გადაწყვეტილება №22461/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22461/2/2024
04 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 1.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22461/2/2024).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 8.12.2023 წლის №21161/2/2023 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადის გაგრძელება.
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 21.06.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 15.09.2020 წლიდან 1.02.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 27.06.2023 წლის №024-44 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 18.09.2023 წლის №22793 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 8.12.2023 წლის №21161/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 18.09.2023 წლის №22793 ბრძანება. მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია მეორადი მილების და შავი ლითონის ჯართის რეალიზაციასთან დაკავშირებით. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მომჩივნის მონაწილეობით, შეისწავლოს დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მომჩივანმა აუდიტის დეპარტამენტში 29.02.2024 წელს წარადგინა (№----------) განცხადება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 8.12.2023 წლის №21161/2/2023 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადის 15 დღით გაგრძელების თაობაზე.
მომჩივნის 29.02.2024 წლის №---------- განცხადება საბჭოში გამოგზავნილია 1.03.2024 წლის №---------- წერილით.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილ 29.02.2024 წლის განცხადებაში (№----------) მიუთითებს, რომ დაუძლეველი გარემოების გამო (ავადმყოფობის გამო) ითხოვს საბჭოს 8.12.2023 წლის №21161/2/2023 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადის გაგრძელებას 15 დღით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის მე-2-მე-4 ნაწილების თანახმად:
2. თუ დაინტერესებული მხარე ვალდებულია დაიცვას დადგენილი ვადა, აღნიშნული ვადის დინება დაიწყება მხოლოდ დაინტერესებული მხარისათვის შესაბამისი დოკუმენტის ან ინფორმაციის გადაცემის ან ამ ინფორმაციის ოფიციალური გამოქვეყნების დღიდან.
3. გაშვებული ვადა უნდა აღდგეს, თუ დაინტერესებულმა მხარემ კანონით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულად – დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით.
4. დაინტერესებული მხარე გაშვებული ვადის აღდგენის შესახებ წერილობითი განცხადებით მიმართავს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნული გარემოებათა აღმოფხვრიდან არა უგვიანეს 15 დღისა. განცხადებას უნდა დაერთოს შესაბამისი დოკუმენტები და მასალები, რომლებიც ადასტურებენ ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის არსებობას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არსებითი შესწორების შეტანა ნიშნავს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
საქმის გარემოებებით დგინდება, რომ საბჭოს 8.12.2023 წლის №21161/2/2023 გადაწყვეტილებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის გვერდის ავტორიზებული მომხმარებლის მეშვეობით 12.02.2024 წელს.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 1.03.2024 წელს რეგისტრირებულ (№22461/2/2024) საჩივარზე გადაწყვეტილების მიღების (მომჩივნის 29.02.2024 წლის №---------- განცხადების განხილვის) მომენტისთვის აუდიტის დეპარტამენტში საბჭოს 8.12.2023 წლის №21161/2/2023 გადაწყვეტილებით განსაზღვრული დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის.
მომჩივანი 29.02.2024 წლის №---------- განცხადებაში მიუთითებს, რომ საბჭოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადის გაგრძელებას ითხოვს დაუძლეველი გარემოების არსებობის გამო (ავადმყოფობის გამო).
საბჭოს მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები, ხოლო არსებითი შესწორების შეტანა ნიშნავს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 8.12.2023 წლის №21161/2/2023 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადის გაგრძელება.
ფაქტობრივი გარემოებები
1.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე გადაწყვეტილების მიღების (მომჩივნის 29.02.2024 წლის განცხადების განხილვის) მომენტისთვის აუდიტის დეპარტამენტში საბჭოს 8.12.2023 წლის №21161/2/2023 გადაწყვეტილებით განსაზღვრული დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის. მომჩივანი 29.02.2024 წლის განცხადებაში მიუთითებს, რომ საბჭოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადის გაგრძელებას ითხოვს დაუძლეველი გარემოების არსებობის გამო (ავადმყოფობის გამო). საბჭოს მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები, ხოლო არსებითი შესწორების შეტანა ნიშნავს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(1).