ბრძანება N 4569

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 10.03.2023
№ დოკუმენტი 4569
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 4569

10.03.2023

სს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის: ----------)

2023 წლის 7 თებერვლის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №18) განიხილა სს „----------“ (ს/ნ ----------) №78895/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 6 თებერვლის №094-4 საგადასახადო მოთხოვნას.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2020 წლის 16 ივლისის იმპორტის დეკლარაციით დარიცხული იმპორტის გადასახადი 3243 ლარი მომწოდებლის მიერ (ექსპორტიორი ქვეყანა ----------) წარმოდგენილი საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის საფუძველზე დაკორექტირდა საბაჟო ორგანოს მიერ და საქონელი გათავისუფლდა იმპორტის გადასახადისაგან. საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 18 იანვრის №564 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმებისას გამოვლინდა წარმოშობის სერტიფიკატის შეუსაბამობა. მომჩივნის მოსაზრებით, ვინაიდან მომწოდებლის მიერ წარმოდგენილი სერტიფიკატის შესაბამისობის დადგენა ცდებოდა მათი კომპეტენციის ფარგლებს, დარიცხული ჯარიმა/საურავები არამართლზომიერად დაეკისრა.

აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული ჯარიმის და საურავის გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 18 იანვარს №564 ბრძანებით დაინიშნა სს „----------“ (ს/ნ ----------) სახელზე №---------- (16/07/2020წ.) საბაჟო დეკლარაციით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება. მოცემული დეკლარაციით სს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ განხორციელდა საქონლის (ბოთლის პლასტმასის საცობი) იმპორტი ---------- დან. აღნიშნულ დეკლარაციაში, საგადასახადო შეღავათის გამოყენების მიზნით, საბაჟო პროცედურაში მოქცევისას წარდგენილ იქნა საქონლის წარმოშობის (გადაადგილების) სერტიფიკატი №---------- (03.07.2020წ.), რომლის საფუძველზე საქონლის იმპორტი გათავისუფლდა იმპორტის გადასახადისაგან.

ზემოხსენებული წარმოშობის სერტიფიკატის ნამდვილობა და სიზუსტე გადამოწმდა ექსპორტიორ ქვეყანაში (----------). საპასუხოდ, 2022 წლის 17 მარტს №---------- წერილით საბაჟო დეპარტამენტს აცნობეს, რომ სერტიფიკატი №---------- (03.07.2020წ.) ძალადაკარგულია, რადგან ის იყო გაცემული საქონელზე, რომელიც არასწორად იყო დეკლარირებული ექსპორტიორის მიერ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სს „----------“ (ს.ნ ----------) მიერ №---------- (16/07/2020წ.), საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემების შეტანით, იმპორტის გადასახდელი შემცირდა ჯამში 3826,74 ლარით.

შემოწმების შედეგად, სს „----------“ (ს/ნ ----------) №---------- (16/07/2020წ.) საბაჟო დეკლარაციაზე დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ ძირითადი იმპორტის გადასახდელი 3826,74 ლარი, მათ შორის დამატებული ღირებულების გადასახადი - 583,74ლარი. ხოლო საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სანქცია ჯარიმის სახით დაეკისრა - 3826,74 ლარი.

შემოწმების მასალებს გადამდელი გაეცნო 2023 წლის 6 თებერვალს ელექტრონულად rs.ge-ს საშუალებით და ჩაითვალა ჩაბარებულად.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო შეღავათის სარგებლობისათვის წარდგენილ უნდა იქნეს საქონლის წარმოშობის სერთიფიკატი.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

ამავე კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საბაჟო ორგანოს შეუძლია საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას შეამოწმოს:

ა) საბაჟო დეკლარაციით, დროებით შენახვის დეკლარაციით, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციით, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციით, რეექსპორტის დეკლარაციით ან რეექსპორტის შეტყობინებით დეკლარირებული მონაცემების სისწორე, აგრეთვე მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობა, სისწორე, ნამდვილობა და ძალაში ყოფნა;

ბ) დეკლარანტის საბუღალტრო და სხვა ჩანაწერები, რომლებიც დაკავშირებულია შესამოწმებელ საქონელთან ან მასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან ამ საქონლის გაშვებამდე ან გაშვების შემდეგ.

ამავე მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილების მიხედვით, საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგები აისახება შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზედაც მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება. თუ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად გამოვლინდა პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების აუცილებლობა, საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ. მე-10 ნაწილი კი ადგენს, რომ ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება პირს წარედგინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ საგადასახადო მოთხოვნასთან (შემდგომ − საგადასახადო მოთხოვნა) ერთად.

ამავე საკანონმდებლო აქტის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის წარმოშობა განისაზღვრება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებების განხორციელების მიზნით. მე-6 ნაწილის მიხედვით კი, თუ საბაჟო დეკლარაციაში მითითებულია ინფორმაცია საქონლის წარმოშობის ქვეყნის შესახებ, საბაჟო ორგანომ შეიძლება დეკლარანტს მოსთხოვოს საქონლის წარმოშობის დადასტურება.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

ამავე კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებას, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (167-ე მუხლის პირველი ნაწილი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად კი გამოვლინდა პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის და საბაჟო სანქციის შეფარდების აუცილებლობა, რასთან დაკავშირებითც საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ მართლზომიერია.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

კანონმდებელი სამართალდამრღვევის მიმართ საბაჟო სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა. საბაჟო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისაგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საბაჟო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება საბაჟო სანქციისგან.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ პირი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი საბაჟო პასუხისმგებლობა გამოიწვია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - ჯარიმისგან გათავისუფლების საფუძველი და სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული ჯარიმისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. სს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მომჩივანი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს 2023 წლის 6 თებერვლის №094-4 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული ჯარიმისგან;

3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.