გადაწყვეტილება №22689/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 22689/2/2024
03 ივნისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----------“ 26.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22689/2/2024).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. შემოსავლის გაანგარიშებისას ხარჯვითი ნაწილის გაუთვალისწინებლობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის№001-346 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 7.03.2024 წლის №5047 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 006 163,24 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 619 511
დღგ - 3 322
მოგების გადასახადი - 26 004
საშემოსავლო გადასახადი - 590 185
ჯარიმა - 309 876
საურავი - 76 776,24
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა უძრავი ქონების იჯარით გაცემა, სამშენებლო/სარემონტო მომსახურების გაწევა და უძრავი ქონების რეალიზაცია.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 01.01.2020 წლიდან 01.05.2023 წლამდე პერიოდის სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 25.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც 28.12.2023 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №33677 ბრძანება და №001-346 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 7.03.2024 წლის №5047 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით
ფაქტების აღწერა
შემოწმების პროცესში განხორციელდა კონტაქტი საწარმოს ორივე დირექტორთან და ბუღალტერთან, ხოლო საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით 2-ჯერ იქნა გამოთხოვილი საწარმოს პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია მათ შორის საბანაკო ამონაწერებიც. აღნიშნული დოკუმენტაციის მოწოდება მიუხედავად მისი წარდგენისათვის რამდენჯერმე გადავადებული თარიღისა, სრულყოფილად არ მომხდარა, შემოწმებისათვის წარდგენილ იქნა საბუღალტრო პროგრამა ორისი, სადაც მონაცემები 2020 წლის ივნისიდან იყო შეტანილი, თუმცა პირველადი დოკუმენტაცია რასაც ეყრდნობა პროგრამულად ასახული სამეურნეო ოპერაციები სრულად არ იყო წარდგენილი, ხოლო რაც წარადგინა არასაიმედოდ იქნა მიჩნეული, კერძოდ:
პროგრამაში ფიქსირდებოდა ავანსის გადახდა შპს „----------“ 78 500 ლარის ოდენობით, თუმცა ავანსის ანგარიშ-ფაქტურა არ ფიქსირდებოდა, ასევე პროგრამიდან ვერ იდენტიფიცირდებოდა შპს „----------“ საიდენტიფიკაციო კოდი. ამასთანავე ფიქსირდებოდა ავანსის გადახდა ფ/პ ---------- და დირექტორ ----------, რომლებზეც წარდგენილი იყო შემდეგი ნასყიდობის ხელშეკრულებები 1. ნასყიდობის ხელშეკრულება დადებული იყო 2023 წლის 26 იანვარს ს/კ ---------- (ფ/პ ----------, დამფუძნებელი და დირექტორი) თუმცა ეს მიწა საერთოდ არ არის ---------- საკუთრებაში და 2023 წლის 23 ოქტომბერს გაფორმებული იყო სხვა პირზე. 2. ნასყიდობის ხელშეკრულება ფ/პ ---------- დადებული 2023 წლის 20 იანვარს (ს/კ ----------; ს/კ ----------; ს/კ ----------; ს/კ ------------) თუმცა ეს მიწები ისევ ---------- საკუთრებაში ფიქსირდებოდა. ამასთან ---------- იყო დირექტორის ---------- დედა და მის მიერ თანხების მიღება არ დასტურდებოდა. ამასთანავე პროგრამაში ასახული იყო ფიზიკურ პირებზე თანხის გადახდები, რომლის დამადასტურებელი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია შემმოწმებელთათვის წარდგენილი არ ყოფილა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. გამოყენებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ელექტრონულ დოკუმენტაცია, საჯარო რეესტრისა და შსს-ს მონაცემები. ამასთან, გადამოწმდა ინფორმაცია მესამე მხარეებთან დებიტორ-კრედიტორული დავალიანებების შესახებ. აღნიშნულის შედეგად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოში გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი.
„ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით შემოსავლების სამსახურის 2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითებების“ და საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად სალაროს ფიქტიური ნაშთი მიჩნეულ იქნა დირექტორების მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაერიცხა საურავი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული სანქციები.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური განმარტავს, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ითხოვს შემოსავლების სამსახურის 7.03.2024 წლის №5047 ბრძანების, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №33677 ბრძანების და №001-346 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას და შემოწმების თავიდან ჩატარებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
მომჩივანს არ მიუთითებია ფაქტობრივი გარემოებები და არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს შემოსავლების სამსახურის 7.03.2024 წლის №5047 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. შემოსავლის გაანგარიშებისას ხარჯვითი ნაწილის გაუთვალისწინებლობა
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული აქვს იმპორტის ოპერაციები -----------. შემმოწმებელთათვის წარდგენილი არ ყოფილა უცხოელ მომწოდებლებზე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საგადასახადო კოდექსის 97-ე და 98-ე მუხლების გათვალისწინებით შემოწმებამ იხელმძღვანელა ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითებებით და ხარჯად დაკვალიფიცირდა საინვოისო ღირებულების 75%, ხოლო სხვაობის თანხა (ეკონომიკურად დაუდასტურებელი ხარჯი) ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად (შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს). გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა, ასევე დაერიცხა საურავი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტის მიერ კომპანიის მთლიანი შემოსავალი აღიარებულ იქნა დირექტორის სარგებლად და მიუხედავად წარდგენილი დოკუმენტაციისა არ მომხდარა გაწეული ხარჯების აღიარება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია, გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
მომჩივანს არ წარმოუდგენია მისი არგუმენტების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებება, რაც მისი საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავითაღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. შემოსავლის გაანგარიშებისას ხარჯვითი ნაწილის გაუთვალისწინებლობა.
ფაქტობრივი გარემოებები
1.პროგრამაში ფიქსირდებოდა ავანსის გადახდა შპს-ზე. თუმცა ავანსის ანგარიშ-ფაქტურა არ ფიქსირდებოდა, ასევე პროგრამიდან ვერ იდენტიფიცირდებოდა სხვა შპს-ზე საიდენტიფიკაციო კოდი. ამასთანავე ფიქსირდებოდა ავანსის გადახდა ფ/პ-ზე და დირექტორზე. ამასთანავე პროგრამაში ასახული იყო ფიზიკურ პირებზე თანხის გადახდები, რომლის დამადასტურებელი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია შემმოწმებელთათვის წარდგენილი არ ყოფილა. მომჩივანს საგადასახადო ვალდებულებები განესაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ამასთან, გადამოწმდა ინფორმაცია მესამე მხარეებთან დებიტორ-კრედიტორული დავალიანებების შესახებ. აღნიშნულის შედეგად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოში გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი. სალაროს ფიქტიური ნაშთი მიჩნეულ იქნა დირექტორების მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაერიცხა საურავი და დაეკისრა სანქციები.
2.გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული აქვს იმპორტის ოპერაციები. შემმოწმებელთათვის წარდგენილი არ ყოფილა უცხოელ მომწოდებლებზე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.(ეკონომიკურად დაუდასტურებელი ხარჯი) ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 105(2);97(1,2,8,9);982(1,3,8);