გადაწყვეტილება №24754/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.03.2025
№ დოკუმენტი 24754/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24754/2/2025

11 მარტი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 13.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24754/2/2025).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.11.2024 წლის №056-71 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 3.02.2025 წლის №1210 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 166 139.55 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 105 088

დღგ - 34 979

საშემოსავლო გადასახადი - 70 109

ჯარიმა - 52 544

საურავი - 8 507.55

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს იმპორტირებული საქონლით (ტანსაცმლით და ფეხსაცმლით) ვაჭრობა.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 23.10.2023 წლიდან 1.06.2024 წლამდე პერიოდის, საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 21 ნოემბრის შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, შესაბამისად, ვინაიდან შეუძლებელი გახდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას იმპორტის გზით შეძენილი აქვს სულ 416 680 ლარის საქონელი (დღგ-ის გარეშე). კომპანიის მიერ იმპორტირებულ საქონელს მიენიჭა კატეგორიები (სულ 7 კატეგორია). შესამოწმებელ პერიოდში, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთი განისაზღვრა 0 ლარის ოდენობით. შემოწმების მიმდინარეობისას, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს ეთხოვა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარება კომპანიაში. 2024 წლის 29 ივლისს შედგენილი ოქმის თანახმად, ობიექტი ვერ მოიძებნა. შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით. კომპანიის მიერ, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი, რის შედეგადაც დადგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

ამასთან, შემოწმებით გაანგარიშებული შემოსავლის, ასევე, კომპანიის მიერ დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გათვალისწინებით, შემოწმებით გამოვლენილი დამატებით რეალიზაციიდან მიღებული ფული ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ფულად სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.11.2024 წლის №25010 ბრძანება და №056-71 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 3.02.2025 წლის №1210 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილზე და ამავე მუხლის, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ არის წარდგენილი მისი არგუმენტაციის შესაბამისი ისეთი არგუმენტაცია/დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი და მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, მომჩივნის მოთხოვნაზე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

უცნობია რომელი კომპანიის ბრუნვები იქნა აღებული, რამდენად არის აღნიშნული კომპანიის საქმიანობა მათი კომპანიის იდენტური, ვისგან იძენს და რა ხარისხის საქონელს ყიდის აღნიშნული კომპანია და ა.შ. შემოწმების პროცესში და არც შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე აღნიშნული ინფორმაცია არ მიუწოდებიათ, იმ მოტივით, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის საგადასახადო საიდუმლოება, რაც ბუნებრივია აბსურდია.

მიუთითებს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ შემოწმებით არ არის დასაბუთებული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი. იმ პირობებში, როცა საქონელს არ ყიდის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, საქონლის ჩამოწერას ახორციელებს დღის ჭრილში, შესაბამისად, აღრიცხვა აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწესრიგებული. აქედან გამომდინარე, შემმოწმებელს არ ჰქონდა უფლება არაპირდაპირი მეთოდებით განესაზღვრა კომპანიის შემოსავალი. ასევე აღვნიშნავს, რომ პარალელურად ჩატარდა შპს ------- საგადასახადო შემოწმება, რომელიც ვაჭრობს იდენტური საქონლით და შემოწმებაც ჩატარებულია მსგავს პერიოდზე. შემოწმებით ამ უკანასკნელზე გავრცელდა ფასნამატი 26%. თუ, ერთი და იგივე პერიოდში, ერთი და იგივე საქონლით ვაჭრობისას, ერთ გადასახადის გადამხდელზე ვრცელდება 26%-იანი ფასნამატი, მაშინ რატომ ვრცელდება მეორე გადამხდელზე 48%-იანი ფასნამატი. მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.

შემოწმების პროცესში, ფულის ნაშთი გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი, ხარჯში კი ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი და ბიუჯეტში გადახდები, ხოლო დარჩენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. როგორც ზემოთ აღნიშნა, არასწორად იქნა გაანგარიშებული ფასნამატი, რამაც განაპირობა არასწორი/ვირტუალური ფულის ნაშთის დადგენა. ასევე, არასწორი ვირტუალური ფულის ნაშთის ე.წ „აგროსვა“ და არარსებული ფულის 20%-ის ნაცვლად 25%-ით დაბეგვრა.

ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, საინვოისო ღირებულების სრულად ხარჯებში გათვალისწინება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას შესაბამისად, შეუძლებელი გახდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას იმპორტის გზით შეძენილი აქვს სულ 416 680 ლარის საქონელი (დღგ-ის გარეშე). კომპანიის მიერ იმპორტირებულ საქონელს მიენიჭა კატეგორიები (სულ 7 კატეგორია). შესამოწმებელ პერიოდში, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით. ამასთან, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, სასაქონლომატერიალურ ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარება, ობიექტის ვერ მოძებნის გამო, ვერ განხორციელდა, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობების ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით. შესამოწმებელ პერიოდში შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი, შედეგადაც დადგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, შემოწმებით გამოვლენილი დამატებითი რეალიზაციიდან მიღებული ფული ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ფულად სარგებლად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ მათთვის უცნობია რომელი კომპანიის ბრუნვები იქნა აღებული, რამდენად არის აღნიშნული კომპანიის საქმიანობა მათი კომპანიის იდენტური, ვისგან იძენს და რა ხარისხის საქონელს ყიდის აღნიშნული კომპანია. შემოწმების პროცესში და არც შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე აღნიშნული ინფორმაცია არ მიუწოდებიათ, შემოწმებით არ არის დასაბუთებული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი. იმ პირობებში, როცა საქონელს არ ყიდის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, საქონლის ჩამოწერას ახორციელებს დღის ჭრილში, შესაბამისად, აღრიცხვა აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწესრიგებული, შემმოწმებელს არ ჰქონდა უფლება არაპირდაპირი მეთოდებით განესაზღვრა შემოსავალი. პარალელურად ჩატარდა შპს ------- საგადასახადო შემოწმება, რომელიც ვაჭრობს იდენტური საქონლით და შემოწმებაც ჩატარებულია მსგავს პერიოდზე. შემოწმებით ამ უკანასკნელზე გავრცელდა ფასნამატი 26%. ამდენად, ერთი და იგივე პერიოდში, ერთი და იგივე საქონლით ვაჭრობისას, ერთ გადასახადის გადამხდელზე ვრცელდება 26%-იანი ფასნამატი, მაშინ როდესაც მეორე გადამხდელზე 48%-იანი ფასნამატია გავრცელებული. არასწორად გაანგარიშებულმა ფასნამატმა განაპირობა არასწორი/ვირტუალური ფულის ნაშთის დადგენა, ასევე, ფულის ნაშთის ე.წ „აგროსვა“ და არარსებული ფულის 20%-ის ნაცვლად 25%-ით დაბეგვრა. ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, საინვოისო ღირებულების სრულად ხარჯებში გათვალისწინებას.

აუდიტის დეპარტამენტი 21.02.2025 წლის №13119-21-14 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელმა არ ითანამშრომლა შემოწმებასთან, მისივე სატელეფონო განცხადებით, მინდობილობა ქონდა სხვაზე მიცემული და ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა სხვა კერძო პირი, რომელთანაც მოხდა დაკავშირება მაგრამ, მანაც არ ითანამშრომლა შემოწმებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე მოხდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება. შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელს ქონდა სამი საბაჟო იმპორტის ინვოისი, რის საფუძველზეც მოხდა გაანგარიშება. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს იმპორტირებული საქონლით (ტანსაცმლით, ფეხსაცმლითა და სხვა ტანისამოსით) ვაჭრობა. კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შესაბამისად, შეუძლებელი გახდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა

მიუთითებს დარიცხვის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში, კომპანიის მიერ განხორციელებულ შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი 48%-ი. ასევე, კომპანიის მიერ სხვა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გათვალისწინებით, შემოწმებით დამატებით გამოვლენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად.

ამასთან, დამატებით განმარტავს, რომ ფულის ნაშთი გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით, სამივე ინვოისი ჩაითვალა გადახდილად და ასევე სხვა ხარჯებიც. შესამოწმებელი პერიოდის საწყის და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთებად აღებულია 0 ლარი, ხოლო შეძენილი მარაგები დათვლილია საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით (საბაჟო ცხრილში არსებული საქონლის ღირებულება ლარში). მიღებული რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება დაყოფილია ძირითად ჯგუფებად და გავრცელებულია აუდირებული ფასნამატი. ასევე, ფულის მოძრაობის გაანგარიშებაშიც მონაწილეობს მიღებული შემოსავალი და აკლდება რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების თანხა, რომელიც მიჩნეულია საქონლის შეძენის ღირებულებად. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით გადასახადის გადამხდელს განხორციელებული აქვს რამდენიმე იმპორტის ოპერაცია. ყველა მათგანზე უფიქსირდება საქონლის შესყიდვის ინვოისები, რომლის ღირებულებაც განსხვავდება საბაჟო ცხრილში არსებული ღირებულებისგან, რომლითაც იხელმძღვანელა შემოწმებამ.

ასევე აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 25.07.2024 წლის (საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ) №17413 ბრძანების საფუძველზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრები, მიმდინარე წლის 29 ივლისს იმყოფებოდნენ გადასახადის გადამხდელის სალარო აპარატის რეგისტრაციის მისამართზე (ქ. თბილისი, ისანი-სამგორი, ნოდარ სიგუას №30) საკონტროლო შესყიდვის ჩატარებისა და სარეალიზაციო ფასების ფიქსაციის მიზნით. აღნიშნულ მისამართზე კომპანია ვერ მოიძებნა. ბაზრობის ადმინისტრაციის შპს „ჩაინა ლილო სითის“ განმარტებით, კომპანია მათ ტერიტორიაზე ეკონომიკურ საქმიანობას არ ახორციელებს და არასდროს არ ყოფილა სახელშეკრულებო (საიჯარო) ურთიერთობებში. შესაბამისად, ვერ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა და ფასების ფიქსაცია. კომპანიის საინფორმაციო ბარათში ასახული მონაცემთა სისწორის დადგენის მიზნითა და კომპანიის მართვის ადგილის იდენტიფიცირებისთვის, გადასახადის გადამხდელის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში მითითებულ ტელეფონის ნომრებზე კომუნიკაცია ვერ განხორციელდა. გადასახადის გადამხდელის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის თანახმად, კომპანიის საგადასახადო რეგისტრაციის თარიღიდან დღემდე, კომპანიის მიერ სსადან გაცემულია ერთი ნულოვანი ზეტ რეპორტი თარიღით 8.06.2024 წ. 2024 წლის 3 ივნისის აუდიტის დეპარტამენტის №21-14/50917 წერილით, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაევალა შემოწმებისთვის საჭირო დოკუმენტაცია/ინფორმაცის წარდგენა. გადასახადის გადამხდელი შეტყობინებას გაეცნო 2024 წლის 14 ივნისს და არ შეუსრულებია აუდიტის დეპარტამენტის მოთხოვნა, რისთვისაც 2024 წლის 29 ივნისს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №188497 და კომპანიას განესაზღვრა ჯარიმა, საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 400 ლარის ოდენობით.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მომჩივნის მიერ, საჩივარში დაფიქსირებულ სხვა კომპანიასთან ანალოგიურობის თაობაზე, წარმოდგენილ არგუმენტზე, კერძოდ ერთი და იგივე პერიოდში, ერთი და იგივე საქონლით ვაჭრობისას, ერთ გადასახადის გადამხდელზე 26%-იანი ფასანამატის, ხოლო მათზე 48%-იანი ფასანამატის გავრცელების არამართლზომიერებაზე, აღნიშნა, რომ მომჩივნის მიერ დასახელებული კომპანია არ არის გადასახადის გადამხდელის ანალოგიური და მნიშვნელოვნად განსხვავდება მისგან.

საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანია არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას და შესაბამისად შეუძლებელი გახდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადასახადის გადამხდელის რეალური შემოსავლების და შესაბამისად, კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, საკმარისი საფუძველი არსებობდა შემოწმების მიერ გამოყენებულიყო არაპირდაპირი მეთოდი.

შემოსავლების სამსახური სადავო ბრძანებით ირკვევა, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარდგენილა და მომჩივანი არც ამჟამად წარმოადგენს მისი არგუმენტაციის შესაბამის ისეთი არგუმენტაციას/მტკიცებულებებს, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.

საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, შესაბამისად, ვინაიდან შეუძლებელი გახდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას იმპორტის გზით შეძენილი აქვს საქონელი. შესამოწმებელ პერიოდში, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთი განისაზღვრა 0 ლარის ოდენობით. შემოწმების მიმდინარეობისას, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს ეთხოვა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარება კომპანიაში. 2024 წლის 29 ივლისს შედგენილი ოქმის თანახმად, ობიექტი ვერ მოიძებნა. შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით. კომპანიის მიერ, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი, რის შედეგადაც დადგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

ამასთან, შემოწმებით გაანგარიშებული შემოსავლის, ასევე, კომპანიის მიერ დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გათვალისწინებით, შემოწმებით გამოვლენილი დამატებით რეალიზაციიდან მიღებული ფული ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ფულად სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159;