ბრძანება N 9258

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 08.05.2025
№ დოკუმენტი 9258
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 9258

08 მაისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ---ის (ს/ნ ---)

მის.:--- 2025 წლის 24 მარტის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 3 და 24 აპრილის სხდომებზე (ოქმი №25 და 30) განიხილა ი/მ ---ს (ს/ნ ---) 2025 წლის 24 მარტის №44641/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 მარტის №035-1 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს და აღნიშნულის საფუძველზე საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადში დარიცხულ თანხებს. განმარტავს, რომ მეწარმის ფასნამატი მერყეობს 5-7%- მდე, ნაცვლად შემოწმების მიერ გამოყენებული 12%-ისა;

2. ითხოვს ელექტროენერგიის ხარჯის და რეალურად გაცემული ხელფასების გათვალისწინებას გამოსაქვით ხარჯებში.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 დეკემბრის №25472 და 2025 წლის 4 მარტის ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ---ის (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 4 დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 4 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 6 მარტის №3898 ბრძანება და ამავე თარიღის №035-1 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 349 616 ლარი, მათ შორის, გადასახადი 217 406 ლარი, ჯარიმა 81 079 ლარი და საურავი 51 131 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ---ის სამმართველოში, მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ი/მ ---ის (ს/ნ ---) მიერ დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით). მეწარმის საქმიანობას წარმოადგენს სურსათით და სხვადასხვა საქონლით ვაჭრობა. შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელმა მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარმოადგინა სრულყოფილად, რის გამოც მის მიმართ შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციას, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 9 დეკემბრის №25647 ბრძანების საფუძველზე ჩატარებულ ინვენტარიზაციის მასალებს, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ბანკის ამონაწერებს და სხვ.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, მეწარმეს 2022 და 2023 წლების საანგარიშო პერიოდებზე წარმოდგენილი აქვს წლიური საშემოსავლო გადასახადის ნულოვანი დეკლარაციები, თუმცა შესამოწმებელ პერიოდში წარმოდგენილი აქვს დღგ-ს დეკლარაციები, რომელშიც აფიქსირებს დღგ-თ დასაბეგრი ბრუნვებს. შემოწმების მიერ შედგენილ იქნა საქონლის მოძრაობის ცხრილი შემოწმების მთელ პერიოდზე (88 დასახელება), 2022 წლის საწყისი საქონლის ნაშთად აღებულ იქნა მეწარმის მიერ წარმოდგენილი 2021 წლის წლიური დეკლარაციის საბოლოო ნაშთი, ხოლო შემოწმების პერიოდის საბოლოო ნაშთად განისაზღვრა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ აღწერილი საქონლის ნაშთი, რომელიც საბაზრო ღირებულებით შეადგენს 922 799 ლარს. რეალიზებული (პირველადი დოკუმენტების გარეშე) სასაქონლომატერიალური ფასეულობების ფასნამატად გამოყენებულ იქნა მეწარმის დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო იმ საქონლის ჯგუფზე, რომელზეც არ ფიქსირდება დოკუმენტური ფასნამატი, გავრცელდა ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ფასნამატები ცალკეული საქონლის მიხედვით (დოკუმენტური ფასნამატი გავრცელდა საქონლის 50 ჯგუფზე, ხოლო ინვენტარიზაციის ფასნამატი საქონლის 38 ჯგუფზე). შემოწმებით, დოკუმენტური და ინვენტარიზაციით გამოვლენილი ფასნამატი გავრცელდა თითოეულ საქონელზე/საქონლის ჯგუფზე წლის ჭრილში და იმ საქონელზე, რომელიც დოკუმენტების გარეშეა რეალიზებული.

ზემოაღნიშნული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობის ცხრილის მიხედვით, 2022 წელს მეწარმის ერთობლივმა შემოსავალმა შეადგინა 1 915 090 ლარი დღგ-ს გარეშე, ხოლო დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე განთავისუფლებულმა ბრუნვამ - 1 520 ლარი დღგ-ს ჩათვლით, 2023 წელს ერთობლივმა შემოსავალმა შეადგინა 2 447 681 ლარი დღგ-ს გარეშე, ხოლო დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე განთავისუფლებულმა ბრუნვამ - 11 915 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის, 81-ე მუხლის და 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მეწარმეს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა. ამავდროულად, სხვაობები გამოვლინდა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ბრუნვებში, კერძოდ, 2022 წელს დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 143 869 ლარი დღგ-ს გარეშე, 2023 წელს - 175 419 ლარი დღგ-ს გარეშე. 2024 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით პერიოდის დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 136 135 ლარი დღგ-ს გარეშე. დღგ-თ დასაბეგრი ბრუნვის ზრდა აგრეთვე გამოიწვია საქონლის ინვენტარიზაციის დროს გამოვლენილი ისეთი საქონლის არსებობამ ნაშთში, რომელიც მეწარმეს შეძენილი აქვს შესყიდვის აქტებით, აღნიშნული საქონელი არ წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პროდუქციას. დღგ-ში დამატებით დარიცხვის საფუძველია უკან დაბრუნებულ საქონელზე აღსადგენი დღგ-ს თანხა, რომელიც 2022 წელს შეადგენს 1 966 ლარს დღგ-ს გარეშე, 2023 წელს შეადგენს 1611 ლარს დღგ-ს გარეშე, ხოლო 2024 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით პერიოდზე - 1 061 ლარს დღგ-ს გარეშე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადამხდელს გამოვლენილ სხვაობაზე დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

2. მეწარმეს 2022 და 2023 წლების საანგარიშო პერიოდებზე წარმოდგენილი აქვს წლიური საშემოსავლო გადასახადის ნულოვანი დეკლარაციები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და საბანკო ამონაწერების მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას ექვემდებარება 2022 წელს სულ 1 896 789 ლარი, კერძოდ: შეძენილი საქონელი, მასალები და ნედლეული - 1 816 746 ლარი; ხელფასის სახით განაცემები - 1 339 ლარი; კრედიტისთვის გადახდილი პროცენტები - 49 275 ლარი; სრულად გამოქვითული ძირითადი საშუალება - 24 381 ლარი და გამოქვითვას დაქვემდებარებული სხვა ხარჯები - 5 048 ლარი; 2023 წელს - სულ 1 863 888 ლარი, კერძოდ: შეძენილი საქონელი, მასალები და ნედლეული - 1 803 548 ლარი; ხელფასის სახით განაცემები - 638 ლარი; კრედიტისთვის გადახდილი პროცენტები - 43 463 ლარი; სრულად გამოქვითული ძირითადი საშუალება - 6 024 ლარი და გამოქვითვას დაქვემდებარებული სხვა ხარჯები - 10 215 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, გათვალისწინებულ იქნა 2022 და 2023 წლის წლიურ საშემოსავლო დეკლარაციაში გამოსაქვითი ხარჯები.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, რომლის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელმა სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია არ წარადგინა სრულყოფილად, რის გამოც შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ, შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციას, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის მასალებს, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ბანკის ამონაწერებს. შედგენილ იქნა საქონლის მოძრაობის ცხრილი შემოწმების მთელ პერიოდზე, 2022 წლის საწყისი საქონლის ნაშთად აღებულ იქნა მეწარმის მიერ წარმოდგენილი 2021 წლის წლიური დეკლარაციის საბოლოო ნაშთი, ხოლო შემოწმების პერიოდის საბოლოო ნაშთად განისაზღვრა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ აღწერილი საქონლის ნაშთი. შემოწმებამ პირველადი დოკუმენტების გარეშე რეალიზებულ საქონელზე ფასნამატად გამოიყენა მეწარმის დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო იმ საქონლის ჯგუფზე, რომელზეც არ ფიქსირდებოდა დოკუმენტური ფასნამატი, გავრცელდა ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ფასნამატები ცალკეული საქონლის მიხედვით. აღნიშნულის საფუძველზე გაანგარიშდა მეწარმის ერთობლივი შემოსავალი და გამოვლენილ სხვაობებზე გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადი.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს და აღნიშნულის შედეგად გაანგარიშებულ ერთობლივ შემოსავალს. აცხადებს, რომ მუშაობს 5- 7%-იან ფასნამატზე, ხოლო შემოწმებით 12%-იანი ფასნამატის გავრცელება და აღნიშნულის საფუძველზე დადგენილი შემოსავალი არარეალურია. საჩივრის ზეპირი განხილვისას მეწარმის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შეუძლია წარმოადგინოს ფასნამატის კოეფიციენტის გაანგარიშებასთან დაკავშირებული გარკვეული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების, კერძოდ, ფასნამატის კოეფიციენტის განსაზღვრის მიზნით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). ხოლო განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, მეწარმეს 2022 და 2023 წლების საანგარიშო პერიოდებზე წარმოდგენილი აქვს წლიური საშემოსავლო გადასახადის ნულოვანი დეკლარაციები. შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებსა და საბანკო ამონაწერებზე დაყრდნობით გაანგარიშებული და გათვალისწინებულ იქნა 2022 და 2023 წლის წლიურ საშემოსავლო დეკლარაციაში გამოსაქვითი ხარჯები.

საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელმა განმარტა, რომ შემოწმების მიერ არ არის გათვალისწინებული ელექტროენერგიის ხარჯი. ამასთან, დასაქმებული ფიზიკური პირები სარგებლობენ მაღალმთიანი რეგიონის სტატუსის მქონე პირებისთვის დაწესებული შეღავათით და ხარჯებში გათვალისწინებულ უნდა იქნას რეალურად გაცემული ხელფასის თანხები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ელექტროენერგიის ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ცნობები სახელფასო შეღავათით სარგებლობის შესახებ), ხოლო განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ ---ის (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების, კერძოდ, ფასნამატის კოეფიციენტის განსაზღვრის მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ელექტროენერგიის ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ცნობები სახელფასო შეღავათით სარგებლობის შესახებ);

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს და აღნიშნულის საფუძველზე საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადში დარიცხულ თანხებს.

2. ითხოვს ელექტროენერგიის ხარჯის და რეალურად გაცემული ხელფასების გათვალისწინებას გამოსაქვით ხარჯებში.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელმა სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია არ წარადგინა სრულყოფილად, რის გამოც შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ, შემოწმებამ პირველადი დოკუმენტების გარეშე რეალიზებულ საქონელზე ფასნამატად გამოიყენა მეწარმის დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო იმ საქონლის ჯგუფზე, რომელზეც არ ფიქსირდებოდა დოკუმენტური ფასნამატი, გავრცელდა ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ფასნამატები ცალკეული საქონლის მიხედვით. აღნიშნულის საფუძველზე გაანგარიშდა მეწარმის ერთობლივი შემოსავალი და გამოვლენილ სხვაობებზე გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადი.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, მეწარმეს 2022 და 2023 წლების საანგარიშო პერიოდებზე წარმოდგენილი აქვს წლიური საშემოსავლო გადასახადის ნულოვანი დეკლარაციები. შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებსა და საბანკო ამონაწერებზე დაყრდნობით გაანგარიშებული და გათვალისწინებულ იქნა 2022 და 2023 წლის წლიურ საშემოსავლო დეკლარაციაში გამოსაქვითი ხარჯები.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5); 102; 105; 72.