გადაწყვეტილება №20778/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20778/2/2023
02 .10. 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- ---------ი (ს/ნ ------------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- ---------ის 7.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20778/2/2023).
დავის საგანი:
სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 3.08.2023 წლის №002-178 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20675 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 28 549 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 19 286
ჯარიმა - 5 409
საურავი - 3 854
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობაა ავეჯის წარმოება და რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის 27.07.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდებში დღგის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორე. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:
ინდივიდუალური მეწარმე გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 30.03.1998 წელს, რომელსაც 22.03.2011 წლიდან მინიჭებული აქვს მცირე მეწარმის სტატუსი. საგადასახადო შემოწმების შედეგების განსაზღვრის მიზნით, დამუშავებული და შესწავლილი იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები, საბანკო ამონაწერები, წარმოდგენილი დეკლარაციები და სხვა). ინფორმაცია/დოკუმენტაციის დამუშავების და შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მეწარმეს განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების მიხედვით დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 9.02.2022 წლიდან.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის საანგარიშო პერიოდიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე მიღებულია ჯამში 15 147 ლარის ღირებულების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლის დღგ-ის თანხა შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის 175-ე და 176-ე მუხლების თანახმად, შესაბამის საანგარიშო პერიოდებში დაექვემდებარა ჩათვლას. გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 3.08.2023 წლის №002-178 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20675 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 282-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მიუხედავად იმისა, რომ დარიცხული ძირითადი თანხის რაოდენობას სადავოდ არ ხდის და ამასთან აცნობიერებს დაკისრებულ ძირითადი გადასახადის თანხის კანონით დადგენილი წესით გადახდის ვალდებულებას, ითხოვს, გათვალისწინებულ იქნას შემდეგი გარემოებები: არის მცირე მეწარმე, ამზადებს ლაბორატორიულ ავეჯს შპს „----ს“ შეკვეთით. თანამშრომლობს მხოლოდ შპს „----"სთან, რომელიც ახდენს მის მიერ დამზადებული პროდუქციის რეალიზებას. ეს დასტურდება მის მიერ გაცემული სასაქონლო ზედნადებებით და ბანკის ამონაწერით, რომელიც მიაწოდა აუდიტის დეპარტამენტს. ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს თავად, არ აქვს შესაბამისი იურიდიული და ეკონომიკური განათლება და ვერ მიხვდა რომ გადააჭარბა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის ლიმიტს წელიწადნახევრის წინ. ამის შესახებ არც არანაირი შეტყობინება, ან გაფრთხილება არ მიუღია შემოსავლების სამსახურისგან. დღგ-ის რეგისტრაციისგან თავის არიდებისთვის არ ჰქონია რაიმე მოტივაცია, რადგან შპს „------“, რომელიც ახდენდა მის მიერ დამზადებული პროდუქციის რეალიზებას, არის დღგ-ის გადამხდელი და ის იხდიდა დღგ-ს ამ პროდუქციის რეალიზების დროს. თავად რომ გამხდარიყო დღგ-ის გადამხდელი, დღგ-ის თანხას დაამატებდა პროდუქციის ფასს და შპს „----“ მის გადახდილ დღგ-ს 3 ჩაითვლიდა, მას აღარ მოუწევდა ამ თანხის გადახდა, პირიქით, ფინანსურად მომგებიანიც კი იყო დღგ-ის გადამხდელად გახდომა, რადგან ჩაითვლიდა შეძენილ მასალებში გადახდილი თანხიდან დღგ-ს.
არის კეთილსინდისიერი გადამხდელი, იმისთვის რომ გააგრძელოს სამეწარმეო საქმიანობა ითხოვს, გათვალისწინებულ იქნას ის გარემოება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს არ მიადგა რაიმე სახის ზარალი და ეს გადაცდომა გამოწვეული იყო არაინფორმირებულობით და უცოდინრობით და ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გათავისუფლებულ იქნას დაკისრებული ჯარიმისგან და დარიცხული საურავისგან, რომელთა გადახდის საშუალება აღემატება მის ფინანსურ შესაძლებლობებს და ბანკის მიერ მიცემული სესხის ლიმიტს. იღებს ვალდებულებას დაკმაყოფილების შემთხვევაში დღგის თანხა 19 286 ლარი გადაიხადოს 15 დღის ვადაში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის;
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სანქციებისგან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა ავეჯის წარმოება და რეალიზაცია. აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდებში დღგის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორე. დადგინდა, რომ მეწარმეს განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების მიხედვით დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 9.02.2022 წლიდან. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის საანგარიშო პერიოდიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე მიღებულია ჯამში 15 147 ლარის ღირებულების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლის დღგ-ის თანხა შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის 175-ე და 176-ე მუხლების თანახმად, შესაბამის საანგარიშო პერიოდებში დაექვემდებარა ჩათვლას. გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20675 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სანქციებისგან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 175; 176; 269(7) ; 272(1); 282(1);
(2021 წლამდე მოქმედი) 160;