გადაწყვეტილება №21219/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.04.2024
№ დოკუმენტი 21219/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21219/2/2023

18 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 2.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21219/2/2023).

 

დავის საგანი:

შესამოწმებელი პერიოდი და აღნიშნულ პერიოდზე შემოწმების შედეგად გაანგარიშებული ფასნამატის ოდენობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 13.07.2023 წლის №007-190 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 18.09.2023 წლის №22794 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 412 581.1 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 232 489

დღგ - 101 887

საშემოსავლო გადასახადი - 130 602

ჯარიმა - 116 345

საურავი - 63 747.1

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა იჯარით აღებულ ფართებში საცალო ვაჭრობა შერეული საქონლით უპირატესად საკვები პროდუქტებით, თამბაქოთი და სასმელებით.

აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2023 წლის №6614 ბრძანებით ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 29.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ:

შემოწმების პროცესში შესწავლილია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. გაირკვა, რომ რეალიზაცია ხორციელდება არადოკუმენტურად (99%). გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული წლიური ფასნამატი ჩამორჩება 2020, 2021 და 2023 წლებში განხორციელებული საკონტროლო შესყიდვით გამოვლენილ ფასნამატებს. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვა ნაკლებია შესაბამისი საანგარიშო პერიოდებში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. გადამხდელს არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვა და საქონლის მოძრაობის მონაცემები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არ ფიქსირდება მონაცემები დეფექტური ან მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლომატერიალური ფასეულობების ჩამოწერაზე. ასევე, არ დაფიქსირებულა დაუძლეველი ძალის (ხანძარი, წყალდიდობა და ა. შ) მოქმედების შედეგად დაზიანებული საქონლის ჩამოწერის შემთხვევები. შესამოწმებელ პერიოდში ჩატარებულია საკონტროლო შესყიდვები. გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა გადამხდელის მიღებული/მისაღები შემოსავალი. კერძოდ, შემოსავლის გაანგარიშებისას გამოყენებულია გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული საკონტროლო შესყიდვებით განსაზღვრული საშუალო შეწონილი ფასნამატი (შესაბამისი პროდუქციის ჯგუფების მიხედვით). აღნიშნული ფასნამატი შესაბამისობაშია აუდირებული - მსგავსი საქმიანობის მქონე ობიექტების ფასნამატთან. კერძოდ: შემოწმების შედეგად შეძენის წილის პროპორციულად გაანგარიშებულია რპთ, სმფ-ების ჯგუფებისა და სახეობების მიხედვით, რაზეც გავრცელდა შესაბამისი ჯგუფის ფასნამატი. შედეგად გაანგარიშდა საქონლის რეალიზაციიდან მიღებული/მისაღები შემოსავალი და განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

ასევე, შესწავლილია შესამოწმებელი პერიოდში ფულადი ნაკადების მოძრაობა, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებებისა და სხვა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯებისა და შემოსავლების გათვალისწინებით. შედეგად განისაზღვრა კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული თავისუფალი განკარგვადი თანხა, რაც ჩაითვალა თითოეული საანგარიშო პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზეც გამოიცა 13.07.2023 წლის №17035 ბრძანება და ამავე თარიღის №007-190 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 15.08.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 18.09.2023 წლის №22794 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადამხდელს არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვა და საქონლის მოძრაობის მონაცემები, მის მიერ არ იქნა წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია და შეუძლებელი გახდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა. საქონლის უდიდესი ნაწილის (99%) რეალიზაცია ხორციელდება არადოკუმენტურად, ხოლო გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი ჩამორჩება შესამოწმებელ პერიოდში ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებებით (კერძოდ: საკონტროლო შესყიდვა) გამოვლენილ ფასნამატს. ასევე, საკონტროლო შესყიდვით გამოვლენილი ფასნამატი შესაბამისობაშია აუდირებულ (მსგავსი საქმიანობის მქონე ობიექტების) ფასნამატთან. შემოწმების მიერ შეძენის წილის პროპორციულად გაანგარიშებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჯგუფები, საქონლის სახეობების მიხედვით და გავრცელდა შესაბამისი ჯგუფის ფასნამატი. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის ფულადი ნაკადების მოძრაობის შესწავლისას გათვალისწინებულია, როგროც პირის მიერ მიღებული შემოსავლები, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები, ასევე, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, მათ შორის კომუნალური ხარჯებიც.

სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანია საქმიანობს იჯარით აღებულ ფართებში თავდაპირველად ერთ ობიექტზე, ხოლო მოგვიანებით დაემატა მეორე ობიექტი, ფაქტობრივად ეს იყო უბნის მაღაზია, რომელიც გათვლილი იყო გარეუბანში მცხოვრებ, მცირებიუჯეტიან მოსახლეობაზე, რომლის ფასები გაცილებით ჩამორჩება დიდ სავაჭრო მარკეტების და სუპერმარკეტების ფასებს. ფაქტობრივად კომპანიის სავაჭრო ფასნამატი 12%-დან 12,5%-მდე მერყეობდა. საყოველთაოდ ცნობილია ის ფაქტი, რომ სადისტრიბუციო კომპანიები ასეთი ტიპის მეწარმეებს სხვა ფასებში, უფრო მაღალ ფასად აწვდიან საქონელს და შესაბამისად წარმოუდგენელია მაღალი, 19% და მეტი ფასნამატით საქონლის რეალიზება. გარდა ამისა, საქმიანობაში ხშირი იყო დეფექტური ან მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა, რაც კიდევ უფრო ამცირებდა შემოსავალს.

შემმოწმებელი აქტში მითითებულია, რომ 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე განხორციელდა შემოწმების პერიოდის განსაზღვრა, მაშინ როდესაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შემოწმებას უნდა დაქვემდებარებულიყო არაუმეტეს უკანასკნელი 2 წლის პერიოდი, 2021 და 2022 წლები. გარდა ამისა, აუდიტის მიერ არ მომხდარა ფასნამატის შეფასება გონივრულ ფარგლებში, რის გამოც საგადასახადო ორგანოს აღნიშნული შეფასება არ უნდა გაეზიარებინა შემოსავლების სამსახურს და შემოწმების პერიოდის 2 წლამდე შემცირებაზე და ფასნამატის ადეკვატურ ოდენობამდე შემცირებაზე უნდა ემსჯელა. მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატი შეუსაბამოდ მაღალია მსგავსი საქმიანობის მქონე ობიექტების ფასნამატთან.

მომჩივანი ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შემოწმების პერიოდი განისაზღვრება 2021 და 2022 წლები, ასევე გადაიხედოს ფასნამატის ოდენობა და შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე, რაც არსებული პრაქტიკის მიხედვით არ უნდა აღემატებოდეს 15%-ს.

ყველა ის პირი რომელიც ჩართული იყო სამეურნეო საქმიანობაში იყო ოჯახის წევრი, ან ოჯახთან დაახლოებული პირი, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ეხმარებოდა კომპანიას საქმიანობის გამართვაში, ვინაიდან განსაკუთრებით საქმიანობის დაწყების პირველ ეტაპზე, ფაქტობრივად კომპანია მუშაობდა ზარალზე. ამასთან, კომპანიის ხელძღვანელმა არასწორი კონსულტაციის გზით მიღებული ინფორმაციით (ვინაიდან არ ჰქონდა საკმარისი თანხები დაექირავებინა აუდიტი ან ექსპერტი და მიეღო მხარდაჭერა კონსულტაციების სახით) მიიჩნია, რომ გადასახადების გადახდას მოახდენდა საქმიანობის გამართვის შემდგომ. კომპანიის ხელმძღვანელისათვის არ იყო ცნობილი საგადასახადო რეგულაციები, რის გამოც მისი ფიქრით საქმიანობის გაძლიერების და შემოსავლის გაზრდის შემდგომ მოახდენდა საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას. შესაბამისად, აღნიშნული სამართალდარღვევა გამოწვეულია არცოდნით და არ მომხდარა განზრახ გადასახადებისგან თავის არიდება.

ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, განხორციელდეს გადასახადის გადამხდელის გათავისუფლება დაკისრებული ჯარიმისა და საურავისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია, ხოლო 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ და „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

მომჩივანი მიუთითებს, რომ 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე განხორციელდა შემოწმების პერიოდის განსაზღვრა, მაშინ როდესაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შემოწმებას უნდა დაქვემდებარებულიყო არაუმეტეს უკანასკნელი 2 წლის პერიოდი, 2021 და 2022 წლები. გარდა ამისა, შემოწმების შედეგად არ მომხდარა ფასნამატის შეფასება გონივრულ ფარგლებში, ფაქტობრივად კომპანიის სავაჭრო ფასნამატი 12%-დან 12,5%-მდე მერყეობდა. საყოველთაოდ ცნობილია ის ფაქტი, რომ სადისტრიბუციო კომპანიები ასეთი ტიპის მეწარმეებს სხვა ფასებში, უფრო მაღალ ფასად აწვდიან საქონელს და შესაბამისად წარმოუდგენელია მაღალი, 19% და მეტი ფასნამატით საქონლის რეალიზება.

მომჩივნის არგუმენტზე, აუდიტის დეპარტამენტის 24.11.2023 წლის №---------- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, შემოწმების პროცესში შესწავლილია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ რეალიზაცია ხორციელდება არადოკუმენტურად (99%). გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვა ნაკლებია შესაბამისი საანგარიშო პერიოდებში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, შედეგად დეკლარირებული წლიური ფასნამატი ჩამორჩება 2020, 2021 და 2023 წლებში განხორციელებული საკონტროლო შესყიდვით გამოვლენილ ფასნამატებს. გადამხდელს არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვა და საქონლის მოძრაობის მონაცემები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არ ფიქსირდება მონაცემები დეფექტური ან მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერაზე. ასევე, არ დაფიქსირებულა დაუძლეველი ძალის (ხანძარი, წყალდიდობა და ა. შ.) მოქმედების შედეგად დაზიანებული საქონლის ჩამოწერის შემთხვევები. გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. რაც შეეხება გადამხდელის მითითებას შესამოწმებელ პერიოდზე, აღსანიშნია, რომ აღნიშნული პერიოდი, 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდები, განსაზღვრულია აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2023 წლის №6614 ბრძანების საფუძველზე, რაც საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის გათვალისწინებით შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდით მართებულად განსაზღვრა გადასახადის გადამხდელის მიღებული/მისაღები შემოსავალი. ამდენად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ამასთან, მომჩივანი ითხოვს შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში.

საბჭო ვერ იმსჯელებს მომჩივნის მოთხოვნაზე ვინაიდან, იგი სადავოს არ წარმოადგენდა შემოსავლების სამსახურში 15.08.2023 წელს წარდგენილი საჩივრით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს იმ საკითხზე, რომელიც სადავოდ არ გამხდარა შემოსავლების სამსახურში დავის წარმოებისას.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შესამოწმებელი პერიოდი და აღნიშნულ პერიოდზე შემოწმების შედეგად გაანგარიშებული ფასნამატის ოდენობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 24.11.2023 წლის წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, შემოწმების პროცესში შესწავლილია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ რეალიზაცია ხორციელდება არადოკუმენტურად (99%). გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვა ნაკლებია შესაბამისი საანგარიშო პერიოდებში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, შედეგად დეკლარირებული წლიური ფასნამატი ჩამორჩება 2020, 2021 და 2023 წლებში განხორციელებული საკონტროლო შესყიდვით გამოვლენილ ფასნამატებს. გადამხდელს არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვა და საქონლის მოძრაობის მონაცემები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არ ფიქსირდება მონაცემები დეფექტური ან მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერაზე. ასევე, არ დაფიქსირებულა დაუძლეველი ძალის (ხანძარი, წყალდიდობა და ა. შ.) მოქმედების შედეგად დაზიანებული საქონლის ჩამოწერის შემთხვევები. გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. რაც შეეხება გადამხდელის მითითებას შესამოწმებელ პერიოდზე, აღსანიშნია, რომ აღნიშნული პერიოდი, 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდები, განსაზღვრულია აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2023 წლის №6614 ბრძანების საფუძველზე, რაც საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის გათვალისწინებით შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 101(1); 154(1„ა“); 159(1„ა,ბ“); 275.