გადაწყვეტილება №20390/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 03.10.2023
№ დოკუმენტი 20390/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20390/2/2023

03 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: "------" (პ/ნ "------")

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "-------"-ს 27.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20390/2/2023).

 

დავის საგანი:

სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების (დეკლარირების) ვადის დარღვევა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 2.06.2023 წლის №EL211664 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 29.06.2023 წლის №15274 ბრძანება

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 1 000 ლარი

 

ფაქტების აღწერა

2.06.2023 წლის საბაჟო გამშვები პუნქტი „------- -ს “ კონტროლის ზონაში საქართველოს მხრიდან გამოცხადდა მომჩივანი, რომელიც მართავდა "----"-ში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებას სახელმწიფო ნომრით: "------".

მონაცემთა ავტომატიზირებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის საფუძველზე დადგენილია, რომ მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალება საბაჟო გამშვები პუნქტი „----- - ის “ გავლით საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოყვანილ იქნა 6.03.2023 წელს მომჩივნის მიერ და ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ბოლო ვადად განსაზღვრული იყო 5.05.2023 წელი.

აღნიშნულ ვადაში მომჩივანს ავტოსატრანსპორტო საშუალება არ მიუყვანია დანიშნულების საბაჟო ორგანოში, რაზე 2.06.2023 წლის №EL211664 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 29.06.2023 წლის №15274 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 165-ე მუხლზე.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადის დარღვევაში. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით (165-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო ოქმი და დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მიმართ გამოცემული სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საქართველოს მოქალაქე - "------" , რომლის უფლებამოსილი, მინდობილი პირი არის "------", 06.03.2023 წელს "-----"- ის საზღვრით საკუთარი ა/მანქანით, შემოვიდა საქართველოში ("-------" სახელმწიფო ნიშნებით - "------").

მომჩივანს აქვს "-------" -ში ცხოვრების უფლება, რასაც ადასტურებს კარტა ,,პოპიტო“, რომელიც საქართველოს საზღვარზე შემოსვლის მონაკვეთში მესაზღვრის მიერ მიჩნეულ იქნა ორმაგ მოქალაქეობის დამადასტურებელ საბუთად.

შესაბამისად, "------"-ს მესაზღვრის მიერ გაეცა არასწორი ინფორმაცია, რომ ა/მანქანის საზღვარზე გადაყვანის მაქსიმალური დრო განისაზღვრებოდა 90 დღით, რის შედეგადაც "------"-ს წინასწარ განსაზღვრული მიზანშეწონილი დროს საზღვარზე გადასვლისას აღმოჩნდა, რომ 28 დღით დააგვიანდა ა/მანქანის გადაყვანა (გადავიდა 88 დღეს) და დაჯარიმდა ARASAMARTLIANAD, ვინაიდან სამართალდამცავი პირის მიერ გაეცა მცდარი ინფორმაცია და ორივე მხარე შევიდა შეცდომაში.

სწორედ ამიტომ, განსაზღვრული არ ჰქონდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული ,,საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის მე-3 მუხლის, მე-6 პუნქტის მიხედვით განმტკიცებული ბრძანების გაუთვალისწინებლობა, მასზედ რომ ,,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა განისაზღვრება 60 კალენდარული დღით. ხოლო მესაზღვრის მიერ განიმარტა შემდეგი ,,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ შემოტანილი, უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების, ავტობუსის ან მოტოციკლეტის გაფორმების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე ვადა შეადგენს 90 კალენდარულ დღეს.

არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, საჯარო მოხელე, შესაბამისად კარგად აქვს გაცნობიერებული კანონმორჩილება და მისი აუცილებლობა, ასევე პასუხისგება. ვინაიდან ეს არ ყოფილა მიზანმიმართული განზრახვა დაუმორჩილებლობისა ან უკანონო ქმედების განხორციელებისა ითხოვს 2.06.2023 წელს №EL211664 სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული 1000 ლარიანი ჯარიმა ჩამოეწეროს. ეს შემთხვევა, რომ მიზანმიმართული ყოფილიყო ქ. რუსთავში, მომსახურების სააგენტოში ვადაგადაცილებულ თითო დღეზე დაგვიანებისთვის გადაიხდიდა განსაზღვრულ თანხას, რომელიც ბევრად ნაკლებია ამ შემთხვევის გამო დაკისრებული ჯარიმისგან. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ითხოვს გათვალიწინებულ იქნას აღნიშნული პირველი შემთხვევა, რომელიც უდავოდ განხორციელდა არასწორი ინფორმირების ნიადაგზე და გათვალისწინებულ იქნას მისი მდგომარეობა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის თანახმად, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა – იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (შემდგომში – მოწმობა) შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის) გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა (გარდა ამ მუხლის მე-7–მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) განისაზღვრება 60 კალენდარული დღით.

საქმეზე წარმოდგენილი მასალებიდან დგინდება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება საბაჟო გამშვები პუნქტი „----- - ის “ გავლით საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოყვანილ იქნა 6.03.2023 წელს მომჩივნის მიერ და ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ბოლო ვადად განსაზღვრული იყო 5.05.2023 წელი, ხოლო სატრანსპორტო საშუალება გამოცხადდა აღნიშნული ვადის დარღვევით 2.06.2023 წელს.

ვინაიდან სატრანსპორტო საშუალება გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანისათვის განსაზღვრულ ვადაში არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ჩადენილია განმეორებით) ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და იმ გარემოებების გათვალიწინებით, რომ მომჩივნის მხრიდან საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი წარმოადგენს პირველ შემთხვევას, რაც საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვისას ასევე დაადასტურა საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნაცვლად, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილის საფუძველზე, სანქციის სახით უნდა შეეფარდოს გაფრთხილება.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 29.06.2023 წლის №15274 ბრძანება.

3. ნაწილობრივ გაუქმდეს საბაჟო დეპარტამენტის 2.06.2023 წლის №EL211664 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

4. მომჩივანს, საბაჟო დეპარტამენტის 2.06.2023 წლის №EL211664 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად, შეეფარდოს გაფრთხილება;

5. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს ოქმის გაუქმებას,რადგან აღნიშნული სამართალდარღვევა წარმოადგენს პირველ შემთხვევას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანს შეეფარდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

მომჩივნის მხრიდან საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი წარმოადგენს პირველ შემთხვევას, რაც საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვისას ასევე დაადასტურა საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნაცვლად, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილის საფუძველზე, სანქციის სახით უნდა შეეფარდოს გაფრთხილება.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

163(15)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული ,,საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის მე-3 მუხლის, მე-6 პუნქტი.