ბრძანება N 18702
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18702
14 აგვისტო 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის: ----------)
2024 წლის 25 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 9 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №87) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №124623/01 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 23 ივლისის №EL257064 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ 2024 წლის 9 ივლისს ტერმინალ შპს „----------“ მოხდა ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვა. ელექტროენერგიის აღდგენის შემდგომ მათ მიერ გამოძახებულმა სპეციალისტმა შეამოწმა ვიდეოჩამწერი საშუალებები და აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი მყარი დისკი იყო დაზიანებული, რის გამოც მოხდა გარკვეული ჩაწერილი ფაილების წაშლა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უმოკლეს დროში მოხდა ყველა საჭირო საბუთის შეგროვება და საბაჟო დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები: საქმეში არსებული მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის 10 ივლისს შპს „----------“ (ს/ნ ----------) მომართა საბაჟო დეპარტამენტს №---------- განცხადებით (შემოსული დოკუმენტი №----------) და აცნობა საბაჟო საწყობში (----------; ----------) სანებართვო მოწმობით გათვალისწინებული ვიდეოჩამწერი მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლისა და ვიდეოჩანაწერების ნაწილის წაშლის შესახებ. განმცხადებლის მითითებით, აღნიშნული სავარაუდოდ განპირობებული იყო 2024 წლის 9 ივლისს ელექტროენერგიის ავარიული გათიშვით.
ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის – შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ დარღვეულ იქნა საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობა, გამოვლენილი საბაჟო სამართალდარღვევისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს მიერ 2024 წლის 23 ივლისს შედგენილ იქნა №EL257064 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევ პირს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ავალდებულებს, „ამ მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტების შესაბამისად განხორციელებული ვიდეოჩანაწერები შეინახოს 6 თვის განმავლობაში და, მოთხოვნისამებრ, წარუდგინოს საბაჟო ორგანოს. მონაცემების (ინფორმაციის) ამოღება შესაძლებელი უნდა იყოს DVD, HDD, USB ან Ethernet ინტერფეისით avi, vcv ან mp4 ფორმატის ფაილებში. ვიდეოჩანაწერები უნდა ინახებოდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს კონკრეტული თარიღის ან/და კონკრეტული საათის შესაბამისი ვიდეოჩანაწერის ნახვა. ვიდეოჩაწერის შეწყვეტის (ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო) შემთხვევაში, ნებართვის მფლობელმა საბაჟო ორგანოს უნდა გაუგზავნოს შესაბამისი შეტყობინება ვიდეოჩაწერის შეწყვეტის ფაქტის დადგომისთანავე ელექტრონულად ავტომატურ რეჟიმში, ხოლო აღნიშნულისა და, მასთან ერთად, ვიდეოჩაწერის სავარაუდო აღდგენის ვადის შესახებ შეტყობინება – სხვა საშუალებით, ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა და იმოქმედოს საბაჟო ორგანოს მითითებისამებრ. ამასთან, შეტყობინება დამატებით უნდა შეიცავდეს: საბაჟო საწყობის დანიშნულების ადგილის კოდს, სანებართვო მოწმობით განსაზღვრული ვიდეოჩამწერი საშუალების ნომერს, ვიდეოჩაწერის შეწყვეტის თარიღსა და დროს. ვიდეოჩაწერის აღდგენისას, შესაბამისი ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ნებართვის მფლობელმა აღნიშნულზე ასევე უნდა აცნობოს საბაჟო ორგანოს – საბაჟო საწყობის დანიშნულების ადგილის კოდის, სანებართვო მოწმობით განსაზღვრული ვიდეოჩამწერი საშუალების ნომრის, ვიდეოჩაწერის აღდგენის თარიღისა და დროის მითითებით“.
ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
ამავე კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ არ არის შესრულებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დადმტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლით განსაზღვრული სანებართვო პირობა. შესაბამისად, მის მიერ დარღვეულია საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობა, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო აქტით მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს სადავო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მიმდინარე წლის 10 ივლისს მომჩივანმა მომართა საბაჟო დეპარტამენტს განცხადებით და აცნობა საბაჟო საწყობში სანებართვო მოწმობით გათვალისწინებული ვიდეოჩამწერი მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლისა და ვიდეოჩანაწერების ნაწილის წაშლის შესახებ. განმცხადებლის მითითებით, აღნიშნული სავარაუდოდ განპირობებული იყო 2024 წლის 9 ივლისს ელექტროენერგიის ავარიული გათიშვით. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ დარღვეულ იქნა საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობა, გამოვლენილი საბაჟო სამართალდარღვევისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსისთ გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს მიერ 2024 წლის 23 ივლისს შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევ პირს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 176(1).