გადაწყვეტილება № 27736/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.09.2026
№ დოკუმენტი 27736/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 27736/2/2026

11 სექტემბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

 

მომჩივანი: „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.09.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------ის 6.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27736/2/2026).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 13.03.2026 წლის №26815/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 3.06.2026 წლის №----- საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 71 131.85 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 45 827.42

ჯარიმა - 14 816.8

საურავი - 10 487.63

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ავტომანქანის შეძენა-რეალიზაცია.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის თემატური კამერალური საგადასახადო შემოწმება, 2022 წლის 15 ოქტომბრიდან 2025 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდებში რეექსპორტის ოპერაციების შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 30.10.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი და რეალიზებული აქვს ავტომანქანები, რომლებიც გაყვანილია რეექსპორტით. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში ვერ იქნა წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია (ვერ მოხერხდა დაკავშირება), შესაბამისად, ვერ განხორციელდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, პირის საგადასახადო ვალდებულებების დადგენის მიზნით საგადასახადო ორგანომ გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლები და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმების ხელთ არსებული მსგავსი ოპერაციების მონაცემების შესწავლა-ანალიზის შედეგად დადგინდა რეალიზებული ავტომანქანების მოგების მარჟა, რომელიც გავრცელდა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებულ ავტომანქანებზე და გაანგარიშდა მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული 5%-იანი განაკვეთით. შედეგად, დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 273-ე და 275-ე მუხლების მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 3.11.2025 წლის №24220 ბრძანება და №----- საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 27.02.2026 წლის №4516 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 13.03.2026 წლის №26815/2/2026 გადაწყვეტილებით, მომჩივანს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, სადავო საკითხის (მათ შორის დამატებით წარდგენილი მტკიცებულებების), მომჩივნის მონაწილეობით, დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 13.03.2026 წლის №26815/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 1.06.2026 წლის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებისას დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

აღნიშნულზე, მომჩივანს წარედგინა 3.06.2026 წლის №12139 ბრძანება და №---- საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საშემოსავლო გადასახადის გადახდა საქართველოს ტერიტორიაზე არ ეკუთვნის, რადგანაც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსავალი არ მიუღია. საქართველოს ტერიტორიაზე არ ყიდულობს და არ ყიდის არაფერს. ----- მოქალაქეების დავალებით და მათი შერჩევით აშშ-ს ტერიტორიაზე ნაყიდი ავტომანქანები ჩამოყავს ფოთის პორტში და საქართველოს ტერიტორიის გავლით მიყავს -----. ანუ, როგორც სხვა არაერთი საერთაშორისო ტვირთის შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიას იყენებს მხოლოდ ტრანზიტული მიზნებისთვის. პარალელურად კი არის არარეზიდენტი ფიზიკური პირი, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე არ ახორციელებს. შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ 2026 წლის N26815/2/2026 გადაწყვეტილების საფუძველზეც აუდიტის დეპარტამენტს დაავალა, მომჩივანის მონაწილეობით სადავო საკითხის დამატებით შესწავლა, ასევე, მომჩივანს მიეცა წინადადება, რომ აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა დამატებითი ინფორმაცია.

ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე დაიწყო დამატებითი დოკუმენტაციის შეგროვება და მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, რათა გამოეთხოვა ინფორმაცია მის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანილი და გაყვანილი ავტომანქანების შესახებ, რაც წარადგინა აუდიტის დეპარტამენტში. ადასტურებს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ მის წარმომადგენელსა და შემმოწმებლებს შორის შეხვედრა შედგა და იყო საკითხის ახლიდან გარკვევის მცდელობა, თუმცა უშედეგოდ. მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციით დასტურდება, რომ აშშ-დან საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანილი არცერთი ავტომობილი არ დარჩენილა და ყველა გავიდა ----- ტერიტორიაზე. ამას შემმოწმებელიც დაეთანხმა. თუმცა, დამატებით დარიცხული გადასახადები უცვლელად დატოვა, რადგანაც მიუთითა, რომ საქართველოს ტერიტორიიდან ავტომანქანის გაყვანის დოკუმენტში მითითებული იყო მყიდველი და გამყიდველი. არადა, წარმომადგენელი ეცადა, რომ შემმოწმებლისთვის აეხსნა, რომ ეს იყო შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ შემოთავაზებული ფორმა, ტექნიკური საკითხი, ხოლო რეალურად კი საკითხი ავტომანქანის საზღვარგარეთ გაყვანაში მდგომარეობს. კერძოდ: შემმოწმებელს შეთავაზა, რომ შეეხედა ------ს ტერიტორიაზე დადებული ხელშეკრულებისთვის, სადაც მითითებულია, რომ ------ მოქალაქეს კლიენტისგან დაევალა კლიენტის მიერ შერჩეული ავტომანქანის ------ ტერიტორიაზე ჩამოყვანა, თუმცა შემმოწმებელმა ამ დოკუმენტის ნახვა საჭიროდ არ ჩათვალა და უპირატესობა შსს-ს მიერ შედგენილ დოკუმენტს მიანიჭა.

არის ----- მოქალაქე, რომელიც საქმიან ურთიერთობებს აწარმოებს ----- ტერიტორიაზე. მასთან ოფისში მოდიან ------ მოქალაქე ფიზიკური პირები, რომლებსაც სურთ ავტომანქანის შეძენა. ისინი ამერიკული ინტერნეტ აუქციონის ვებ. გვერდზე თავად ირჩევენ, თუ რომელი მანქანის ყიდვა სურთ, თუმცა არ აქვთ ტექნიკური საშუალებები და გამოცდილება, რომ თავად შეძლონ მანქანის გამოწერა და ----- ჩაყვანა. არ აქვთ აუქციონში მონაწილეობისთვის საჭირო სპეციალური კოდები, არ შეუძლიათ მანქანის შესახებ დამატებითი ინფორმაციების მოძიება, არ შეუძლიათ კონტაქტი დაამყარონ ------ ტერიტორიაზე შიდა გადამზიდავთან, რათა ავტომანქანა მიიყვანონ ------ პორტამდე და ასევე, არ შეუძლიათ კონტაქტის დამყარება კონტეინერმზიდებთან. სწორედ ამ სერვისებს ახორციელებს. როდესაც კლიენტი შეარჩევს კონკრეტულ ავტომანქანას, ეხმარება აუქციონში გამარჯვებაში და შემდეგ მის ----- ჩაყვანაში. ამისთვის კი, კლიენტი ყველა ხარჯებს თავად გასწევს, ხოლო იღებს საკომისიოს. ამ პროცესში კი მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა სახის დოკუმენტი ფორმდება საქართველოს შსს-ს მომსახურების სააგენტოში. მისი მიზანია, რომ მანქანა შეუფერხებლად გაატაროს საქართველოს ტერიტორიაზე და ჩაიყვანოს ------. მომსახურების სააგენტოს დოკუმენტის შინაარსი მეორეხარისხოვანია. როდესაც ამ საკითხს შემმოწმებელს განუმარტავდა, შემმოწმებელმა იკითხა, თუ ასე იყო საქმე, მაშინ ეს ავტომანქანა საქართველოს ტერიტორიიდან პირადად რატომ არ გაყავდა. ამაზეც უპასუხა, რომ ----- ტერიტორიაზე დადებული ხელშეკრულებისთვის შეეხედა, სადაც წერია, რომ ავტომანქანის ------ ჩაყვანაში დახმარების გარდა, თუ უშუალოდ მოუწევდა საქართველოში ჩასვლა და ავტომანქანის წამოყვანა, ეს იყო დამატებითი სერვისი და კლიენტს მომსახურების ღირებულებას უძვირებდა. კლიენტს კი ჰქონდა მეორე ალტერნატივა, რომ თუ ავტომანქანის აუქციონზე მოგებაში დაეხმარებოდა, ავტომანქანის ამერიკიდან წამოყვანისათვის აუცილებელ დოკუმენტაციას სწორად შეადგენდა და ტრანსპორტიორებთან შეთანხმებებს სწორად შექმნიდა, ფიზიკურად ავტომანქანის საქართველოდან წამოყვანაში უკვე კლიენტი თავად ერთვებოდა.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ახლაც თვლის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ავტომანქანა არავისთვის მიუყიდია. უბრალოდ, როდესაც ავტომანქანის მესაკუთრე ----- მოქალაქე პირველად ჩავიდა საქართველოში და ავტომანქანის გაყვანა ითხოვა, მას კონკრეტული დოკუმენტი შესთავაზეს და აპრობირებული მეთოდი მომავალშიც გაგრძელდა და არც უფიქრია, რომ მომსახურების სააგენტოს დოკუმენტში მითითებული ცნებები, მყიდველი და გამყიდველი მომავალში საქართველოს საგადასახადო ორგანოებთან პრობლემის წყარო გახდებოდა. მითუმეტეს, არ ფლობს ქართულ ენას და მიზანს აღწევდა, რომ ავტომანქანა ----- ჩასულიყო მომსახურების სააგენტოს დოკუმენტის შინაარსისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია. როდესაც კითხვას სვამს, თუ რა ალტერნატივა იყო, რომ მომსახურების სააგენტოს შეექმნა სხვა შინაარსის დოკუმენტი, პასუხი მკაფიო არ არის. ეს ოპერაცია თავისი ბუნებით არც ექსპორტია და არც რეექსპორტია, არც ტრანზიტია. უბრალოდ, ----- მოქალაქე, კონკრეტული ავტომანქანის მესაკუთრე ჩავიდა საქართველოს ტერიტორიაზე და მისი კუთვნილი ავტომაქანა იქიდან წამოიყვანა. დოკუმენტბრუნვის მოწესრიგებასა და ლოჯისტიკაში კონკრეტული შეთანხმების საფუძველზე, გაწეულ სერვისში შემოსავალი მიიღო ----- ტერიტორიაზე და გადასახადები გადაიხადა ---- საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად. გაუგებარია, თუ რა ზიანი მიაყენა ამის საფუძველზე საქართველოს ბიუჯეტს. არ გაუწევია კონკურენცია იგივე სფეროში დასაქმებული ქართველებისთვის, რომლებსაც ისეთი ავტომანქანები ჩამოყავთ, რომელიც რჩება საქართველოს ტერიტორიაზე. შემოსავალი მიიღო მის ფარგლებს გარეთ და მიაჩნია, რომ პირიქით, ------ ფიზიკური პირებისთვის მის მიერ გაწეულმა მომსახურებამ საქართველოს მისცა დამატებითი შემოსავალი მოსაკრებლების და სხვადასხვა ტიპის სახელმწიფო სერვისების სახით. მიუხედავად ამ ყველაფრისა, შემმოწმებელმა არ გაითვალისწინა არცერთი განმარტება და არ შეამცირა დამატებით დარიცხული გადასახადები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია:

ა) რეზიდენტი ფიზიკური პირი;

ბ) არარეზიდენტი ფიზიკური პირი, რომელიც შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული წყაროდან.

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად,:

1. რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

2. არარეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროებიდან მიღებული შემოსავლებისაგან.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავალი ან სარგებელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემოსავლის წყაროს განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღება შემოსავლის თანხის მიღების ადგილი.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება:

ა) საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

ბ) აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულია ავტომანქანების შეძენა და შემდეგ რეალიზაცია, რომლებიც გაყვანილ იქნა რეექსპორტის საბაჟო ოპერაციით. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში ვერ იქნა წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია (ვერ მოხერხდა დაკავშირება), შესაბამისად, ვერ განხორციელდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებების დადგენის მიზნით საგადასახადო ორგანომ გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლები და გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმების ხელთ არსებული მსგავსი ოპერაციების მონაცემების შესწავლა-ანალიზის შედეგად დადგინდა რეალიზებული ავტომანქანების მოგების მარჟა, რომელიც გავრცელდა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებულ ავტომანქანებზე და გაანგარიშდა მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული 5%-იანი განაკვეთით.

საბჭოს 13.03.2026 წლის №26815/2/2026 გადაწყვეტილებით, მომჩივანს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, სადავო საკითხის (მათ შორის დამატებით წარდგენილი მტკიცებულებების), მომჩივნის მონაწილეობით, დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საბჭოს 13.03.2026 წლის №26815/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 1.06.2026 წლის დასკვნის მიხედვით, გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელმა წარადგინა სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. თუმცა წარდგენილი დოკუმენტაციისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით დადგინდა, რომ რეექსპორტის ოპერაციები ხორციელდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ გაფორმებული დოკუმენტაციის საფუძველზე. კერძოდ, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ დოკუმენტებში ასახულია გარიგების მონაწილე მხარეები (მყიდველი/გამყიდველი), ავტომობილების მონაცემები და გარიგების ღირებულება. აღნიშნული გარემოებები ადასტურებს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მიღებული შემოსავალი არ განეკუთვნება საქართველოს წყაროდან მიღებულ შემოსავალს. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ გადაანგარიშდა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს ზემოაღნიშნული დასკვნით წარმოდგენილ ინფორმაციაზე, ასევე, იმ გარემოებაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანს მიეცა საჩივრის ზეპირ განხილვაზე დასწრების შესაძლებლობა, მან როგორც საჩივარში, ზოგადად ისაუბრა იმის შესახებ, რომ მის მიერ მიღებული შემოსავალი არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს და შესაბამისად, დარიცხვის არამართლზომიერების შესახებ, თუმცა ვერ წარმოადგინა აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ დასკვნით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შესაბამისად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მომჩივანს გააჩნდა საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალი, რომლის შესაბამისი დეკლარირება და სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა არ განუხორციელებია, მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება საშემოსავლო გადასახადში დამატებითი საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის შესახებ და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 13.03.2026 წლის №26815/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს ავტომანქანების შეძენა-რეალიზაცია, მათ შორის რეექსპორტის ოპერაციების საშუალებით. შემოწმებისას გადამხდელმა ვერ წარმოადგინა სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რის გამოც დაბეგვრის ობიექტის უშუალოდ დადგენა ვერ მოხერხდა და საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით მსგავსი ოპერაციების ანალიზით დადგენილი მოგების მარჟის რეალიზებულ ავტომობილებზე გავრცელებით, რის შედეგადაც გამოთვლილ დასაბეგრ შემოსავალზე დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

დარიცხვა გასაჩივრდა და საბჭომ მომჩივანს მისცა შესაძლებლობა წარედგინა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ხოლო შესაბამის ორგანოს დაევალა მისი შესწავლა და საფუძვლის არსებობისას ვალდებულებების კორექტირება. დამატებითი შესწავლის შედეგად დარიცხული თანხები არ შემცირებულა, რაც ხელახლა გასაჩივრდა დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მომჩივანს გააჩნდა საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალი, რომლის შესაბამისი დეკლარირება და სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა არ განუხორციელებია, მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება საშემოსავლო გადასახადში დამატებითი საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის შესახებ და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;80;81;100;102;