ბრძანება N 17997

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 02.08.2024
№ დოკუმენტი 17997
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17997

02 აგვისტო 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---“-ის (ს/ნ ---)

(ფაქტ. მის.: --) 2024 წლის 15 ივლისის

საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 25 ივლისის სხდომაზე (ოქმი №80) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ---) 2024 წლის 15 ივლისის №90725/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 18 ივნისის №041-29 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას. განმარტავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას არ უფიქსირდება საგადასახადო სამართალდარღვევა და არც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილში აღნიშნული წინაპირობების არსებობა. აცხადებს, რომ შემმოწმებლის მიერ უზედნადებო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი განისაზღვრა 75%-იანი ფასნამატის შესაბამისად, მაშინ როდესაც რეალურად შიდა დოკუმენტური ფასნამატი შეადგენს 66%-ს. გადამხდელისთვის ასევე გაურკვეველია თუ რატომ მოხდა საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულ საქონლად დაკვალიფიცირება. მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილზე და 163-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე. ითხოვს არაპირდაპირი მეთოდით გაანგარისებული შემოსავლის კორექტირებას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და ითხოვს სალაროში ბუღალტრულად დაფიქსირებული თანხის განაწილებულ დივიდენდად განხილვას. გადამხდელისთვის გაურკვეველია ზემოაღნიშნული თანხის ხელფასად განხილვა, როდესაც ბუღალტრულად სალაროში დაგროვილი თანხის ნაშთი რეალურად წარმოადგენს კომპანიის საქმიანობიდან მიღებულ მოგებას და მეტად გონივრულია აღნიშნულის გაცემულ დივიდენდად განხილვა. ასევე, გაურკვეველია შემმოწმებლის მიერ გადაგზავნილი ცხრილის მიხედვით 2023 წლის აგვისტოს თვეში გაანგარიშებული არაგონივრული ნაშთის 2023 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდში გაცემულ ხელფასად განხილვა. ითხოვს სალაროში ბუღალტრულად დაფიქსირებული სალაროს ნაშთის დივიდენდად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 აგვისტოს №19677 და 2024 წლის 19 მარტის №5937 ბრძანებების საფუძველზე შპს „---“-ს (ს/ნ ---) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები, სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის 2023 წლის 9 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 10 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 18 ივნისის №14230 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №041-29 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 475 215 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 288 831 ლარი, ჯარიმა 136 656 ლარი და საურავი 49 728 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

1. შპს „---“-ის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს --- ს ტერიტორიაზე, იმპორტირებული (ადგილობრივი შეძენა მცირეა) სანტექნიკის მასალების საბითუმო და საცალო რეალიზაცია. პირს უფიქსირდება როგორც დოკუმენტური, ასევე საკონტროლო-სალარო აპარატის მეშვეობით რეალიზაციები. შემოწმებისას გადასახადის გადამხდელს ჩაუტარდა სმფ-ების ინვენტარიზაციის და სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურები. სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგების, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტებისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარმოადგინა პირველადი აღრიცხვის დოკუმენტები (ბუღალტრული პროგრამა ორისი, საბანკო ამონაწერები, იმპორტირებული საქონლის ინვოისები (ნაწილობრივ) და სხვადასხვა ახსნაგანმარტებები). პირს ბუღალტრული აღრიცხვა წარმოებული აქვს არასრულყოფილად, კერძოდ, საცალოდ რეალიზებული საქონელი ჩამოწერილი აქვს ერთიანად (2022 წელს წლის ბოლოს, ხოლო 2023 წელს თვის ბოლო რიცხვში). აღნიშნული დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა, რის გამოც შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე გავრცელებულ იქნა დოკუმენტური ფასნამატი თითოეული საქონლის მიხედვით, ხოლო თუ კონკრეტულ რეალიზებულ საქონელზე ვერ დადგინდა შიდა დოკუმენტური ფასნამატი, მასზე გავრცელებულ იქნა დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასნამატი, რომელიც შეადგენდა 69%-ს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. გადამხდელი შემოსავლების მიღებას და ხარჯების გაწევას ახორციელებს როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება, როგორც საკასო შემოსავალი, ისე საკასო ხარჯი. „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ" დანართი №9-ის შესაბამისად, გონივრულ ნაშთად მიიჩნევა ამავე კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის საკასო ხარჯის 10%-ს დამატებული ამავე კალენდარული თვის განმავლობაში საკასო შემოსავლის 10% (მ.შ. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი და ხარჯი), ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა ჩაითვლება არაგონივრულ ნაშთად. პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრება შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდის (კალენდარული თვის) არაგონივრული ნაშთის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. კერძოდ, აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდება როგორც საწარმოს დირექტორზე გაცემული ხელფასი. შემოწმებით გაანგარიშებულ იქნა საწარმოს არაგონივრული ნაშთი „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ" დანართი №9-ის შესაბამისად (საკასო შემოსავლის და შესაბამისად სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავლები), ასევე განისაზღვრა საწარმოს არაგონივრული ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. საშემოსავლო გადასახადი განისაზღვრა „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ" დანართი №9-ის შესაბამისად. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, გაიზარდა გადამხდელის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით, შესაბამისად, საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების მიერ, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება თითოეული საქონლის მიხედვით, ხოლო იმ საქონელზე, რომელზეც ვერ დადგინდა შიდა დოკუმენტური ფასნამატი, დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასნამატის გავრცელება, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

ამავე კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და „ზ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;

ზ) რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელი ითხოვს სალაროს არაგონივრული ნაშთის განაწილებულ დივიდენდად განხილვას. ასევე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს გააჩნია საკმარისი ფინანსური მოგება სალაროში დარჩენილი ნაშთის დივიდენდად გასაცემად.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სალაროს ფულის ნაშთი, საწარმოს ფინანსური მოგების გათვალისწინებით, განიხილოს განაწილებულ დივიდენად და აღნიშნულის შესაბამისად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სალაროს ფულის ნაშთი, საწარმოს ფინანსური მოგების გათვალისწინებით, განიხილოს განაწილებულ დივიდენად და აღნიშნულის შესაბამისად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და ითხოვს სალაროში ბუღალტრულად დაფიქსირებული თანხის განაწილებულ დივიდენდად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე გავრცელებულ იქნა დოკუმენტური ფასნამატი თითოეული საქონლის მიხედვით, ხოლო თუ კონკრეტულ რეალიზებულ საქონელზე ვერ დადგინდა შიდა დოკუმენტური ფასნამატი, მასზე გავრცელებულ იქნა დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასნამატი, რომელიც შეადგენდა 69%-ს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

2. შემოწმებით გაანგარიშებულ იქნა საწარმოს არაგონივრული ნაშთი „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ" დანართი №9-ის შესაბამისად (საკასო შემოსავლის და შესაბამისად სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავლები), ასევე განისაზღვრა საწარმოს არაგონივრული ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. საშემოსავლო გადასახადი განისაზღვრა „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ" დანართი №9-ის შესაბამისად. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, გაიზარდა გადამხდელის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სალაროს ფულის ნაშთი, საწარმოს ფინანსური მოგების გათვალისწინებით, განიხილოს განაწილებულ დივიდენად და აღნიშნულის შესაბამისად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 981; 101; 154.