გადაწყვეტილება №25221/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 11.06.2025
№ დოკუმენტი 25221/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№25221/2/2025

11 ივნისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ --------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ის 28.05.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25221/2/2025).

 

დავის საგანი:

1. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 დეკემბრის №25508 ბრძანების აღსრულების შედეგები;

2. შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 8 ოქტომბრის №041-55 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 დეკემბრის №25508 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 მარტის №041-1 საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 მაისის №8589 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

 

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 8 ოქტომბრის №041-55 საგადასახადო მოთხოვნით - 155 420.85 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 80 705

მოგების გადასახადი - 65 534

საშემოსავლო გადასახადი - 15 171

ჯარიმა - 40 353

საურავი - 34 362.85

 

აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 მარტის №041-1 საგადასახადო მოთხოვნით - 145 921.48 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 80 705

მოგების გადასახადი - 10 876

საშემოსავლო გადასახადი - 69 829

ჯარიმა - 40 353

საურავი - 24 863.48

 

სადავო საკითხები:

1. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 დეკემბრის №25508 ბრძანების აღსრულების შედეგები

ფაქტების აღწერა

კომპანიის საქმიანობაა სახმელეთო სატრანსპორტო საერთაშორისო გადაზიდვები, რომლებსაც ახორციელებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან -----ის და საქართველოს მიმართულებით, ასევე სატრანზიტო გადაზიდვებს საქართველოს გავლით. ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს როგორც მისი კუთვნილი ტრაილერებით, ასევე მოქმედებს როგორც ექსპედიტორი. გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2017 წლის 8 სექტემბერს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად - 2018 წლის 5 თებერვლიდან.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 ივნისის №13165 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2021 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 აპრილამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 27 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილ იქნა საბანკო ამონაწერები, ახსნა-განმარტება, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები და ორისის საბუღალტრო პროგრამა. შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, მომჩივნის მიერ გაგზავნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ბუღალტრული ჩანაწერების მიხედვით, 2021 წლის 20 მარტს სალაროდან კაპიტალის სახით გატანილია 50 000 ლარი, ხოლო შემოწმების პროცესში კაპიტალის წარმოშობის სისწორე არ დადასტურდა. ასევე, საბაჟო დეკლარაციების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას განხორციელებული აქვს გადაზიდვები საქართველოდან ----ის მიმართულებით, რომელიც არ არის აღრიცხული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიღებული თანხები დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

2. გადასახადის გადამხდელის მიერ გაგზავნილი საბუღალტრო პროგრამა ორისის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის განმავლობაში კომპანიას გაწეული აქვს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ხარჯი. მათ შორის, საწვავის ხარჯი - 96 109 ლარი, საიდანაც 61 634 ლარზე არ აქვს წარდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მიხედვით, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები შემოწმების მიერ დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. მომჩივანს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

3. საწარმო შემოსავლების ძირითად ნაწილს იღებს უცხოეთში დაფუძნებული კომპანიებიდან ნაღდი ანგარიშსწორების გზით. სააღრიცხვო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება მომსახურების გაწევით წარმოქმნილი მოთხოვნა (დებიტორული დავალიანება) ---ში დაფუძნებული კომპანიის მიმართ, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში იზრდებოდა და გონივრული ვადის გათვალისწინებით დასაბეგრმა მოთხოვნამ ჯამში შეადგინა 268 083 ლარი. გადასახადის გადამხდელმა აღნიშნულ ნაწილზე წარადგინა მეორე მხარესთან ------------ - შედარების აქტი, რომლითაც ადასტურებს მოთხოვნის არსებობას. საგადასახადო კოდექსის 73-ე, 96-ე, 982 და 983 მუხლებით გაწეული მომსახურების ღირებულება განხილულ იქნა არარეზიდენტზე გაცემულ უპროცენტო სესხად. შესაბამისად, განსაზღვრულ იქნა დამატებით საგადასახადო ვალდებულებები, გაცემული სესხი და მისაღები პროცენტები დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. მომჩივანს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 7 ოქტომბრის №21839 ბრძანება და 8 ოქტომბრის №041-55 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 155 420.85 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 8 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 5 დეკემბრის №25508 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დებიტორული დავალიანების არარეზიდენტზე გაცემულ სესხად განხილვის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 ოქტომბრის №23106 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №11-ის შესაბამისად. ასევე, შესწავლისას გაითვალისწინოს შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ არარეზიდენტი კომპანიისგან მომსახურების გაწევის სანაცვლოდ ჩარიცხული თანხები და აღნიშნულის მიხედვით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 დეკემბრის №25508 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.03.2025 წლის დასკვნა, 14.03.2025 წლის №4316 ბრძანება და №041-1 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა მოგების გადასახადის ნაწილში დარიცხული 54 658 ლარი და დაერიცხა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში 54 658 ლარი.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 15 აპრილს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 2 მაისის №8589 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლზე და პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავოდ მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 დეკემბრის №25508 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა შესასრულებლად დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლზე და ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში ასახულ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, „დებიტორული დავალიანების შესახებ“ მეთოდური მითითებაში ცვლილების შეტანის შედეგად ჩამოყალიბებული დანართი №11-ის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით წარმოქმნილი მოთხოვნა/მოთხოვნის ნაწილი, რომლის ანაზღაურების ან შესაბამისი საქონლის უკან დაბრუნების ფაქტიც არ იქნა დადასტურებული შემოწმების დანიშვნის მომენტისთვის, კვალიფიცირდება როგორც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს გაცემული ხელფასი და ექვემდებარება შესაბამის დაბეგვრას. გადაანგარიშების პროცესში შესწავლილ იქნა შესამოწმებელი პერიოდის დასრულებიდან 2024 წლის პირველი აპრილიდან შემოწმების დანიშვნის მომენტისთვის 2024 წლის 4 ივნისამდე პერიოდები. საგადასახადო შემოწმების დანიშვნის თარიღისთვის არ დასტურდება არარეზიდენტი მომწოდებლის მიერ დებიტორული დავალიანების თანხის ანაზღაურების ფაქტი. შესაბამისად, წარმოშობილი მოთხოვნა დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს (31.03.2024 წ.) საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. ამასთან, გადაანგარიშების პროცესში გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდებზე დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარუდგენია.

საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

1. რაც შეეხება 2021 წლის 20 მარტს სალაროდან კაპიტალის სახით 50 00 ლარის გატანას, აღნიშნული თანხით კომპანიის დამფუძნებელმა 2018 წლის 15 თებერვალს საქმიანობის დაწყებამდე, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, შიდა ბაზარზე შეიძინა შპს „-----გან“ (ა/ფ ეა-------) სატვირთო სატრანსპორტო საშუალება (გამწევი და მისაბმელი) ღირებულებით 49 242 ლარი. ვინაიდან კომპანია ახლად იწყებდა საქმიანობას და არ გააჩნდა ფინანსური რესურსი, დამფუძნებლის მიერ შემოტანილი იქნა სარეზერვო კაპიტალის სახით. შესაბამისად, აღნიშნული თანხა მომჩივნის მიერ განხილულ იქნა სარეზერვო კაპიტალის გატანად და არ იქნა დაბეგრილი.

2. 2021 წლის განმავლობაში ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით გაწეულია ხარჯები, მათ შორის, საწვავის ხარჯი ჯამში 96 109 ლარის ოდენობით. კომპანიამ შემმოწმებელს წარუდგინა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, მათ შორის, უცხოეთში შეძენილი საწვავის ქვითრები. რადგან 2021 წლიდან დიდი პერიოდი იყო გასული, აღნიშნული ქვითრები იყო ფერგადასული და არ იკითხებოდა მონაცემები, ხოლო საბუღალტრო პროგრამაში ზუსტად იყო აღრიცხული საწვავის შეძენები და ჩამოწერები. ამასთან, საწვავის მთლიანი ხარჯი არ აღემატება შემოსავლის 27%-ს, რაც სავსებით დასაშვები ნორმაა და ცხადია გადასახადის გადამხდელი ვერ შეასრულებდა საქმიანობას აღნიშნული ხარჯის გაწევის გარეშე. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ითხოვს ჩაითვალოს ხარჯის დადასტურებად.

3. საწარმო შემოსავლების ძირითად ნაწილს იღებს უცხოეთში დაფუძნებული კომპანიებიდან ნაღდი ანგარიშსწორების გზით. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება დებიტორული დავალიანება, სატრანსპორტო მომსახურებიდან წარმოქმნილი. წარადგინეს ურთიერთშედარების ბარათი, მეორე მხარესთან --------თან შედარების აქტი, სადაც კომპანია ადასტურებს მოთხოვნას და აღნიშნავს, რომ დავალიანებას ფარავს ეტაპობრივად. აღნიშნული დებიტორული დავალიანება აუდიტის დეპარტამენტმა დააკვალიფიცირა უპროცენტო სესხად, რაც არ არის სამართლიანი, რადგან შემოწმების პროცესში მომჩივნის მიერ განმარტებულ იქნა, რომ კომპანიასთან ჰქონდათ დიდი ხნის საქმიანი ურთიერთობა, რაღაც ეტაპზე შეექმნა ფინანსური პრობლემები და ვერ ახერხებდა ვალის გადახდას, მაგრამ აღნიშნულ ეტაპზე ვალს აღიარებს და ახერხებს ეტაპობრივად გადახდას.

მომჩივანი ითხოვს წარმოდგენილი არგუმენტაციის და კომპანიის მდგომარეობის გათვალისწინებას. საწარმოს აქვს ერთი ავტომანქანა და გადის რთულ ეკონომიკური განვითარების გზას. ზედმეტად დარიცხული არასამართლიანი გადასახადები მას შეუქმნის ფუნქციონირების რისკს. ითხოვს მის მიერ აღიარებული ნაწილი დაეკისროს გადასახდელად, ხოლო დანარჩენი ნაწილი გაუქმდეს, რათა შეძლოს საქმიანობის გაგრძელება და კუთვნილი გადასახადების გადახდა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 დეკემბრის №25508 ბრძანებით, მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დებიტორული დავალიანების არარეზიდენტზე გაცემულ სესხად განხილვის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 ოქტომბრის №23106 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №11-ის შესაბამისად. ასევე, შესწავლისას გაითვალისწინოს შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ არარეზიდენტი კომპანიისგან მომსახურების გაწევის სანაცვლოდ ჩარიცხული თანხები და აღნიშნულის მიხედვით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების მიხედვით, გადასახადის გადამხდელზე დარიცხული თანხები გაანგარიშებულ იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 ოქტომბრის №23106 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №11-ის შესაბამისად. გადასახადის გადამხდელის მომსახურების გაწევით წარმოქმნილი მოთხოვნა (დებიტორული დავალიანება), რომელმაც შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში შეადგინა 268 083 ლარი (ლოგიკური პერიოდის გათვალისწინებით), ჩათვლილი იყო არარეზიდენტზე გაცემულ უპროცენტო სესხად, ძირი თანხა და მისაღები პროცენტები დაიბეგრა მოგების გადასახადით. შემოსავლების სამსახურის №23106 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №11-ის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ მომსახურების გაწევით წარმოქმნილი მოთხოვნა (გონივრული ვადის გათვალისწინებით) დაკვალიფიცირდა როგორც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე - ------ზე გაცემული ხელფასი და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. აღნიშნული იწვევს დამატებით საგადასახადო ვალდებულებებს. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული ჯამური თანხა დარჩა უცვლელი.

მომჩივანი სადავოდ ხდის დარიცხვის მართლზომიერებას და არ წარმოადგენს არგუმენტაციას შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 დეკემბრის №25508 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 8 ოქტომბრის №041-55 საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 8 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 5 დეკემბრის №25508 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. აღნიშნული აქტები გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 9.12.2024 წელს, მისი გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 30.12.2024 წელი (მე-20 დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს - კვირა), ხოლო საჩივარი, სადავო აქტის გაუქმების მოთხოვნით, დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია ელექტრონულად 28.05.2025 წელს. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი 20 დღიანი ვადა.

ამასთან, მომჩივანს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია/მტკიცებულება გასაჩივრების ვადის დარღვევასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების ნაწილში დარჩეს განუხილველი;

2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. შემოსავლების სამსახურის №25508 ბრძანების აღსრულების შედეგები;

2. შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №13165 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2021 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 აპრილამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილ იქნა საბანკო ამონაწერები, ახსნა-განმარტება, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები და ორისის საბუღალტრო პროგრამა. შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, მომჩივნის მიერ გაგზავნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ბუღალტრული ჩანაწერების მიხედვით, 2021 წლის 20 მარტს სალაროდან კაპიტალის სახით გატანილია 50 000 ლარი, ხოლო შემოწმების პროცესში კაპიტალის წარმოშობის სისწორე არ დადასტურდა. ასევე, საბაჟო დეკლარაციების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას განხორციელებული აქვს გადაზიდვები , რომელიც არ არის აღრიცხული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიღებული თანხები დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

ამასთან,გადასახადის გადამხდელის მიერ გაგზავნილი საბუღალტრო პროგრამა ორისის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის განმავლობაში კომპანიას გაწეული აქვს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ხარჯი. მათ შორის, საწვავის ხარჯი - 96 109 ლარი, საიდანაც 61 634 ლარზე არ აქვს წარდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მიხედვით, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები შემოწმების მიერ დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. მომჩივანს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

ასევე დგინდება,რომ საწარმო შემოსავლების ძირითად ნაწილს იღებს უცხოეთში დაფუძნებული კომპანიებიდან ნაღდი ანგარიშსწორების გზით. სააღრიცხვო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება მომსახურების გაწევით წარმოქმნილი მოთხოვნა (დებიტორული დავალიანება) საქართელოს ფარგლებს გარეთ დაფუძნებული კომპანიის მიმართ, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში იზრდებოდა და გონივრული ვადის გათვალისწინებით დასაბეგრმა მოთხოვნამ ჯამში შეადგინა 268 083 ლარი. გადასახადის გადამხდელმა აღნიშნულ ნაწილზე წარადგინა მეორე მხარესთან შედარების აქტი, რომლითაც ადასტურებს მოთხოვნის არსებობას. საგადასახადო კოდექსის 73-ე, 96-ე, 982 და 983 მუხლებით გაწეული მომსახურების ღირებულება განხილულ იქნა არარეზიდენტზე გაცემულ უპროცენტო სესხად. შესაბამისად, განსაზღვრულ იქნა დამატებით საგადასახადო ვალდებულებები, გაცემული სესხი და მისაღები პროცენტები დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. მომჩივანს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №21839 ბრძანება და №041-55 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 155 420.85 ლარი.აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №25508 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.

შემოსავლების სამსახურის №25508 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, №4316 ბრძანება და №041-1 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა მოგების გადასახადის ნაწილში დარიცხული 54 658 ლარი და დაერიცხა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში 54 658 ლარი.კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №8589 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის №25508 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ამასთან,მეორე სადავო აკითხთან დაკავშირებით ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301( „ე“ );