გადაწყვეტილება №97977/1/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№97977/1/2025
16 დეკემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ის 15.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №97977/1/2025).
დავის საგანი:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება და განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა;
2. ჯარიმისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 3.07.2025 წლის №006-223 საგადასახდო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 25.08.2025 წლის №18854 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 4 552 472,44 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 2 632 382
დღგ - 1 453 700
საშემოსავლო გადასახადი - 1 178 682
ჯარიმა - 1 344 434
საურავი - 575 656,44
პროცედურული გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა არქიტექტურული და დიზაინერული მომსახურების გაწევა და სახლის კეთილმოწყობისათვის საჭირო მასალების, ავეჯის, ტექნიკის და აქსესუარების შეძენა (ადგილობრივ ბაზარსა და იმპორტით) და რეალიზაცია როგორც საცალოდ (3 მაღაზია), ასევე იურიდიულ პირებზე შეკვეთების გზით. აუდიტის დეპარტამენტის 27.06.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 3.07.2025 წლის №006-223 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 25.08.2025 წლის №18854 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება და განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივანს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხები არ ჰქონდა დაბეგრილი დღგ-ით, რაც დააზუსტა, თუმცა საწარმოს აქვს გამოქვითული წინა პერიოდების ავანსები დეკლარაციებში, რომელიც არ იქნა გაშიფრული. მიმდინარე შემოწმების ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა მხოლოდ საბანკო ამონაწერები, ბუღალტრული პროგრამა (არასრულყოფილი), წინა პერიოდების ბრუნვითი უწყისები (2016-2018 წწ), მიმდინარე პერიოდის ბარათები საბუღალტრო პროგრამიდან (3130, 6110). აღსანიშნავია, რომ ბუღალტრული პროგრამა არაა სრულყოფილი, კერძოდ ტერმინალისა და სალაროს საშუალებით მიღებული თანხები არაა გადატანილი შესაბამისი პერიოდის რეალიზაციაზე. წინა პერიოდების ბრუნვითი უწყისების ბალანსები და მუხლები განსხვავდება წინა საგადასახადო შემოწმებისათვის წარმოდგენილი შესაბამისი ინფორმაციისაგან. შესაბამისად, შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს და საბანკო ამონაწერებს. შედეგად, განსაზღვრულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 27 243 169 ლარი, ნაცვლად დეკლარირებული 19 166 985 ლარისა.
შემოწმებით დამუშავებული საბანკო ანგარიშებიდან გათვალისწინებულ იქნა ისეთი პირების მიერ ჩარიცხული თანხები, რომლის საფუძვლითაც იდენტიფიცირდება საქონლის ან მომსახურების რეალიზაცია, მ.შ. ავანსები ჯამურად 2 176 588 ლარი (დღგ-ის გარეშე), ასევე იდენტიფიცირებულ იქნა ისეთი პირები, რომლებზედაც გამოწერილია დოკუმენტი, მაგრამ საწარმოს მიღებული აქვს მეტი თანხა საფუძვლით „საქონლის ან მომსახურების რეალიზაცია“ ჯამურად 800 200 ლარი, ასევე გამოწერილი დოკუმენტებით (საგადასახადო ანგარიშფაქტურა, სასაქონლო ზედნადები) განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და გაზრდილ იქნა სალაროსა და ტერმინალზე მიღებული თანხებით. საბანკო ამონაწერების დამუშავებით დგინდება, რომ საწარმოს აქვს საბანკო ანგარიშსწორებით გადახდილი თანხები ფიზიკურ პირებზე, თუმცა არ ხდება ხარჯის იდენტიფიცირება. შემოწმებით გაანგარიშებული ფულადი სახსრების მოძრაობით მიხედვით, გამოვლინდა განკარგვადი თანხა 4 714 729 ლარის ოდენობით, რომელიც განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, ასევე ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 101-ე, 154-ე და 43-ე მუხლებზე. გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ შემოწმების მიმდინარეობისას კომპანია მუდმივად თანამშრომლობდა შემოწმებასთან, რაც ასევე დასტურდება იმ გარემოებით, რომ საწარმო არ დაჯარიმებულა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის საფუძველზე, მიწოდებულია დეტალური გაანგარიშება და ინფორმაცია. შემოწმების ფარგლებში არ მომხდარა გადამხდელის ინფორმირება შემოწმების აქტში მოცემული საკითხების შესახებ, შემოწმების მიერ დაბეგრილია ავანსის სახით მიღებული თანხები, მიწოდება და აღნიშნული რეალიზაციის საფუძველზე გადახდილი თანხები, უდოკუმენტო ხარჯადაა განხილული სავალუტო ოპერაციები, ასევე არ იქნა გათვალისწინებული დამფუძნებლისგან აღებული სესხის უკან დაბრუნება, რეალიზაციები არ არის შედარებული ბუღალტრულ პროგრამასთან, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამის ასლის მიწოდება შემმოწმებლისთვის განხორციელდა დროულად. ასევე, გადასახადის გადამხდელმა საქმის ზეპირი განხილვისას განაცხადა, რომ გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტებთან ერთად დაიბეგრა ამ დოკუმენტის საფუძველზე გადასახდელი თანხის ჩარიცხვის ოპერაცია, კერძოდ, როდესაც საგადასახადო დოკუმენტი გამოწერილია კონკრეტული პირის მიმართ და ამ პირის მაგივრად თანხა ჩარიცხული აქვს მისი ოჯახის წევრს (მეუღლეს), დაბეგვრაში მოხვედრილია ჯამურად ჩარიცხვაც და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის საფუძველზე მიღებული შემოსავალიც.
მომჩივანმა განაცხადა, რომ შეძლებს აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს აღნიშნულთან დაკავშირებით გაშიფრული ინფორმაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელი ითხოვს მიეცეს შესაძლებლობა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპანიის სააღრიცხვო დოკუმენტაცია და აღნიშნულის შედეგად დაკორექტირდეს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების მიმდინარეობისას კომპანია მუდმივად თანამშრომლობდა შემოწმებასთან, რაც ასევე დასტურდება იმ გარემოებით, რომ საწარმო არ არის დაჯარიმებული საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის საფუძველზე. ხდებოდა დეტალური გაანგარიშებებისა და ინფორმაციების მიწოდება თითოეულ კითხვასთან დაკავშირებით, თუმცა შემოწმების ბოლომდე არ იყო ცნობილი ზემოხსენებულ აქტში მოცემული საკითხების შესახებ. 6.05.2025 წელს, გამოგზავნილი ცხრილი 5 ციფრით, არ ჰქონდა გაშიფვრა და შესაბამისად უცნობი იყო რა თემების მიხედვით მოხდა ამ ხუთი ციფრის დაანგარიშება. მას შემდეგ რაც თხოვნით მიმართა, გამოანგარიშებული თანხების დეტალური გაანგარიშება მიეწოდებინა 23.06.2025 წელს მიიღო დეტალური დაანგარიშება, რომელიც მოიცავდა ორ ძირითად საკითხს.
1. დამატებული ღირებულების გადასახადში დარიცხვები;
2. საშემოსავლო გადასახადში დარიცხვები.
პირველ საკითხთან დაკავშირებით, შემმოწმებელმა ბანკის ამონაწერებიდან, ე.წ. ექსელის ფაილში მოახდინა ჩარიცხული თანხების გადატანა, მიუმატა, კომპანიის ბუღალტრული ბაზიდან 1410-ის ბარათიდან შემოსული თანხები და არ გაითვალისწინა, 6110-ის რეალიზაციის ბარათი, შესაბამისად მოხდა რეალიზაციის გაორმაგება და რიგ შემთხვევებში, გასამმაგებაც. მაგალითად, ერთი ინვოისის ან ზედნადების თანხის ნაწილი, გადახდილია მეუღლეების მიერ, მათი კუთვნილი, და საერთო ანგარიშებიდან. შემმოწმებელმა კი ორივე პირი სხვადასხვა კლიენტად განიხილა, შესაბამისად მოხდა დასაბეგრი ბრუნვის გაორმაგება.
შემმოწმებელს სრული წვდომა ჰქონდა კომპანიის საბუღალტრო პროგრამაზე, და მარტივად შეეძლო ეხელმძღვანელა 6110-ის ბარათით. ასევე მას არ აქვს გათვალისწინებული, მყიდველებისგან უკან მობრუნებები და დიპლომატებზე გაყიდული პროდუქცია. შემმოწმებელს ცალკეულ კლიენტებთან დაკავშირებით კითხვები არ დაუსვამს. ლოგიკურია, რომ კლიენტს უფასოდ ორი და სამი წლის განმავლობაში არავინ გაატანდა პროდუქციას. შემმოწმებელი აპელირებს 1411-ის ბარათზე, რომელიც კომპანია ფინას ბუღალტრულ პროგრამაში, ცალკე აქვს გამოყოფილი. აღნიშნულ ანგარიშზე შემოსული თანხებიც მიიჩნია დასაბეგრად, და იგივე თანხები რომელებიც პირდაპირ 1410-ის ბარათზე, პოსტერმინალების გადახდაში გვიზის აქაც დაბეგრა. გამოვიდა რომ კლიენტის გადახდილი 1000 ლარი დაიბეგრა ორჯერ ორი ანგარიშიდან. ეს გარემოებები ატარებს მუდმივ ხასიათს. კომპანიის დასაბეგრი ბრუნვა დამატებით განისაზღვრა ისეთი კოლოსალური თანხით, რაც თითქმის ორჯერ აღემატება კომპანიის რეალიზაციას და მიღებულ ავანსებს ბოლო სამი წლის განმავლობაში. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მას შემდეგაც, როცა შემმოწმებელს უკვე დასრულებული ჰქონდა აქტზე მუშაობა, ამის შესახებ არ აცნობა და კომპანიის მხრიდან იგზავნებოდა 2025 წლის 23 ივნისის მიღებული დაანგარიშების დასაკორექტირებლად ინფორმაცია. უთითებდა სად იყო შეცდომა დაშვებული და ჰქონდა კომუნიკაცია. თუმცა როგორც აქტის თარიღიდანაც ირკვევა 27.06.2025 წელს უკვე შედგა შემოწმების აქტი და აღარ მიეცა არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შესაძლებლობა. კომუნიკაციის ყველა ეტაპზე ჩართული იყო დირექტორი, დირექტორის მინდობილი პირი და ბუღალტერი, თუმცა არცერთ მათგანთან არ მომხდარა აქტის საკითხების გაცნობა. შემოწმების ფარგლებში აუდიტის მიერ არ მომხდარა გადამხდელის ინფორმირება, საგადასახადო შემოწმების აქტში მოცემული საკითხების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია ეცნობა აქტის გამოცემამდე მხოლოდ 4 დღით ადრე 2025 წლის 23 ივნისს, რაც კომპანიის მასშტაბის გათვალისწინებით არაგონივრული დროა პოზიციის წარსადგენად. შესაბამისად, ზეპირი კომუნიკაციით ითხოვა გონივრული ვადის მიცემა, ბრძანების მიხედვით 15 ივლისამდე იყო შემოწმების დასრულების ვადა გაგრძელებული, თუმცა ამის საპასუხოდ გამოიცა 3 ივლისის საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანმდევი შემოწმების აქტი დათარიღებული იყო 2025 წლის 27 ივნისით. იქნებ ეთანხმებოდა, დაბეგვრის რომელიმე ნაწილში, შემოწმებას ფაქტობრივად არ მიუცია იმის შესაძლებლობა, რომ მიემართა აღნიშნულ საკითხის თანხმობით და ეთხოვა შუალედური აქტის გამოცემა, რომლის საფუძველზეც შეძლებდა ესარგებლა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათით. შემმოწმებელმა ეს უფლებაც წაართვა, მიუხედავად იმისა ამ ულებით ისარგებლებდა თუ არა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, კომპანია არ ეთანხმება შემოწმების შედეგებს. არცერთ ციფრს, არცერთ საკითხში, რადგან კომპანიას ერთის მხრივ შეეზღუდა უფლება, რომ წარედგინა არგუმენტირებული პოზიციები აქტში მოცემულ საკითხებზე, ხოლო მეორეს მხრივ არ მიეცა შესაძლებლობა ეთხოვა შუალედური აქტის გამოცემა, რომლის მიხედვითაც შემდგომ ექნებოდა უფლება შემცირებოდა სანქციის ნაწილი. 25.08.2025 წლის №18854 ბრძანების თანახმად, კომპანიამ აუდიტს მიაწოდა მასალები, ასვე აქტიურად თანამშრომლობს. მზად არის დამატებით, ნებისმიერი დოკუმენტი, ნებისმიერი ინფორმაცია, რაც დასჭირდება აუდიტს, დაუყოვნებლივ მიაწოდოს. სავალუტო გაცვლითი ოპერაციები, კონვერტაციები (ლარის გადახურდავება ევროში და პირიქით) დაფიქსირებული ჰქონდათ უსაბუთო ხარჯად და იყო დაბეგრილი. არ მოუთხოვიათ არცერთი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტი, თუმცა აქტში მითითებულია უდოკუმენტო ხარჯების შესახებ. დამფუძნებელზე სესხის დაბრუნება ხელფასად იყო განხილული და არ იყო გათვალისწინებული, დამფუძნებლის მიერ ბანკში შეტანილი თანხები, რომელიც კომპანიას ასესხა. თანხების ჩარიცხვისას მითითებული დანიშნულებებს შემმოწმებელმა არ მიაქცია ყურადღება, ამ საკითხის განხილვა კი გადასახადის გადამხდელთან არ მომხდარა. შემმოწმებელმა, ეს თანხები მიიჩნია სარგებლად და დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ შემოწმების ყველა ეტაპზე, აფიქსირებდა, რომ გასული და ხანდაზმული პერიოდიდანაც მიაწვდიდა ნებისმიერ ინფორმაციას, რაც მიმდინარე შემოწმებისას სწორ დაანგარიშებაში გაუწევდა დახმარებას შემმოწმებელს.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება, ასევე დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ საწარმოს ბუღალტრული პროგრამა არ არის სრულყოფილი, კერძოდ ტერმინალისა და სალაროს საშუალებით მიღებული თანხები არ არის გადატანილი შესაბამისი პერიოდის რეალიზაციაზე. წინა პერიოდების ბრუნვითი უწყისების ბალანსები და მუხლები განსხვავდება წინა საგადასახადო შემოწმებისათვის წარმოდგენილი შესაბამისი ინფორმაციისაგან. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს და საბანკო ამონაწერებზე დაყრდნობით, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 27 243 169 ლარი, ნაცვლად დეკლარირებული 19 166 985 ლარისა. საწარმოს აქვს საბანკო ანგარიშსწორებით გადახდილი თანხები ფიზიკურ პირებზე, თუმცა არ ხდება ხარჯის იდენტიფიცირება. გაანგარიშდა ფულადი სახსრების მოძრაობა, რომლის მიხედვით, გამოვლინდა განკარგვადი თანხა 4 714 729 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის 25.08.2025 წლის №18854 ბრძანებით პირველ სადავო საკითხთან (დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებები) დაკავშირებით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 25.08.2025 წლის №18854 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
2. ჯარიმისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 1 344 434 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე და 275-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული ჯარიმა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საჩივარში დასმული საკითხებითაც ნათლად ჩანს, რომ გარდა ამ საკითხისა, კომპანიას არ შეუმცირებია მიზანმიმართულად გადასახადები და ითხოვს, რომ მოხდეს აღნიშნულის გათვალისწინება და ჯარიმის პატიება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული ჯარიმისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება და განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა;
2. ჯარიმისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ საწარმოს ბუღალტრული პროგრამა არ არის სრულყოფილი, კერძოდ ტერმინალისა და სალაროს საშუალებით მიღებული თანხები არ არის გადატანილი შესაბამისი პერიოდის რეალიზაციაზე. წინა პერიოდების ბრუნვითი უწყისების ბალანსები და მუხლები განსხვავდება წინა საგადასახადო შემოწმებისათვის წარმოდგენილი შესაბამისი ინფორმაციისაგან. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს და საბანკო ამონაწერებზე დაყრდნობით, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 27 243 169 ლარი, ნაცვლად დეკლარირებული 19 166 985 ლარისა. საწარმოს აქვს საბანკო ანგარიშსწორებით გადახდილი თანხები ფიზიკურ პირებზე, თუმცა არ ხდება ხარჯის იდენტიფიცირება. გაანგარიშდა ფულადი სახსრების მოძრაობა, რომლის მიხედვით, გამოვლინდა განკარგვადი თანხა 4 714 729 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება:
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159 (1); 1601; 163 (1,2); 164 (1); 73 (4;9); 101 (1); 154 (1, ა); 269 (7).