენტური ფასნამატი შესაბამისი პერიოდების მიხედვით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას, მათ შორის შემოწმებით დადგენილ ფასნამატს.

2.გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთში გამოვლენილი სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელი ახორციელებს ელექტრო საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების იმპორტს. საწარმოში განხორციელდა სმფ-ების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც დადგინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთი. ინვენტარიზაციის შედეგად სმფ-ის დანაკლისი/ზედმეტობა არ გამოვლინდა. შემოწმების მიერ დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

შემოწმების პროცესში მომზადდა ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი ცხრილი. შედეგად დადგინდა ფულის ნაშთი.

აღნიშნული თანხა შემოწმების მიერ ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

არაპირდაპირი მეთოდით დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ინვენტარიზაციით დადგენილ სასაქონლომატერიალური ფასეულობების ფაქტობრივ ნაშთსა და ბუღალტრულ ნაშთს შორის სხვაობაზე გაავრცელოს დოკუმენტური ფასნამატი შესაბამისი პერიოდების მიხედვით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ასევე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5,9);159(1);163(1);164(1);101(1);154(1)