გადაწყვეტილება №23300/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23300/2/2024
03 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----------“ (ს/ნ ------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----------“-ის 19.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23300/2/2024).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი აღურიცხველი ფულის ნაშთის ჩათვლა დირექტორზე გაცემულ ხელფასად (იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საქონლის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადახდილი თანხის 75%-ის ანაზღაურებულად ჩათვლა და 25%-ის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა);
3. დაკისრებული ჯარიმისაგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 1.04.2024 წლის №086-10 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 31.05.2024 წლის № 12882 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 7 543 737.66 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 4 868 037
დღგ - 1 690 763
საშემოსავლო გადასახადი - 3 177 274
ჯარიმა - 2 434 019
საურავი - 241 681.66
პროცედურული გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ვაჭრობა ხილით და ბოსტნეულით.
აუდიტის დეპარტამენტის 12.02.2024 წლის №2723 და 21.03.2024 წლის №6199 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 18.08.2023 წლიდან 15.02.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 29.03.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 1.04.2024 წლის №7091 ბრძანება და ამავე თარიღის №086-10 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები 29.04.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 31.05.2024 წლის №12882 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
პროდუქციის შეძენა ძირითადად ხდებოდა იმპორტის გზით. შეძენილი საქონლის დაახლოებით 96% შეადგენდა იმპორტირებულს, მცირე ნაწილი შეძენილი იყო ადგილობრივ ბაზარზე. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების და საბაჟო დეკლარაციების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საქონლის იმპორტისას უმეტეს შემთხვევაში ხდებოდა საქონლის ღირებულების აფასება. რეალიზაცია ხორციელდებოდა როგორც დოკუმენტურად (სასაქონლო ზედნადებები), ასევე საცალოდ. დეკლარირებული მონაცემებით, რეალიზებული პროდუქციის დაახლოებით 60% შეადგენდა დოკუმენტურ რეალიზაციას. გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას ახორციელებდა პროგრამა „ორისში“, თუმცა არ ასახავდა სრულ ინფორმაციას, შესაბამისად, შემოწმებას არ ჰქონდა სრულყოფილი ინფორმაცია სამეურნეო ოპერაციებთან დაკავშირებით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საბუღალტრო პროგრამა „ორისში“ ინფორმაცია შეტანილი იყო შემოწმების დანიშვნის ბრძანების თარიღის შემდგომ პერიოდში.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 15.02.2024 წელს ჩატარებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 143 400 ლარის ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ შეძენილი იყო დაახლოებით 61 დასახელების საქონელი. რეალიზაცია ხორციელდებოდა უმეტესწილად დოკუმენტის გარეშე. შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი იყო 8 232 273 კგ. საქონელი, ამავე პერიოდში სასაქონლო ზედნადებით რეალიზებული იყო 1 136 416 კგ., 15.02.2024 წელს ჩატარებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა 101 171 კგ. სასაქონლომატერიალური ფასეულობების რაოდენობრივი ნაშთი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით, კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდზე რეალიზაციით მიღებული შემოსავლის გაანგარიშებისას, საცალო რეალიზაციის შემთხვევაში გამოყენებულია დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის ერთეულის სარეალიზაციო ფასი (თვეების ჭრილში). აღნიშნული ფასი გავრცელდა საცალოდ რეალიზებული სმფ-ების რაოდენობაზე შესაბამისი სახეობების მიხედვით. შემოწმების შედეგად დადგენილ ბრუნვის სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა მომჩივნის მონაწილეობით 2024 წლის 16 მაისს 13:00 სთ-ზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე და არც განცხადება წარუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი აღრიცხვას ახორციელებდა პროგრამა „ორისში“, თუმცა აღნიშნული პროგრამა არ მოიცავდა კომპანიის საქმიანობის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას, შესაბამისად, კომპანიის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.
შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენდა ხილის და ბოსტნეულის შეძენა და რეალიზაცია. საქონლის 96%-ის შეძენა ხდებოდა იმპორტის გზით, მცირე ნაწილი შეძენილი იყო ადგილობრივ ბაზარზე. საბაჟო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საქონლის იმპორტისას უმეტეს შემთხვევაში ხდებოდა საქონლის ღირებულების აფასება. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 15.02.2024 წელს ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 143 400 ლარის ღირებულების სმფ-ის ნაშთი. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ შეძენილი იყო დაახლოებით 61 დასახელების საქონელი. რეალიზაცია უმეტესწილად ხორციელდებოდა დოკუმენტის გარეშე. შემოწმების მიერ, შესამოწმებელ პერიოდზე რეალიზაციით მიღებული შემოსავლის გაანგარიშებისას საცალო რეალიზაციის შემთხვევაში გამოყენებულ იქნა დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის ერთეულის სარეალიზაციო ფასები (თვეების ჭრილში) შესაბამისი სახეობების მიხედვით და ჩართულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის საქმიანობაა ხილისა და ბოსტნეულის იმპორტი და მისი საბითუმო რეალიზაცია. კომპანიას პროდუქცია (ხილი და ბოსტნეული) ძირითადად შემოაქვს იმპორტის გზით, სახვადასხვა ქვეყნიდან, კერძოდ: თურქეთი, ჩინეთი, ირანი, რუსეთი, უზბეკეთი და სხვა. პროდუქტი, რომლის იმპორტსაც ახორციელებს კომპანია, ძირითადად მალფუჭებადი საქონელია, რომლის საქართველოში შემოსვლისა და საწყობში დასაწყობებისას უკვე რაღაც რაოდენობა უვარგისია სარეალიზაციოდ და ხშირ შემთხვევაში ხდება მისი გადარჩევა და გადაყრა. შესამოწმებელ პერიოდში კომპანია თვის განმავლობაში გაფუჭებულ და შემდგომი რეალიზაციისათვის გამოუსადეგარ პროდუქტზე ადგენდა ჩამოწერის აქტებს. გარდა ამისა, რიდესაც გაფუჭების რისკი იყო მაღალი, კომპანია ასეთ საქონელს ყიდდა საცალოდ და უმნიშვნელო ფასნამატით, ხშირად ზარალითაც. არ ეთანხმება ფაქტობრივ გარემოებებს და საცალო რეალიზაციის შემთხვევებში დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქტის ფასნამატის გავრცელებას. ხილ-ბოსტნეული მალფუჭებადი საქონელია და მისი ფასი ყოველდღიურად მცირდება, შესაბამისად გაფუჭების ზღვარზე არსებული ხილ-ბოსტნეულის მაღალი ფასნამატით რეალიზაცია შეუძლებელია.
2. არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი აღურიცხველი ფულის ნაშთის ჩათვლა დირექტორზე გაცემულ ხელფასად (იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საქონლის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადახდილი თანხის 75%-ის ანაზღაურებულად ჩათვლა და 25%-ის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა)
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლის შედეგად, შემოწმების მიერ გაანგარიშდა ნაღდი ფულის მოძრაობა. კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დოკუმენტის გარეშე რეალიზაციის ნაწილში გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და შემოსავლის გაზრდა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 15.02.2024 წელს განხორციელდა კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც გამოვლინდა 17 600 ლარის ოდენობის ნაღდი ფულის ნაშთი. შემოწმების შედეგად გამოვლენილი აღურიცხველი ფულის ნაშთი, ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
კომპანიის მიერ შეძენილი საქონელი იმპორტირებული იყო ძირითადად თურქეთიდან. იმპორტირებულ საქონელზე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ჩეკები, გადახდის ქვითრები და სხვა) შემმოწმებლისთვის წარდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად, ვერ დადასტურდა უცხოელ მომწოდებელზე თანხის სრულად გადახდა. ამდენად, შემოწმების მიერ, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ (დანართი N8) მეთოდური მითითების შესაბამისად, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის (ან თანხის ნაწილის) 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად. სხვაობა საინვოისო ღირებულებასა და ანაზღაურებად განხილულ ღირებულებას შორის ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამ მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 105-ე მუხლის მეორე ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
- დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლის შედეგად, შემოწმების მიერ გაანგარიშდა ნაღდი ფულის მოძრაობა. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 15.02.2024 წელს განხორციელდა კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც გამოვლინდა 17 600 ლარის ოდენობის ნაღდი ფულის ნაშთი. აღნიშნულის შედეგად, შემოწმების მიერ გაანგარიშდა კომპანიაში ნაღდი ფულის მოძრაობა და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში დადგენილი აღურიცხავი ნაღდი ფული განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმებით გაანგარიშებული საწარმოს განკარგვადი ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა მართლზომიერია, ხოლო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
- დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საწარმოს მიერ შეძენილი საქონლის 96% არის იმპორტირებული. იმპორტირებულ საქონელზე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ჩეკები, გადახდის ქვითრები და სხვა) შემოწმებისთვის წარდგენილი არ არის, შესაბამისად, ვერ დასტურდება უცხოელ მომწოდებელზე სრულად ან ნაწილობრივ თანხის გადახდა. შემოწმების მიერ იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის (ან თანხის ნაწილის) 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, ხოლო 25% განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 25%-ის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია, ხოლო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანს არ მიაჩნია მართლზომიერად, რომ კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დოკუმენტის გარეშე რეალიზაციის ნაწილში გაანგარიშებულ იქნა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. აღნიშნულმა გამოიწვია შემოსავლის გაზრდა, შესაბამისად არ ეთანხმება განაცემად აღიარებულ თანხას და მასზე დარიცხულ გადასახადს. შემმოწმებლის პოზიცია სრულიად არაარგუმენტირებულია და ეწინააღმდეგება შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების - „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ მოთხოვნებს.
ითხოვს აუდიტის დეპარტამენტმა მოახდინოს დამატებით დარიცხული გადასახადების გადაანგარიშება საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტების გათვალისწინებით.
3. დაკისრებული ჯარიმისაგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების შედეგად მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 2 434 019 ლარი მათ შორის დღგ-ში 845 382 ლარი, საშემოსავლო გადასახადში 1 588 637 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებას საბჭოს მიერ და კომპანიის გათავისუფლებას სადავო საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული ჯარიმებისაგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე, რომლითაც სადავოდ ხდის საგადასახადო შემოწმების აქტში და შემოსავლების სამსახურის 31.05.2024 წლის № 12882 ბრძანებაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ ნორმებს, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნის მიერ დასახელებული არგუმენტების სათანადო შესწავლა/გამოკვლევა არ მომხდარა, ამრიგად, შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია მომჩივნის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებზე, რომლის თანახმად, განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს არგუმენტები და დასკვნები დაუსაბუთებელია, არ შეესაბამება მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის ნორმებს.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭოს განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 31.05.2024 წლის № 12882 ბრძანება;
3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი აღურიცხველი ფულის ნაშთის ჩათვლა დირექტორზე გაცემულ ხელფასად (იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საქონლის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადახდილი თანხის 75%-ის ანაზღაურებულად ჩათვლა და 25%-ის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა);
3. დაკისრებული ჯარიმისაგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის №2723 და №6199 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 18.08.2023 წლიდან 15.02.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №7091 ბრძანება და №086-10 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №12882 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5„ა“.9„ბ“); 101(1) ; 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“ ): 158(1) ; 159(1 „ა“); 163(1.2); 164(1); 269(7);