ბრძანება N 10964
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 10964
02 მაისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------“ (პ/ნ---------)
(მის.: ---------)
2023 წლის პირველი სექტემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 26 აპრილის სხდომაზე (ოქმი №46) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 18 აპრილის №21472/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-----------“ (ს/ნ -----------) 2023 წლის პირველი სექტემბრის №83356/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 აგვისტოს №125-19 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით დავის საგანია საურავის დარიცხვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილთან შესაბამისობის საკითხი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 15 აპრილის №21054 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2008 წლის პირველი თებერვლიდან 2014 წლის 24 მარტამდე წლიური მოგების და ქონების გადასახადების ნაწილში შემოწმდეს 2008-2013 წლების საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა 2014 წლის 15 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2014 წლის 17 დეკემბრის №52411 ბრძანება და ამავე თარიღის №025-34 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 83 473 ლარი, მათ შორის, გადასახადი 38 228 ლარი, ჯარიმა 17 780 და საურავი 27 465 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2015 წლის 16 მარტის №8021 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 16 მარტის №8021 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2015 წლის 17 სექტემბრის №9936/2/15 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 17 დეკემბრის №025-34 საგადასახადო მოთხოვნა და მასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ გამოცემული გადაწყვეტილებები გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის №3/8131-15 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს ,,----------“ სარჩელი, კერძოდ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 17 დეკემბრის №025-34 საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 16 მარტის №8021 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება №9936/2/15 საჩივართან დაკავშირებით საწარმოს მიერ შეძენილი საწვავის ხარჯებიდან და დღგ-ის ჩათვლებიდან ამოღების ნაწილში და მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.
---------- საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის №3/8131-15 გადაწყვეტილებაში მითითებულია:
„საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 18 აპრილის №230 ბრძანებით, მართალია, დამტკიცებული არის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ ძირითად საშუალებაზე (ავტოტრანსპორტი, სპეცტექნიკა და სხვა) გახარჯული საწვავის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვის წესი, თუმცაღა საგულისხმოა სადავო შემთხვევაში განხორციელებული დარიცხვის პერიოდები. კერძოდ, საგადასახადო ორგანოთა მიერ მოცემული ბრძანების მოთხოვნების მისადაგება მოხდა 2008, 2009 და 2010 წლებზეც, რაც ცალსახად ეწინააღმდეგება კანონიერების პრინციპს და დაუშვებელია, დარიცხვა განხორციელდეს და გადამხდელს პასუხისმგებლობა დაეკისროს იმ ნორმატიული აქტის საფუძველზე, რომელიც სადავო პერიოდში არ მოქმედებდა, მით უფრო, როდესაც აღნიშნულს მეწარმისათვის ხელსაყრელი შედეგები არ აქვს. ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ განხორციელებული დარიცხვის ნაწილში აუცილებელია, რომ ერთმანეთისგან გაიმიჯნოს 2011 წლამდე და 2011 წლის შემდგომ არსებული საანგარიშო პერიოდები, რამეთუ 2011 წლამდე მოქმედი კანონმდებლობა არ იძლეოდა იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა საწვავის კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისა და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით გამოყენების არსებობის დადასტურება. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაუშვებელია, მხარეს მოეთხოვოს იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლის წარდგენის ვალდებულება კანონმდებლობით არ ეკისრება. ამდენად, არ იყო რა მკაცრად განსაზღვრული მტკიცებულებათა ჩამონათვალი, გადასახადის გადამხდელს შეეძლო, წარედგინა ნებისმიერი დოკუმენტი, რომლითაც აღნიშნულ გარემოებათა მტკიცება იქნებოდა შესაძლებელი, ხოლო საგადასახადო ორგანოს წარდგენილ მტკიცებულებათა სრულად და ყოველმხრივ ანალიზის შედეგად უნდა მიეღო გადაწყვეტილება. შესაბამისად, გადამხდელს უნდა ემოქმედა საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი დანაწესების მიხედვით, მოქმედებდა ზოგადი მტკიცების ტვირთი და საგადასახადო ორგანოს ცალკეულ დოკუმენტთა ერთობლივად გამოკვლევის შედეგად უნდა განესაზღვრა გადამხდელის მოქმედების მართლზომიერების საკითხი.
მოცემულ სადავო საკითხის ნაწილში სასამართლო დამატებით ყურადღებას მიაქცევს საწარმოს საქმიანობის სახეს - ნავთობპროდუქტების შეძენა და შემდგომი რეალიზაცია, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასათვალისწინებელია მოსარჩელის საქმიანობის სახე, რომლის სრულყოფილად განხორციელებასთან ცალსახად არის დაკავშირებული შესაბამისი ხარჯის, მათ შორის ტრანსპორტის გამოყენებისა და საწვავის შეძენის, გაწევის აუცილებლობა. ამდენად, მნიშვნელოვანია რატომ იწვევს მოპასუხეებისთვის გაღებული საწვავის ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასა და დასაბეგრ ოპერაციებთან კავშირში გამოყენება ეჭვს. სასამართლოს მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს ასევე არ წარმოშობს სადავო დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტი, რომ „საზოგადოების ბალანსზე რიცხული ავტომანქანით მოძრაობის წესების დარღვევისთვის რიგ შემთხვევებში დაჯარიმებულია სხვა პირი“, რამეთუ ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ შესწავლილი და გამოკვლეული არ არის დაჯარიმებულ პირთა საწარმოსთან არსებული ურთიერთობის სახე, ასევე აღნიშნული არ არის მსგავს შემთხვევათა რაოდენობა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ ეჭვი პირის მიერ კანონმდებლობის დარღვევის თაობაზე არ შეიძლება გახდეს მისთვის საგადასახადო ტვირთის დამძიმების საფუძველი. ეჭვი უნდა იყოს გონივრული და შესაბამისი ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლებით გამყარებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არის დასაბუთებული საწარმოს საქმიანობის სახის გათვალისწინებით რატომ წარმოიშვა ეჭვი გაწეული ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირის თაობაზე და აღნიშნული ეჭვი არ არის შესაბამისი მტკიცებულებებითა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით გამყარებული, ამასთან, საგადასახადო ორგანოთა მიერ მოცემული სადავო საკითხის ნაწილში 2011 წლამდე პერიოდზე გავრცელდა 2011 წელს მიღებული ნორმატიული აქტი, რაც წინააღმდეგობაში მოდის კანონიერების პრინციპთან. სადავო საკითხი საჭიროებს საქმის გარემოებების გამოკვლევასა და შეფასებას აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 17 დეკემბრის №025-34 საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 16 მარტის №8021 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება №9936/2/15 საჩივართან დაკავშირებით საწარმოს მიერ შეძენილი საწვავის ხარჯებიდან და დღგ-ის ჩათვლებიდან ამოღების ნაწილში და მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.“
---------- სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ივნისის №3ბ/834-18 განჩინებით, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინიტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის №3/8131-15 გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 30 ნოემბრის №ბს-1314(2კ-19) განჩინებით, შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ივნისის №3ბ/834-18 განჩინება.
სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 4 აგვისტოს დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული გადასახადი 17 384 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 10 აგვისტოს №125-19 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც 2023 წლის პირველ სექტემბერს წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ნოემბრის №28502 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ნოემბრის №28502 ბრძანებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 18 აპრილის №21472/2/2023 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 18 აპრილის №21472/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ამასთან, საბჭო ყურადღებას ამახვილებს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული გადასახადის (27 314 ლარი) და საურავის (39 861.93 ლარი) ოდენობაზე და მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის მიხედვით საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ საგადასახადო დავის განხილვის დასრულებამდე კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, დავის განმხილველი ორგანო ვალდებულია გამოიყენოს ახალი კანონით დადგენილი ნორმა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, საურავის დარიცხვის შესაბამისობა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილთან. ამდენად, შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე კიდევ ერთხელ იქნა შესწავლილი სადავო საკითხი, კერძოდ, დასკვნით მოხდა ერთობლივი შემოსავლიდან გახარჯული საწვავის გამოქვითვის გათვალისწინება 2008, 2009 და 2010 წლებში. ვინაიდან ფინანსთა მინისტრის ბრძანება №230 საწვავების გახარჯვასთან დაკავშირებით მიღებულ იქნა 2011 წელს და ამოქმედდა 2011 წლიდან, არარელევანტური იქნება მისი გავრცელება წინა პერიოდებში. აღნიშნულმა საკითხმა თავის მხრივ გავლენა მოახდინა ჩასათვლელი დღგ-ის ნაწილში, კერძოდ, 2008, 2009 და 2010 წლებში შემოწმებით ჩასათვლელი დღგ-ის ნაწილში დარიცხული თანხები გადაანგარიშებით სრულად დაექვემდებარა შემცირებას. რაც შეეხება ზემოაღნიშნული საკითხის დარიცხვას 2011 წლიდან შემდგომ შესამოწმებელ პერიოდებზე აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი, ვინაიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 18 აპრილის №230 ბრძანებით, დამტკიცებულია ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ ძირითად საშუალებაზე (ავტოტრანსპორტი, სპეცტექნიკა და სხვა) გახარჯული საწვავის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვის წესი და ამ წესის თანახმად წარმოებული დოკუმენტაცია მტკიცებულების სახით გადამხდელს არ წარმოუდგენია არც შემოწმების დროს და არც შემდგომ გასაჩივრების პერიოდში. 2011 წლიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2011 წლიდან შემდგომ შესამოწმებელ პერიოდზე დღგ-ის ნაწილში დარიცხვა დარჩა უცვლელი. ასევე, შემოწმებამ გამოიყენა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე2 და 21 ნაწილები ვინაიდან სასამართლოს დავალებული აქვს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, შესაბამისად, სანქციის გადაანგარიშების დროს გათვალისწინებულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის ნორმა, რომელმაც გავლენა მოახდინა დღგ-ის ნაწილში დარიცხული ჯარიმაზე, რის შედეგადაც 2011-2013 წლებში დამატებით შემცირებულ იქნა დღგ-ზე დარიცხული ჯარიმა 1 868 ლარით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
ამავე კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 18.05.2016 წლის №13446 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების მე-16 მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული საურავის დარიცხვის შეზღუდვა განხორციელდეს პროგრამულად, რისთვისაც:
ა) 2019 წლის 1 იანვრიდან ყოველდღიურად განისაზღვრება ბოლო 3 წელში სავადო თარიღით დარიცხული ის თანხები, რომლებიც განიხილება დავალიანების შემადგენელ ნაწილად და მხოლოდ აღნიშნულ თანხებზე გაგრძელდება საურავის დარიცხვა. ამასთან, ბოლო 3 წელში დავალიანების შემცირების ოპერაციების თანხები, ჯერ ამცირებს იმავე სავადოში იმავე გადასახადში დარიცხულ თანხებს, ხოლო შემდეგ, ისევე როგორც ამავე პერიოდში ბიუჯეტში გადახდილი თანხები, მონაწილეობს ძველი პერიოდის დავალიანების დაფარვაში;
ბ) 2016 წლის 1 იანვრამდე სავადო თარიღით დარიცხულ დავალიანებაზე საურავის დარიცხვა შეწყდება 2019 წლის 1 იანვარს (მათ შორის, ძირითად ბარათზე შემდგომ პერიოდში ასახული თანხებით წარმოშობილ დავალიანებაზე).
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ საგადასახადო დავის განხილვის დასრულებამდე კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, დავის განმხილველი ორგანო ვალდებულია გამოიყენოს ახალი კანონით დადგენილი ნორმა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების თანახმად, 2016 წლის პირველ იანვრამდე სავადო თარიღით დარიცხულ დავალიანებაზე საურავის დარიცხვის შეწყვეტა გათვალისწინებულია მხოლოდ 2019 წლის პირველი იანვრიდან. აღნიშნული პროცედურა ხორციელდება პროგრამულად. პროგრამული ლოგიკის მიხედვით, 2016 წლის 1 იანვრამდე სავადო თარიღით არსებულ დავალიანებაზე დარიცხული საურავის მოხსნა ავტომატურ რეჟიმში არ არის შესაძლებელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის პოზიციით, მიზანშეწონილია მიეცეს მითითება აუდიტის დეპარტამენტს, რომ დასკვნის საფუძველზე, მექანიკურად განხორციელდეს საურავის გადაანგარიშება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს საურავის დარიცხვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილთან შესაბამისობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული მითითების შესაბამისად განახორციელოს დარიცხული საურავის კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---------“ (ს/ნ ---------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს საურავის დარიცხვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილთან შესაბამისობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, ამ ბრძანების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული
მითითების შესაბამისად განახორციელოს დარიცხული საურავის კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან
არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში
(მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით დავის საგანია საურავის დარიცხვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილთან შესაბამისობის საკითხი.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების თანახმად, 2016 წლის პირველ იანვრამდე სავადო თარიღით დარიცხულ დავალიანებაზე საურავის დარიცხვის შეწყვეტა გათვალისწინებულია მხოლოდ 2019 წლის პირველი იანვრიდან. აღნიშნული პროცედურა ხორციელდება პროგრამულად. პროგრამული ლოგიკის მიხედვით, 2016 წლის 1 იანვრამდე სავადო თარიღით არსებულ დავალიანებაზე დარიცხული საურავის მოხსნა ავტომატურ რეჟიმში არ არის შესაძლებელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის პოზიციით, მიზანშეწონილია მიეცეს მითითება აუდიტის დეპარტამენტს, რომ დასკვნის საფუძველზე, მექანიკურად განხორციელდეს საურავის გადაანგარიშება.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:272(21);269(21);