ბრძანება N 5366

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 20.03.2023
№ დოკუმენტი 5366
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 5366

20.03.2023

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ---------------------------)

2023 წლის 24 იანვრის და 14 თებერვლის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 და 22 თებერვლის სხდომებზე (ოქმები №11; №17) განიხილა შპს „---------“ (ს/ნ -------) 2023 წლის 24 იანვრის №78449/1/2023 და 14 თებერვლის №26807/21-11 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №006-673 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

მომჩივნის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დებიტორულ დავალიანებად აღრიცხული თანხების მიღებულად მიჩნევას და დირექტორის ხელფასად განხილვას. მიუთითებს, რომ საწარმოს დამფუძნებელ -------- და --------- შორის რომელიც დამფუძნებელია იმ კომპანიების, რომელთაც გააჩნიათ შპს „-------------“ დებიტორული დავალიანება, მიმდინარეობს წილის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებიდან მიმდინარე დავა. აღნიშნული დავის არსებობის გამო, ------მა (როგორც შპს „-------“ პროდუქციის შემძენმა), რომელსაც გააჩნია დებიტორული დავალიანება, კომპანიის მიმართ შეწყვიტა მიღებული საქონლის ღირებულების გადახდა. დავალიანების ჯამური ოდენობა დღეის მდგომარეობით შეადგენს 4 500 000 ლარს. გადამხდელის განმარტებით, მათ მიერ შეტანილია სარჩელი ზემოაღნიშნული დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებით.

2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს დარიცხული ჯარიმა-საურავისაგან გათავისუფლებას, იმის გათვალისწინებით, რომ გადაიხდის (იმ ნაწილში, რომელშიც ეთანხმება) გადასახადის თანხას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 ივლისის №19100 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“ (ს/ნ ---------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 27 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 28 დეკემბრის №33409 ბრძანება და ამავე თარიღის №006-673 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 821 850 ლარი, მათ შორის, გადასახადი 1 125 437 ლარი, ჯარიმა 584 658 ლარი, საურავი 111 755 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შემოწმებით შესწავლილ იქნა პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია (საგადასახადო დოკუმენტები, სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო სპეც ანგარიშ-ფაქტურები, ასევე, საბაჟო დეკლარაციები). ამასთან, წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის შესწავლის შედეგად, დგინდება, რომ გადამხდელს გააჩნია, როგორც დებიტორული, ისე კრედიტორული დავალიანება. აღსანიშნავია, რომ დავალიანების მქონე პირების ძირითადი ნაწილი შეადგენს არარეზიდენტ კომპანიებს. აღნიშნულ ვალდებულებებთან დაკავშირებით, მათი რეალურობის დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა შედარების აქტები. თუმცა პირის მიერ წარმოდგენილ იქნა რამდენიმე (მხოლოდ ადგილობრივი) შედარების აქტი, ხოლო დარჩენილი ძირითადი ნაწილის წარუდგენლობის მიზეზად განმარტა, რომ საწარმოს დამფუძნებლებსა და პარტნიორებს შორის მიმდინარეობს დავა და სწორედ ამიტომ ვერ ახერხებს შედარების აქტების წარმოდგენას. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის, ასევე მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის შესაბამისად. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დებიტორული დავალიანება მიჩნეულ იქნა მიღებულად (გარდა წარდგენილი ურთიერთშედარების აქტებისა), რომელიც დაკვალიფიცირდა, როგორც დირექტორზე -------------ზე გაცემული ხელფასი და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. ამდენად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, არარეზიდენტ საწარმოებს რომლებსაც -------ის მოთხოვნის საფუძველზე მიაწოდა გადამხდელმა საქონელი, არ აქვთ დაფარული დავალიანება, ასევე, იმ არგუმენტზე, რომ გადამხდელს მითითებული დავალიანების დაბრუნების მოთხოვნით წამოწყებული აქვს სასამართლო დავა. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელები, რომლებთაგან ერთერთი ეხება --------------გან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების შესრულებას. მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს აღნიშნავს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.

საქმეში არსებული მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს საგადასახადო დავის ეტაპზე წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

ამავე კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, - იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----------ის“ (ს/ნ -----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს საგადასახადო დავის ეტაპზე წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დებიტორულ დავალიანებად აღრიცხული თანხების მიღებულად მიჩნევას და დირექტორის ხელფასად განხილვას. ითხოვს დარიცხული ჯარიმა-საურავისაგან გათავისუფლებას, იმის გათვალისწინებით, რომ გადაიხდის (იმ ნაწილში, რომელშიც ეთანხმება) გადასახადის თანხას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 ივლისის №19100 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის, ასევე მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის შესაბამისად. დებიტორული დავალიანება მიჩნეულ იქნა მიღებულად (გარდა წარდგენილი ურთიერთშედარების აქტებისა), რომელიც დაკვალიფიცირდა, როგორც დირექტორზე გაცემული ხელფასი და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. ამდენად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისადშემოწმების შედეგებზე 2022 წლის 27 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 28 დეკემბრის №33409 ბრძანება და ამავე თარიღის №006-673 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 821 850 ლარი, მათ შორის, გადასახადი 1 125 437 ლარი, ჯარიმა 584 658 ლარი, საურავი 111 755 ლარი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 275. 269(7)