ბრძანება N 2568

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.02.2023
№ დოკუმენტი 2568
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 2568

13.02.2023

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2023 წლის 21 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 3 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №9) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №78284/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 დეკემბრის №007-366 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრული სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ უროცენტო სესხად განხილვას. აცხადებს, რომ ნაღდი ფულის ნაშთი გაცემულია დირექტორზე პროცენტიანი სესხით, რაზეც წარმოდგენილია სესხის ხელშეკრულება. შესაბამისად, გადამხდელი არ ეთანხმება ნაღდი ფულის ნაშთზე დარიცხულ სარგებელს და ითხოვს აღნიშნული ფულის ნაშთის პროცენტიან სესხად განხილვას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სხვა კომპანიის წილის შესყიდვის მიზნით დამფუძნებლისთვის გადახდილი თანხების დივიდენდად განხილვას. მიუთითებს, რომ შპს „----------“ მიერ შესყიდულია შპს „----------“-ის წილი. კერძოდ, შპს „----------“-ს საკუთრებაში გააჩნია ---------- ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 886 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე 149,17 კვ.მ. შენობა-ნაგებობა. 2018 წლის 18 სექტემბერს შპა „----------“ დამფუძნებელმა „----------“ საკუთარი სახსრებით მოახდინა შპს „----------“-ის 33,3%-იანი წილის შეძენა 78 500 ლარად. ხოლო, 2020 წლის 29 იანვარს შპს „----------“ განახორციელა შპს „----------“-ის 66,7%-იანი წილის შესყიდვა 202 503 ლარად. აღნიშნულის შემდგომ კი, შპს „----------“ „----------“ გან შეიძინა დარჩენილი 33,3%-იანი წილი 80 000 ლარად. გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული ოპერაციების ანალიზის შედეგად ნათელია, რომ განხორციელდა ---------- მდებარე მიწისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის მესაკუთრის ცვლილება. აქტივი რეალურად შეძენილია შპს „----------“-ის დამფუძნებლისგან ეტაპობრივად. გადამხდელი არ ეთანხმება „----------“-ზე გადახდილი თანხის დივიდენდად განხილვას, ვინაიდან ნასყიდობის მომენტში აღნიშნულ წილს გააჩნდა რეალური ღირებულება აქტივის სახით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 აპრილის №9839 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 21 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 23 დეკემბრის №32619 ბრძანება და ამავე თარიღის №007-366 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 137 131 ლარი, მათ შორის, გადასახადი 47 785 ლარი, ჯარიმა 47 785 ლარი, საურავი 41 561 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. წარმოდგენილი სააღრიცხვო ინფორმაციის თანახმად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს ყოველი თვის ბოლოს სალაროში უფიქსირდება დიდი ოდენობით ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც იზრდება/მცირდება პერიოდულად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის შეადგენს 42 883 ლარს. შემოწმებით, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი 9) თანახმად, ყოველთვიური სალაროს ფულადი ნაშთიდან განსაზღვრულ იქნა გონივრული ნაშთის ოდენობა (საკასო შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით), ხოლო დარჩენილი ნაღდი ფულის ნაშთის ნაწილი, შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით, დაკვალიფიცირდა არაგონივრულ ნაშთად. შემოწმებით, არ გამოვლინდა ისეთი გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც დასაბუთებული იქნებოდა სალაროში არაგონივრული ნაშთის შენახვის საჭიროება. შემოწმებით გაანგარიშებული არაგონივრული ნაშთის ოდენობა, მისი წარმოშობის კალენდარულ თვეში, ჩაითვალა საწარმოს უფლებამოსილ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად. აღნიშნული დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით მოგების გადასახადით, ხოლო იმ პერიოდებში, სადაც სალაროს ნაშთი მცირდება, ჩაითვალა სესხის დაბრუნებად და დარიცხული მოგების გადასახადი დაექვემდებარა ჩათვლას. გაცემული სესხის მიხედვით გაანგარიშებული სარგებლის თანხა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაკვალიფიცირდა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და ამავე კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი მოგების და საშემოსავლო გადასახადები, ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

2. საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ შპს „----------“ დამფუძნებელია ფიზიკური პირი „----------“ (პ/ნ ----------), რომელიც ამავდროულად წარმოადგენდა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) დამფუძნებელს (33.3%). 2020 წლის 29 იანვარს შპს „----------“ შეიძინა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) 66.7%-იანი წილი, ხოლო 2020 წლის 20 ოქტომბერს შპს „----------“ და „----------“-ს შორის გაფორმდა გარიგება (პარტნიორთა კრების ოქმი) შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) 33.3%-იანი წილის ნასყიდობის შესახებ. ნასყიდობის ღირებულება განისაზღვრა 80 000 ლარით. დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე აღნიშნული თანხის გადახდა განხორციელდა შპს „----------“ სალაროდან ნაღდი ფულის გატანის გზით. აღნიშნული ოპერაციის შესწავლა/ანალიზით გამოიკვეთა შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც სამართლებრივი ინსტრუმენტი, გამოიყენება იმ ტიპის სამეურნეო ოპერაციების გასაფორმებლად, რა დროსაც, საკუთრების საგანზე ხდება მესაკუთრე სუბიექტის (პირის) შეცვლა. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან წილის გამსხვისებელი ფიზიკური პირი ირიბად კვლავ სრულად ფლობს შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) 100%-იან წილს, რეალურად არ ხდება ქონების (წილის) მესაკუთრის ცვლილება. შემოწმებით, შემოსავლების სამსახურის „სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ“ 2022 წლის 28 ივლისის №20231 ბრძანებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადების დაბეგვრის მიზნებისთვის, განხორციელდა აღნიშნული სამეურნეო ოპერაციის ანალიზი და შეფასება/კვალიფიცირება მისი შინაარსის (ნამდვილი მიზნის) მიხედვით და არა გაცხადებული ფორმის შესაბამისად. შედეგად, ფიზიკური პირზე გადახდილი თანხა (წილის ღირებულება) მიჩნეული იქნა გაცემულ დივიდენდად და შესაბამისად მოგების განაწილებად. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98-ე, 981 და 130-ე მუხლების თანახმად, საწარმოს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი. გადასახადის გადამხდელს ასევე განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელს ყოველი თვის ბოლოს სალაროში უფიქსირდება დიდი ოდენობით ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც იზრდება/მცირდება პერიოდულად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის შეადგენს 42 883 ლარს. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმებით სალაროს ფულადი ნაშთიდან განსაზღვრულ იქნა გონივრული ნაშთის ოდენობა (საკასო შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით), ხოლო დარჩენილი ნაღდი ფულის ნაშთის ნაწილი, შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით, დაკვალიფიცირდა არაგონივრულ ნაშთად, რაც განხილულ იქნა საწარმოს უფლებამოსილ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად. ამასთან, შემოწმებით არ გამოვლინდა ისეთი გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც დასაბუთებული იქნებოდა სალაროში არაგონივრული ნაშთის შენახვის საჭიროება. შემოსავლების სამსახური მიუთითებს, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ მითითებული არაგონივრული ნაშთის კვალიფიკაციასთან მიმართებით შემოწმების ეტაპზე არ ყოფილა წარდგენილი რაიმე სახის დოკუმენტაცია/არგუმენტაცია. ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

ამავე კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შპს „----------“ დამფუძნებელია ფიზიკური პირი „----------“. იგივე პირი წარმოადგენდა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) 33.3%-იანი წილის მფლობელს. შემოწმებით დადგინდა, რომ შპს „----------“ 2020 წლის 29 იანვარს შეიძინა შპს „----------“-ის 66.7% წილი, ხოლო 2020 წლის 20 ოქტომბერს შეიძინა დარჩენილი 33.3%-იანი წილი „----------“-გან. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში შპს „----------“-ის 33.3%-იან წილს ფლობდა შპს „----------“-ს 100%-იანი წილის მფლობელი, „----------“. შესაბამისად, წილის შესყიდვა შპს „----------“-ს მიერ მოხდა ისეთი პირისგან, რომლის მეშვეობითაც საწარმო ირიბად ფლობდა შპს „----------“-ის 33.3%-იან წილს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებითა და „სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 28 ივლისის №20231 ბრძანებით დამტკიცებულ მეთოდურ მითითებაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ მისივე დამფუძნებლისათვის შპს „----------“-ის 33.3%-იანი წილის სანაცვლოდ გადახდილი თანხის დივიდენდად განხილვა მართლზომიერია. ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.