გადაწყვეტილება №19985/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 26.07.2023
№ დოკუმენტი 19985/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19985/2/2023

26.07.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ---------- (პ/ნ ----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 28.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------- 15.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19985/2/2023).

 

დავის საგანი:

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილება საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 18.05.2023 წლის №EL209957 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 12.06.2023 წლის №13010 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 6 689,90 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

18.05.2023 წელს რეისით – --------- (№---------) ჩამოფრინდა მომჩივანი. საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ აღნიშნული პირი საბაჟო კონტროლის ზონას ტოვებდა „მწვანე დერეფნის“ გავლით, სადაც მოხდა მისი შეჩერება. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების თაობაზე, რის შედეგად ხელბარგში აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული 70.42 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები: ---------------- საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 18.05.2023 წლის №04428/2023 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ოქროს ნაკეთობების საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 6 689.90 ლარი.

საბაჟო დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, რაზეც მომჩივანს, საბაჟო დეპარტამენტის 18.05.2023 წლის №EL209957 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 6 689.90 ლარის ოდენობით.

სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ჩამორთმეულ არადეკლარირებულ საქონელზე შედგა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის №69001086577 ოქმი. არადეკლარირებული საქონელი დაილუქა საბაჟო ლუქით და განთავსდა საბაჟო გამშვები პუნქტი „---------- აეროპორტის“ ადმინისტრაციულ შენობაში.

სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 12.06.2023 წლის №13010 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურის მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლზე, მე-13 მუხლზე, 27-ე მუხლზე, 73-ე მუხლზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტზე, დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევას, ვინაიდან მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 6689,90 ლარის ღირებულების 70,42 გრამი ოქროს ნაკეთობების (-----------) საბაჟო კონტროლისგან გვერდის ავლით შემოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტით საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2023 წლის მაისის თვეში, საქართველოში ჩამოვიდა -------- აეროპორტის გავლით, მისთვის როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის უცნობი იყო საქართველოს კანონმდებლობა, კერძოდ კი ხსენებული დეტალურად აღწერა შემოსავლების სამსახურში დაწერილ განცხადებაში სადაც მიუთითა განხორციელებული პროცედურები, დამატებით განმარტავს საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლისთვის არ გაუწევია წინააღმდეგობა, ამასთან კუთვნილი ნივთები არ იყო არც ეკონომიკური და არც სამეწარმეო საქმიანობისთვის გათვლილი ამასთან იგი არ იყო დიდი მოცულობის ჯამში საუბარია დაახლოებით 65 გრამ ოქროზე, რომელიც იყო და არის პირადი საკუთრება, შემოსავლების სამსახურს განუმარტა, რომ შეეძლო დაეთვალიერებინა სოციალური ქსელები 3-5-7 ან თუნდაც 10 წლის წინანდელი, სადაც ჩანს ხსენებული ნივთები, რომლებსაც ატარებს და გამოქვეყნებული აქვს facebook-ის გვერდზე. საქართველოში ჩამოვიდა შვილიშვილის მოსანახულებლად სულ რამდენიმე საათით და უკან დაბრუნდა. თანახმა იყო, რომ საქართველოში არცკი შემოეტანა ხსენებულ საქონელს და მეორე დღეს უკანვე წაიღებდა. ითხოვს დახმარებას მისი კუთვნილი ნივთების უკან დაბრუნებაში, თანახმაა გადაიხადოს სანქცია მაგრამ ისე არა რომ 100% გამოვიდეს და კუთვნილი ნივთების შეძენა მოუხდეს. მომავალში შემოსვლის დროს წინასწარ დაადეკლარირებს თანმხლებ საქონელს და აღარ აღმოჩნდება ასეთ მდგომარეობაში, თუ შეიძლება, რომ შეფარდებული სანქციისგან გათავისუფლდეს, განმარტავს, რომ არ არის სამართალდამრღვევი პირი იმ გაგებით, რომ არ იცოდა საქართველოს კანონმდებლობა ამასთან საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელმა გვიან გააგებინეს იმ პროცედურების შესახებ, რაც მოელოდა. ხსენებული ნივთები არ დაუმალავს ეკეთა ხელზე, კისერზე და ყურებზე შესაბამისად, არ გაუწევია წინააღმდეგობა ეს ყოველივე აღწერა შემოსავლების სამსახურში მიმართულ განცხადებაში.

ითხოვს შეძლებისდაგვარად გათავისუფლდეს შეფარდებული სანქციისგან სულ მცირე ოდენობის შეღავათიც მნიშვნელოვანია მისთვის, რადგან ხსენებული არის პირადი და უკან აპირებდა წაღებას და აუცილებლად წაიღებდა.

გაეცნო, როგორც შემოსავლების სამსახურის, ასევე ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოს გადაწყვეტილებებს, რომლებიც გამოქვეყნებულია https://wiki.rs.ge/, https://taxdisputes.gov.ge, სადაც არაერთგზის არის ნამსჯელი მსგავსი ტიპის ანალოგიურ სიტუაციაზე და გადაწყვტილებების მიღებულია, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელის სტატუსის გამოყენებით, იმედი აქვს, რომ საბჭო გულდასმით გაეცნობა დასმულ საკითხს და მიიღებს კანონმდებლობით გათვალიწინებულ შეღავათს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1 “, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.

საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ 30 კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფებით (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული საქონლის გარდა) გათვალისწინებული 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ.-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის.

საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

დადგენილია, რომ 18.05.2023 წელს რეისით – -------- (№---------) ჩამოფრინდა მომჩივანი. დათვალიერების შედეგად ხელბარგში აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული 70,42 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები: -------------

მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით საბაჟო დეპარტამენტი განმარტავს, რომ სგპ „-------- აეროპორტი და --------- ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ უფლებამოსილი პირის მიერ ------------ კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა არადეკლარირებული 70.42 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები: ----------- ოქროს ნაკეთობები, რომლებიც სხეულზე ეკეთა ------------, არ ყოფილა მიჩნეული არადეკლარირებულ საქონლად.

ვინაიდან მომჩივნის მიერ გადაადგილებული არადეკლარირებული საქონლის ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ ღირებულებას, აღნიშნული საქონელი ექვემდებარებოდა დეკლარირებას და გაფორმებას. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქონლის გადაადგილებას.

ამგვარად, ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მომჩივნის მიმართ გამოყენება, კანონშესაბამისია.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო საკითხზე საბჭოს მიზანშეწონილად მიაჩნია მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, მის მიერ დეკლარირების გარეშე გადაადგილებული საქონელი (ოქროს საიუველირო ნაკეთობები, წონით 70,42 გრამი), საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით მოაქციოს თავისუფალი მიმოქცევის საბაჟო პროცედურაში, გადაიხადოს შესაბამისი გადასახადები და საფასური და აღნიშნულის შესრულების შემდეგ, მომჩივანი საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს სადავო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, მის მიერ დეკლარირების გარეშე გადაადგილებული საქონელი საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით მოაქციოს თავისუფალ მიმოქცევის საბაჟო პროცედურაში და გადაიხადოს შესაბამისი გადასახადები და საფასური;

3. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შემდეგ მომჩივანი საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს საბაჟო დეპარტამენტის 18.05.2023 წლის №EL209957 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან;

4. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილება საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქონლის გადაადგილებას. კერძოდ, დათვალიერების შედეგად ხელბარგში აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული 70,42 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს;საგ.კოდ:199; საბაჟ.კოდ:168(1);163(11);

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი