გადაწყვეტილება №23144/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.08.2024
№ დოკუმენტი 23144/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23144/2/2024

01 აგვისტო 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: კოოპერატივი --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება კოოპერატივი --- ის 27.05.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23144/2/2024).

 

დავის საგანი:

2021-2023 წლების ქონების გადასახადის დარიცხვის და დაკისრებული სანქციის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 23.02.2024 წლის №052-4 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 5.04.2024 წლის №7704 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

69 500,97 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 40 116

მიწა (არასასოფლო) - 510

მიწის გადასახადი (სასოფლო) – 39 606

ჯარიმა - 20 058

საურავი - 9 326,97

 

ფაქტების აღწერა

კოოპერატივი --- რეგისტრირებულია 6.09.2017 წელს და შედგება 29 წევრისგან. კოოპერატივის ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 იანვრის №1099 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე პერიოდის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება, მიწაზე ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორესთან დაკავშირებით. შემოწმების შედეგები აისახა 16.02.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხთან დაკავშირებით ირკვევა შემდეგი:

 

ფაქტების აღწერა

კოოპერატივი --- რეგისტრირებულია 6.09.2017 წელს და შედგება 29 წევრისგან. კოოპერატივის ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 იანვრის №1099 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე პერიოდის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება, მიწაზე ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორესთან დაკავშირებით. შემოწმების შედეგები აისახა 16.02.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხთან დაკავშირებით ირკვევა შემდეგი: საქართველოს მთავრობის განკარგულებით (---) 2018 წლის 15 თებერვალს მომჩივანს იჯარის უფლებით 25 წლის ვადით, გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, --- ის მუნიციპალიტეტში მდებარე 8 801 188 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ამასთან, კოოპერატივს საკუთრებაში უფიქსირდება არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი --- ის მუნიციპალიტეტში. მომჩივანს 2021 და 2022 წლების ქონების გადასახადის დეკლარაციებში ასახული აქვს აღნიშნული მიწები, თუმცა გათავისუფლებული აქვს საგადასახადო შეღავათის საფუძველზე.

შემოწმების პროცესში მომჩივანმა ვერ წარადგინა არგუმენტაცია, რის საფუძველზე სარგებლობს საგადასახადო შეღავათით. საგადასახადო კოდექსის 201-ე და 203-ე მუხლების თანახმად, მომჩივანს დაერიცხა მიწაზე ქონების გადასახადი შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის და მიწის კატეგორიის საბაზისო განაკვეთების მიხედვით. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 23.02.2024 წლის №4023 ბრძანება და №052-4 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 5.04.2024 წლის №7704 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 203-ე, 204-ე, 205-ე, 206-ე, 43- ე, 206-ე მუხლებზე, „მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეჩერებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის №633 დადგენილების მე2 მუხლის პირველი პუნქტზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწაზე ქონების გადასახადის განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2017-208 წლებში კოოპერატივმა მონაწილეობა მიიღო „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამა“-ში, რომლის ფარგლებშიც 2017-2018 წლებში შეღავათიანი საიჯარო პირობებით სარგებლობაში გადაეცათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვარი მიწები 25 წლის ვადით, რითაც პროგრამაში მონაწილე მესაქონლეობის მიმართულების კოოპერატივს მაღალმთიან რეგიონში მესაქონლეობის განვითარებისათვის მიეცა საშუალება მათ საკუთრებაში არსებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისათვის შეექმნა საკვები ბაზა, აუთვისებელი სათიბ-საძოვარი მიწები ჩაერთოთ ეკონომიკურ საქმიანობაში, რაც მათთვისაც და სახელმწიფოსთვისაც უდავოდ სასიკეთო და სარგებლის მომტანი საქმიანობაა. ამასთან, ამავე პროგრამით, ღირებულების 90%-იანი თანადაფინანსებით, გადაეცათ, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა (ტრაქტორი და მისაბმელი აგრეგატები). იცოდა, რომ გადასახადი ჰქონდა მხოლოდ იჯარის ღირებულება (ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის განმავლობაში ჰექტარზე 1 ლარი, ხოლო დანარჩენი პერიოდის განმავლობაში ჰექტარზე 15 ლარი). განმარტავს, რომ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან საუბრით იცოდა, რომ როგორც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე და ასევე მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული კოოპერატივი გათავისუფლებული იყო საკუთრებაში არსებული და ასევე პროგრამის ფარგლებში იჯარით გადაცემული ქონების (მიწის) გადასახადისაგან. პროგრამაში მონაწილეობის დაწყებიდან დღემდე არავითარი შეტყობინება კოოპერატივს არ მიუღია აღნიშნული გადასახადის შესახებ. პირიქით, კოოპერატივმა 2019 წლიდან მოყოლებული არაერთხელ მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამაში, სადაც მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალში ერთ-ერთ სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენდა შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა დავალიანების არქონის შესახებ.

შემოსავლების სამსახურის მიერ კი 2019 – 2023 წლებში არაერთხელ გაიცა ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ ქონის შესახებ ცნობა. მაღალმთიან რეგიონებში საქმიანობა დაკავშირებულია რთულ ნიადაგურ-კლიმატურ პირობებთან, ბართან შედარებით სათიბ-საძოვრების გამოყენების პერიოდიც მოკლეა და ხშირ შემთხვევებში ვრცელდება მხოლოდ 2-3 თვის პერიოდზე. გარკვეულ ნაკვეთებამდე არ მიდის სამანქანო გზა, რის გამოც გაძნელებულია ამ მიწის ფართებით სარგებლობა, სასმელი წყლის უქონლობის გამო უწევთ საქონლის რამდენიმე კილომეტრზე გადარეკვა დასაწყურებლად, თუმცა მიუხედავად ამგვარი არცთუ მცირე პრობლემებისა კოოპერატივი საქმიანობს და ცდილობს გაამრავლოს საქონელი. ბოლო სამი წლის ქონების გადასახადს დამატებული საჯარიმო საურავი სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივს უმძიმეს ტვირთად დააწვება, რაც გამოიწვევს საქმიანობის შეწყვეტას, რადგან იჯარით აღებული ფართობების მიხედვით დაკისრებული გადასახადი შეადგენს 60 174 ლარს. ბუნებრივია ეს თავის მხრივ გამოიწვევს სახელმწიფოსთან პროგრამის ფარგლებში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას და დამატებით დიდი ჯარიმის დაკისრებას.

კოოპერატივის მიზანს არ წარმოადგენს გადასახადებისგან თავის არიდება, თუმცა პრობლემა, რომლის წინაშეც აღმოჩნდნენ გამომდინარეობს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ გაცემული არასწორი ინფორმაციის საფუძველზე და დავალიანების არსებობის დროულად შეუტყობინებლობის გამო.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი.

საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის კატეგორიების მიხედვით და დგინდება 1 ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარში.

2. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გაანგარიშება შემდეგი წესით:

ა) გადასახადის საბაზისო განაკვეთი დგინდება წელიწადში მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0.24 ლარის ოდენობით;

ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი საბაზისო განაკვეთი მრავლდება ტერიტორიულ კოეფიციენტზე. ამასთანავე, ტერიტორიული კოეფიციენტი არ შეიძლება იყოს 1,5-ზე მეტი.

საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჯ1 “ და „ჰ6 “ ქვეპუნქტების თანახმად, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია:

ჯ1 ) 2026 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საკუთრებაში არსებული, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ქონება (გარდა მიწისა) და ამავე საქმიანობისთვის მასზე ლიზინგით გაცემული მოძრავი ქონება;

ჰ 6 ) მაღალმთიანი დასახლების საწარმოს საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე ქონება – შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში (სტატუსის მინიჭების კალენდარული წლის ჩათვლით).

„მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეჩერებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის №633 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მისაღებად დაინტერესებული პირი განცხადებით (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით) მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს (შემდგომში − შემოსავლების სამსახური).

დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით (№----) 2018 წლის 15 თებერვალს მომჩივანს იჯარის უფლებით 25 წლის ვადით, გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ---ის მუნიციპალიტეტში მდებარე 8 801 188 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ამასთან, კოოპერატივს საკუთრებაში უფიქსირდება არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ---ის მუნიციპალიტეტში. მომჩივანს 2021 და 2022 წლების ქონების გადასახადის დეკლარაციებში ასახული აქვს აღნიშნული მიწები, თუმცა გათავისუფლებული აქვს საგადასახადო შეღავათის საფუძველზე.

შემოწმების პროცესში, მომჩივანმა ვერ წარადგინა არგუმენტაცია, თუ რა შეღავათით სარგებლობდა. მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჯ1 “ „ჰ6“ ქვეპუნქტებზე და აღნიშნავს, რომ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან საუბრიდან იცოდა, რომ როგორც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე და ამასთან, მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული კოოპერატივი გათავისუფლებული იყო საკუთრებაში არსებული და ასევე, პროგრამის ფარგლებში იჯარით გადაცემული ქონების (მიწის) გადასახადისაგან, თუმცა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით და აუდიტის დეპარტამენტის 24.07.2024 წლის №70822-21-14 წერილიდან ირკვევა, რომ მომჩივანი მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე პირთა რეესტრში არ ფიქსირდება.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები ქონების (მიწის) გადასახადის ნაწილში განსაზღვრულია მართებულად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

2021-2023 წლების ქონების გადასახადის დარიცხვის და დაკისრებული სანქციის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების პროცესში მომჩივანმა ვერ წარადგინა არგუმენტაცია, რის საფუძველზე სარგებლობს საგადასახადო შეღავათით ქონების გადასახადის ნაწილში. საგადასახადო კოდექსის 201-ე და 203-ე მუხლების თანახმად, მომჩივანს დაერიცხა მიწაზე ქონების გადასახადი შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის და მიწის კატეგორიის საბაზისო განაკვეთების მიხედვით. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 23.02.2024 წლის №4023 ბრძანება და №052-4 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 5.04.2024 წლის №7704 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები ქონების (მიწის) გადასახადის ნაწილში განსაზღვრულია მართებულად

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 203; 204 (1,2); 205 (1,2,7); 206 (ჯ1;ჰ6).